გვესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი დიმა ლორთქიფანიძე:
- ბატონო დიმა, მსოფლიოში უცნაური მოვლენები ხდება. პარადოქსია, მაგრამ რაც უფრო მეტს ვსაუბრობთ საქართველოში „ნაციონალების" დანაშაულებებზე, საერთაშორისო დონეზე მათი დაცვის კამპანია მით უფრო ძლიერდება. უფრო მეტიც, სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ დამნაშავეების ბრალეულობას ამტკიცებს, საერთაშორისო თანამეგობრობა იგნორს უკეთებს და ხელისუფლებას პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. რას ნიშნავს ეს? ქართველ ხალხს აბუჩად გვიგდებენ?
- ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ყველგან ჩიხი, ვაკუუმია და ქართველი საზოგადოების მოთხოვნა, მათ შორის, ეროვნულ დონეზე გასამართლდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკური რეჟიმი მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა რჩება. ასევე, ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას ან დაუსწრებლად ბრალდებულ პირთა მიმართ გამოტანილ საბრალდებო დასკვნებთან დაკავშირებით საქართველოში განცხადებები კეთდება, რასაც ევროკავშირისა თუ ევროსაბჭოს ინსტიტუტებიდან სრულიად არაადეკვატური გამოხმაურებები მოჰყვება, მათ შორის, ევროსაბჭოს ისეთი დიდი ფრაქციიდან როგორიცაა, „ევროპის სახალხო პარტია", რომელიც ქართული საზოგადოებრივი აზრის მიმართ დაუნდობელია. მათ საერთოდ არ აინტერესებთ რას ნიშნავს წართმეული ქონება, მოსპობილი სიცოცხლე, დამახინჯებული ჯანმრთელობა. მთ, ეს კატეგორიები, არ ესმით. ევროპის საბჭოს, ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან აღშფოთება და შეშფოთება გვესმის იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ირღვევა ქვეყანაში ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები და ხომ არ ხორციელდება დევნა პოლიტიკური ნიშნით. გამოდის, მგლის შიშით ცხვრის გაწყვეტა გვაქვს ჩაფიქრებული?! სიტუაციის გამოსასწორებლად საკმარისია ხელისუფლებაში იმ გუნდის მოსვლა, რომელიც საკუკთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის რისკად ფასად შეძლებს ქვეყანაში არსებული ორგანიზებული დანაშაული და მაფია დაამარცხოს, რომლის მოჭრილი კუდი საქართველოში, დღეს, ძალიან აქტიურად ფართხალებს, ხოლო მისი თავი და ტანი კომფორტულად გ ანისვენებს ევროპისა და ამერიკის კონტინენტზე და იქედან მართავს პროცესებს, მათ შორის, დღევანდელი ხელისუფლების წიაღშიც. შედეგად, მომსწრენი ვართ გაუთავებელი საკადრო პოლიტიკის, ვერშემდგარი და დაუსრულებელი პროცესების და ა.შ. გავიხსენოთ, ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც მაფიისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში მთავარ მოქმედ გმირად გვევლინებოდა, მაგრამ ქვეყნიდან საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა. ასევე, ზვიად ჯანყარაშვილი, რომელსაც გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობის დროს რეპუტაცია შეელახა, რაც საბოლოოდ, მისი ქვეყნიდან გაძევებით დამთავრდა. ასე, რომ დღეს, საზოგადოება აბსოლუტურად დაუცველია. მნიშვნელოვან კითხვებზე არგვაქვს პასუხები. „ქართულ ოცნებასა" და „ნაცმოძრაობას" შორის, რეალურად, წყალგამყოფი არ არსებობს. განგაშის ასატეხი გარემოებაა. დროულად უნდა მოხდეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის გზით, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. ქართველი საზოგადოება იმ რეალურ ძალას მხარს დაუჭერს, რომელსაც ძალუძს ქვეყანაში არსებული ვითარება შეცვალოს.
- ბატონო დიმა, თქვენი პარტია აქტიურად უჭერს მხარს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ამის განხორციელეის რა გზები არსებობს?
- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას წინ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა უნდა უძღოდეს. „გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ" უსუფაშვილს წერილობით მიმართა და მის მიერვე ხელმოწერილ საპარლამენტო დადგენილების მეოთხე ნაწილის ბ ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ჩემი კანდიდატურა შესთავაზა. აღნიშნული წერილი 8 ოქტომბერს გაიგზავნა და პასუხი დღემდე არ გაუცია. დარღვეულია ყველა ადმინისტრაციული ვადა. უსუფაშვილს მოვუწოდებ, პროცესი შეგნებულად ნუ შეჰყავს ჩიხში. მითუმეტეს, როცა კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღების საბოლოო ვადა 2015 წლის 1 მარტით განისაზღვრება. თუ კონსტიტუციაში, საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით, ცვლილება არ აისახა, რა თქმა უნდა, არც ვადამდელ და არც ვადისმიერ არჩევნების ჩატარებას აზრი არ ექნება. როგორც ჩანს, მოქმედი ხელისუფლება გარკვეულწილად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. იგი ყველანაირად ეცდება ძირეული რეფორმირება არ მოხდეს, იმ საბაბით, რომ თითქოს, ვერ მოესწრო. თუ 2016 წლის საარჩევნო დღის წესრიგს განვიხილავთ, მაშინ ცვლილებები ყველა ვარიანტში უნდა მოესწროს. ვიმეორებ, ხელისუფლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, ამის პირობები არსებობს და არამგონია ირაკლი ღარიბაშვილს ამ კონფიგურაციით და სცენარით მოქმედება გაუჭირდეს.
