„ალიას" 17 დეკემბრის ნომერში გამოვაქვეყნეთ ვრცელი პუბლიკაცია სათაურით: „საწვავის გაიაფების მოთხოვნით აქციები იწყება", სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ „მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოება" და საზოგადოებრივი მოძრაობა „პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს", 26 დეკემბრიდან იწყებენ საპროტესტო აქციებს. როგორც „მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების" ხელმძღვანელმა, ბექა კემულარიამ „ალიასთან" საუბარში განაცხადა, დღეს 1 ლიტრი საწვავის შემოტანა, აქციზის გადასახადიანად, სატრანსპორტო, სარეალიზაციო, ადმინისტრაციული და ზედნადები ხარჯების ჩათვლით, საშუალოდ ჯდება 1 ლარი და 10 თეთრი. კემულარიას თქმით, როდესაც ამ საკითხის შესწავლა დაიწყეს, გამოიკვეთა ერთი საინტერესო, თუ გნებავთ, სკანდალური დეტალი:
„საქართველოს მთავრობამ დეკემბერში გამოაცხადა წინასატენდერო პირობები, ტენდერი ჩატარდება 2015 წლის დასაწყისში. ჯერ ერთი, საწვავის მოცულობა წინა წლებთან შედარებით გაზარდეს 30 პროცენტით და მეორეც - 1 ლიტრის შესყიდვა ხდება 1 ლარად და 50 თეთრად. 2014 წელს შეისყიდეს 70 მილიონი ლიტრი, ხოლო 2015 წლისთვის აპირებენ 100 მილიონი ლიტრის შესყიდვას. თუ გადავიანგარიშებთ, ყოველი მე-8 მანქანა გამოდის საჯარო მოხელის. გამოდის, დღეს საწვავის რეალური ფასი 1,50 ლარია, მაინც 40-თეთრიან მოგებაზე გადიან. აქ ვერ იტყვიან, დიდ პარტიას ვყიდით და ფასს ამიტომ ვამცირებთო, საწვავი იყიდება წლის განმავლობაში ტალონების საშუალებით. საწვავი არავის მიაქვს და რეზერვუარებში არ ასხამს. ესენი იტყუებიან, შემოტანისა და რეალიზაციის მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა. გარდა ამისა, მთავრობა ფულს წინასწარ არ აძლევს, გადარიცხვები ხდება ყოველთვიურად. კი, ბატონო, სახელმწიფო იაფად რომ ყიდულობს, კარგია, მაგრამ ეს იმას ამტკიცებს, რომ გარეთ შეთანხმებული ფასებით გვასყიდებენ".
დიახ, როგორც ჩანს, ჩვენს „მესაწვავეებს" შეუძლიათ, მთავრობას კოჭი გაუგორონ და საწვავი მისცენ 60 თეთრით იაფად, მაგრამ სამაგიეროდ, ეს დანაკლისი აინაზღაურონ ჩვენი ჯიბიდან. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი, ვანო მთვრალაშვილი ამბობს „ალიასთან", თურმე არსებობს რაღაც ფორმულა, სადაც პირდაპირ არის მითითებული შეწონილი ფასი, თურმე ნავთობკომპანიებს ქსელში დარჩენილი აქვთ ადრე შემოტანილი საწვავი, რომელიც ძვირი ღირდა და ჯერჯერობით იმას გვასყიდებენ. არადა, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, იმპორტისა და რეალიზაციის რაოდენობა ერთმანეთს ემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოაქვთ იმდენი, რამდენიც სწრაფად იყიდება, დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში. ამავე პუბლიკაციაში ჩვენ დავსვით ერთი მარტივი შეკითხვა: საერთაშორისო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი იყო 120 დოლარი, ხოლო საცალო ქსელში ბენზინი იყიდებოდა 2.15-2.25 ლარად. ჩამოვიდა 60 დოლარზე, ანუ გაიაფდა 50%-ით. რატომ არ აკლებენ ფასსაც 50%-ით?!
