reportiori.ge - სად არის და რა უპასუხა ბრალდებებზე თავდაცვის მინისტრმა „ალიას“?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 18:54
პრეს-დაიჯესტი
სად არის და რა უპასუხა ბრალდებებზე თავდაცვის მინისტრმა „ალიას“?
ავტორი:
24 დეკემბერი, 2014. 16:12

 

 

 

„ალიასთან" საუბარში რამდენიმე კონფიდენციალური წყარო ადასტურებს, რომ თებერვლის ბოლოდან ქვეყანაში ქაოსი გარდაუვალი იქნება. მთავრობის ეს შემადგენლობა, სავარაუდოდ, შეიცვლება და თუ გაჭირდება პოლიტიკურად, ივანიშვილი მზად არის, ღიად ჩაერთოს პროცესებში. 


თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის მიმართ დაწყებული კამპანია, რომელიც ერთ კონკრეტულ განცხადებას მოჰყვა, რომ თავდაცვის უწყება უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას" აკისრებდა, შესაძლოა გახდეს ახალი პროცესების დასაწყისი, „რესპუბლიკელების", ირაკლი ალასანიას "თავისუფალი დემოკრატების", „ფორუმის" შტურმი პრემიერ-მინისტრზე, როგორც ჩანს, კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ისინი ახალი პოლიტიკური თამაშებისთვის ნიადაგს ამზადებენ. ერთი რამ ფაქტია, „რესპუბლიკელების" თავდასხმით განცხადებებს პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდზე, ტენდენციური სახე მიეცა. კოალიციას გამოეთიშა „თავისუფალი დემოკრატები", ცალი ფეხი გადადგმული აქვს ოპოზიციაში „რესპუბლიკურ პარტიას" და ისინი გამოიყურებიან „ვანკა-ვსტანკას" პოზიციაში, ისინი ემიჯნებიან ხელისუფლებას და, ფაქტობრივად, ყველა პასუხისმგებლობას გაურბიან. 


კრიტიკული განცხადებებით პრემიერისა და მისი გუნდის მიმართ განსაკუთრებით გამოირჩევა დავით ბერძენიშვილი. შესაძლოა, ადამიანთა ნაწილი ამ კრიტიკას ეთანხმება, რადგან არ შეიძლება ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, მაღალი რანგის ჩინოვნიკებმა პრემიები გაიზარდონ და ხალხს გაუჩინონ წინა ხელისუფლების ნოსტალგია. ეს უკვე ძალიან ცუდის ნიშანია. ასევე, დაუშვებელია ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წახალისების მიზნით საკუთარ თავსა და სამინისტროს მაღალჩინოსნებს ძვირადღირებულ მობილურებს ჩუქნიდეს. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, თურმე კონტრაბანდული ახალთახალი ტელეფონები ჩაუჯიბავს ფინანსთა მინისტრს და მისი თანამშრომლებისთვის გაუნაწილებია. ბიუჯეტის ფული არ დაგვიხარჯავს და აუქციონზე ვერ გავყიდეთო. აქაც მართალია ბერძენიშვილი, საქართველოს ჰყავს ფინანსთა მინისტრი, რომელიც სააკაშვილს ტყუილებში უსწრებს, თორემ არ ჩამორჩება, ასეთი უტიფარი ლარიჭამია ხადური, რომელიც უკვე ანეკდოტურ პერსონად იქცა, არ შეიძლება მართავდეს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სამინისტროს, მაგრამ საზოგადოებამ რა ქნას, როცა ხედავს, რომ არ არის გუნდური თამაში, ხელისუფლება საქმის გაკეთების ნაცვლად, ერთმანეთს ჭამს? 


