reportiori.ge - თუ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პატიმრები მოატყუა, ციხის ბუნტი გარდაუვალია?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:33
პრეს-დაიჯესტი
თუ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პატიმრები მოატყუა, ციხის ბუნტი გარდაუვალია?
ავტორი:
25 დეკემბერი, 2014. 16:54

 

 

ვინ მოხვდა საახალწლოდ შეწყალებულთა სიაში? რა გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებს შეწყალების კომისია? რით ცდილობს პრეზიდენტი მარგველაშვილი ციხეებში დესტაბილიზაციის გამოწვევას?


„ალიას" ესაუბრება „უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე:


- 24 დეკემბერს პრეზიდენტთან არსებულმა შეწყალების კომისიამ დაასრულა მუშაობა საახალწლო შეწყალებაზე და ახლა ჯერი პრეზიდენტზეა, თუ ვინ იქნება შეწყალებული, მაგრამ, როგორც გავიგე, ფაქტობრივად ცნობილია შესაწყალებელი პატიმრების სია და როგორც ჩანს, შეწყალების კომისია იღებს გაუგებარ გადაწყვეტილებებს.


- რას გულისხმობთ?

 

- რას და, ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ჯერ კიდევ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, როცა სახალხო დამცველი და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ პატიმრებს და იყო დაპირება, რომ, თუკი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია არ შეიქმნებოდა, პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ შეიქმნებოდა შეწყალების კომისია, რომელიც უკანონო პატიმრებს ციხიდან გამოუშვებდა. ხარვეზების შემსწავლელი კომისია დღემდე ვერ შეიქმნა და ისეთი პირი უჩანს, რომ კიდევ დიდხანს ვერ შეიქმნება, ამ დროს უამრავი პატიმარი უკანონოდ ზის ციხეში, ისინი ითხოვენ თავიანთი საქმეების გადახედვას და მათთვის ერთადერთი იმედი შეწყალებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, მარგველაშვილი მხოლოდ საკუთარი ნათესავებისა და ახლობლების შეწყალებით არის დაკავებული. ჩვენთვის მხოლოდ მედიის საშუალებით გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ მან თავისი ცოლის ნახევარძმა შეიწყალა, რომელიც სამჯერ იყო ნასამართლევი. თავად შეწყალების კომისიის მუშაობა კი დაფარული ინფორმაციაა, პრეზიდენტის მიერ პატიმრის შეწყალებაც არ არის ღია, მაგრამ არსებობს კრიტერიუმი, პატიმარს მისჯილი ვადის რა რაოდენობა უნდა ჰქონდეს მოხდილი, და ამ კრიტერიუმს ვინც ვერ აკმაყოფილებდა, შეწყალებაზე 200 ასეთ განცხადებას უარი ეთქვა.


- კი მაგრამ, პრეზიდენტს აქვს თავისი ექსკლუზიური უფლება.

 

- ზუსტად მაგას ვგულისხმობ, რომ პრეზიდენტს ამ შემთხვევებში უნდა გამოეყენებინა ექსკლუზიური უფლება პატიმრის შეწყალებისა, მაგრამ, როგორც ცნობილი გახდა, ვერ მოხერხდა ამ განცხადებების სრულად განხილვა და მოვუწოდებ შეწყალების კომისიას, რომ, თუკი მათ არ ჰყოფნით დრო, განიხილონ განცხადებები - ან შტატი გაზარდონ, ან მეტი იმუშაონ, რადგანაც, სავარაუდოდ, ადამიანური რესურსი ნაკლები აქვთ, მაგრამ, ჩემი აზრით, ამაზე ნებაც არ არის, მარგველაშვილს არ უნდა, გახმაურებულ საქმეებს გადახედოს.


- რომელ საქმეებს გულისხმობთ და რატომ არ სურს?