18 დეკემბერს, ზუსტად ერთი დღის შემდეგ მთავრობის სხდომაზე იგივე შეკითხვა გაუჩნდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც:
„კონკურენციის სააგენტოს დავავალე მუშაობა და მოვკითხე პასუხი, რატომ არ ხდება აქამდე ბენზინის ფასების შესწავლა და კონტროლი. მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასებმა რამდენიმე ათეული პროცენტით დაიკლო. ჩვენდა გასაკვირად, არ ხდება ადეკვატური ასახვა ქართულ ბაზარზე. ასე რომ, მინდა კონკურენციის სააგენტოს ვთხოვო, 10 დღის ვადაში საზოგადოებას წარუდგინოს, რასთან გვაქვს საქმე. მე ვიცი, რომ ბენზინის ფასმა საქართველოში დღეს დაიწია, მაგრამ ეს უნდა იყოს ადეკვატური და მსოფლიო ბაზართან შესაბამისი".
„ალია" დაინტერესდა, კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს კონკურენციის სააგენტო პრემიერის დავალების შესასრულებლად და მის ხელმძღვანელს, გიორგი ბარაბაძეს ესაუბრა:
- ბატონო გიორგი, ჩვენ „ალიაში" გამოვაქვეყნეთ სტატია, სადაც თქვენს სამსახურზეც იყო საუბარი... სამწუხაროდ, მაშინ ვერ დაგიკავშირდით, საიტზე ტელეფონის რა ნომერიც გაქვთ მითითებული, არავინ პასუხობს, ელექტრონული ფოსტითაც გამოგიგზავნეთ წერილი, მაგრამ ესეც უპასუხოდ დარჩა. დიდი მადლობა, რომ აქეთ დაგვიკავშირდით.
- დიდი მადლობა თქვენ, რომ მაძლევთ საშუალებას, საზოგადოებას შექმნილი მდგომარეობის შესახებ ავუხსნა.
- საზოგადოებრივი ორგანიზაციები საწვავის ფასთან დაკავშირებით 26 დეკემბერს თქვენს ოფისთან საპროტესტო აქციის მოწყობას რომ გეგმავენ, ამის შესახებ, ალბათ, იცით.
- დიახ, ვიცი... რასაც ეს ორგანიზაციები ითხოვენ, ჩემთვის გასაგებია, ყველაფერს აგიხსნით. კონკურენციის სააგენტომ სრულფასოვანი ფუნქციონირება ამ წლის ოქტომბრიდან დაიწყო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მიღებული იქნა გარკვეული ნორმატიული აქტები. ამის შემდეგ შეირჩა რამდენიმე ისეთი სფერო, სადაც საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან დიდია. 12 ნოემბრიდან ჩვენ დავიწყეთ ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლა. ამ დროისთვის უკვე გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია სტატისტიკის ბიუროდან, შემოსავლების სამსახურიდან, მეზობელი სახელმწიფოებიდან და ასევე, საწვავის ბაზარზე მოქმედი 100-ზე მეტი ეკონომიკური აგენტისგან. საუბარია ძალიან ბევრ და ტევად ინფორმაციაზე, რაც დამუშავების პროცესშია. ჩვენ ვიკვლევთ 2008-2014 წლების პერიოდს. პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, კონკურენციის სააგენტო ანგარიშს საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარუდგენს. მოკვლევის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მოკვლევის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, უხერხული იქნება. თუმცა, ინფორმაცია, მონაცემები დამუშავების პროცესშია და ყველაფერზე გაცემული იქნება პასუხი.
- ბატონო გიორგი, გასაგებია, რომ ჯერ მოკვლევა არ გაქვთ დამთავრებული, მაგრამ ზოგადად მაინც შეგიძლიათ მითხრათ, რა ტენდენცია იკვეთება, საზოგადოების პრეტენზიები ხომ სამართლიანია?
- ცხადია, ეს ეჭვები ლეგიტიმურია და სწორედ ამ ეჭვების დასაბუთება უნდა მოხდეს იმ პროცედურების დაცვით, რაც არის გაწერილი კანონმდებლობით. საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხები.
- საწვავის ბაზრის გარდა, ამ ეტაპზე მოკვლევას კიდევ რომელ სფეროებში ატარებთ?
