სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საკუთარ თანამშრომლებს სამსახურში დრეს-კოდი, ანუ ჩაცმის სტილი დაუწესა. მღებრიშვილმა ბრძანებაში დრეს-კოდი შემდეგნაირად განსაზღვრა:
„მომსახურეს ეკრძალება, სამსახურში გამოცხადდეს დახეული ან ღია ფერის შარვლით, ზომაზე მეტად მოკლე ქვედაბოლოთი ან კაბით. მინიმალური სიგრძე 3-4 სმ მუხლით თავიდან. მკვეთრი ფერის სამოსი, ღია ფერის სპორტული ფეხსაცმლით და წვრილი ზონარის მქონე მკლავის კოფტით".
ცვლილებები მხოლოდ სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს ეხებათ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და ციხეების თანამშრომლებზე არ ვრცელდება.
რატომ დასჭირდა მინისტრს სპეციალური ბრძანების გამოცემა ჩაცმულობაზე? ვინ გააკონტროლებს ამას და როგორ დასჯიან დამრღვევებს?
„ალიას" მინისტრის მოადგილე კახა კახიშვილი ესაუბრა:
- ბატონო კახა, ითქვა, რომ ჩაცმულობაზე შიგანანაწესი უკვე არსებობდა და სპეციალური ბრძანებულების გამოცემა რატომ გახდა საჭირო?
- მას შემდეგ, რაც ახალი ხელმძღვანელობა მივიდა სამინისტროში, დაისახა რეფორმა, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ ერთი კურსის გაუმჯობესებას, არამედ რეალურად მთლიანად, როგორც სტრუქტურის ცვლილებას, ასევე უწყების რებრენდინგს. შეიცვლება დეპარტამენტის თანამშრომლების ფორმები და სიმბოლიკა, ამავდროულად, ვაწესებთ დრეს-კოდს სამინისტროს თანამშრომლებისთვის. ეს, ჩემი აზრით, არის ნორმალური და ჯდება საჯარო სამსახურის პოლიტიკაში. ჩვენს თანამშრომლებს უნდა ეტყობოდეთ, რომ ისინი არიან ამ უწყების თანამშრომლები, ასევე ამ სამინისტროში როცა მოდიან პატიმრების მშობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები, მე ვფიქრობ, გამომწვევი ჩაცმულობა გააღიზიანებს ისედაც გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს. წარმოიდგინეთ, ადამიანს მეუღლე ან ნათესავი ჰყავს პატიმარი ან პრობაციონერი და მასთან საკონსულტაციოდ ჩადის ადამიანი, რომელსაც აცვია დახეული ჯინსი ან ამოღებული კაბა ან მოკლე ქვედაბოლო. თუ სამსახური გასართობად გინდა და არა საქმის გასაკეთებლად, კი ბატონო, მაგრამ სერიოზულ უწყებაში თავისუფალი სტილით ჩაცმა დაუშვებელია. თუ სამსახურში საქმეს აკეთებ, მოკლეკაბიანი ქალბატონები მხოლოდ ყურადღებას გაგაფანტვინებენ.
- რამ გამოიწვია ასეთი განსაკუთრებული მიდგომა ამ საკითხის მიმართ? იყო რაიმე მაპროვოცირებელი, დავუშვათ, ვინმეს „არასათანადო" ჩაცმულობა?
- მაპროვოცირებელი არაფერი ყოფილა, მაგრამ რაც ჩვენ სამინისტროში მივედით, მხოლოდ ამ საკითხზე არ გაგვიკეთებია ფოკუსირება. არ გაშუქდა ის, რომ სამინისტროში ამოქმედდა ცხელი ხაზი და თითოეულ დეპარტამენტს დაევალა მორიგეობა მინისტრის ბრძანებით, კომუტატორმა უნდა დააკავშიროს თითოეული მოქალაქე სამინისტროს თანამშრომლებთან. სპეციალური კონტროლი ამაზე უნდა განახორციელოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა. მას შემდეგ, რაც რეფორმის თეორიული ნაწილი კანონად იქცა, განხორციელდება უწყების მთლიანი რებრენდინგი, რომელიც დაარეგულირებს ოფიცრების ჩაცმულობასაც. ჩვენ არ ვთხოვთ არავის ვერსაჩესა და ვალენტინოს კოსტიუმებით სიარულს სამსახურში, მაგრამ უხერხულია, როცა სამინისტროს თანამშრომელი გამოგეცხადება შორტებში და დეკოლტეში.
- შინაგანაწესის დარღვევაზე ვის ეკისრება კონტროლი?
- დაევალა გენინსპექციას და დამრღვევების წინააღმდეგ გატარდება ის ღონისძიებები, რომელიც ასახულია კანონდებულობაში.
- რა სასჯელს დააკისრებთ?
- გააჩნია, რამდენ გაფრთხილებას მიიღებს. პირველ შემთხვევაში გაფრთხილება იქნება გამოყენებული.
- თანამშრომლებმა როგორ მიიღეს ეს ბრძანება, არ ყოფილა პრეტენზიები?
- მინისტრის სხვადასხვა ბრძანებულებებიც არსებობს, მაგალითად, ნასვამი მძღოლების სამსახურებრივი მოვალეობის შეწყვეტის შესახებ. თუ ჩვენი უწყების თანამშრომელი ნასვამი აღმოჩნდება საჭესთან, ესეც გამოიწვევს მის დასჯას. სახელმწიფო სამსახურში უნდა კეთდებოდეს საქმე, ყველა საჯარო მოხელე უნდა ჩაჯდეს რეგულაციებში, მათ მეტი მოეთხოვებათ, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს და ვალდებულები არიან, დაემორჩილონ სამართლებრივ რეგულაციებს. თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს და გააპროტესტებს, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მინისტრის ბრძანების გასაჩივრებას სასამართლოში.
ჟანა ასაიძე
გაზეთი „ალია"