იყო დრო, როცა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით თევზაძის ალაპარაკება წარმოუდგენელი იყო, რადგან მას მიაჩნდა, რომ სათქმელი საქმით უნდა გამოეხატა, თუმცა ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც დავით თევზაძემ მინისტრობისას, გაზეთ „ალიას" ვრცელი და გულწრფელი ინტერვიუ მისცა, რამაც მთელი საქართველო აალაპარაკა. ფართო საზოგადოებისთვის, სწორედ, მაშინ გახდა ცნობილი მისი პირადი ცხოვრების დეტალები... გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს თავდაცვას 1998 წლის აპრილიდან 2004 წლის თებერვლამდე ხელმძღვანელობდა, დავით თევზაძემ შეცვალა ვარდიკო ნადიბაიძე და მან, ფაქტობრივად, გაპარტახებული ჯარი ჩაიბარა. თევზაძის მინისტრობიდან იწყება ქართველი ჯარის ეპოქა, ის ერთ-ერთი საინტერესო რესპონდენტია, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია. ფილოსოფოსი, მებრძოლი, პროფესიონალი სამხედრო, „გენერალთა კლუბის" დამფუძნებელი დღეს „ქრონიკის" კითხვებს პასუხობს:
- ბატონო დავით, მიმდინარე პროცესების პარალელურად ძალიან გააქტიურდით, ვიცი, არ გსიამოვნებთ სააკაშვილზე საუბარი, თუმცა, რას ნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება ქართველი ოფიცრებისთვის, ვინც უკრაინაში იბრძოლებს, მას მიეცემა უკრაინის მოქალაქეობაო. ყოფილი მთავარსარდლის მხრიდან არის თუ არა ეს საბოტაჟი, რით სჯობს უკრაინის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობას? აქვე გეტყვით, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველ ოფიცრებს 5 000 დოლარს გადაუხდიან...
- ამ თემის ინტერპრეტირებას ვერ ავცდი, დავიწყოთ სააკაშვილის ფიგურით, ეს არის პიროვნება, რომელიც ახლა ცდილობს, რამენაირად ჩანდეს. მის გამოჩენას ტელეეთერში და კონკრეტული განცხადების გაკეთებას აქვს ერთი დანიშნულება, რამენაირად იყოს აქტუალური, ამიტომ, მისთვის აბსოლუტურად სულერთია, მის განცხადებას ვინმე აჰყვება თუ არა... არის უამრავი ადამიანი, ვინც ამ შემოთავაზებით შეიძლება მოიხიბლოს, რადგან სოციალური ფონი საქართველოში საკმაოდ დამძიმებულია. ეს ფონი განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის დამძიმდა, რომელთაც რეალურად ერთადერთი პროფესია ჰქონდათ - სამხედრო საქმიანობა და უამრავი სამართლიანი თუ უსამართლო გადაწყვეტილების შედეგად, ყოველგვარი საპენსიო უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის გარანტიების გარეშე, ურალოდ, ქუჩაში გამოაგდეს. ამ მხრივ, ვერანაირი სამართლიანობა ვერ აღდგა, რადგან თავდაცვის სამინისტრომ ვერ მოახერხა ამ პირების რეაბილიტაცია, რომ რაღაც ფორმა მოეძებნა მათი დასაქმებისთვის.
- თუმცა, ალასანია მინისტრობის პირველ ეტაპზე იძლეოდა იმის პირობას, რომ არც ერთ სამხედროს ქუჩაში არ დატოვებდა და ყველას გააერთიანებდა, დაასაქმებდა და უპატრონებდა.
- ირაკლი ალასანია მხოლოდ პირობას იძლეოდა, მან მოახერხა ის, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც მის მოსვლას სამინისტროში დიდი იმედით ელოდა, მოიმდურა და რეალურად გადაიკიდა, რადგან არ მიაქცია ყურადღება. აღდგენები, თავდაცვის სამინისტროში ძალიან შერჩევით მოხდა. ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნოდა ჯარში დაბრუნება, ისევ ქუჩაში არიან, ამიტომ, ამ მხრივ, არც სამინისტროს პოლიტიკა შეცვლილა ახალაიადან მოყოლებული და არც რაიმე ისეთი ჩანს, რომ ცოტა ხანში რამე შეიცვალოს. ამიტომ ამ ადამიანებისთვის ნებისმიერი პერსპექტივა, სადმე ნახონ საკუთარ შესაძლებლობათა რეალიზაცია, არის მომხიბვლელი. სააკაშვილმა ბრწყინვალედ იცის, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც თვითონ დატოვა ქუჩაში, მზად არის ნებისმიერ სიტუაციაში ბაზარზე „გამოიტანოს" თავისი უნარები.
