ვინ იქნება შემდეგი კლანი, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან დაიფრენს? საქმეში ჩახედულებს, პასუხის გასაცემად ბევრი ფიქრი არ დასჭირდებათ, ხოლო მათ, ვინც სახელისუფლებო ინტრიგებსა და მათ აღვირახსნილ მადას თვალყურს არ ადევნებს, ვეტყვით, რომ ივანიშვილის შემდეგი სამიზნე ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე იქნება, მან ძალიან შორს გატოპა, კერძოდ, შემოიკრიბა სააკაშვილის ბიზნესმენები, დაიწყო გაძლიერება როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური კუთხით. გაუჩნდა სერიოზული კერძო ინტერესები ენერგეტოსექტორში და ნელ-ნელა მაფიოზად ყალიბდება. კალაძე უარს ამბობს კუთვნილ ხელფასსა და პრემიაზე და ეს გვიხარია. აი, ამაზეა ნათქვამი, „ვაი, ჩვენს პატრონს?" კალაძემ ისე შეცურა, მისი გაჩერება შეუძლებელია. როცა ღარიბაშვილის ნათესავები ყბადაღებულ თემად იქცა, რატომღაც ყველას ავიწყდება კახი კალაძის ნათესავები, რომლებსაც კალაძე პოსტებზე წიხლით ტენის. ბოლოს და ბოლოს, მისი ცოლის პირტიტველა ძმისთვის მერიაში ამხელა პოსტის ჩაბარება უბრალოდ სირცხვილია, რომ აღარაფერი ვთქვათ, მის ინტელექტუალურ პოტენციალსა და კომპეტენტურობაზე. ხოლო ის, რაც მოხდა გურიაში, როდესაც გურიის გუბერნატორი გადააყენეს და კალაძის მხარდამჭერებმა „ოცნებაში" ყიჟინა დასცხეს, ჩვენი გავიტანეთო, ესეც ცალსახად მიანიშნებს, რომ პრემიერსა და ვიცე-პრემიერს შორის საქმე მთლად კარგად არ არის. მოკლედ, ასეა თუ ისე, დღეს ჯერ კალაძის განკითხვის დრო არ დამდგარა, თუმცა მას მალე მოუწევს, უპასუხოს უფროსსა! ეს დღეც მოვა და ამის შედეგს საზოგადოება მაშინ დაინახავს, როდესაც კალაძის ბიზნესინტერესების შესახებ კონკრეტული კომპრომატები გამოქვეყნდება... კალა, მე კი ისღა დამრჩენია, გირჩიო, იჩქარე ნელა...
იურისტი ვალერი გელბახიანი, რომელმაც ალასანიას მოხსნას და, მეტიც, მისი თანამშრომლების დაკავებას ვარაუდობდა, ახლა უკვე კალაძის განეიტრალებაზე ალაპარაკდა. „ქრონიკიდან" თქვენ შეიტყობთ ბევრ საინტერესო დეტალს და იმას, რეალურად ვინ „ჩაუშვა" ჯანყარაშვილის კლანი ბიძინა ივანიშვილთან და ვინ გახდა ამ ყველაფრის მიზეზი.
- „ალია" წერდა, რომ პრემიერს ჯანყარაშვილის დაჯგუფების კორუფციულ საქმეებზე დოკუმენტაცია მიაწოდეს, რასაც მისი ე.წ. დაჯგუფება შეეწირა. თქვენი აზრით, რით დასრულდება ეს სკანდალი?