დღეს გვესმის შეძახილები - ბატონო ბიძინა, პოლიტიკაში დაბრუნდით. ჩემი აზრით, ბატონ ბიძინას, ამის შეხსენება, არ უნდა სჭირდებოდეს. მან ხომ პერსონალურად აიღო ვალდებულება?! კი ბატონო, მან პრემიერ-მინისტრად საკუთარი შვილობილი მოავლინა, ადამიანი, რომლის მიმართაც განსაკუთრებული ნდობა გააჩნია, რაც ძალიან კარგია. მეორე მხრივ, მესამე პირის ხელით, ტრანზიტულობის თვისებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მართვა და არაფორმალური ჩარევები, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უფრო აზარალებს. ვის, თუ არა ბატონ ბიძინას, ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს. ამის ნათელი გამოვლინება სწორედ ის კლანური მმართველობის მცდელობა, რომელიც ე.წ. კახელების საქმეში გამოვლინდა. როგორც სტალინი-ბერიას დროს იყო „მეგრელთა საქმე", ასე გამოიკვეთა „კახელთა საქმე". პოლიტიკურ პროცესს ძალიან დიდი დარტყმა მიადგა. საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის უნდობლობა კიდევ უფრო გაიზარდა. თუ ქვეყანაში სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისები გაგრძელდა, უბრალოდ, ის ხიდი ჩაინგრევა, რასაც „ქართული ოცნება" ერქვა, როგორც კომუნიკატორი საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალას შორის. ძალა, რომელიც უკვე ორი წელია კოალიციურ რეჟიმში მოქმედებს, ფაქტობრივად, უკვე დაიშალა. „თავისუფალი დემოკრატების" მერე, ეს სიმპტომი, უკვე, აშკარად, გამოიკვეთა „რესპუბლიკური პარტიის" ქმედებებითაც.
საბოლოო ჯამში, როგორც ვხედავთ, ახალი უმრავლესობის შექმნის რეალობა იქმნება, რაშიც „თავისუფალ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს" მთავარი როლი ექნებათ. ეს იქნება მონათესავე იდეოლოგიური პარტიების ერთობა, რომელიც „ნაცმოძრაობის" შემადგენლობასთან ერთად აუცილებლად, შეეცდება ძალაუფლება, უმრავლესობის რანგში, ხელში აიღოს. ირაკლი ღარიბაშვილი, თუ ასე გააგრძელებს, ახალი უმრავლესობის მსხვერპლი აღმოჩნდება. მას, უბრალოდ, არ დაინდობენ. იგი, როგორც ჩანს, ამას აცნობიერებს და ცდილობს დასწრებაზე ითამაშოს. დასწრებაზე თამაშის ერთ-ერთი მთავარი პირობა ვადამდელი არჩევნების უზრუნველყოფა და იმ გუნდის გადარჩენა გახლავთ, რომელსაც ღარიბაშვილი ფლობს.
- ახლა თქვით, ივანიშვილს შეძახილეიბ არ სჭირდება ისე უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაშიო. ანუ, დღეს ამის აუცილებლობას ხედავთ და რა შეიცვლება ამით?!
- კი, რა თქმა უნდა, ის პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს მთავრობაზე ზედამხედველობის კუთხით, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პარლამენტის, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს წინაშე. მან ყველა დაპირება უნდა შეასრულოს, რაც თავის დროზე ხალხს მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბატონი ირაკლი, ხალხის თვალში, უბრალოდ, ლეგიტიმაციას დაკარგავს. იმიტომ, რომ კორუფციის, ნეპოტიზმის გამოვლინებები ნებისმიერ მთავრობას ახასიათებს, რომელსაც არ გააჩნია მაკონტროლებელი ორგანო პარლამენტის სახით, სადაც პრეზიდენტის ინსტიტუტი დასუსტებულია, სადაც სამოქალაქო საზოგადოება კონიუნქტურის მსხვერპლია და იმართება უცხო ქვეყნის გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან. ეს ის მოცემულობებია, რაც სამწუხაროდ, სიმპტომატურად ახასიათებს ჩვენს სახელმწიფოდ წოდებულ ტერიტორიას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნის საზღვრების 42 % დემარკირებული არაა, ქვეყნიდან მილიონნახევარზე მეტი ადამიანია გასული, რომელთა რიცხვი ყოველდღიურადიზრდება. აჭარაში, 150 ათასი თურქეთის რესპუბლიკის მკვიდრი მოქალაქე, უკვე, აჭარის მკვიდრია. მოქალაქე, უკვე, აჭარის მკვიდრია. აღარაფერს ვამბობ მიწების გასხვისების საკითხში მორატორიუმის ახსნაზე, რომლის ინიციატორი გოგო თოფაძე იყო, მაგრამ სამწუხაროდ, მერე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და საბოლოო ჯამში, შლაგბაუმი კვლავ აიხსნა.