- ბატონო დავით, სააკაშვილის პერიოდში აქტიური არ იყავით, დღეს რამ განაპირობა თქვენი ჰიპერაქტიურობა. რატომ დუმდით სააკაშვილის პერიოდში?
- სააკაშვილის პერიოდში და შემდგომაც ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრება გამეგრძელებინა, როგორც მასწავლებელს. მაგრამ უნივერსიტეტი, რომელშიც მე ვმოღვაწეობდი, „აიბი კავკასიური უნივერსიტეტი", რომელიც გერმანული ინვესტიციით შეიქმნა და ერთადერთი ასეთი დაწესებულება იყო საქართველოში, თამარ სანიკიძის ახირების გამო დაიხურა... ერთი წელია, ჩემს ენერგიას გზა-კვალი ვერ მოვუნახე და მოსაზრება მაინც არ გამოვთქვა?!.
- როგორც გენერალი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, როგორ აფასებთ ირაკლი ალასანიას მოღვაწეობას? პათოსი გასაგებია, მაგრამ უფრო დეტალურად რომ განგვიმარტოთ...
- არ მინდა, რომ ამ თემაში ძალიან შევიჭრა...
- რამდენად გამჭვირვალე იყო თავდაცვის უწყება, გაქვთ თუ არა გონივრული ეჭვი, რომ კორუფციულ გარიგებებს ჰქონდა ადგილი? თქვენი აზრით, ყოფილ მინისტრზე სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს თუ პოლიტიკური?
- არ ვიცი... როგორც ჩანს, კოალიციაში შიდა დაპირისპირება არის, მე ვფიქრობ, თავისი განცხადებებით ირაკლი ალასანიამ იჩქარა. მან შეიძლება სამხედრო სტრუქტურა და საქმიანობა არ იცოდეს, მაგრამ, წესით, პოლიტიკა უნდა სცოდნოდა და პოლიტიკოსს ასეთი შეცდმა არ უნდა მოუვიდეს.
- ირაკლი ალასანიას განცხადებით, ქვეყანამ ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვია. თავდაცვის მინისტრები ასეთი განცხადებებით უნდა საუბრობდნენ?
- ეგ ვიგულისხმე... თუნდაც რომ ასე ყოფილიყო, ალასანიას ეს არ უნდა ეთქვა...
- ემზარ კვიციანი ბრალს სდებს ირაკლი ალასანიას კოდორის ხეობის ჩაბარების სპეცოპერაციაში... უფრო კონკრეტულად გვითხარით, რა მოხდა მაშინ, რა როლი მიუძღვის ალასანიას კოდორის ხეობის რუსებისთვის გადაცემაში?
- სამწუხაროდ, მე და ემზარს ამ თემაზე არ გვისაუბრია, ამიტომ არ ვიცი, ემზარს რა კონკრეტული ბრალდებები აქვს ალასანიასთან. ამის გამო, ამ საკითხზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. პირიქით, ალასანია მახსოვს ბავშვი იყო, როცა სოხუმში იყო, მამამისსაც ბრწყინვალედ ვიცნობდი. თუ ემზარს ექნება საშუალება, თავისი ეს მოსაზრებები ახლობელთა წრეში მაინც გააზიაროს და უფრო დეტალურად აგვიხსნას, რა მოხდა, კარგი იქნება. მაგრამ მას ამის საშუალება ჯერ არ ეძლევა.
- თქვენ ბოლომდე გვერდით უდგახართ ემზარ კვიციანს და იბრძვით მის გასათავისუფლებლად, დეკემბრის ბოლოს მისი მომხრეები ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან აქციებს გეგმავენ - „თავისუფლება ემზარ კვიციანს"...
