reportiori.ge - ნოდარ ჯავახიშვილი: დანაშაული არ დაიმალება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:27
ინტერვიუ
ნოდარ ჯავახიშვილი: დანაშაული არ დაიმალება!
ავტორი:
24 დეკემბერი, 2014. 21:01


 

2015 წელს მთავრობა განახლებული შემადგენლობით ხვდება. მართალია, ცვლილებები უწყებათა პირველ პირებს ჯერჯერობით არ შეხებიათ, მაგრამ მოადგილეების დონეზე რამდენიმე უწყებაში სურათი რადიკალურად შეიცვალა. უწყებას, სადაც ყველაზე დიდი ფული ტრიალებს და ცდუნებაც ყველაზე მეტია, ახალი მაკონტროლებელი ჰყავს - „ქართუ ბანკის" ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი უკვე ერთი კვირაა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ მიავლინეს... მის პერსონას სოციალურ მედიაში ხმაური არ მოჰყოლია. ვნებათაღელვა, სავარაუდოდ, მოგვიანებით დაიწყება, რადგან ჯავახიშვილი, რომელიც უწყებაში ტენდერების საკითხს შეისწავლის, ახლავე აცხადებს, რომ თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, ხელს არავის დააფარებს... პრემიერისგან სრული კარტბლანში მიიღო და საკუთარ თავს 6-თვიანი ვადაც დაუწესა. ამბობს, რომ საქმეს გააკეთებს და წავა.


რა საუბარი შედგა პრემიერსა და ჯავახიშვილს შორის, როგორ შეხვდა მას მინისტრი შავლიაშვილი და რის გამოსწორებას აპირებს უახლოეს 6 თვეში? ამის შესახებ ნოდარ ჯავახიშვილი „პრაიმტაიმს" ესაუბრა.


- ჩემი დანიშვნა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ და ისეთი რთული სფეროს ჩაბარება, როგორიცაა ტენდერები, პრემიერ-მინისტრის მხრიდან არის უდიდესი ნდობის გამოხატულება. როდესაც ირაკლიმ ეს თანამდებობა შემომთავაზა, ვუთხარი, რომ ეს არ არის ჩემი სფერო, მან კი მიპასუხა, რომ სწორედ შენნაირი პრინციპული და პატიოსანი კაცი მჭირდება ამ სისტემაშიო.

 

- რა იყო ისეთი მოუგვარებელი თემა, რაშიც თქვენი პრინციპულობა იქნება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი?

 

- სიმართლე გითხრათ, რა უარყოფითი ინფორმაცია აქვს პრემიერს ამ სფეროდან კონკრეტულად, არ ვიცი, მაგრამ გაზეთებს მეც ვკითხულობ და ვხვდები, რომ ყველა სერიოზული ტენდერი აუცილებლად იწვევს საზოგადოებაში ეჭვებს. ბევრი ჟურნალისტური გამოძიებაც მინახავს, რომელიც ძალიან ჰგავს სიმართლეს... რა თქმა უნდა, ძნელია მხოლოდ ჟურნალისტზე დაყრდნობით რაიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება, მაგრამ, როგორც წესი, კვამლი ცეცხლის გარეშე არ ჩნდება. ჩემი მიდგომა ასეთია - არ არსებობს საკითხი, რომელიც დახვეწას არ მოითხოვს... აქაც, მინიმუმ, დასახვეწი იქნება ბევრი რამ. თავი რომ დავანებოთ იმას, არის აქ კორუფცია, არაპროფესიონალიზმი თუ არასახელმწიფოებრივი მიდგომები... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურა, რომლის დახვეწაც არ შეიძლება. მით უმეტეს, მეც მგონია, რომ რაღაც ხარვეზები ნამდვილად არის.


- კორუფციას გულისხმობთ?

 

- ძნელია, ამ ეტაპზე კორუფციაზე ვილაპარკო, მაგრამ რომ ვთქვა, არც ერთ სფეროში არ არის ყველაფერი წესრიგში-მეთქი (და არც შეიძლება დღეს საქართველოში რომელიმე სფეროზე ვთქვათ, რომ იქ აბსოლუტური სრულყოფილებაა), ნამდვილად არ ვიქნებით მართალი, და ამას ვერც ხელისუფლება იტყვის... მე ის ვიცი, რომ ჩემი უპირველესი ამოცანაა სახელმწიფო შესყიდვების ტენდერების საკითხის მოგვარება. პირველივე შეხვედრის დროს მინისტრ შავლიაშვილს ვთხოვე კიდეც, რომ სხვა დატვირთვას ამ ეტაპზე ნუ მომცემთ-მეთქი, იმიტომ რომ ის, რაც დამევალა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, ამასთანავე, ჩემთვის ახალი, რადგან ჯერჯერობით დეტალებში არ ვარ ჩახედული. ორი კვირა მაინც დამჭირდება, რომ ვნახო და გამოვყო ის ნაკლოვანებები თუ ხარვეზები, რომელიც ამა თუ იმ პროცესშია ტენდერებთან მიმართებაში. ამის შემდეგ დავსხდებით და ერთობლივად ჩამოვაყალიბებთ, როგორ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, სადაც არ იქნება მოსაძებნი კონკრეტული პიროვნება სიტუაციის გამოსასწორებლად... აქ ინსტიტუტმა, წესმა უნდა იმუშაოს. მე მინდა, ერთი რომელიმე მიმართულება ავიღო, არ ვიცი, რომელი იქნება, გზები, წყალკანალი თუ სხვა და ამ მიმართულებით შევისწავლო ტენდერები... ჯერ მაქსიმალურად სრულყოფილი სქემა უნდა შევქმნათ და მერე გავავრცელოთ ყველა დანარჩენზე.