ყველა იბრძვის საკუთარი პარტიული გადასახედიდან და ეს პარტიული ბრძოლა უკვე პარტიულ მაფიას დაემსგავსა. არ არსებობს ხელისუფლებაში კოორდინირებული მოქმედება, ისინი ერთმანეთის და ქვეყნის გულშემატკივრები კი არა, მტრები არიან. ეს აღარ არის დემოკრატია, დიახ, საქმე გვაქვს პარტიული მაფიების ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლასთან. „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მინდია ჯანელიძის კრიტიკას არ ეშვება და აცხადებს: „თავდაცვის სამინისტროს განცხადების შემდეგ, მინისტრი, იმის მაგივრად, რომ გამოსულიყო და საზოგადოებისთვის აეხსნა, რატომ დაუშვა ეს შეცდომა, ის არ გამოჩნდა, ჩვენ არ ვიცით, სად არის თავდაცვის მინისტრი, ეს კარგი არ არის. სპეცსამსახურების გამოცდილება თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ადამიანმა გვერდზე უნდა გადადოს. ის ღია სამოქალაქო პირია და უნდა ელაპარაკოს საზოგადოებას. ოფიცრებსა და გენერლებს ისედაც ექნებათ მასთან კითხვები. სპეცსამსახურებიდან რომ კაცი თავდაცვის მინისტრად მიდის, მას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება, რომ ნდობა მოიპოვოს..." 


თუ დავით ბერძენიშვილს აინტერესებს, სად არის თავდაცვის მინისტრი, დამიკავშირდეს და პირადად ჩავაწერინებ ტელეფონის ნომერს. ამ ხმაურიანი განცხადების შემდეგ მინდოდა, მინდია ჯანელიძეს დავკავშირებოდი, მან ჩემს პირველ ზარს არ უპასუხა, მაგრამ შემდეგ როცა სმს-ით შევატყობინე, ვინ ვიყავი, თავად დამიკავშირდა. მას დავუსვით კითხვა, როდის გააკეთებს ვრცელ კომენტარს მომხდართან დაკავშირებით? თავდაცვის მინისტრმა გვიპასუხა, რომ კომენტარს ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაკრძალვის შემდეგ გააკეთებს, მანამდე კი ის დუმილის უფლებით ისარგებლებს. 


- ბატონო მინდია, თქვენს წინააღმდეგ განცხადებებს უკვე ტენდენციური სახე აქვს, მიზანმიმართული კამპანია მოდის საპარლამენტო უმრავლესობისგან. რა დგას ამის უკან და რით შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს? 


- აქ მხოლოდ ჩემზე არ არის ლაპარაკი, თუ ამ ტენდენციას შესაბამისი სახელმწიფოებრივი პასუხი არ გაეცა, ეს ყველაფერი ცუდ ფორმებს მიიღებს. ვიტოვებ უფლებას, ამ საკითხზე დღეს მეტი არაფერი ვთქვა, გაძლევთ პირობას, რომ რამდენიმე დღეში პირადად თქვენ მოგცემთ ინტერვიუს და ყველა თქვენს კითხვას პასუხს გავცემ... 


ჩვენი საუბარი დასრულდა. ვიმედოვნებთ, მინისტრი სიტყვას შეასრულებს. უბრალოდ, გასაკვირი ერთი რამაა, თუკი ჩვენ, „ალიამ", შევძელით, მინისტრს დავკავშირებოდით, რატომ ვერ მოახერხა ეს საპარლამენტო უმრავლესობამ? როგორც ჩანს, ყველაფერი მარტივად არ არის. ვიღაცებს მთავრობის გადაყირავება უნდათ და ეს ვიღაცები არიან სწორედ ისინი, ვინც დღეს ყველაზე მეტს პედალირებენ და მოუწოდებენ თავდაცვის მინისტრს, დატოვოს თანამდებობა. 


რატომ დაუპირისპირდა უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები ირაკლი ღარიბაშვილს? როგორ ხედავენ ექსპერტები მოვლენების განვითარებას, საით მიდის საქართველო? უფრო მეტად გააქტიურდება თუ არა ბრძოლა პრორუსულ და პროქართულ ძალებს შორის? 


„ალიას" იურისტი და პოლიტიკური ექსპერტივალერი გელბახიანი ესაუბრა: 

 

- ბატონო ვალერი, მინდია ძნელიძის გვარი პირველად უარყოფით კონტექსტში ახსენა პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა, მან თქვა, რომ მინდია ჯანელიძემ დაურეკა ირაკლი ალასანიას, როცა ის იმყოფებოდა ვიზიტად საფრანგეთსა და გერმანიაში და აწარმოებდა მოლაპარაკებებს იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებით. ცისკარიშვილის ინფორმაციით, სწორედ ჯანელიძემ მოსთხოვა, შეეწყვიტა მოლაპარაკებები. ამის შემდეგ ყველამ ვნახეთ უკვე, რაც მოხდა, დააკავეს ალასანიას თანამშრომლები. თქვენი ინფორმაციით, რა ხდება ჯანელიძის გარშემო, რატომ აუმხედრდა მას უმრავლესობა? ფიქრობთ, რომ ჯანელიძის უკან რუსული კვალი იკვეთება, ამ განცხადებით რუსეთის ინტერესები გაატარა? 