- ვფიქრობ, ბატონი ივანიშვილი თვალყურს ადევნებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ამას გარდა, ის კითხულობს პრესას. როცა პრესაში ქვეყნდება მასალები და გავრცელებული ამბები, თუნდაც არასწორი, მაგრამ მაინც გავრცელებული, განხილვის საგანი ხდება, ცხადია, ბატონი ივანიშვილი ამ მოვლენების მიღმა ვერ დარჩება და ის ამ ინფორმაციების გადამოწმებას დაიწყებს. ბიძინა ივანიშვილმა ეს ხელისუფლება აჩუქა ყველას, არავის დაესიზმრებოდა ის თანამდებობები, რაზეც დღეს სხედან. მოდი, სიმართლე ვთქვათ და არც ერთს არ დაუმსახურებია ის თანამდებობები, მათ არ უცხოვრიათ პოლიტიკური ცხოვრებით და შესაბამისად, არ აქვთ პოლიტიკური გამოცდილება და უცბად, ერთ მშვენიერ დღეს „ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, ბატონი ივანიშვილის წყალობით, გახდნენ თანამდებობის პირები. ხელისუფლებაში დაუმსახურებლად მოსული ადამიანები, რა თქმა უნდა, არიან ვალდებულნი და პასუხისმგებელნი იმაზე, რაც ხელისუფლებაში ხდება. ის, რაც მათ შრომითა და ბრძოლით არ მიუღიათ და ერთ მშვენიერ დღეს ივანიშვილმა მათ „პოდნოსით" მიართვა. შედეგები არსად არ ჩანს, პრესაში იწერებოდა, ხალხი ჭორაობდა. მე შემხვდა ადამიანი, რომელმაც მითხრა, სექტემბერში ტენდერი ჩატარდა, მონაწილეობა მივიღე და დღემდე შედეგები არ ვიციო. ისეთ კურიოზებს აქვს ადგილი, რომ ყურით არ დაიჯერება. გავიგე, ვიღაცამ 200-მილიონიანი ტენდერი მოიგო და ამ ტენდერის მოგება კერძო ურთიერთობების ხარჯზე მოახერხა. იწერებოდა, რომ არსებობს ახლობელთა ჯგუფი, სადაც ბიუჯეტიდან გამოყოფილი საპროგრამო თანხები გადადის ჯიბეებში და საქმე არ კეთდება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ადამიანებზე მოქმედებს და ამას რომ ბატონი ივანიშვილი რეაგირების გარეშე არ დატოვებდა, ეს ყველას უნდა სცოდნოდა. მის ყურამდე მივიდა ბევრი ასეთი ფაქტის შესახებ, დაგროვდა ეს თემები და მან სწორი ნაბიჯი გადადგა, რადგან პრაქტიკულად ყალიბდებოდა კლანური სისტემა და თუკი ეს კლანური სისტემა ფეხს მოიკიდებდა, ივანიშვილი ვეღარაფერს გახდებოდა. თუ ჩაერია, ძალიან კარგადაც მოქცეულა, ღარიბაშვილი ამას თავად ვერ გააკეთებდა, რადგან მისი მოყვანილი ხალხი იყო. მინდა გითხრათ, რომ წმენდა არ დასრულებულა, გაგრძელდება. აქ ნეპოტიზმზე კი არ არის საუბარი, სისტემის გამართულობაზე აქვს პრეტენზია ბიძინა ივანიშვილს და ერთი ჯგუფის მიერ კერძო ინტერესების მიხედვით სისტემის მართვა არ უნდა ჩამოყალიბდეს.
- გარე თვალი აღიქვამს, თითქოს პრემიერი სუსტდება ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ. რეალურად, ივანიშვილის მხრიდან იყო თუ არა ეს ღარიბაშვილის გადარჩენის ოპერაცია, თუკი ამბობთ, რომ ღარიბაშვილი ამას თავისი ნებით ვერ გააკეთებდაო?
- როდესაც პრემიერს საკადრო რესურსები ეცლება ხელიდან, არ ჰყავს პირადი გუნდი, ამით პრემიერი კი არ სუსტდება, შეიძლება ითქვას, ის უფრო ფხიზლდება, მისი საქციელი უფრო კონტროლირებადი გახდება. მოდით ვთქვათ, რომ თავად პრემიერ-მინისტრს არც პოლიტიკური წარსული აქვს და არც დიდი გამოცდილება, ახალგაზრდაა, რომელსაც აქვს სხრატი გონება, მაგრამ ვერასოდეს ეყოფა იმდენი გამჭრიახობა, ცოდნისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. მაგრამ თუ ის ფხიზლად იქნება და აღარ მიენდობა თავის სანათესაოს, მეტს იმუშავებს თავის თავზე, ნაკლებ შეცდომას დაუშვებს. ერთი მხრივ, მას გამოეცალა საყრდენი, ამასთანავე, ძალა, მაგრამ მეორე მხრივ, ის გამოფხიზლდება და საკუთარი თავის მიმართ მეტი პასუხისმგებლობა გაუჩნდება. ის გახდება უფრო დარწმუნებული, ენერგიული, გაბედული და ნაკლებ შეცდომას დაუშვებს. კლანური სისტემების ჩამოყალიბებას შედეგად მსხვერპლი მოაქვს და ეს მსხვერპლი პირველ რიგში ირაკლი ღარიბაშვილი იქნებოდა. მან დროებით შეინარჩუნა ის, რაც კლანური მმართველობის შემთხვევაში შეიძლებოდა დაეკარგა.
