ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება რატიფიცირებულია, რასაც 623 ევროპარლამენტარიდან 490-მა მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 76, თავი შეიკავა 75-მა. ამ დრომდე დოკუმენტის რატიფიკაცია 11-მა ქვეყანამ მოახდინა. ეს ქვეყნებია: დანია, ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი. ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ხელშეკრულება ევროპის კიდევ 17-მა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, თუმცა ძირითადი საქმე გაკეთებულია. ახლა კი აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ზედმიწევნით შეასრულოს ის რეკომენდაციები, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ევროპამ ყვითელი ბარათი გვიჩვენოს.
ვიდრე ამ საკითხებზე ექსპერტი კახა გოგოლაშვილი საკუთარ მოსაზრებას უფრო ვრცლად გამოთქვამს, იმ პიკანტურ დეტალებს მოვუთხრობთ „ალიას" მკითხველს, რაც ამ ორი დღის მანძილზე კულუარებში მიმდინარეობდა. 18 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის" შტაბში ტორტი გაიჭრა ამ დღის აღსანიშნავად, მაგრამ, ალბათ, გაინტერესებთ, რა ხდებოდა „ოცნების" კულუარებში. სანდო წყაროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულა, როცა შეიტყო მიხეილ სააკაშვილის ევროპარლამენტში დასწრების შესახებ. რას მიკეთებთ, რას ჰგავს თქვენი საქციელი, თქვენი არაკომპეტენტურობისა და უნიათობის ბრალია ის, რომ გაბედა სააკაშვილმა იქ დასწრება. რატომ არ მიეცა საშუალება პრეზიდენტს, სიტყვით გამოსულიყო, ვინ მოამზადა ეს ვიზიტი? - იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დასმული კითხვები, რომელზეც პასუხი ძალიან ბევრს არ აქვს. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი პარლამენტის დერეფნებში ბოლთას სცემდა და საკუთარ მოგვარეს, პოლონეთის ევროპარლამენტარს იაცეკ ვოლსკის უშვერი სიტყვებით ამკობდა. ვოლსკი - ვოლსკის წინააღმდეგ, მხოლოდ პარლამენტის კედლებში შემოიფარგლა. სწორედ იაცეკ ვოლკის მიწვევით იყო სააკაშვილი ევროპარლამენტში მისული. ყველა ელოდა, რომ ძებნილ ნაპრეზიდენტალს მოქმედი პრეზიდენტი პასუხს გასცემდა და უმაღლესი ტრიბუნიდან ევროპარლამენტარებს დიპლომატიურ ენაზე აუხსნიდა, რატომ მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილზე, მაგრამ ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი კლოუნადა დიპლომატიური პროტოკოლის აბსოლუტური დარღვევით, ერთ ლოჟაში ისხდნენ ნაპრეზიდენტალი მიხეილ სააკაშვილი, მისი დამქაში გიორგი კანდელაკი, რომელსაც აწიოკებული აქვს თითოეული ევროპარლამენტარის კარი, იმავე ლოჟაში, ოღონდ უკან ისხდნენ პრეზიდენტი მარგველაშვილი და მისი გარემოცვა. ეს ნიშნავს თუ არა, პრეზიდენტის სააკაშვილთან გათანაბრებას და რატომ მოხდა ისე, რომ პრეზიდენტს არ ერგო განსაკუთრებული საპრეზიდენტო ლოჟა და რატომ არ მისცეს მას სიტყვით გამოსვლის უფლება, მაშინ, როცა იგეგმებოდა მიხეილ სააკაშვილის სამადლობელი სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში.
საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხძე საკუთარ „ფეისბუკზე" წერს: „როგორც მითხრეს, იაცეკ სარიუშ ვოლსკი და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბრიკი ყველაფერს აკეთებდნენ, 18 დეკემბერს სააკაშვილი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ სამადლობელი სიტყვით გამოსულიყო. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არ მოხდა. თუმცა, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ვერ მოახერხა გამოეხატა ქართველი ხალხის განწყობა და ჩვენი სახელით მადლობა გადაეხადა ევროპელებისთვის..."
მიხეილ სააკაშვილიც ავრცელებს განცხადებას საკუთარი „ფეისბუკის" გვერდზე ამასთან დაკავშირებით: „თქვენ იცით, რომ გუშინ აქ დიდი განხილვა იყო იმასთან დაკავშირებით, უნდა ჰქონოდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის უფლება. როგორც პოროშენკოს ჰქონდა გამოსვლის უფლება, საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით კი ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიორგი მარგველაშვილს გამოსვლის უფლება არ მისცემოდა. ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება იმ შიდა არეულობისა და გაურკვევლობის, რაშიც ჩვენ აღმოვჩნდით და ჩვენ ამ ტრიბუნაზე უარს არ უნდა გვეუბნებოდნენ".
