მას შემდეგ, რაც ილიას უნივერსიტეტის რექტორმა უარი უთხრა დეკანოზ თეორდორე გიგნაძეს ლექციების ციკლის წაკითხვაზე, სტუდენტებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რათა ამ გზით მაინც აღდგეს მამაოს ლექციები.
არის თუ არა სტუდენტებისთვის მამაოს ლექციების აკრძალვა დისკრიმინაცია? რას აპირებენ სტუდენტები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში და რა პოზიცია აქვს საპატრიარქოს?
„ალიას" „უფლებადმცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრა:
- მე როგორც გავარკვიე, პირველი ლექციის შემდეგ რექტორი ზედანია შეაშინა სტუდენტთა ხალხმრავლობამ და უსწრაფესად მიიღო დებულებაში შესწორება, რის მიხედვითაც ჩატარებული ლექცია ჩაითვალა ქადაგებად და ითქვა, ეს სხვა სარწმუნოების სტუდენტებს უთანასწორო სიტუაციაში აყენებსო. დეკანოზთან კითხვებს სვამდნენ სტუდენტები და მღვდელი უხსნიდა მათ მათთვის საინტერესო საკითხებს.
ამის შემდეგ მოხდა მამა თეოდორეს გამოძევება, მაგრამ ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 3200 სტუდენტის ხელმოწერა შეგროვდა, რომლებიც ითხოვენ, დეკანოზის ლექციები აღდგეს და თვეში ერთხელ განახლდეს. მას შემდეგ, რაც ჩვენც დავიწყეთ აქტიური მოქმედებები ამ კუთხით, ჩავატარეთ პრესკონფერენციები და მოვუწოდეთ ჯავახიშვილის უნივერსიტეტსაც, რომელმაც ფაქტობრივად, უკან დაიხია და გააუქმა თავისი გადაწყვეტილება თეოდორე გიგნაძის მიმართ. რამდენიმე კვირის წინ მანაც უარი უთხრა გიგნაძეს სტუდენტებთან შეხვედრაზე. სამწუხაროდ, ამ კუთხით პოზიციას ჯიუტად არ იცვლის ილიაუნის რექტორი გიგა ზედანია და 18 დეკემბერს ასევე ცნობილი გახდა, რომ რექტორ ზედანიას მხრიდან სტუდენტებზე განხორციელდა ზეწოლა.
- რა სახის ზეწოლაზეა საუბარი?
- თურმე ზედანიას დავალებით მიდიან ამ სტუდენტებთან უნივერსიტეტის დაცვის წარმომადგენლები და ეუბნებიან, აქ ნუ აგროვებთ ხელმოწერებს, გადით და სხვაგან მოაწერეთ ხელიო. ვერ გავიგე, სტუდენტებმა სხვაგან სად უნდა შეაგროვონ ხელმოწერა, ვაკის პარკში ხომ არ დადგებიან? საერთოდ, გიგა ზედანიას ტიპის ადამიანი რატომ უნდა იყოს რექტორად უნივერსიტეტში, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. თუმცა კარგად ვიცით, რომ ეს ილიაუნი, ბენდუქიძის უნივერსიტეტი, ალასანიას უნივერსიტეტები არის ბუდე ასეთი ტიპის ადამიანებისა, რომლებიც თავისი ქმედებებით შეტევას ახოციელებენ ეროვნულ იდენტობაზე.
- ისე, რა გახდა, თვეში ერთხელ ამ ადამიანისთვის სტუდენტებთან ურთიერთობის ნებართვის მიცემა? ამ შემთხვევაში ხომ არავინ არავის არაფერს აძალებს?
- მეც მაგას ვამბობ. ვისაც უნდა, ის შედის ამ ლექციებზე და ასეთი სასტიკი გადაწყვეტილება, რომ თვეში ერთხელ დარბაზს არ უთმობენ, ეს რას ნიშნავს? ეს არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე და ამიტომ რეაგირებას ვთხოვთ აუცილებლად ეკლესიას.
- ჩემი სათქმელი თქვით, სად არის საპატრიარქო და რატომ დუმს გიგნაძის საქმის გამო?
- სავარაუდოდ, საპატრიარქო თვლის, რომ ეს არის უნივერსტეტის გადასაწყვეტი და თავად უნივერსიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, ექნება თუ არა მას რელიგიურ თემატიკაზე საუბრები, მაგრამ ანგარიში უნდა გაეწიოს სტუდენტების მოთხოვნას, თუ სტუდენტები ფიქრობენ, რომ მათ უნდათ მიიღონ ინფორმიაცია რელიგიის შესახებ და ამ შემთხვევაში ხელისშემშლელია უნივერსიტეტის რექტორატი, ესაა მართლმადიდებლების უფლებების შელახვა და ეს ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ მიიღეს, რისთვის მიიღეს? მხოლოდ და მხოლოდ „ელგებეტე" საზოგადოებისა და სხვა კონფესიების უფლებების დასაცავად? ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ უნივერსიტეტში სხვა კონფესიებს უფრო მეტი უპირატესობა ეძლევა, რომ ისინი არ იჩაგრებიან.