- თქვენ კი ამბობთ, რომ ივანიშვილმა ინფორმაცია პრესით მიიღოო, მაგრამ ცნობილია, რომ ინფორმაციას ივანიშვილი რამდენიმე წყაროსთან ამოწმებს, მას ყველა სტრუქტურაში ჰყავს ინფორმატორი. გაჩნდა ასეთი ვერსია, რომ ე.წ. ჯანყარაშვილის კლანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ალასანიამ, მეორე ვერსიით კი, სახელდება ღარიბაშვილის კონკურენტი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, რომელიც დაახლოებულია უჩა მამაცაშვილთან. იმ ცნობილ შეხვედრას, სადაც საქმეები ირჩეოდა, უჩა მამაცაშვილიც ესწრებოდა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
- გეტყვით, რომ არც ერთისგან არის ინფორმაცია წამოსული და არც მეორისგან, ამ ყველაფერზე რეაგირების გაკეთების საბაბი გახდა დეპუტატთა ერთი ჯგუფი, მათ ივანიშვილთან კონკრეტული საკითხი დასვეს.
- გულისხმობთ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფს?
- დიახ, ბატონო. მათ დასვეს სხვა საკითხი, კერძოდ, ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ მებრძოლი ლობისტური ჯგუფების შესახებ ისაუბრეს. პრობლემა იყო ლუკა კურტანიძის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობიდან წასლა-არწასვლის საკითხი. ზოგს უნდოდა დარჩენილიყო, ზოგი, პირიქით, ეწინააღმდეგებოდა. მაჟორიტარი ბიზნესმენების ერთი ჯგუფი ივანიშვილთან მივიდა ლუკა კურტანიძის მხარდასაჭერად, რასაც მოჰყვა საქმის გარჩევა, ვინ იდგა ლუკა კურტანიძის მოწინააღმდეგე ბანაკში და სწორედ აქედან დაიწყო ეს ყველაფერი, რადგან გამოიკვეთა სურათი, რომ ივანიშვილს სხვა გზა არ დარჩა, გარდა იმისა, რაც გააკეთა.
- „ალია" ლუკა კურტანიძესაც ესაუბრა ამ თემაზე და მან ირიბად დაგვიდასტურა ეს ამბავი. კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით, გენინსპექციის ყოფილი უფროსი ირაკლი სამყურაშვილი იყო ლუკა კურტანიძის ობსტრუქციის მომწყობი, რომელიც თავის დროზე ლადო ვარძელაშვილის მარჯვენა ხელი გახლდათ და „ნაციონალების" დროს ზონდერდაჯგუფებებს მეთაურობდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სამყურაშვილს სამტრედიის რეგიონი ჰქონდა ჩაბარებული და იბრძოდა „ოცნების" წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ეს და კიდევ უფრო სერიოზული ინფორმაციები მიაწოდეს ბიძინა ივანიშვილს.