- საწვავის გარდა, კიდევ არის სამი თემა. ჩვენ მოგვმართა „პურპროდუქტების ასოციაციამ", რომ აქ არის პრობლემები. უკვე შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი და დაიწყო ინფორმაციის მოპოვება. ბუნებრივია, ამ შემთხვევაშიც საჭიროა ბაზრის შესწავლა. ასევე დაწყებულია ყავის ბაზრის მონიტორინგი. ეს პროდუქტი მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადია, სამეულშიც კი შედის. აქ უკვე მოკვლევა კი არა, მხოლოდ მონიტორინგი ტარდება, სიტუაციის ანალიზი გვჭირდება. ასევე მოკვლევა გვაქვს დაწყებული „ბალნეო-სერვისის" საკითხზე, საუბარია თერმული წყლების შესაძლო მონოპოლიზაციაზე. ხაზს ვუსვამ, შესაძლო მონოპოლიზაციაზე, მე არ მაქვს უფლება, წინასწარ რამეზე ვისაუბრო. აქაც შექმნილია ჯგუფი და დაწყებულია მუშაობა. შემოსულია კიდევ რამდენიმე განცხადება, რომელიც განხილვის სტადიაშია. როდესაც განცხადება ან საჩივარი შემოდის, 3 დღეში მოწმდება მისი ფორმალური მხარე და შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ვწყვეტთ, რამდენად დასაშვებია მოკვლევის დაწყება.
- თქვენი ინიციატივით არ მოქმედებთ და მხოლოდ საჩივრებს ელოდებით?
- არა, ჩვენ შეგვიძლია, სამი მიზეზით განვახორციელოთ მოკვლევა: ერთია განცხადება, მეორე - საჩივარი და მესამე - საკუთარი ინიციატივა.
- ხომ არ აპირებთ ფარმაცევტული ბაზრის კვლევას? ამ სფეროშიც ძალიან დიდი პრეტენზიებია საზოგადოებისა და სპეციალისტების მხრიდან.
- საზოგადოების მხრიდან ამ კუთხით ინტერესი არსებობს, გეთანხმებით, მაგრამ ჯერ მოკვლევის შესახებ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ეს ძალიან შრომატევადია, რთული საკითხია და დიდი რესურსიც სჭირდება. ჩვენ ახლად შექმნილი სააგენტო ვართ, დაკომპლექტებაც არ არის დასრულებული. თუმცა გეტყვით, რომ ეს საკითხი, ალბათ, ჩვენი ყურადღების ქვეშ მოექცევა.
- პრემიერ-მინისტრმა თქვენ მოგცათ 10 დღე, ამ ვადაში საზოგადოებას უნდა წარმოუდგინოთ ანგარიში იმის შესახებ, რა ხდება საწვავის ბაზარზე და გვიპასუხოთ, რატომ არ მცირდება საქართველოში ფასები მსოფლიო ბაზრის ადეკვატურად, მოასწრებთ?
- დიახ, ჩვენ 10 დღეში გვექნება დეტალური ანალიზი, რა მდგომარეობაა, რა უნდა გაკეთდეს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ამ ვადაში პრემიერ-მინისტრსაც მიეწოდება ანგარიში და საზოგადოებასაც.
- კი, ბატონო, წარმოადგენთ ანგარიშს, გავეცნობით, რომ დარღვევები აღმოაჩინეთ, მაგრამ ამის შემდეგ რა ხდება, ანგარიში ხომ არ დარჩება მხოლოდ ქაღალდზე?
- შეიძლება გამოიკვეთოს დარღვევები, ანუ დომინირების ბოროტად გამოყენება და გარიგებები. ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს დაჯარიმების უფლება ბრუნვის 5 პროცენტით.
- კარგი, დააჯარიმეთ კომპანია, გადაიხადა და ისევ გააგრძელა მაიმუნობა, ანუ არ შეამცირდა ფასები საწვავზე, ამის შემდეგ რა ხდება?
- განმეორებით შემთხვევაში დამრღვევი ჯარიმდება ბრუნვის 10 პროცენტამდე. ამის შემდეგ წესდება მუდმივი მონიტორინგი, შეიძლება მოკვლევა აღარ ჩავატაროთ, მაგრამ საქმის კურში ვიქნებით. თუ ისევ გამოვლინდა დარღვევები, ისევ მივიღებთ შესაბამის ზომებს. აი, სულ ეს არის, რის თქმაც ამ ეტაპზე შემიძლია.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი ალია"