- დიახ, ასეა... მე ვალდებული ვარ, გვერდში დავუდგე ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩემთან ერთად იბრძოდა. დღეს ეს ჩემი სიტყვაა. სხვა დროს, რა მოქმედებებიც იქნება საჭირო, იმასაც გავაკეთებ. ემზართან არა მხოლოდ თანამებრძოლობა, უფრო ახლო ურთიერთობა მაკავშირებს. ემზარი აქ ჩამოვიდა სამართლის დასადგენად. ის არც პატიმრობას გაურბის, ოღონდ ის, რაშიც მას ბრალს სდებენ, უნდა იქნას დასაბუთებული... ვიდრე სამართალი არ აღდგება ისე, როგორც საჭიროა და ემზარის მაგალითზე უნდა დამანახოს სასამართლომ ეს, მანამდე არ გავჩერდები. ორი დღის სიცოცხლე დამრჩენია, ვის გავუჩერდე და რატომ? რატომ ვთქვა უარი იმ ურთიერთობებზე, რომელიც ადამიანებთან მქონია. იყო პერიოდი, როცა ჩვენ ვიცავდით ქვეყანას, მერე იყო პერიოდი, ჩვენ ვიცავდით ერთმანეთს, დღეს ქვეყანას არ ვჭირდებით, მაგარმ ხომ ვჭირდებით ერთმანეთს?
- სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ლაფანყურის სპეცოპერაციაზე კონკრეტული დოკუმენტი საჯარო გახადა. როგორც სამხედრო, რა დასკვნა დაგრჩათ, სააკაშვილის რეჟიმმა რა მიზნით ჩაატარა სპეცოპერაცია და რატომ დახოცეს ადამიანები?
- უჩა ნანუაშვილის ამ დოკუენტმა ბევრი დაბნეულობა შემოიტანა, ვიდრე სიცხადე და კითხვები გამიჩნდა. ერთადერთი, რაც ამ წუთას შეიძლება ცხადად გამოიკვეთოს, არის ის, რომ სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები უშუალოდ მონაწილეობდნენ დივერსიული თუ ტერორისტული ჯგუფების მომზადებაში. მე რომ ახლა კონკრეტული მოსაზრება გამოვთქვა, გამოვალ ბრალმდებელი. რისთვის სჭირდებოდათ ამ სპეცოპერაციის ჩატარება, ეს უნდა ჰკითხონ იმ ორ მონაწილეს, ვინც ციხეში უზით, დანარჩენები გარეთ დარბიან. გამოიძიონ, დაუსვან კითხვები, დანით ვაშლს რატომ თლიდიო, იმას ედავებიან კაცს და ჰკითხონ ახალაიას, რატომ მოკლა საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ლაფანყურში. ჰკითხონ, რა უდგას ამას წინ?
- მე თქვენი აზრი მაინტერესებს, რა გონივრული ეჭვი გაქვთ, რისთვის ამზადებდნენ ამ დივერსიულ ჯგუფებს?
- წარმოდგენა არ მაქვს... არანორმალური ადამიანის ტვინში რა მწიფდება, არ ვიცი.
- ჩვენ ვნახეთ, რაც მომწიფდა არანორმალური ადამიანის ტვინში, 2008 წლის აგვისტოს ომში... ომის დროს როგორც სამხედრო ექსპერტსა და გენერალს, რჩევები გკითხეს?
- არა, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ვალდებულება ჯერ კიდევ მაქვს, თადარიგში ვარ, წესით, უნდა გამოვეძახე ვიღაცას, თუმცა არანაირი გამოხმაურება არავის მხრიდან არ ყოფილა.
- თქვენი მინისტრობის დროს იყო მცდელობა საომარი სიტუაციების?