- რაც გითხარით, ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, ერთ ფაქტს გიდასტურებთ, რომ ყველაფერი ლუკა კურტანიძის ამბის გარჩევიდან დაიწყო. ივანიშვილმა, თავის მხრივ, გადაამოწმა ყველა ინფორმაცია და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს დაჯგუფება ყველა მიმართულებით მუშაობდა. არა მხოლოდ ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ, ერეოდა საკადრო საკითხებში, ბიზნეს-საკითხებში. ამის შემდეგ შეხვედრა გაიმართა, სხვათა შორის, „ქართული ოცნების" ოფისში და არა შუშის სასახლეში, როგორც პრესა წერს. ეს შეხვედრა გაიმართა დღის 3 საათზე და არა ღამე. ამ შეხვედრას სკანდალის ხასიათი არ ჰქონია და მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. იქ იყო დაახლოებით ასეთი საუბარი, თქვენი მოყვანილი ხალხი გაუშვით სამსახურებიდან, დავინახოთ, რომ გაკეთდა რეაგირება. მაგრამ შვიდი ძმაკაცი ცოტაა, ივანიშვილი უფრო მეტის გადადგომას ელოდა, ამიტომ ვფიქრობ, გადადგომები გაგრძელდება. როგორც ამბობენ, ამ ჯგუფს ეკავა ფინანსური, პოლიციური და ეკონომიკური ბერკეტები. სხვათა შორის, გეტყვით, რომ გიორგი ზედელაშვილი არ ელოდა, თუკი მისი გადადგომა აუცილებელი გახდებოდა, მაგრამ საბოლოოდ მას მოუხდა თანამდებობიდან წასვლა. მე იმას კი არ ვამბობ, რომ კოზა ნოსტრა იყო, მაგრამ ყველა რგოლში თავიანთი ხალხი ჰყავდა, რომელიც კულისებიდან იმართებოდა და მათთვის სახელმწიფო ინტერესი არ იყო განმსაზღვრელი.
- ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ და, სავარაუდოდ, საუბარია, რომ ის ჩაანაცვლებს მინისტრს, რადგან შავლიაშვილი მოიაზრება გადაყენებული დაჯგუფების წევრად, ხოლო ანზორ ჩუბინიძე დაუბრუნდა თავის ყოფილ თანამდებობას, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის პოსტს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი უშუალოდ ერევა ამ უწყებების კონტროლში? იღებს თუ არა ის მართვის სადავეებს და უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ის ღიად დაბრუნდება პოლიტიკაში?
- ამ საკითხებზე მაქვს ჩემი პირადი მოსაზრება. თუ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება, მაშინ ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდება, თვითონ მოვიდეს პრემიერად და გადაარჩინოს სიტუაცია. სხვაგვარად ძალიან რთული სიტუაცია სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკურ სფეროებში, შექმნილია უძრაობის პერიოდი, გადაწყვეტილებას ვერავინ იღებს, როდესაც ხელისუფლების მოქმედება ეფექტური არ არის, შესაბამისად, შედეგით კმაყოფილი არავინ არ არის, ასეთ შემთხვევაში, საჭიროა ძალიან ძლიერი ენერგიის „გადასხმა". ასეთი დიდი ენერგია კი აქვს ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს, თუ ის არ გამოვა ოფიციალურად, არ ჩაიბარებს ხელისუფლებას და არ უზრუნველყოფს მთავრობის ორგანიზაციულ შეკვრას, ასევე, მის ეფექტურობას, მაშინ, რაც დრო გავა, დაკარგავს ავტორიტეტს და 2016 წლის მორიგი არჩევნებისას დამარცხდება, ვერ გაიმარჯვებს. ამიტომ, რომ გაიმარჯვოს გადარჩენისთვის აუცილებელია, კვლავ ბიძინა ივანიშვილი გამოვიდეს პოლიტიკურ ასპარეზზე. სხვა მხრივ, გარედან ინექციებით, ხელის შეშველებით, ეს ამბავი არ გამოვა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ სქემაზე არ ფიქრობს ივანიშვილი, შემცდარა. სხვა გზა აღარ არსებობს, გარდა ერთისა, ბიძინა ივანიშვილი უნდა შემოვიდეს პოლიტიკაში, სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ივანიშვილი ეგუება იმ აზრს, რომ 2016 წელს სხვა მოვა ხელისუფლებაში და დაკარგოს 2012 წელს მიღებული ძალაუფლება.
- თქვენ ბოლო ინტერვიუში გვითხარით, რომ დღის წესრიგში კახი კალაძის საქმე დადგებოდა.
- მისი საკითხი არ მოიხსნება, რადგან თემებმა გადმოინაცვლა სხვა სიბრტყეში, კახი კალაძის საკითხი მიზანშეწონილობას ამ ეტაპზე კარგავს, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ კახი კალაძის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის.
- მკითხველს რომ შევახსენოთ, კახი კალაძის მისამართით არის პრეტენზია, კერძოდ, ის შეეკრა „ნაცმოძრაობის" ბიზნესმენებს, კერძო ინტერესები გაუჩნდა კონკრეტულ სფეროებში და სახელდება ჰესები, არის ინფორმაცია, რომ კახი კალაძე აპირებს დამოუკიდებელი თამაშის წამოწყებას და პოლიტიკური პარტიის შექმნას, მწვავე კონკურენციაა პრემიერსა და კახი კალაძეს შორისო...