ფაქტია, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის სტრასბურგში გამგზავრება სპონტანურად დაიგეგმა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სააკაშვილი იმ დარბაზში გამოჩნდებოდა, ესეც საგარეო საქმეთა სამინისტროს დიდი მინუსია იმიტომ, რომ ასეთ ღონისძიებებზე, როგორც წესი, წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაცია უნდა ყოფილიყო ჩასული, რადგანაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის რატიფიცირება ხდებოდა. თუკი პრემიერსა და პრეზიდენტს შორის მიმდინარეობდა ხანგრძლივი დავა, ვინ მოაწერდა ხელს ევროპასთან ასოცირების დოკუმენტს, ამ ფინალურ ღონისძიებასაც აუცილებლად სამთავრობო დელეგაცია უნდა დასწრებოდა. ყველას გვახსოვს მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის სპონტანური შეხვედრა კიევში პოროშენკოს ინაუგურაციის დროს, რასაც მოჰყვა უამრავი ჭორ-მართალი. სააკაშვილმა მარგველაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ არანაირი საიდუმლო შეხვედრები მარგველაშვილთან არ იგეგმება: „იქ ისეთი ეჭვიანი ბოროტი დედინაცვალი თუ მამინაცვალი ელოდება მაგათ ყველას, იმდენად დიდი პრობლემები აქვთ, იმდენი მეთვალყურე გამოატანეს, ნამდვილად არ მინდა ვინმე უხერხულობაში ჩავაყენო, თან მაგვიანდება, შეუძლია იმ კაცს მშვიდად იყოს, ახლა მივფრინავ მერკელთან და სხვებთან ერთად უნდა განვიხილო საქართველოს საკითხები. დღეს მარგველაშვილისთვის მე დრო არ მაქვს, ამიტომ შეუძლია წყნარად იყოს, არანაირი საიდუმლო შეხვედრები არ შედგება"... როგორც ხედავთ, სააკაშვილი, ესაა კლინიკა, რომელიც ფსიქიატრების, ფსიქოლოგების და ნევროპათოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. ასეთი ბოროტი, ეგოცენტრული, პროვოკატორი და „შემეტენე" ადამიანი, მსოფლიოს არ ახსოვს. როგორც ჩანს, მას საკუთარი თავი ისევ საქართველოს ლიდერი ჰგონია, ოღონდ ხალხშემოძარცული ლიდერი...
რა გვიხარია? რატომ ვზეიმობთ ამ დღეს? რა შედეგებს მოგვტანს მოკლევადიან პერსპექტივაში? აისახება თუ არა ეს ქართველი ხალხის ჯიბეზე, სოციალურ მდგომარეობაზე და ქვეყნის ეკონომიკაზე?
აი, რას აცხადებს „ალიასთან" ინტერვიუში „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი:
- ევროპარლამენტში ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ჯერ არ ნიშნავს შეთანხმების ძალაში შესვლას. ასოცირების შესახებ შეთანხმება ძალაში შევა მაშინ, როცა ევროკავშირის 28-ვე სახელმწიფო მოახდენს ამ დოკუმენტის რატიფიცირებას საკუთარ პარლამენტში, რომელიც გათვალისწინებულია მათი კონსტიტუციით. არის ქვეყნები, სადაც რატიფიცირება ასე მარტივად არ ხდება, მაგალითად, ბელგიაში 7 ინსტანცია უნდა გაიაროს, იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ძალაში შევიდეს. როგორც წესი, ასეთი სახის დოკუმენტები ძალაში შედის, ორი, სამი და ზოგჯერ, ხუთი წლის შემდეგ. რადგან აქ ლაპარაკია პროცედურებზე, რომელსაც დრო სჭირდება. ყველა ქვეყანას თავისი ინსტანცია აქვს, სადაც კეთდება დასკვნები, შემდეგ პარლამენტის კომიტეტებში მიმდინარეობს განხილვა. ამ თვალსაზრისით ევროპარლამენტი უფრო თავისუფალია, ვიდრე ეროვნული პარლამენტი, რადგან ევროპარლამენტს ნაკლები საკანონმდებლო სამუშაო აქვს.
- მოდით, ახლა აგვიხსენით, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის ამ დოკუმენტის რატიფიცირებას?