- ტყუილად არაფერი არ ხდება. განცხადება, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა, რა თქმა უნდა, მისაღები არ იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს იყო არაკორექტული განცხადება და თავდაცვის მინისტრისთვის შეუფერებელი, მაგრამ მისი გადადგომის მოთხოვნა და მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ამ განცხადების გამო, არის უსინდისო მოთხოვნა. ჩემი აზრით, აქ უფრო პოლიტიკური ინტერესები დგას, ის სპექტრი, საიდანაც თავდასხმა მომდინარეობს, ამ შემთხვევაში მინდია ჯანელიძის პიროვნული ფაქტორი კი არ დგას, არამედ პოლიტიკური ფაქტორი თამაშობს მნიშვნელოვან როლს. კულისებში და უკვე საჯაროდ ყველგან ლაპარაკია იმაზე, რომ ყველგან ინიშნება სანათესაო, პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით კადრების შერჩევა არ მიმდინარეობს, მათ შორის წამყვან სამინისტროებში. სინამდვილეში იგრძნობა მართლა დიდი ბიუროკრატია, სამწუხაროდ, ქვეყანაში პასუხის გამცემი ადამიანი არ მოიძებნება. რამდენი სახელმწიფო ინსტიტუტებთან შეხება მქონდა, იმდენი ვიგრძენი, რომ საქმე მაქვს არაკომპეტენტურ ადამიანებთან, კანცელარიიდან დაწყებული, მინისტრის მოადგილეებით დამთავრებული პასუხის გამცემი არავინ არ არის, ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა არაეფექტურია და ეს მომდინარეობს 2012 წლის შემოდგომიდან. 


პრემიერ-მინისტრს აუცილებლად მოუწევს ახალი წლის შემდეგ ხელახალი საკადრო პოლიტიკის გატარება. არ დაგიმალავთ და ჩემთვის მოულოდნელი იყო, როცა მინდია ჯანელიძე ამ პოსტზე დანიშნა. ეს სახელი და გვარი არაფერს ეუბნება მთელ საქართველოს, არც პოლიტიკოსებს, არც დაინტერესებულ პირებს. მით უმეტეს, როცა ადამიანი კრიზისული მართვის ცენტრის ხელმძღვანელად მუშაობდა, მას უნდა ესმოდეს, კრიზისი რა არის. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მას ეს საკითხი კარგად არ ესმის, თორემ სხვა შემთხვევაში მისი უწყება ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა. მე მაინც ვთვლი, რომ რაც ჯანელიძის მიმართ მიმდინარეობს, ეს არის პოლიტიკური ანტიპიარი, რათა გამოჩნდეს, რომ ირაკლი ალასანიას გაშვება იყო პოლიტიკური შეცდომა და ახალმა საკადრო გადაწყვეტილებამ ვერ გაამართლა. მე თქვენი გაზეთით მივმართავ ირაკლი ღარიბაშვილს, ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს პრემიერი, თუკი ახლა აჰყვება პროპაგანდას და გადააყენებს თავდაცვის მინისტრს. ეს იქნება მისი საკადრო პოლიტიკის მარცხი და პირადად მე არ ვურჩევ, რომ ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ანგარიში უნდა გაეწიოს საზოგადოების მოთხოვნას, რადგან ამ შემთხვევაში ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული თემა, მინისტრს უნდა მიეცეს საშუალება, თავისი პოზიცია გამოხატოს, ის არ უნდა დაემალოს მედიას, თუკი დაემალება, მაშასადამე ყველა ჩათვლის, რომ ბრალდებები მის წინააღმდეგ სწორია. 


