reportiori.ge - ალია: კეზერაშვილი დაკავშირებია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, და უთქვამს - ახალი წლიდან შტატებიც შეამცირე და ხალხს ხელფასებიც შეუმცირეო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:49
პრეს-დაიჯესტი
ალია: კეზერაშვილი დაკავშირებია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, და უთქვამს - ახალი წლიდან შტატებიც შეამცირე და ხალხს ხელფასებიც შეუმცირეო
ავტორი:
23 დეკემბერი, 2014. 15:15

 

 

კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ახალი წლიდან „რუსთავი 2"-ზე, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. წყაროს თქმით, არხის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი ამ ეტაპზე საფრანგეთში მყოფი ინტერპოლით ძებნილი დავით კეზერაშვილია. სწორედ დავით კეზერაშვილი დაკავშირებია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას და მისთვის უთქვამს, რომ ახალი წლიდან შტატებიც შეამცირე და ხალხს ხელფასებიც შეუმცირეო.  კეზერაშვილს კატეგორიულად უთქვამს, რომ ძველებურად არხს აღარ დააფინანსებს. კეზერაშვილს ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან და ზურაბ ადეიშვილთან ერთობლივი შეთანხმების შემდეგ მიუღია. სააკაშვილი უკმაყოფილო ყოფილა იმ გასართობი შოუების სიმრავლით, რომლებიც არხზე გადის. „ნაცმოძრაობის" ლიდერთათვის „რუსთავი 2" მათი და მათი  პარტიის პიარსაშუალებაა, მის მიმართ სხვა მოთხოვნები არც აქვთ და სწორედ ამიტომ აფინანსებენ გულუხვად ტელევიზიას. იმ გასართობ ტოქშოუებსაც, რომელთა ნაკლებობასაც „რუსთავი 2" ნამდვილად არ განიცდის, „ნაცმოძრაობის" ფორსირებული პიარი უნდა განეხორციელებინა, თუმცა, ეტყობა, ამას ეფექტურად ვერ ახერხებდნენ. კეზერაშვილს უთქვამს, რომ მობეზრდა სხვადასხვა შოუების ჟიურის წევრებისა და წამყვანებისთვის სოლიდური ხელფასების გადახდა, წავიდნენ და ფული სხვაგან იშოვონ, გვეყოფა, რაც მაგათ დავახარჯეთ, ეგენი მანდ ფულის გამო სხედან და სხვა არაფერი აინტერესებთ, ჩვენზე მეტი სხვამ რომ გადაიხადოს, მეორე დღესვე იქ გაიქცევიან და ამიტომ მოაცილე დროზე ეგ „ვარსკვლავები" ტელევიზიას, ისედაც უზარმაზარი თანხები დავახარჯეთო. ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რომელ შოუებსა და რომელ წამყვანებს გულისხმობს კეზერაშვილი. ამას, ალბათ, ახალი წლის შემდეგ შევიტყობთ, როცა კონკრეტული შოუები ეთერში აღარ გავა. კეზერაშვილის მოთხოვნით, მცირე ცვლილებები შესაძლოა, საინფორმაციო სამსახურსაც შეეხოს. რამდენიმე ჟურნალისტს, ალბათ, გაუშვებენ არხიდან, თუმცა „კურიერის" ძირითად ბირთვს ეს არ შეეხება. 


კეზერაშვილის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ის ყოფილა, რომ „რუსთავი 2"-ზე უნდა გაკეთდეს ახალი პოლიტიკური ტოქშოუ, რომელიც კვირაში ერთხელ ან ორჯერ გავა ეთერში. ჯერ უცნობია, რამდენ ხანში გაკეთდება ეს პოლიტიკური გადაცემა და ვინ იქნება მისი წამყვანი. ლაპარაკია იმ ტიპის გადაცემაზე, როგორიც „პოზიცია" იყო და ნინო შუბლაძეს მიჰყავდა. კეზერაშვილი უკმაყოფილო ყოფილა იმით, რომ გიორგი გაბუნიას „არჩევანმა", რომელიც, მართალია, მთლიანად "ნაციონალებისა" და მიხეილ სააკაშვილის პიარზეა გადართული, მაგრამ ვერც პარტიისა და ვერც სააკაშვილის რეიტინგს ვერაფერი უშველა. ამიტომაც დამდგარა დღის წესრიგში ახალი გადაცემის გაკეთების საკითხი. „არჩევანი", თავის გიორგი გაბუნიასთან ერთად, რჩება და გააგრძელებს მუშაობას. 