 

- ალბათ, არ გამორიცხავთ, რომ ამ პროცესში შესაძლოა, კონკრეტული დანაშაულის ნიშნებიც გამოიკვეთოს...

 

- არსად არასოდეს ეს არ გამოირიცხება. თუმცა, მე ნამდვილად არ მინდა, რომ ასე იყოს, მაგრამ, თუ რაიმე დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, მე აქ საფიქრალი არაფერი მაქვს. ჩემი ღრმა რწმენით, ყველა დამნაშავე თავის ადგილას უნდა იყოს. გული მწყდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ ვერ მიაღწია ამას... ჯერ კიდევ უამრავი დამანაშავე დადის თავისუფლად და ხმამაღლა ლაპარაკობს. ზუსტად ამაშია ის პრინციპულობა, რომელსაც ხშირად სიჯიუტეს ეძახიან ხოლმე - მე ამის დამალვა არ შემიძლია, გულითაც რომ მოვინდომო... მთელი ჩემი ცხოვრება ამას ვებრძოდი. ზოგადად, ჩემს იდეაში ნამდვილად არ არის, რომ რაღაცები გამოვავლინო, რაღაცები ვეძებო... ერთ მაგალითს გავიხსენებ, მე რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გავხდი, ჩემს წინა პერიოდში ის იყო ყველაზე დესტრუქციული ორგანო საქართველოში, რომელმაც ღიად შექმნა ჰიპერინფლაცია, მაგრამ არასოდეს არ დავინტერესებულვარ ჩემი წინამორბედის საქმიანობით, იმიტომ რომ ქვეყანა იყო გადასარჩენი და დროც არ მქონდა, მერე კი საერთოდ ამოიღეს ეს მასალები პროკურატურიდან... მაგრამ რადგან მის ადგილას მივედი, კარგი თუ ცუდი მემკვიდრეობად მივიღე და ის სწორად უნდა მემართა. ჩემთვის საამაყოა და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მიდგომით, შეიქმნა ისეთი წარმატებული ორგანო, როგორიცაა ეროვნული ბანკი და პარალელურად საფინანსო სისტემა... დაახლოებით ასეთი სურვილი მაქვს ახლაც, იმიტომ რომ ეს ჩემი შინაგანი განწყობაა. გადაცდომებსა და ხარვეზებს გამოვასწორებ, თუმცა, თუ ამ პროცესში დანაშაული გამოიკვეთება, ის არ დაიმალება.


- შესაძლოა, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს...

 

- რასაკვირველია, ჩემი მოვალეობაა, ეს შესაბამის ორგანოებს მივაწოდო, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, დარწმუნებული ვარ, რომ იქ უფრო მეტი იქნება მოუწესრიგებლობა, არასაკმარისი კვალიფიკაცია და შეიძლება ზუსტადაც პრინციპულობის ნაკლებობა. სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრი იღებს თავის თავზე ზედმეტს, ტელეფონზე დარეკვასა და მსგავს საქციელს ვგულისხმობ...


- მაშინ მითხარით, რა არის დღეს მთავარი პრობლემა ამ სფეროში?

 

- ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს ნაუცბათევი და ზედაპირული იქნება. ჯერ უნდა ჩავიხედო შიგნით. მთავარი ისაა, რომ აქ უზარმაზარი, საქართველოსთვის ძალიან დიდი ფულია, იქ ძალიან ბევრი ცდუნებაცაა. საითაც გინდა გაიხედო, ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ყველაფრით კმაყოფილი მაინც ვერ იქნები... ამიტომ უნდა ინახოს ყველაფერი... ძალიან შორს არ წავალ. ჩემთან, სადაც ნაკვეთი მაქვს, სოფელ გლდანის თავზე გააკეთეს წყლის რეზერვუარი, რომლითაც დასახლება უნდა მომარაგდეს. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ ვიყავი იქ და ვუთხარი, ცოტა მაღალა ასწიეთ, თორემ რამდენიმე სახლში, რომელიც იქვე ახლოსაა, მანსარდაში წყალი არ ავა-მეთქი, არავინ მომისმინა, მაინც ისე გააკეთეს. ქვეყნის პრობლემებთან შედარებით ეს ნიუანსია, რომ 3-4 ოჯახს არ ექნება მანსარდაზე წყალი, მაგრამ მიდგომაა თავისთავად არასწორი და საკმარისია, ანალოგიური მიდგომით სხვაგანაც გაკეთდეს, ფული დაიხარჯება და წყალი არ იქნება. ჩემთან სულ 50-60 მოსახლეა, რომელიც ძირითადად იქ ცხოვრობს, და ჩვენ განსხვავებულები ვართ, იმიტომ რომ 50-ს ექნება წყალი, სადაც მოუნდება და სამს - არა?! მე მაშინ ვუთხარი, რომ თუ ჩემთან არ ავიდა წყალი მანსარდაზე, იმ დანახარჯებს, რასაც მე დამატებით, თუნდაც ძრავის დასაყენებლად გავიღებ, გადაგახდევინებთ სასამართლოს ძალით-მეთქი... ეს არის ერთი მაგალითი არასწორი მიდგომისა და ერთი რიგითი მოქალაქის მიერ დანახული პრობლემა...

 

- რა ცვლილებების შეტანას აპირებთ ტენდერების მიმართულებით, გამკაცრდება კრიტერიუმები?

 

- იმავეს გეტყვით, ჯერ უნდა ჩავიხედო, ეს ყველაფერი კარგად უნდა ვნახო... მაგალითად, ბევრჯერ წამიკითხავს, რომ იქ არის შავი სია, სადაც შეყვანილია კომპანიები, რომლებმაც წინა ტენდერის პირობები დაარღვიეს... მერე ხდება ისე, რომ მათ ბაზაზე ან მათგან ფორმალურად დამოუკიდებლად ჩნდება ახალი ორგანიზაცია, რომელიც ტენდერში მონაწილეობს და შეიძლება გაიმარჯვოს კიდეც... აი, ეს გამორიცხულია, მოხდეს.


- როგორ გააკონტროლებთ?


- კონტროლს რომ თავი დავანებოთ, კომპანიას, რომელიც ამა თუ იმ ტენდერში მიიღებს მონაწილეობას, აუცილებლად უნდა ჰქონდეს სათანადო გამოცდილება. გუშინ დაარსებული კომპანია ვერ მიიღებს მონაწილეობას. არ მინდა, ძალიან მკვეთრი განცხადებები გავაკეთო, იმიტომ რომ შეიძლება, რომელიმე სფეროში ისეთი რამეც აღმოჩნდეს, რომ ყველა გაშავებულია და აღარ არის საქმის გამკეთებელი არავინ, საქმე კი უნდა გაკეთდეს - უკან დახევად არ ჩამითვალოთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მოთხოვნები უნდა შეამცირო. ხოლო იქ, სადაც კონკურენცია არსებობს, გაიმარჯვებს ისეთი ძლიერი და გამოცდილი კომპანია, რომელსაც წყალი არ გაუვა. ეს ეხება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ორგანიზაციებს, მე ძალიან კარგად ვიცი, საქართველოში ჩატარებულა მსოფლიო ბანკის უშუალო მონაწილეობით უსაზღვროდ დანაშაულებრივი ტენდერი... სხვათა შორის, დღეს ხშირად ვკითხულობ პრესაში დავით მირცხულავაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპერტი ყოფილა ენერგეტიკაში. ერთხელ პარლამენტის სხდომაზე მე მას პირდაპირ ვუთხარი, შენ ციხიდან არ უნდა გამოხვიდე-მეთქი... მისი მონაწილეობით ჩატარდა ტენდერი, სადაც გარეული იყო პარლამენტი, მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება და ისეთი პატივსაცემი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, როგორიცაა მსოფლიო ბანკი... იმ ტენდერში მონაწილეობდნენ მსოფლიოს უძლიერესი კომპანიები. ყველამ თავის დროზე შემოიტანა განაცხადი და იყო ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი კომპანია, რომელმაც რამდენიმე საათით დააგვიანა პაკეტის წარდგენა, რაც ჩვენი კანონმდებლობით ნიშნავდა, რომ ვარდებოდა ტენდერიდან, სწორედ მან, ქართული მხარის ჩარევით, მონაწილეობაც მიიღო და გაიმარჯვა კიდეც. იმის მერე კიდევ რამდენი დანაშაული მოხდა, ეს ცალკე საკითხია. ასევე, ძალიან კარგად მახსოვს, ბრიუსელში ჩატარდა სერიოზული ტენდერი, სხვათა შორის, ევროსაბჭოს მონაწილეობით, და ამ ტენდერში, რომელშიც მსოფლიოს უდიდესი სასოფლო-სამეურნეო ბანკი მონაწილეობდა (და ტენდერი სასოფლო-სამეურნეო ბანკის შექმნას ეხებოდა საქართველოში), გაიმარჯვა წინა დღეს დაარსებულმა პიტერ შოუს უელსურმა კომპანიამ... ამით იმის თქმა მინდა, რომ არ არის გასაოცარი, თუ საქართველოშიც აღმოჩნდება რაღაცები, იმიტომ რომ სამწუხაროდ, ტენდერი მთელ მსოფლიოშია კორუფციის ერთ-ერთი წყარო. კარგად ვიცი, რომ ეს ძალიან რთული უბანია და ამ რთულ უბანზე, როგორც დავით შავლიაშვილმა მითხრა, ჩემი გამოცდილება დასჭირდებათ. იმავე დონორებთან ურთიერთობაში, რომ ცოტა (რბილად რომ ვთქვათ) კბილები გამოვაჩინოთ...