- თქვენი აზრით, პრემიერისა და მისი გუნდის წინააღმდეგ იბრძვიან ნაციონალები", რესპუბლიკელები", ირაკლი ალასანია და ფორუმი", ფაქტობრივად, უმრავლესობა აღმასრულებელი ხელისუფლების განეიტრალების გზით მიდის, რით დასრულდება პროცესები? 


- ღარიბაშვილის გუნდის შიგნით ბოლოს განხორციელებულმა საკადრო წმენდამ თავად პრემიერს საყრდენი ადგილები მოურყია, მას ძალიან გაუჭირდება, ამ ფონზე შეინარჩუნოს ხელისუფლება, როცა ამდენი უკმაყოფილო ადამიანია, ქვეყანაშია ეკონომიკური კრიზისი და თავად ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდება, ცვლილებები განახორციელოს, რადგან მდგომარეობა თანდათან მძიმდება, ის, რაც საზოგადოებაში უარყოფითი განწყობა გროვდება, აუცილებლად გამოხატულებას იპოვის ქუჩაში და ამ ქუჩის მზადებისთვის თუ დღეს პოლიტიკურმა ძალებმა არ დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები და თუ ამ კონდიციამდე არ მიიყვანეს, რა თქმა უნდა, საარჩევნო მარათონის დროს მათ ხალხი არ დაუჯერებს. ხალხმა რომ დაუჯეროს, საჭიროა ახლა გააქტიურება. ეს ვარიანტი იმუშავებს სტაბილურ ვითარებაში, მაგრამ ახლა ვთქვათ, რა მოხდება არასტაბილურ მდგომარეობაში. მაშინ ამერიკელები და ევროპელები დაეყრდნობიან იმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც მათთვის სტაბილური პარტნიორები არიან. ესენი არიან სწორედ ის ძალები, ვინც ერთხმად ირაკლი ღარიბაშვილს უტევენ და ამით ანახებენ დასავლეთს, მათ აქვთ უნარი, რომ კოალიციის შიგნით ყოფნის დროსაც კი წამოწიონ ის საკითხები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებისთვის არის საკვანძო. ამ პოლიტიკურ ძალებს თავისი მიზანი აქვთ, ისინი შედეგს დღესვე არ ელოდებიან. დღეს არსებობს მითი, გამოვა ბიძინა ივანიშვილი და 180 გრადუსით შემოატრიალებს სიტუაციასო. ეს მითები ამ ქვეყანაში დასრულებულია, ეს იციან კარგად პოლიტიკოსებმა, შეიძლება თავად ივანიშვილი ფიქრობდეს, რომ მისი ერთი გამოსვლა მოსეს კვერთხის ძალის იქნება, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ ეს ასე არ იქნება, ნუ აქვს ამის იმედი, ეს არ არის ის ერი, რომელიც მოსეს მიჰყავდა 40 დღე უდაბნოში. ქართველი ხალხი შენ ყოველდღე გთხოვს შედეგს და გახსენებს, შენ ხარ დროებით მოსული და სანამ წახვალ, საქმე გამიკეთე. ერთხელ ინტერვიუში გითხარით და ვიმეორებ, თუ ივანიშვილს აქვს იმის იმედი, რომ კრიზისულ შემთხვევაში გამოყრის ფულს და კიდევ ერთხელ მოახდენს ამ ფულით სიტუაციის მობილიზაციას, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ სხვებსაც აქვს დიდი ფული, დიდი სახელმწიფოებისთვის კი ეს ფული არაფერს წარმოადგენს, რომ შეცვალოს ხელისუფლება. მაქვს ინფორმაცია, რომ ახალი წლის მერე თებერვლიდან მცდელობა იქნება აქციების ფონის მოსინჯვის, მაგრამ აპრილიდან მაისის ჩათვლით, როგორც ვიცი, აქ ყველაფერი უნდა დასრულდეს... 


- რა იგულისხმება დასრულებაში"? 

 

- მეტის გაგრძელება აღარ შეიძლება. ალბათ, გადააყენებენ მთავრობას. თუ პოლიტიკური ძალები შეძლებენ მოლაპარაკებას, დაინიშნება არჩევნები, თუ ვერ შეძლებენ, იქნება რევოლუცია..

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016