- ევროპარლამენტში თავმოყრილია ევროპული პოლიტიკური პარტიების ძირითადი ნაწილი, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც ქვეყნების სათავეშია, ისინი ასევე წარმოდგენილნი არიან ევროპარლამენტში. როცა ევროპარლამენტი ამ დოკუმენტს ამტკიცებს და მწვანე შუქს აძლევს, ეს არის სიგნალი ყველა პოლიტიკური ძალისთვის, შესაბამისად ყველა ეროვნული პარლამენტისთვის არის სტიმული და სიგნალი, რათა იმ ქვეყნების პარლამენტში დაჩქარდეს მისი განხილვა და რატიფიკაცია. მით უმეტეს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოწოდებულია, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა შეძლებისდაგვარად დააჩქარონ საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ხელშეკრულება არის 1300 გვერდზე მეტი. შესაბამისად, ამას დღეიდან დაახლოებით ორი წელი დასჭირდება, რომ ევროკავშირის პარლამენტში მოხდეს მისი რატიფიცირება. საკმაოდ რთული პროცესი გვაქვს კიდევ, მაგრამ რაც მთავარია, ევროპარლამენტის მიერ ამ დოკუმენტის რატიფიცირებამ აჩვენა, რომ პროცესი დასრულდება დადებითად, აქვე მინდა გითხრათ, იმისთვის, რომ რატიფიცირების პროცესი საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ, მთავარია, ჩვენ არ გავაუარესოთ ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება, ნებისმიერ სფეროში სიტუაციის გაუარესება, ეს იქნება ადამიანის უფლება, ეკონომიკა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობების გაუარესება თუ სხვა რამ, ამან შეიძლება გამოიწიოს პროცესის შეჩერება. თუ მოხდება ისე, რომ ევროკავშირი უკმაყოფილო იქნება საქართველოში მიმდინარე პროცესებით, განსაკუთრებით, თუკი დაინახავენ, რომ ადგილი აქვს ქვეყნის უკუსვლას, მაშინ ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფო აუცილებლად დაბლოკავს რატიფიცირებას.
- თუკი თანმიმდევრულნი ვიქნებით, რა სარგებელს ნახავს ქვეყანა, უფრო მეტი რომ ვუთხრათ მოსახლეობას, დოკუმენტის რატიფიცირებით უმოკლეს პერსპექტივაში რა სარგებელი გველოდება?
- რაც შეეხება მოკლევადიან ეფექტსა და სარგებელს, ეს ჩვენ უნდა მივიღოთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დაფუძნებიდან, რომელიც ძალაში შევიდა პირდაპირ, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ევროპასთან ასოცირების რატიფიცირებაზე, რატიფიცირება ყველა მუხლს არ სჭირდება ევროკავშირის მხრიდან. არის მუხლები, რომლებიც ძირითადად ვაჭრობასთან არის დაკავშირებული, ეს არის შეთანხმების მეოთხე კარში მოთავსებული, რომელსაც რატიფიცირება არ სჭირდება. მეოთხე კარი ძალაში შევიდა პირველი სექტემბრიდან. ახლა ვთქვათ, რა ხდება რატიფიცირების შემდეგ? ახლა უკვე სხვა მუხლები შედის ძალაში, რომელიც შედგება 9 კარისგან. ყველაზე მოცულობითი არის სავაჭრო-ეკონომიკური საკითხი, რომელიც აფუძნებს თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს ევროკავშირთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ყველა სახის საბაჟო გადასახდელი განულებულია, თანაც, დადებულია შეთანხმება, რომ მხარეები გაამარტივებენ ყველა სახის ტექნიკურ ბარიერს, რაც ხელს უშლის თავისუფალ ვაჭრობაში. ეს უნდა დაიხვეწოს საქართველოს მხრიდან კანონმდებლობით. როგორც კი ევროსტანდარტებს მივუახლოვდებით, ევროკავშირი გვიხსნის ბაზრებს, რაც ნიშნავს იმას, რომ შეუფერხებლად მოხდება ქართული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე. ახლა ძალიან დიდი შემოწმებისა და სირთულის შედეგად შედის ევროპაში ქართული პროდუქცია, სტანდარტის დაცვის შემთხვევაში კი ეს ბარიერი მოიხსნება. ეს შეთანხმება იძლევა საშუალებას, ნაბიჯ-ნაბიჯ სხვადასხვა სექტორებში, სადაც, ასე თუ ისე, მზად ვართ, წინ წავიწიოთ. მაგალითისთვის გეტყვით, ხვალ რომ საქართველოში ევროსტანდარტის ლაბორატორია გაიხსნას, რომელიც შეამოწმებს თაფლს და ევროკავშირმა დადოს დასკვნა, რომ ეს ლაბორატორია ევროსტანდარტებით მუშაობს, ჩვენი მეფუტკრეები ევროკავშირში თაფლს ყოველგვარი ბერიერების გარეშე გაიტანენ. იგივე ეხება სხვადასხვა სახის ნაწარმს.
