თურქეთის ქალაქ ყარსთან ბოლო ასი წლის განმავლობაში საქართველოს დიპლომატიის მნიშვნელოვანი მოვლენებია დაკავშირებული - 1921 წლის ოქტომბრის საერთაშორისო კონფერენცია და 2014 წლის დეკემბრის საერთაშორისო კონფერენცია.
ორივე კონფერენციაზე კავკასიის საკითხები განიხილეს.
პირველმა საქართველოს საზღვრები დაადგინა, მეორემ კი ამ საზღვრების ურღვევობა დაადასტურა.
ორივეში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობდა.
1921-ში საგარეო საქმეთა მინისტრს სახალხო კომისარს (სახკომს) უწოდებდნენ. მას, რევკომის მიერ ახალდანიშნულ სახკომ ალექსანდრე სვანიძეს, ბედმა ძალიან მძიმე მისია დააკისრა: სტალინის პირველი ცოლისძმა იძულებული იყო, მოსკოვში მყოფი თავისი სიძის მითითება შეესრულებინა და ხელი მოეწერა იმ ხელშეკრულებისთვის, რომელიც ანგორელი (ანკარელი) ქემალისტებისათვის ქართული ტერიტორიების გადაცემას აკანონებდა... იგი ყარსში, აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან ერთად, თბილისიდან სპეცმატარებლით ჩავიდა. სვანიძემ, რუსულთან ერთად, კარგად იცოდა დასავლეთევროპული ენები (იენის უნივერსიტეტი დაამთავრა), მაგრამ მედასავლეთე არ იყო.
2014-ში ახალდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ ქართულ პოლიტიკურ ინტრიგებში იყო გახვეული, თბილისიდან ჯერ ანგორაში (ანკარაში) ავიარეისით ჩავიდა, შემდეგ კი თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად ყარსში გადაფრინდა. სვანიძისგან განსხვავებით, ბერუჩაშვილის მისია რთული არ ყოფილა - გზა უკვე გაკვლეული იყო: მისმა წინამორბედმა მინისტრმა, ერთ-ერთი პარტიის ლიდერის ცოლისდამ, მსგავს ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - ბათუმში და განჯაში. ბერუჩაშვილი, დასავლეთევროპულთან ერთად, კარგად ფლობს რუსულ ენას (მოსკოვის უნივერსიტეტი დაამთავრა), მაგრამ რუსოფილი არ არის.
სომხები ამჯერად ყარსში არ გამოჩენილან. არც მიუპატიჟებიათ, რადგან ისინი 1921-ში დადგენილ საზღვრებს და თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას თითქმის ასი წლის შემდეგ, 2014-შიც კი არ აღიარებენ.
ისე, კონფერენცია სომხების გარეშეც ნორმალურად ჩატარდა: ყარსის პროვინციის გუბერნატორმა გიუნაი ოზდემირმა და ყარსის მერმა მურთაზა ყარაჩანტამ სტუმრები კარგად მოაწყვეს და მუშაობის კომფორტული პირობები შეუქმნეს. მოკლედ, კარგად უმასპინძლეს. სხვათა შორის, 1921-შიც თითქმის ასე იყო - კონფერენცია სამხედრო გუბერნატორის რეზიდენციაში მიმდინარეობდა.
ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, მთავარს ვიტყვით: მინისტრებმა თითქმის ყველა კავკასიურ პრობლემაზე ისაუბრეს, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის ჩათვლით. სხვათა შორის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი როგორც 1921-ში იყო სისხლისმღვრელი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ასეა ახლაც, 2014-ში. ჰოდა, რადგან დიპლომატების მოვალეობა პრობლემების მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარებაა, ყარსში მიღებული ერთობლივი განცხადების ერთ-ერთი პუნქტი, ტრადიციისამებრ, კონფლიქტის დარეგულირებას ეხება. დოკუმენტში, რასაკვირველია, ნათქვამი არ არის, ვინ ამწვავებს სიტუაციას, მაგრამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ელმარ მამედიაროვმა ყარაბაღის პრობლემის მოუგვარებლობაში სომხეთი დაადანაშაულა.