ზოგადად, მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილო ყოფილა „რუსთავი 2"-ის მუშაობით სწორედ იმ კუთხით, რომ მას და „ნაცმოძრაობას", მიუხედავად იმისა, რომ მთელი ტელეკომპანია წელშია გამწყდარი მათი პიარისა და ხელისუფლების „შავი პიარის" კეთებით, რეალური შედეგები არ მოაქვს, მისი და პარტიის რეიტინგებზე ეს არ აისახება. მოკლედ, დავით კეზერაშვილის მთავარი მესიჯი ნიკა გვარამიას მისამართით ის ყოფილა, რომ უსაქმურები მოაცილოს არხს და ნაკლები ბიუჯეტით უფრო ეფექტური ტელევიზია გააკეთოს, რომელიც სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის" რეიტინგის გაზრდას უზრუნველყოფს. 


შეგვიძლია ის მიზეზებიც გავიხსენოთ, რამ უბიძგა „ნაცმოძრაობას" „რუსთავი 2"-ის ბიუჯეტის შემცირებისკენ. „ნაციონალებს" ფული შემოაკლდათ. რამდენიმე თვის წინ გაზეთი „კვირის ქრონიკა" წერდა, რომ „ნაციონალთა" დამფინანსებელი ბიზნესმენების ნაწილმა უარი უთხრა სააკაშვილს, პარტიულ „ობშიაკში" კვლავაც გაეგრძელებინათ ფულის შეტანა. არაერთი მსხვილი ბიზნესმენი გაერიდა სააკაშვილს. მართალია, ბიზნესმენთა ნაწილი კვლავ აფინანსებს „ნაცმოძრაობას", მაგრამ ძველებური გულუხვობით ვეღარ, რადგან მათი დიდი ნაწილი ვეღარც სახელმწიფო ტენდერებს იგებს ხელისუფლების ხელშეწყობით, ვეღარც აუქციონებით იგდებენ ხელში კაპიკებად მილიონებად შეფასებულ სახელმწიფო ქონებას და სხვა სახელისუფლებო მხარდაჭერაც შემოაკლდათ. შესაბამისად, მათმა შემოსავლებმაც იკლო. ადრე ეს ბიზნესმენები, ტენდერებს თუ მოიგებდნენ, „ატკატის" სახით, „ნაცმოძრაობის" ლიდერებს წინასწარ აძლევდნენ სატენდერო თანხის სოლიდურ პროცენტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთად ხვეტდნენ ფულს და ამას დღეს ვეღარ აკეთებენ. ამხელა შემოსავალს რომ დაკარგავ, ცხადია, მერე „ქამრების შემოჭერაზეც" უნდა იფიქრო. 