- ჩემი მინისტრობის დროს რამდენჯერმე დავდექით ომის პირას, მაგრამ ყოველთვის მოხერხდა ამ სიტუაციის ისე განმუხტვა, რომ არც მწვადი დამწვარა და არც შამფური. ჯერ ერთი, არც ჩვენ და არც რუსეთის მთავრობა ომისთვის რეალურად მზად არ იყო, 1998 წელს რეალურად ჩვენ ვიდექით ღია ომის საშიშროების წინაშე. ეს შეიძლებოდა უარესი შედეგებით დასრულებულიყო, ვიდრე 2008 წელს დასრულდა. მაშინაც საბაბი ჩვენ მივეცით. მხედველობაში მაქვს „მარულას" გამართვა, რასაც მოჰყვა ყველაფერი, თუმცა იმ ძალებს, ვინც ამას აკეთებდნენ, იმდენად გალის რაიონზე კონტროლის დამყარების ინტერესი არ ჰქონდათ, რამდენადაც შიდაპოლიტიკურ არენაზე აპირებდნენ გარკვეულწილად ძალაუფლების მოპოვებას. მაგრამ რუსებს ჭკუა აღმოაჩნდათ და საბოლოო ანგარიშით, მეც არ აღმოვჩნდი „ყველაფერზე" წამსვლელი და მავანის პირად ინტერესზე მაღლა სახელმწიფო ინტერესი დავაყენე. სხვათა შორის, ამ ეპიზოდის შემდეგ პიროვნულად, პირადად მე, ძალიან ბევრი წავაგე, ბევრ ადამიანთან გამიფუჭდა ურთიერთობა. ჩემზე იყო ზეწოლა, ღიად შემეყვანა სამხედრო ძალები გალში. ეს იყო ის, რის გაკეთებაც არ შეიძლებოდა. ფიქრობდნენ, რომ გამოცდილება არ მეყოფოდა, ზეწოლისთვის გამეძლო: ერთი თვის დანიშნული ვიყავი მინისტრად. მე მოვახერხე ის, რომ ჯარიც შევიყვანე, მოსახლეობაც გამოვიყვანე და კაციშვილმაც ხელი ვერ დამადო ვერც მე და ვერც შეიარაღებულ ძალებს. ასე რომ, აშკარა საბაბი ჩარევისა რუსებმა ვერ მიიღეს. ამის შემდეგ, თითქმის სამი თვე ვისმენდი „კომპლიმენტებს" ჩემი სიმხდალის შესახებ, მაგრამ ავიტანე. რეალურად ეს იყო შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართული აქცია. გალის ამბების მერე, ქვეყანა რომ საომარ სიტუაციაში ჩავარდნილიყო, ნებისმიერ ვითარებაში, შევარდნაძე უნდა გადამდგარიყო.
- ვინ გელაპარაკებოდათ ამ თემებზე?
- რა მნიშვნელობა აქვს.
- ვინ არიან და სად არიან ეს ძალები?
- ამ ძალებმა შემდეგ კარგა ხანს ვერაფერი გააკეთეს.
- დღეს ისევ აქტუალური არიან?
- ნაწილობრივ.
- ფაქტობრივად, გალში ომი უნდა დაგვეწყო?
- დიახ, დაიწყებოდა ომი და ამას მოჰყვებოდა მთავრობის ცვლილება, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ომში დავმარცხდებოდით, გამარჯვების არანაირი შანსი არ გვქონდა.
- კახა თარგამაძე რა როლს თამაშობდა?
- სხვათა შორის, კახა თარგამაძე ამ საქმეში ყველაზე სუფთა იყო. შეიძლება კახას უამრავი ნაკლი ჰქონდეს, მაგრამ სახელმწიფოებრივი ინტერესი კარგად ესმოდა.
- ამერიკელები დაინტერესებული იყვნენ რუსეთთან კონფრონტაციაში შევსულიყავით?
- არა.
- ომის შემდეგ როგორი ხელისუფლება უნდა მოსულიყო საქართველოში?
- უნდა მოსულიყო რაღაც სიახლე ხელისუფლების სახით... მორჩა, ეს თემა აღარ გვინდა.
- სააკაშვილი რა როლს თამაშობდა, როგორ აღმოცენდა ამ ვითარებაში?
- ეს მათ უნდა ჰკითხოთ, ვის წრეშიც აღმოცენდა, შიდა პოლიტიკაში არ ვერეოდი, ეს ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ არც არავის ვაძლევდი იმის საშუალებას, რომ შიდა პოლიტიკური გარჩევების დროს, ჯარი მანიპულირების ობიექტად ექციათ.