ჩემი აზრით, საპატრიარქო აუცილებლად უნდა ჩაერთოს , რადგანაც სხვა ამბებში ინტენსიურად არის ჩართული, იგივე საყდრისის საკითხთან დაკავშირებით ყველას გვახსოვს, თავად პატრიარქმა მიმართა ხელისუფლებას და პასუხს ითხოვს. ჩაერთოს ამ საკითხშიც. ხომ ყველა ვხედავთ, რომ სავალალო მდგომარეობა გვაქვს უნივერსიტეტებში? იქ მიდის ადალგაზრდების ტვინის რეცხვა სხვადასხვა ლიბერალებისა და ფსევდოლიბერალების მიერ, რომლებიც თავისი ლექციებით საქართველოს ეკლესიის, ასევე კულტურისა და ისტორიის მიმართ გამოხატავენ უპატივცემულობას და ნეგატიურ დამოკიდებულებას და საპატრიარქომ უნდა ამოიღოს ხმა, რადგანაც აქ მარტო თეოდორე გიგნაძეზე არ არის ლაპარაკი, ადამიანებს, ახალგაზრდებს უნდათ თეოლოგიურ საკითხებში, განათლება.
17 მაისის მოვლენაზე ერთი ამბავი რომ ატყდა, „ტაბურეტკიანი" მღვდლებიო, რომ ყვიროდნენ, არ არის საქართველოში ხალხი რელიგიის კუთხით განათლებულიო, ხომ ამბობდნენ? თუკი ამბობენ, რომ საქართველოში რელიგიის კუთხით არის წყვდიადი და სიბეცე, რატომ არ უნდა მისცეს ილიას უნივერსიტეტმა იმის უფლება სასულიერო პირს, რომ „გაანათოს" ეს „წყვდიადი"? მაგრამ რელიგიის სწავლება ჩვენთან ჩაკეტილია და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ათასობით სტუდენტის უფლებების შელახვა და ეს ადამიანები უნდა დაიცვას ეკლესიამ, რადგანაც ეს ბავშვები მისი სულიერი შვილები არიან და ისინი ითხოვენ დეკანოზის მოსმენას. საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში კი ეწყობა შეხვედრები და ლექციები იქაც ტარდება, მაგრამ ეს საკმარისი არაა.
- რაც შეეხება სახალხო დამცველის პოზიციას?
- ჩვენ, სხვათა შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით მივმართეთ უჩა ნანუაშვილს წერილით, გვინდოდა, მას თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა, გვიპასუხა, ჯერ საკითხს ვსწავლობო, სხვა დროს, იგივე მეჩეთის ამბავი რომ იყო, იმწამსვე გამოვიდა უჩა ნანუაშვილი და სასწრაფოდ შეაფასა სიტუაცია, არ შეიძლება ამათი უფლებების შეზღუდვაო. რა, უფლებების შელახვა ამ შემთხვევაში არ ხდება? ინფორმაციის მიღების უფლება ადამიანს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და მართლმადიდებლურ ქვეყანაში, სადაც სამი მილიონი მართლმადიდებელია, რა ხდება? გია ნოდიას იწვევენ ყოველ წამს უნივერსიტეტებში, სადაც გამოდის და ამბობს, სამოქალაქო საზოგადოება ქალაქში გამიგია და სოფელში რა უნდაო და ამდაგვარ საუბრებში ამ ადამიანს უნივერსიტეტები ფულს რომ უხდიან, გიგნაძე ამ საუბრებში არავითარ თანხას არ ითხოვდა. ანდა, სად არიან „ვენებგადაჭრილი" არასამთავრობოები, რომლებიც ისეთი ადამიანების უფლებებს იცავენ, ვის მიმართაც აუარებელი კითხვა არსებობს. ხმა ამოუღია ვინმეს? მე მაქვს ინფორმაცია, რომ სტუდენტები არ გაჩერდებიან, არც ჩვენ ვაპირებთ გაჩერებას და დარწმუნებული ვარ, ზედანია, პრინციპში, გადაყვება ამ ამბავს.
მის შემდეგ ვუკავშირდებით ილიას უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელს თორნიკე ჩიქოვანს.
- თუ არ დაკმაყოფილდა თქვენი, სტუდენტების, მოთხოვნა, რას აპირებთ?
- 3200 სტუდენტის ხელმოწერა შევაგროვეთ და მოხდა ასეთი რამ: სტუდენტები შენობაში აგროვებდნენ ამ ხელმოწერებს და აღარ შეუშვეს სასწავლებლის ტერიტორიაზე, რომ შიგნით შეეგროვებინათ. ანუ, ეტყობა, ნახეს, რომ ბევრი სტუდენტი აწერდა ხელს... თუ არ დაკმაყოფილდა უნივერსიტეტის სტუდენტების მოთხოვნა, პროტესტი იქნება. სტუდენტებს უნდათ დეკანოზის ლექციის მოსმენა და 3200 სტუდენტი ცოტა ნამდვილად არ არის.
რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიციას, საპატრიარქო მდივანს მამა მიქაელ ბოტოკველს ვკითხეთ:
- მამა მიქაელ, იცით ილიაუნში სტუდენტების მოთხოვნის შესახებ, რომლებიც დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ლექციების ჩატარების მიზნით ხელმოწერებს აგროვებენ?
- რა დროს ილიაუნია?..
თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი „ალია"