ხარჯი კი უზარმაზარი აქვთ „ნაციონალებს", ინახავენ ყველა რეგიონულ და რაიონულ პარტიულ ოფისს, აფინანსებენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხელფასს უხდიან ცალკეულ აქტივისტებს და საქართველოს მასშტაბით, მათი რაოდენობა, 3 ათას კაცზე მეტია. „ნაცმოძრაობა" იძულებულია, ყოველთვიურად ფული უხადოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის, სასჯელაღსრულების სამინისტროებიდან და თბილისის მერიიდან გამოყრილ იმ „ზონდერებს", რომელთაც მათი ბევრი ბინძური საიდუმლო იციან და თუ ამ ფულს მოაკლებენ, ამ საიდუმლოს, მათი დანაშაულებრივი საქმიანობის უტყუარ მტკიცებულებებს, გაყიდიან და ცხადია, „ნაცმოძრაობის" ოპონენტებს, მის მტრებს მიჰყიდიან. აქვე გავიხსენოთ „ნაცმოძრაობის" მიერ დაქირავებული ლობისტები, რომელთა მომსახურებაც მილიონები უჯდებათ და რაც ხელისუფლებიდან წავიდნენ, მათი რაოდენობა არ შემცირებულა. მიხეილ სააკაშვილის მოგზაურობებიც ამ „ობშიაკიდან" ფინანსდება და ცოტას რომ არ დადის, ეს ყველამ კარგად ვიცით. გარდა ამისა, სავარაუდოდ, კეზერაშვილი აფინანსებს „ნაციონალთა" ლიდერების არაოფიციალურ ვიზიტებს უცხოეთში. კიდევ არის სხვა ხარჯები, რომლებიც დავით კეზერაშვილს დააწვა კისერზე და ეტყობა, ხარჯების შემცირება გადაწყვიტა სააკაშვილთან და ადეიშვილთან ერთად და „რუსთავი-2"-სთვის დაფინანსების შემცირებაც ამ გადაწყვეტილების შედეგია. 


„ალია" „რუსთავი-2"-ში მოსალოდნელი ფინანსური და შესაბამისად, საკადრო ცვლილებების შესახებ, კომენტარისთვის არხის საინფორმაციო სამსახურის მთავარ პროდიუსერს, გიორგი ლაფერაშვილს დაუკავშირდა: „მე მსგავსი არაფერი გამიგია, არანაირი ლაპარაკი არ ყოფილა არხის ხელმძღვანელობის მხრიდან რაიმე ფინანსურ ცვლილებებსა და ბიუჯეტის შემცირებაზე. ახალი წლიდან გავაგრძელებთ მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში. არც ჩემი კოლეგებისა და არც ტელეკომპანიის ბიუჯეტს შემცირებისა არაფერი ეტყობა. აშკარად არაადეკვატურია თქვენი წყარო". - გვითხრა ლაფერაშვილმა. ეს მალე გამოჩნდება, „ალიას" წყაროა არაადეკვატური თუ ლაფერაშვილისთვის ჯერ არ უთქვამს ნიკა გვარამიას მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. 


შემიძლია, ათობით ფაქტის გახსენება, როცა „ალიას" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ „რუსთავი-2"-ის მესვეურთ და მერე, ჩვენი ნათქვამი ასრულებულა. ყველაფერს თავი დავანაბოთ, „რუსთავი-2"-მა დამფუძნებლები რომ გამოიცვალეს და ამ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტს ძმები ყარამანაშვილები დაეუფლნენ, ამის შესახებ არხის არც ერთმა თანამშრომელმა არ იცოდა და ეს ფაქტი სწორედ „ალიასგან" შეიტყვეს. „ალია" ნიკა გვარამიასთანაც ცდილობდა დაკავშირებას, მაგრამ მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. 


მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი-2"-მა უფრო ეფექტური პიარი გასწიოს მისი და „ნაცმოძრაობისა", გარკვეულწილად შესაძლოა, იმითაც არის ნაკარნახევი, რაც ტელეკომპანია „მაესტროზე" მოხდა. „მაესტრო" დატოვეს გენერალური დირექტორის მოადგილემ და საინფორმაციო გადაცემის, „მაესტროს ცხრიანის" წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა, საინფორმაციოს მთავარმა პროდიუსერმა სოფო ზურაბიანმა, ვასიკო ოდიშვილმა თავისი „აბებით" (ვასიკო ოდიშვილი იუმორისტული ტელევიზიის შექმნას აპირებს, დანარჩენთა ბედი კი გაურკვეველია), სხვა ჟურნალისტებმა, პროდიუსერებმა და ოპერატორებმა. სულ 27 კაცი წამოვიდა. არხიდან მათი წასვლის მიზეზი, „მაესტროს" დამფუძნებლის, კოტე გოგელიას გადაწყვეტილებაა, რომ არხზე მიიყვანოს სახელმწიფო კანცელარიის კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, კოკა ყანდიაშვილი. როგორც ამბობენ, მისი მისვლით ტელევიზია დამოუკიდებლობას დაკარგავს, სახელისუფლებო რუპორად იქცევა და არ გვინდა, სახელისუფლებო ნავში ჯდომაო. არხიდან წამოსულები ამბობენ, რომ ყანდიაშვილი „მაესტროზე" 2-საათიან ტოქშოუს გააკეთებს, თავად წაიყვანს გადაცემას და „მაესტროს" „ცხრიანის" დროს, პრაიმ-ტაიმში გავა ეთერში, საინფორმაციო კი ერთი საათით ადრე 8 საათზე დაიწყება. გარდა ამისა, „მაესტროდან" წამოსულები ღიად საუბრობენ, რომ ყანდიაშვილის არხზე მისვლა, პარტია „ქართული ოცნების" იდეოლოგიის გატარების უტყუარი ნიშანია. ყანდიაშვილი თითქმის 2 წელი იყო ამ ხელისუფლების მთავარი „პიარშჩიკი" და ყველა სახელისუფლებო პიარსამსახური მის კონტროლქვეშ მუშაობდა. დღეს ძველი თანამდებობა აღარ აქვს, მაგრამ გავლენა შერჩა.  მართალია, კოკა ყანდიაშვილი აცხადებს, რომ „მაესტროზე" არც გადაცემას წაიყვანს და იქ სამუშაოდ მისვლას საერთოდ არ აპირებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ყანდიაშვილის გულწრფელობაში ეჭვი უნდა შევიტანო. ჯერ ერთი, „მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა, ბაია გაბადაძემ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ყანდიაშვილთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა "მაესტროზე" მისი მისვლის, გადაცემის გაკეთების თაობაზე და ამდენი ხნის მანძილზე გაბადაძის ეს განცხადება ყანდიაშვილს არ უარყვია. მეორეც, „მაესტროს" ჟურნალისტებმა ყანდიაშვილის არხზე მისვლის გადაწყვეტილების, მისი და კოტე გოგელიას შეხვედრებისა და ფარული შეთანხმებების შესახებ, „მაესტროს" დამფუძნებლებისგან და მენეჯმენტის წევრებისგან შეიტყვეს. გაზეთი „კვირის ქრონიკა" წერდა, რომ, სავარაუდოდ, კოტე გოგელიასა და კოტე ყუბანეიშვილს შორის შემდეგი  გარიგება შედგა: ყუბანეიშვილი გააკონტროლებს არხის საინფორმაციო პოლიტიკასაც, რომელიც, ცხადია, პროსახელისუფლებო იქნება, სანაცვლოდ კი, „მაესტროს" არ მოაკლდება „ქართული ოცნების" მხარდამჭერი ბიზნესჯგუფებისა და თავად ამ პარტიის რეკლამა. თუ ეს გარიგება მართლა მოხდა, მაშინ ცხადია, რომ „მაესტრო" „ქართული ოცნების" მხარდამჭერ ტელევიზიად გადაიქცევა. შესაბამისად, გარკვეულ კონკურენციას გაუწევს „რუსთავი-2"-ს. ცხადია, ეს ორი ტელეკომპანია ისედაც იყვნენ კონკურენტები, მაგრამ ამჯერად, სავარაუდოდ, ერთმანეთს დამკვეთთა წარმატებულ პიარში შეეჯიბრებიან, „რუსთავი-2" - „ნაცმოძრაობისას", „მაესტრო" კი - „ქართული ოცნებისას". „ალიამ" ექსკლუზიურად შეიტყო, რომ კოკა ყანდიაშვილი თავის გადაცემას „თბილისი გისმენთ" და საინფორმაციო სამსახურსაც ორი ჯგუფისგან დააკომპლექტებს. სახელისუფლებო პიარში დასაქმებული ჟურნალისტებისა და „მე-9 არხის" ყოფილი თანამშრომლებისგან. მოკლედ, მალე, შესაძლოა, „მაესტრო" სახელისუფლებო არხად იქცეს. ცხადია, რაც „მაესტროზე" მოხდა, ამ პროცესების შესახებ, გაცილებით ადრე ეცოდინებოდა სააკაშვილსა და მის გუნდს და „რუსთავი-2"-ის გაძლიერება, „ნაცმოძრაობის" პიარის მიმართულებით, დიდწილად ამითაც უნდა იყოს განპირობებული. 