- დაბოლოს, რამდენად სწორი იყო საქართველოში ძებნილი მიხეილ სააკაშვილის ევროპარლამენტში მიწვევა? რას ნიშნავდა, როცა ერთ ლოჟაში ისხდნენ მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტი, დაირღვა თუ არა პროტოკოლი, გვაქვს თუ არა არანორმალურ მოვლენასთან საქმე? რატომ არ მისცეს მარგველაშვილს, თუნდაც ორი წუთი, რომ მადლობა გადაეხადა ქართველი ხალხის სახელით ევროპარლამენტისთვის?
- სააკაშვილი არ შეიძლება მჯდარიყო იმ ადგილას, სადაც სხედან ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლები, ევროპარლამენტში თავისუფალ რეჟიმში დამსწრე სტუმრებისთვის არსებობს სპეციალური ლოჟები, იქ სხედან მოქალაქეები, რომლებიც ოფიციალურად არ არიან მიწვეულნი. მოქალაქე, რომელიც ითხოვს, რომ დაესწროს ევროპარლამენტის სესიას, როგორც წესი, ევროპარლამენტი ამის უფლებას აძლევს. აი, ასეთ ადგილას უნდა ყოფილიყო განთავსებული სააკაშვილი. რაც შეეხება საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ძალიან გვიან გადაწყვიტეს მისი გამგზავრება ევროპარლამენტში, ამდენად მე არ მაქვს ინფორმაცია, ითვლებოდა თუ არა პრეზიდენტი მარგველაშვილი ოფიციალურად მიწვეულ სტუმრად, თუ ის ჩავიდა არაოფიციალური ვიზიტით. პროტოკოლის მიხედვით ისინი ცალ-ცალკე უნდა მსხდარიყვნენ, რადგან მიხეილ სააკაშვილი დღეს არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას და ის იყო არაოფიციალურად მიწვეული ევროპის სახალხო პარტიის წევრის მიერ. სააკაშვილი და მარგველაშვილი ერთ ლოჟაში პროტოკოლის მიხედვით არ უნდა მსხდარიყვნენ. მეორე მხრივ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ევროპარლამენტი პროტოკოლისგან თავისუფალია, ამიტომაც, არ არის გამორიცხული,რომ ამ თვალსაზრისით პროტოკოლი არ დაიცვეს.
- ფიქრობთ თუ არა, რომ უფრო წარმომადგენლობითი დელეგაცია უნდა ჩასულიყო ევროპარლამენტში ამ მნიშვნელოვან დღეს?
- რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, ეს ღონისძიება ბევრად უფრო კარგად დაგეგმილი უნდა ყოფილიყო და ასე სპონტანური გადაწყვეტილებები არ უნდა მიეღოთ. საუბრობენ იმაზე, რომ ამ ღონისძიებას უნდა დასწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც შეუძლოდ გახდა, შესაძლოა ეს იყო მიზეზი, რომ პრეზიდენტი იქ სპონტანურად ჩავიდა, მაგრამ ეს არ ამართლებს მდგომარეობას, რადგან მათ რეზერვში მოქმედების სხვა გეგმაც უნდა ჰქონოდათ. ხელშეკრულების რატიფიცირება, რა თქმა უნდა, არ არის ამ დოკუმენტის სრულად ძალაში შესვლა, მაგრამ არის უდიდესი მოვლენა, ამიტომ ორი კომიტეტის თავმჯდომარის დონეზე ეს საკითხი არ უნდა გადაწყვეტილიყო. საქართველოს ხელისუფლებას ეს ღონისძიება რომ კარგად დაეგეგმა, წარმომადგენლობით დელეგაციით უნდა ჩასულიყო. სასურველი იყო, რომ ქვეყნის ხელისუფალს ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოეყენებინა და სიტყვით გამოსულიყო. ჩვენ შეგვეძლო უფრო პომპეზური და თეატრალიზებული ელფერი მიგვეცა ამ მოვლენისთვის, რაც უფრო კარგად დაამახსოვრდებოდა ევროკავშირს.
ნინო სამხარაძე
გაზეთი „ალია"