reportiori.ge - დავით თევზაძე: დროა, სამხედრო პროკურატურის, სამხედრო სასამართლოსა და ტრიბუნალის აღდგენაზე ვიფიქროთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:33
პრეს-დაიჯესტი
დავით თევზაძე: დროა, სამხედრო პროკურატურის, სამხედრო სასამართლოსა და ტრიბუნალის აღდგენაზე ვიფიქროთ!
ავტორი:
23 დეკემბერი, 2014. 16:44

 

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე პროკურატურის რეფორმირების შესახებ პრემიერის გადაწყვეტილებას ეხმაურება და საკუთარ ინიციატივასაც ახმოვანებს:


- მთავრობისთვის რჩევის მიცემას არ ვაპირებ, მათ ამისათვის საკუთარი მრჩევლები ჰყავთ. მე, უბრალოდ, საკუთარ პოზიციას დავაფიქსირებ: თუ სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმირებაზე ვსაუბრობთ, უკვე დროა, სამხედრო სასამართლოსა და ტრიბუნალის აღდგენაზეც ვიფიქროთ. არ შეიძლება, ქვეყანაში გყავდეს სამხედრო ძალები და არ გყავდეს სამხედრო პროკურორი! ეს ყველაფერი, თავის მხრივ, ბუნებრივად მოითხოვს სამხედრო ადვოკატურის და სამხედრო სასჯელაღსრულების სისტემის აღდგენასაც.

 

- რატომ დადგა დღეს ასე მწვავედ ამის აუცილებლობა? სააკაშვილისა და მისი ჩინოვნიკების დანაშაულებრივ ქმედებებში სამხედრო დანაშაულის ნიშნებსაც ხომ არ ხედავთ?


- არსებობს სპეციფიკური სამხედრო დანაშაულები, როგორიც არის, მაგალითად, ომის პროვოცირება და ასეთი დანაშაულების გამოძიებას სპეციფიკური იურიდიული მიდგომა სჭირდება. გებელსს თვითონ არავინ არ მოუკლავს, მხოლოდ ლაპარაკობდა, მაგრამ გაასამართლეს, როგორც სამხედრო დამნაშავე. მოკლედ, უნდა ამოიწიოს ყველაფერი და მივადგებით იმ ადამიანს, რომლის გადაწყვეტილებების შედეგად მივიღეთ სავალალო შედეგი. სააკაშვილის ქმედებათა შესასწავლად განსაკუთრებული ტრიბუნალი უნდა შეიქმნას, რომელიც სპეციალური საპარლამენტო კომისიისაგან მიღებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს.


- ბატონო დავით, ერთ საყურადღებო ფაქტზე მაინტერესეს თქვენი კომენტარი - გასულ კვირას გია ბარამიძე უკრაინაში ჩავიდა, კერძოდ, ლუგანსკის ოლქში, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს და მოხალისე ქართველებს შეხვდა. თანაც, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კამერების წინ პოზირებდა... შეიძლება თუ არა, ასეთმა ფაქტებმა რუსეთთან ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავოს?

 

- სამწუხროდ, ბარამიძე ვერ გამოვიდა ბავშვობის ასაკიდან. ყველა იმ უბედურების თავი და თავი, რომელსაც ის ან თვითონ გადაეყარა, ან სხვა გადაჰყარა, სწორედაც რომ მისი დაუოკებელი ჟინია, რომ გმირად წარმოჩნდეს. თუნდაც ზემო სვანეთის დაბომბვა და აფრასიძეების ოჯახის განადგურება ავიღოთ... ამდენად, სააკაშვილმა თქვა აბსოლუტური სისულელე და თანაც უკიდურესად საზიანო! არაერთი ქართველი მსახურობს საფრანგეთში, ერაყში, ავღანეთში და, როგორც აღმოჩნდა, სირიაშიც... და თუკი ვინმე, სააკაშვილის მოწოდებისგან დამოუკიდებლად, რომელიმე ქვეყნის სამხედრო სამსახურში დააპირებს წასვლას, უნდა გაჰყვეს ერთგვარი შლეიფი, რომ ისინი სააკაშვილის მოწოდებით მოქმედებენ...


აქედან გამომდინარე, მოგექცევიან ისე, როგორც სააკაშვილის ნამეთაურალს, რომელსაც ახასიათებდა აბსოლუტურად არაადეკვატური მართვა და გამორჩეულად თვალშისაცემი სიმხდალე.

 

- გამორჩეულად თვალშისაცემი სიმხდალე - ასე ახასიათებთ სააკაშვილს... ამ გამორჩეულ სიმხდალეში მის წინამორბედ მთავარსარდლებს გულისხმობთ?

 

- თუნდაც, ზვიად გამსახურდია და ედუარდ შევარდნაძე ავიღოთ... არ წარმომიდგენია სიტუაცია, როცა, თუნდაც შევარდნაძე შეიძლებოდა, მიწაზე დაწოლილიყო. როცა გუმისთაზე იყო გასული და დაბომბვა დაიწყო, ფეხზე მხოლოდ ის დარჩა! სამაგიეროდ, მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორ გარბოდა თვითმფრინავის ხმაზე შეშინებული სააკაშვილი... ამას იმიტომ ვამბობ, რომ არცერთი ღირსეული ოფიცერი სააკაშვილის მოწოდებას არ აჰყვება!


- თუმცა, ალბათ, გამოჩნდებიან მისი მიმდევრებიც...

 

- არიან ოფიცრები, რომლებისთვისაც მუნდირი არაფერს ნიშნავს. ასეთი ოფიცრები ჩვენ ბევრი გვინახავს, თუნდაც მიტინგების დარბევისას. ასეთები სადაც უნდათ, იქ წასულან! მე ვსაუბრობ ოფიცრებზე, ვისთვისაც სამხედრო სამსახური ღირსების საქმეა. სააკაშვილს მუნდირი არასდროს სცმია, ფარჯა კი, ეცვა, როცა საბჭოთა კავშირის სასაზღვრო ჯარებში მსახურობდა!

 

- ისე, როგორ ფიქრობთ, მართლა პოროშენკოს ინიციატივაა, რომ უკრაინის სამხედრო ძალებში გადასვლის სანაცვლოდ, ყველას მოქალაქეობას მისცემს?

 

- არა მგონია, სააკაშვილს პოროშენკო სერიოზულად ელაპარაკებოდეს. ეს იყო ისევ მისი ფანტაზია და მორიგი პიარსვლა. არადა, ძალიან მარტივია - არ მივაქციოთ ყურადღება სააკაშვილს და ნახავთ, როგორ სწრაფად ჩაქრება!

 

ესაუბრა ნონა ბენდელიანი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016