reportiori.ge - დაპირისპირება საქართველოს გამო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:22
პრეს-დაიჯესტი
დაპირისპირება საქართველოს გამო
ავტორი:
18 ნოემბერი, 2014. 20:03

 

 

ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში კრიტიკული ცვლილებები შევიდა. დღეს, სავარაუდოდ, ევროპარლამენტი მკაცრ რეზოლუციას მიიღებს. ცვლილებები კი იმ ჯგუფმა მოამზადა, რომლის პარტნიორებიც საქართველოში „რესპუბლიკელები" და „თავისუფალი დემოკრატები" არიან. ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მოუწოდებენ, პროკურატურა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არ გამოიყენონ და საფრთხე არ შეუქმნან საქართველოს ევროპულ მომავალს.


საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე მოსალოდნელი მკაცრი რეზოლუციის შესახებ გვიყვება და იმ კულუარულ ინფორმაციას ამხელს, რომელიც ხალხმა უნდა იცოდეს.


- რეზოლუციაში, რომელზე დებატებიც ნოემბერში გაიმართა, ფაქტობრივად, „ევროპის სახალხო პარტიის" ერთმა ჯგუფმა მოახერხა, შეეტანა იმ ცვლილებების ნაწილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" ითხოვდა. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მთლიანად ევროპარლამენტის ჯგუფები მაინცდამაინც კმაყოფილი არ არიან იმით, წინასწარ რა ცვლილებებიც შევიდა. საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეც და პოლონელი დეპუტატებიც წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის" ლობისტები იყვნენ ევროპარლამენტში. ზუსტად ამ ჯგუფმა მოითხოვა ცვლილებები.

 

- უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტში აზრი იყოფა? კერძოდ, რომ საქართველოში არ მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დევნა.

 

- დიახ, აზრი ორად იყოფა, თუმცა შესაძლოა, სულ სხვა ვარიანტი მივიღოთ, ან დამძიმდეს და ის ცვლილებები დარჩეს, რომელიც შევიდა საგარეო კომიტეტის მოსმენებზე, მეორე ვარიანტია, შეიძლება უფრო დარბილდეს. ევროპარლამენტი ძალიან ჭრელი ორგანოა და აპრიორი თქმა იმისა, რომ ზუსტად ის გავა, რასაც „ნაციონალები" ითხოვენ, ძნელია. თუმცა ფაქტია, რომ ნოემბერში მოხდა ზუსტად ის, რაც მოხდა, სამწუხაროდ, დღემდე ვერ ვხედავ, რომ მოქმედ ხელისუფლებას რაიმე შეეცვალა, უფრო უკეთესი გაეხადა საგარეო პიარი. ჩემთვის დღემდე გამაოგნებელია საკადრო პოლიტიკა, ძალიან ბევრ საელჩოში დიპლომატების ძალიან სუსტი რგოლი გვყავს, მე ნამდვილად არ მინდა, ჩვენი დიპლომატები დაემსგავსონ სააკაშვილის დიპლომატებს, რომლებიც ქვეყანას კი არა, მიხეილ სააკაშვილს აპიარებდნენ, ეს მდგომარეობა ამ წუთში არ არის, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენი დიპლომატიური რგოლი არის სუსტი და ეს დამტკიცდა ამ ორი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით გვქონდა სერიოზული ჩავარდნა.

 

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეზოლუციის ტექსტში შესატანი ცვლილებები ლიბერალების იმ ჯგუფმა მოამზადა, რომლის პარტნიორებიც საქართველოში „რესპუბლიკელები" და „თავისუფალი დემორატები" არიანო...


- „დემოკრატებისა" და „ნაციონალების" შეკვრა უტოპიად მიმაჩნია. არ მგონია, ეს იყო სწორი ინფორმაცია, ხანდახან არის მომენტი, როცა ჩემი მოსაზრებებიც ემთხვევა „ნაციონალების" მოსაზრებას, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ  პროკურატურა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არ გამოიყენონ. ევროპელებმა რომ არ გვითხრან, ჩვენ კარგად ვიცით, რომ პროკურატურაში, ისევე, როგორც საგარეო უწყებაში რეფორმებია გასატარებელი. ევროპარლამენტში არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც ფეხბურთის შედეგს ვერ იწინასწარმეტყველებ, ასევეა ეს რეზოლუციაც.