- დღეს რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო? პუტინმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის ვერ აიტანს კავკასიაში ნატოს ჯარებს.
- მოდით, ასე დავსვათ საკითხი, შენ რომ პუტინი იყო, აიტანდი?
- იმპერიალისტი პუტინი რომ ვიყო, ვერ ავიტანდი...
- ჰოდა, აბა, რა გინდათ?.. ის კაცი ამბობს იმას, რაც უნდა თქვას. თუ შენ გინდა სხვა სივრცე სამოქმედოდ, უნდა იპოვო გზა. როგორ მოუხსნა პუტინს რაღაც ფობია, რომელიც მას ამ საკითხთან მიმართებაში გააჩნია. ამის მაგივრად შენ ამ ფობიას უძლიერებ. ჰოდა, აბა, რა გიკვირს, როცა თავში გხვდება? საფრთხე უკვე წამოსულია, ახლა საკითხავი ის არის, რისი რეალიზაციაა შესაძლებელი. შესაძლებელია რამდენიმე მიმართულებიდან საქართველოს საზღვრების დავიწროება, მით უმეტეს, არც ერთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან არც ერთი საზღვარი, გარდა თურქეთის საზღვრისა, დემარკირებული არ არის. ვინც სადაც იგრძნობს, რომ შეუძლია საზღვარი დააყენოს, იქ შეუძლია დააყენოს და ედავე მერე, რომ ეს მიწა შენ ღვთისმშობელმა გაჩუქა. მე ძალიან მაწუხებს ჩვენი მთები, რომელიც შეიძლება ერთბაშად მოექცეს სხვა სახელმწიფოს საზღვრებში. სვანეთი, რაჭა, ხევი, ამის საფრთხე რეალურად არსებობს.
- დღევანდელი ხელისუფლება შეძლებს ამ გამოწვევების თავიდან აცილებას?
- დღევანდელი ხელისუფლება დაკავებულია იმით, რომ აძლიერებს მართვის ვერტიკალს, ამიტომ მას არაფერი არ შეუძლია დღეს.
- როგორ აფასებთ თავდაცვის ახალ მინისტრს? რამდენად შესწევს უნარი კრიზისული მენეჯმენტის?
- ამას დავინახავთ, შეძლებს თუ არა.
- თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გააკეთა განცხადება, რომ 30 მილიონის შეიარაღებას გადმოსცემს საქართველოს.
- 30 მილიონი თქვენ დიდი თანხა ხომ არ გგონიათ შეიარაღებისთვის? შეიძლება რაღაც სისტემები განაახლონ, 30 მილიონი არ არის ბევრი ფული. მე მახსოვს, წვრთნა და აღჭურვაში ამერიკელებმა 60 მილიონი დახარჯეს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ავიღებთ ამ ფულს, ეს ნიშნავს, რომ რაზედაც შეთანხმდებიან ისინი ჩვენს ხელისუფლებასთან, თვითონვე შემოიტანენ. კარგია, რომ შეიარაღებაზე ლაპარაკი მიდის, არა მგონია, რეალურად გვქონდეს შეიარაღება, განსაკუთრებით 2008წლის ომის მერე.
- ნატოს ბაზების განთავსება, შტაინმაიერის ვიზიტი და 2015 წელს საქართველოში მერკელის ჩამოსვლა ნიშნავს თუ არა, რომ ნატოსკენ მიმავალი გზა დამოკლდა?