სხვათა შორის, სომხებმა ყარსში არყოფნა სასწრაფოდ აინაზღაურეს: დეკლარაციას ჯერ „მელანიც არ ჰქონდა შეშრობილი", რომ ერევნიდან პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრამიანი თბილისში გამოქანდა: აინტერესებდა ყარსის შეხვედრების კულუარული მომენტები, თან გზადაგზა სხვა საკითხების გადაწყვეტაც სურდა. იმდენად აინტერესებდა, რომ თბილისში ორ დღეს დარჩა. კავკასიელები ხომ სტუმართმოყვარენი ვართ: ვუმასპინძლეთ, დავამშვიდეთ, შევთანხმდით და ისე გავუშვით, დარდი არაფრისა გქონდესო. ძმები ვართ, მაშ როგორ!
მაგრამ ამ სიტუაციას მაინც აქვს ჩრდილოვანი მხარე: აზერბაიჯანი რომ გვიყურებს? ბაქო ჩვენს მდგომარეობაში შემოდის - ხედავს, ორცეცხლს შუა რომ ვართ, ოფიციალურად არაფერს გვეუბნება, გულში კი... თუმცა გულში ამირანიც მღეროდა, ხმამაღლა კი არაფერს ამბობდა. ითმენდა. ასეა აზერბაიჯანიც. ესეც მეგობრობისა და პატივისცემის გამოხატულებაა.
თურქეთი? ჰმ, თურქეთიც დიპლომატიურად იქცევა, თან ისე დიპლომატიურად, რომ შეხვედრის ადგილად, ვთქვათ, ფეშენებელური ანტალია, ევროპული იზმირი, ევრაზიის დამაკავშირებელი სტამბოლი კი არა, არამედ ყარსი შეარჩია... ყარსი კი ვისიაო, რას ამბობენ სომხები? ჩვენიაო. ჰოდა, სომხებისათვის ნიშნის მოსაგებად თურქებმა ყარსის კონფერენცია გაიმეორეს. ვისაც იმ დღეების სომხური გაზეთები არ წაუკითხავს, სომხების განერვიულება არ ეცოდინება... იმდენი „კეთილი სიტყვა" დაიწერა და იმდენი „ქება-დიდება" გაიგზავნა თურქების მისამართით, რომ მთელი წლის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. არ გაგიკვირდეთ: სომხეთ-თურქეთის დიპლომატიაში ყოველწლიურად გეგმიური მაჩვენებლების შესრულება ტრადიციულია: ყოველ ისტორიულ თარიღზე მინიმუმ ათი სტატია...
ჰო, კინაღამ დამავიწყდა.
ყარსში ჩვენმა მინისტრმაც მეგობრობაზე ილაპარაკა, ტერიტორიული მთლიანობის ერთგულებაზე, საზღვრების ურღვევობაზე, რეგიონულ პროექტებზე. არავინ იცის, გაახსენდა თუ არა მას თავისი ისტორიული წინამორბედის ალექსანდრე სვანიძის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება... მოინახულა თუ არა მან ყარსის მუზეუმში მდგარი ისტორიული ვაგონი, რომლითაც თითქმის ასი წლის წინათ ქართველები დიპლომატიური მისიით ყარსში ჩავიდნენ?
შესაძლოა, ქალბატონ თამარს მუზეუმში შესასვლელად და ქართული დიპლომატიის სიმბოლოს სანახავად დრო არ დარჩა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ქართული დიპლომატიის ისტორიის ყარსული ეპიზოდების გასახსენებლად მისი რომელიმე მრჩეველი თუ რეფერენტ-თანაშემწე სათანადოდ გაისარჯა.