 

- სანამ ამ პოსტზე დაინიშნებოდით, ამბობთ, რომ პრესას ეცნობოდით და იცოდით, რომ არსებობდა გარკვეული პრობლემები. შეგიძლიათ, კონკრეტული თემები გამოყოთ, სადაც თუნდაც კითხვები გაგიჩნდათ?

 

- არა და გეტყვით იმასაც, რომ, როცა შეხვედრა მქონდა მინისტრთან და მის ერთ-ერთ მოადგილესთან, იცით, როგორი შთაბეჭდილება დამრჩა? - მათ ძალიან კარგად იციან, რომ ბევრი მოუგვარებელი პრობლემაა. მე იქ კორუფცია და არაპატისანი მოქმედება, ერთი შეხედვით, ვერ დავინახე. უბრალოდ, ეს არის ძალიან რთული უბანი და ხარვეზები მათაც კარგად აქვთ დაფიქსირებული. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ისინიც მზად არიან, ერთად დავსხდეთ და ჩამოვყალიბდეთ, რისი გასწორება შეიძლება დღესვე და რისი - ხვალ... მათში დავინახე მზაობა, რომ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, ყველა ის ნიუანსი, რომელიც უკვე გამოვლენილია და ხელს გვიშლის, ნელ-ნელა მივიყვანოთ სრულყოფამდე და შეუვალ სისტემის სახე მივცეთ.


მე ბატონ პრემიერ-მინისტრთანაც ვთქვი, რომ შევეცდები, 6 თვის განმავლობაში მოვაწესრიგო ტენდერების საკითხი, გავხაო ის გამჭვირვალე და ეფექტური სახელმწიფოსთვის... თუ ამას მოვახერხებ, 6 თვის მერე ვთხოვ პრემიერს და წავალ... შეიძლება, ძალიან პატარა ვადა დავუსახე ჩემს თავს, მაგრამ ყველა დანარჩენ შემთხვევაში მე ჩავთვლი, რომ წარუმატებელი იყო ჩემი აქ მოსვლა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არ არის ჩემი საქმე, მაგრამ თუკი ღვთის ნებით მივაღწევ იმას, რაც დავისახე, მერე აუცილებლად წამოვალ და გზას ახალგაზრდებს დავუთმობ. ამას ხაზგასმით იმიტომ ვამბობ, რომ ბევრი საუბარი იყო, ვითომ მინისტრად ვინიშნებოდი... გულწრფელად გეტყვით, რომ ამ თემაზე საუბარი არავისთან მქონია და არც ერთ დონეზე არ მიგრძნია, რომ მსგავსი შემოთაზება იქნებოდა. სამინისტროში რომ მივედი, ვთქვი კიდეც, - აქ ერთადერთი დავალება მაქვს, ამას გავაკეთებ და წავალ, წინ არ დავუდგები არავის...


- რომ შემოგთავაზონ, უარს იტყვით?


- სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე თაად ვთხოვდი პრემიერს და კატეგორიულად წინააღმდეგი ვიქნებოდი ამის, იმიტომ რომ თვითონ ეს უბანი იმდენად მნიშვნელოვანი და მტკივნეულია, რომ მინისტრის რანგში ამას ვერ შევძლებ. მინისტრი წარმომადგენლობითი პერსონაა, რომელიც შესაძლოა, დღის განმავლობაში თავისუფლად ვერ დაჯდეს. მე მინდა თავისუფალი და ხელშეუშლელი მუშაობის შესაძლებლობა და მაქვს გარანტია, რომ მექნება. მივესალმები, რომ სხდომებსა და შეხვედრებზე მინისტრმა იაროს.

 

 

თამარ გორთამაშვილი

 

გაზეთი „პრაიმტაიმი"

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016