- ნატოში დღეს ჩვენ არავინ მიგვიღებს. ეს რუსეთთან ღია დაპირისპირების ტოლფასი იქნებოდა. რუსეთთან ჩვენ საზავო ხელშეკრულება არ გვაქვს, ანუ, ფაქტობრივად, ჩვენ რუსეთთან ომის მდგომარეობაში ვართ. სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება, მანამდე გამორიცხულია ნატო. მით უმეტეს, ნატო აღმოჩნდა ყველაზე დაუცველი ამ დღევანდელ სიტუაციაში: ვინაიდან, როგორც ჩანს, ნატომ ძალიან ოპტიმისტურად შეხედა ცივი ომის დასრულებას. არც ისე წვიმს, როგორც ქუხს. ნატოს თავისი თავდაცვა და უსაფრთხოება აქვს გადასააზრებელი. თუმცა ნატოს პარტნიორობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოღონდ ნატოსთან პარტნიორობამ და თავად ნატოს რუსეთთან ურთიერთობამ უნდა შეძლოს ის, რომ რუსეთს გარკვეული ფობიები მოეხსნას. რუსეთს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, მას ჰგონია, რომ ყველა მისი მტერია. რაღაცნაირად უნდა მოინახოს რუსეთთან ის ლექსიკონი, რომ მას ერთხელ და სამუდამოდ მოეხსნას ეს ფობია. რუსეთი ყველანაირად შეეცადა, რომ თავისი ბაზები ნაწილობრივ მაინც აღედგინა საქართველოში. მას ეს 2010 წლამდე უნდა მოესწრო. ამიტომაც, ისეთ საბაბს, როგორცი იყო იერიშის მიტანა სამშვიდობოებზე, ხელიდან არ გაუშვებდა. რუსეთს რეალურად რომ არ დაერღვია იმ ოლქების საზღვრები, რომლებშიც ის მოქმედებდა და რომელიც მისი მანდატის ქვეშ იყო, არც არავინ არაფერს არ ეტყოდა. გორთან რომ ჩამოჩოჩდნენ, დიდი შეცდომა დაუშვეს. ამის მონელების პროცესში არიან დღეს. დღევანდელი გადასახედიდან ისე ჩანს, რომ რეალური სტრატეგია, და შესაბამისად, პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში საქართველოში არ არსებობს.
- „ნაციონალები" რომ პრორუსულ ძალას ეძახიან „ოცნების" ხელისუფლებას?
- ყველაზე პრორუსული ძალა რეალურად თავად „ნაციონალები" არიან. შედეგებით ვიმსჯელოთ, ჩვენი ეკონომიკის ნახევარზე მეტი რუსული ეკონომიკის გავლენის ქვეშაა, ჩვენი ჰიდროენერგორესურსები პრაქტიკულად რუსულია, წყლის რესურსები რუსულია, რაზეა ლაპარაკი?.. ზუტად მათ მისცეს საბაბი რუსებს, რომ პლუს 20 %-მდე დაემრგვალებინათ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ამიტომ ვინ ვის რას დაარქმევს, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს იმას, რა არის ვისი მოღვაწეობის შედეგი, მეტი არაფერი. „პრომონღოლი" მოღვაწეები იყვნენ ქართველი მეფეები საკმაოდ დიდხანს, ხოლო ერთ მშვენიერ დღეს, ერთი დარტყმით აღადგინეს საქართველო. „ნაციონალებს" ნიველირება უნდა გაუკეთონ და საერთოდ ამოაგდონ ნიუსების „ბადიდან". არც ერთ გაზეთშიც არ უნდა ჰქონდეთ „მისვლის" საშუალება. მათ აზრს ყურებს შორის უნდა ატარებდეს სუყველა. პრინციპში, პუტინი ყველაზე მადლიერი სააკაშვილისა უნდა იყოს.
- პუტინმა განაცხადა, მზად ვარ სააკაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მივცეო. ფიქრობთ, რომ მან იხუმრა, თუ ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, სიმართლის მარცვალი რომ არ იყოს?
- ისტორიულად ყოველთვის ხდებოდა ამდაგვარი რამ. სალამინის ბრძოლაში ბერძნულმა ფლოტმა დაამარცხა სპარსელები, ათენში მეტად თავისებური დემოკრატია იყო: ადამიანი თავს რომ გამოიჩენდა, მაინცდამაინც არ ეპიტნავებოდათ ათენელებს. ოსტრაკიზმი ერქვა განდევნას, ამ ბრძოლის შემოქმედი და ავტორი განდევნეს, თუ იცით ვინ მიიღო? სპარსეთმა და ცხოვრების ბოლომდე მას იქ ინახავდნენ. ეს არის ისტორია, ამიტომაც გასაკვირი არაფერი არ არის. ამიტომ, არასოდეს არ თქვათ - არასოდეს.
ნინო სამხარაძე
გაზეთი „კვირის ქრონიკა"