- ზოგს, ჰგონია, რომ სააკაშვილის მეგობრობის ხათრით დაინიშნენ ქართველი მაღალჩინოსნები უკრაინაში, რეალურად, პროცესებს სულ სხვა ძალა მართავს. სწორედ ეს ძალა აწყობს ფერად და სისხლიან რევოლუციებს. რა ძალაა ეს და რა გავაკეთოთ, რათა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს? როგორ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან?
- ჩვენ, ინტელექტუალური პოტენციალის თვალსაზრისით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ძალიან დიდი რესურსი გაგვაჩნია. პირველ რიგში, აუცილებელი, რეგიონებიდან ახალი სახეების წარმოჩინებაა. ასევე, მნიშვნელოვანია პროცესში ეროვნული უმხირესობების ჩართვა. ისინი ჩვენი ორგანული ნაწილნი არიან, მათ რიგებში ბევრი პატრიოტია, რომელიც სტიგმატიზირებულია. ჩვენ, მათში ლიდერები, საქართველოს სახელმწიფოს პატრიოტები უნა ვეძებოთ. მათ ხელი უნდა შევუწყოთ სწავლაში და ისე დავუბრუნოთ თავიანთ კუთხეებს. ამაში მესახება გამოსავალი. ახალი თაობა, ჩვენი ემიგრაციისა, ნამდვილად დასახსნელია „ტყვეობისგან". რათა მათი მენტალური გადაგვარება არ მოხდეს. ეს თაობა ჩვენს სამშობლოს უნდა დავუკავშიროთ. მხოლოდ პოლიტიკურ თანამდებობებზე ფიქრი აუცილებელი არაა. ეს ყველაფერი ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციაში უნდა აისახებოდეს, რაც თავიდან უნდა დაიწეროს და ეროვნულ ინტერესს მოერგოს. ეროვნული ინტერესი ვიწრო ქართული გაგებით ინტერესს არ გულისხმობს. ქართული სახელმწიფო, ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ერად ჩამოყალიბების ვალდებულებას უნდა გულისხმობდეს, ამიტომ ვახსენე, ამ საკითხში, ეროვნული უმცირესობებს ჩართვა.
- დღეს „რესპუბლიკელები" საკუთარ ნებას ახვევენ თავს კოალიციას, რამაც შეიძლება ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანოს. რეალური ძალაუფლება - ხალხი, ამომრჩეველი „ქართულმა ოცნებამ" ხელიდან გაუშვა. რა განვითარება შეიძლება ჰქონდეს ყოველივეს?
- ლიბერალურმა-ინტერნაციონალმა უკვე ღიად მოუწოდა „რესპუბლიკურ პარტიას", რომ მათი ადგილი „ქართული ოცნების" ეკლექტურ გაერთიანგებაში არ არის და მალე დატოვონ „ქართული ოცნება" და მათთვის მონათესავე „თავისუფალ დემოკრატებთან" გაერთიანდნენ როგორც ჩანს, ლიბერალური-ინტერნაციონალი და ლიბერალური დასავლეთი იმედოვნებს, რომ ამ ორი პოლიტიკური ძალის შერწყმით მნივნელოვან საყრდენს მიიღებენ, რომელზეც საუთარი იედოლოგიას აღმოაცენენ და განავითარებენ. მათ უნდათ, ამ გზით/ ქვეყანაში სრული ცვლილება განახორციელონ. უსუფაშვილის ბოლო დროინდელი განცხადებები ქვეყანაში თავისუფლების უმაღლესი ხარისხების დამკვიდრების აუცილებლობაზე, გარდაუვალი პოლიტიკური პროცესის შედეგი იქნება, რომელსაც „რესპუბლიკური პარტია" მონათესავე პარტიებთან ერთად წარმართავს.
საბოლოო ჯამში, „ქტართული ოცნება" ბალასტის ამარა აღმოჩნდება, საიდანაც ღარიბაშვილი შეეცდება, ოპტიმიზაციის გზით, საკუთარი გუნდი გამოადნოს და ბურთი და მოედანი ლეგიტიმურად გადაეცეს ნაცებს, ალასანიას და რესპუბლიკელებს. როცა ნაცები არჩევნებში დამარცხდნენ, ობამამ ამას ხელისუფლების გადაცემის დემოკრატიული გზა უწოდა. ამჯერადაც, ასე დაერქმევა. ახლა „ქართულმა ოცნებამ" ესტაფეტა ახალ ლიბერალურ უმრავლესობას უნდა გადასცეს. აქ, ამოიწურება სწორედ ივანიშვილის ფუნქცია, რაც შეიძლება დიდი კატასტროფით დასრულდეს.
თამარ შველიძე
გაზეთი „საერთო გაზეთი"