„მაესტრო" რომ პროსახელისუფლებო პოლიტიკის გატარებს აპირებდა და მისი ხელმძღვანელები ხელისუფლებასთან დაპირისპირებას ერიდებოდნენ, ამის შესახებ ვახო სანაიამაც განაცხადა. ის სექტემბერში წავიდა „მაესტროდან", მაგრამ განცხადება მისი დატოვების რეალური მიზეზების შესახებ, მხოლოდ გუშინ გააკეთა. გთავაზობთ ამონარიდს ვახო სანაიას განცხადებიდან, რომელიც  ძალიან ბევრ რამეს ნათელს ჰფენს: „როგორც იცით, ვიყავი „ცხრიანის" წამყვანი, ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად, ასევე კვირაობით მიმყავდა ჩემი საავტორო გადაცემა „ვახო სანაიას რეპორტაჟი". თავდაპირველად არ მქონია არანაირი ხელშეშლა თავისუფლების თვალსაზრისით. პირველი გადაცემა გაკეთდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზე. ივანიშვილის დამოკიდებულებაზე საპატრიარქოსთან. ამას მოჰყვა ჩემი გადაცემები ნეპოტიზმზე - ახლანდელი და წინა ხელისუფლების პირობებში. ასევე, „ქართული ოცნების" დაპირებებზე. გავიდა გადაცემა შიდა სახელისუფლებო დაპირისპირებაზე, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის კონფლიქტზე, თავდაცვის მაშინდელი მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობებზე და სხვა. ყველა გადაცემას ჰქონდა დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი. ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებ გადაცემაზე, რომელიც ახლანდელი და წინა ხელისუფლების პირობებში ნეპოტიზმის ფაქტებს ეძღვებოდა, იმავე გადაცემაში შევეხეთ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებსაც. გახსოვთ, ალბათ, ივანიშვილის ორგანიზაცია „მოქალაქე", მთავრობა, პარტია „ქართული ოცნება" ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებდნენ განცხადებებს და მართავდნენ ბრიფინგებსა და გადაცემის შინაარსს აპროტესტებდნენ. გარედან მომდინარე სრულიად უსაფუძვლო და არაარგუმენტირებულ შეტევას დაემატა ერთი მოულოდნელი ამბავი შიგნიდან. ტელევიზიის დირექტორმა შეხვედრა მთხოვა. იმ შეხვედრას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა (ისინი, რომლებიც უკვე დღეიდან უკვე აღარ მუშაობენ „მაესტროში"). დირექტორმა თქვა, რომ მე ჩემი გადაცემებით „მაესტრო" შესაძლოა, სერიოზულ დაპირისპირებაში შევიყვანო ხელისუფლებასთან და პრობლემები შევქმნა. დირექტორი ძალიან ღელავდა ამის გამო. ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარი პოზიცია იყო". 


ვახო სანაიას ეს განცხადება ადასტურებს, რომ, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ სექტემბერში მოხდა გარიგება „ქართული ოცნებისა" და „მაესტროს" დამფუძნებლების ერთ ჯგუფს შორის, რომ ტელეკომპანია ხელისუფლების  სამსახურში ჩადგებოდა. ვახო სანაია სხვას არაფერს ამბობს, სწორედ სექტემბერში დაწყებულა „მაესტროს" საინფორმაციო პოლიტიკაში ჩარევა ხელისუფლების სასარგებლოდ. 


მოკლედ, სატელევიზიო სივრცეში სერიოზული ცვლილებები დაიწყო. იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც ხელთ გვაქვს, მალე „რუსთავი 2"-ის  დაბალანსებას „მაესტრო" შეეცდება. ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან. 

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016