- კალაძის ირგვლივ მოარული ხმები რაღაც სინამდვილეს, რა თქმა უნდა, ასახავს, მას, როგორც ყოფილ სპორტსმენს, ბუნებრივია, მხარდაჭერა და გავლენა ექნება საზოგადოებაში, ეს სამთავრობო სახე ახლაც პოზიტიურად გამოიყურება, შეიძლება ითქვას, რომ ის სამთავრობო გუნდში ერთ-ერთი პოზიტიური სახეა. თქვენ ხედავთ, როგორ დახვეწა მეტყველება და დღეს კახი კალაძეს არც მეტყველებაში აქვს პრობლემა და არც ჩაცმულობაში. ის გავლენას ახდენს ასევე ვიზუალური ეფექტით, მაგრამ მეორეა, როცა ხელისუფლებაში გაქვს მნიშვნელოვანი ძალაუფლება, ენერგეტიკის დარგში პირადი ინტერესები არ უნდა არსებობდეს, მაგრამ მას გამოუვლინდა ბიზნესში კერძო ინტერესები, რაც დაფიქსირებულია ფაქტებით, ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონი კი კალაძეს უკრძალავს ასეთ საქმიანობას. ამიტომ, თუ დღეს კახი კალაძის საქმიანობა აქტუალური არ არის, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პარალელურად ვითარდება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები და ამ ეტაპზე კახი კალაძის საქმე მიზანშეწონილობას ჰკარგავს, მაგრამ ის, რომ კახი კალაძის საქმე არ ჩაიფარცხება და ამას რეაგირება მოჰყვება, ამ საკითხში დარწმუნებული ვარ. თანამდებობის პირი ბიზნესისგან შორს უნდა დადგე, რადგან ეს შემდეგ ხდება ჩინოვნიკის კომპრომატი, ნუ იფიქრებს კალაძე, რომ ხელშეუხებელია...
- ირაკლი ალასანიას მიმართულებით განახლდა ფრონტის ხაზი, თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დააკავეს, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი ბახვა სურმანიძე, მას ბრალად ედება გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში ქრთამის აღების ნაცვლად მეწარმის დახმარება. მართალია, ალასანიას მინისტრობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულზე არ არის ლაპარაკი, მაინც, როგორ განვითარდება ალასანიას საქმე?
- ალასანიას სკანდალურ საკითხთან დაკავშირებით უფრო პროკრატურის პრობლემა დგას, რადგან რაც დრო გადის, უფრო და უფრო ნათელი ხდება, ძალიან ცოტა საფუძველია სისხლის სამართლებრივი დევნისა დაკავებული ადამიანების მიმართ. მტკიცებულებების ნაწილი თანდათან გამოდის სამსჯავროზე და ჩანს, რომ არასაკმარისი მტკიცებულებები იყო იმ ხალხის დასაპატიმრებლად. ამიტომ, თუ პროკურატურამ შედეგს ვერ მიაღწია, ცხადია, პროკურატურა პასუხისმგებელი გახდება ამ საკითხზე, აუცილებლად აგებენ პასუხს არა მარტო იმისთვის, რომ შეასრულეს ასეთი უსაფუძვლო მოქმედებები, არამედ მათ უკანონოდ დააპატიმრეს ადამიანები და იმ პროკურორებს მოუწევთ თავის დაცვა და დაიწყებენ მცდელობას, რაც შეიძლება სხვა ფაქტებით გაამყარონ თავისი პოზიცა და ამით თავი დაიძვრინონ. ასე ჩანს, რომ პროკურატურა თავდაცვის რეჟიმზეა გადასული, რაც არ უნდა იყოს, ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, როცა პროკურატურა ხდება მონაწილე პოლიტიკური პროცესისა და მათმა ნაბიჯებმა ხელისუფლებაში გამოიწვია რყევები, მე მაინც მგონია, რომ ამ საქმეს საბოლოოდ პროკურატურა შეეწირება.
ნინო სამხარაძე
გაზეთი „კვირის ქრონიკა"