ევროპარლამენტის კულუარული ინფორმაციებიდან გამომდინარე გეუბნებით, რომ გაყოფილია აზრი იმის შესახებ, რა ხდება საქართველოში. არის ძალიან დიდი ჯგუფი ევროპარლამენტში, რომელიც იწონებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ეს არის სწორედ ის ჯგუფი, რომელიც საქართველოს ევროპარლამენტის ურთიერთობებზე მუშაობს და მათ, ასე თუ ისე, ურთიერთობები აქვთ და საქმის კურსში არიან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. არიან „სოციალისტები" და „მწვანეები", რომლებიც ამ აზრს იზიარებენ, თუმცა იგივე „სოციალისტებსა" და „ევროპის სახალხო პარტიაში" ისეთებიც არიან, ვინც „ნაციონალების" აზრს იზიარებენ, რომ საქართველოში ყველაფერი უკან წავიდა.


დიპლომატებმა და ლობისტურმა ჯგუფებმა ვერ შეძლეს, მობილიზება გაეკეთებინათ იმ ხალხის, ვინც რეალურად აზროვნებს ევროპარლამენტში. ორი თვე გავიდა, რაც საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი დაინიშნა, პოლიტიკისთვის ეს დიდი დროა და ჩვენ რეალური შედეგი არ დაგვინახავს. მე პირადად, ევროპარლამენტში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიურობას ვერ ვხედავ. სააკაშვილის ჯგუფი ისევ აქტიურად მუშაობს.

 

- ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში ყველაზე უარესი რა შეიძლება ჩაიწეროს და რა რეკომენდაციები მოგვცენ?

 

- ჩვენი საუბარი შესაძლებელია დაემსგავსოს მკითხაობას, როგორც გითხარით, ევროპარლამენტი ორ ნაწილად არის გაყოფილი, მოწინააღმდეგე მხარეს ევროპარლამენტარები ახსენებენ იმას, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს 9 წლის განმავლობაში ხდებოდა. 780 დეპუტატია ევროპარლამენტში და ყველას თავისი აზრი აქვს, ვნახოთ, რა იქნება. ამ წუთში ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რა განწყობები შეუქმნა საგარეო პიარმა ევროპარლამენტარებს. აქ გაჩნდა ჩანაწერი იმაზე, რომ პოლიტიკური ზეწოლები მიმდინარეობს ოპონენტებზეო, დებატების შემდეგ გაჩნდა ეს ჩანაწერი. მოდით, არ მოვიტყუოთ თავი და ვთქვათ, რომ ვერ ვიმუშავეთ კარგად.


- ევროსაბჭოს რეზოლუციის მსგავსად შეიძლება ვიხილოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში პატიმრობაში მყოფი „ნაციონალების" გვარები - ახალაია, მერაბიშვილი?


- არა მგონია ასე იყოს, მათი სახელები რეზოლუციაში არ შევა, მე მაინც ვფიქრობ, რომ „ევროპის სახალხო პარტიის" ამ ჯგუფმა, რომელიც ასე ლობირებს „ნაციონალურ მოძრაობას", შესაძლოა დააყენოს საკითხი, როგორც უკრაინის რეზოლუციაში ჩაიწერა ტიმოშენკოს სახელი, ასევე ჩაიწეროს ახალაიასა და მერაბიშვილის გვარები ამ რეზოლუციაში. თქვენ გახსოვთ ევროპარლამენტის ის რეზოლუცია, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით მიიღეს და როცა იმ რეზოლუციაში ჩაიწერა ტიმოშენკოს გვარი, რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულება უკრაინისადმი. მარტო იმის ბრალი არ იყო, რომ რუსეთის მარიონეტი იყო იანუკოვიჩი, ამ რეზოლუციებს ბიზნესწრეები კითხულობენ და მათი განწყობები იცვლება. ევროპარლამენტის რეზოლუცია არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ამას დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს, ასეთ რეზოლუციებს პირველ რიგში ინვესტორები კითხულობენ. როცა ბიზნესმენი კითხულობს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება ოპონენტების წინააღმდეგ, ის იწყებს ფიქრს, რა მინდა ამ ქვეყანაში? თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთზეა გადაბმული. ასე რომ, ამ რეზოლუციას ნუ შევხედავთ როგორც ფურცელზე დაწერილ ტექსტს, ჩვენ გვაქვს უკრიანის მაგალითი, როცა რეზოლუციაში ჩაიწერა ტიმოშენკოს გვარი, ძალიან ბევრმა ევროპულმა ფირმამ შეამცირა უკრაინის ბაზარში ოპერირება, პროექტები შეაჩერა. ბოლოს მივიღეთ მაიდანი. ღმერთმა ქნას საქართველოში ასეთი რამ არ მოხდეს, მაგრამ მაისამდე, როცა მეორე რეზოლუციაზე დაიწყება მუშაობა, ძალიან ცუდი იქნება, თუ ამ რეზოლუციაში ჩაიწერება ახალიასა და მერაბიშვილის გვარები. ამ პერიოდში რა განვითარდება ქვეყანაში, არავინ უწყის.

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016