 

- იგივე ე.წ. კოჭოიას საქმე, ასევე „ნარკოკარტელის" საქმე და კიდევ უამრავი საქმე, რომლის მიხედვითაც ხალხი უკანონოდ ზის ციხეში და რა იქნება, ეს საქმეები პრეზიდენტმა ნახოს? მაგრამ ეს ადამიანი, ჩემი ღრმა რწმენით, არის „ნაციონალების" ნების გამომხატველი და თუ რეზონანსულ საქმეებზე დაპატიმრებულებს გაათავისუფლებს, ამას ასევე რეზონანსული გამოხმაურებები მოჰყვება. ამიტომ ამ ხალხს საახალწლოდაც მოუწევს ისევ ციხეში ჯდომა და ისინი არც მომავალში ქნებიან შეწყალებული, მაგრამ ამით ციხეში მდგომარეობა იძაბება. სავარაუდოდ, დაიწყება ესკალაცია, შიმშილობები დაპირებების შეუსრულებლობებით, რადგან კომისიის წევრები ჰპირდებოდნენ მათ გათავისუფლებას და, ჩემი აზრით, პირველ რიგში, ისეთი ხალხი უნდა იყოს შეწყალებული, რომელთა საქმეებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები. მაგრამ, როგორც გავიგე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მე ისეთ საქმეებს არ გადავხედავ, რომელთა დაკავშირებითაც კითხვის ნიშნებია, ამას თავად სახელმწიფომ გადახედოსო და ვერ გავიგე, როცა არსებობს უამრავი კითხვის ნიშანი, რატომ ზის ესა თუ ის პატიმარი, პირველ რიგში ასეთი საქმეები არ უნდა იყოს გადახედილი? ზვიად ქორიძე ამაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ეს უნდა მოდიოდეს პრეზიდენტისგან და როგორც ვატყობთ, მარგველაშვილი ცდილობს ციხეებში დესტაბილიზაციის გამოწვევას თავისი გადაწყვეტილებებით.


- კი მაგრამ, შეწყალების კომისიის მიერ ყველა პატიმრის მოთხოვნა ნამდვილად ვერ იქნება დაკმაყოფილებული, ყველას ხომ ვერ შეიწყალებს პრეზიდენტი?

 

- მესმის, მაგრამ დადებითი გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია. რიგ საქმეებზე, მით უმეტეს ხელისუფლებიდან იყო დაპირება, რომ, ვინც უკანონოდ ზის, მათ ციხიდან გავუშვებთო და დღეს რა ხდება? ხალხი წლობით ზის საპატიმროში და ელოდება სიმართლეს, შეწყალებას და არავითარი ამდაგვარი არ ხდება. არ ვიფიქრო, რომ მარგველაშვილი ამას საგანგებოდ აკეთებს?


- კი მაგრამ, იმასაც შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისია არაა გამრჩევი, ვინ მეტი დამნაშავეა და ვინ - ნაკლები და თავად კომისიის მუშაობასთან არ გაქვს პრეტენზია?

 

- ქორიძესთან რა პრეტენზია უნდა მქონდეს? ვინ იღებს გადაწყვეტილებას? ვინ შეიწყალა ამ ახალ წელს პრეზიდენტმა, როგორც გითხარით, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფაქტს რამდენიმე დღეში მოჰყვება ვნებათაღელვა, რადგანაც ციხეებში ყველამ იცის, რომ ამა და ამ პატიმრის მიმართ ნამდვილად არის საქმე შეთითხნილი, ზის უკვე დიდი ხანია და ვიღაც, ექვსჯერ რომაა პატიმრობაში მოხვედრილი მკვლელობასა და ყაჩაღობაზე, იმას გარეთ უშვებენ და ეს სამართლიანია? ვინც პირველად მოხვდა ციხეში და დადებითად ხასიათდება, რომლებიც ნამდვილად უნდა მოხვდნენ შეწყალებულთა სიაში და უამრავჯერ ციხეში მოხვედრილი ერთი და იგივეა? გარდა ამისა, გაჩნდა კითხვები, ამ შეწყალების  მუშაობას ცუდი სუნი ხომ არ ასდისო. მე უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ და ბრალს ვერავის დავდებ, რომ იქ მიკერძოებით ხდება გადაწყვეტილებების მიღება, რადგანაც ჩემთვის ბევრი პატივსაცემი ადამიანია მაგ კომისიაში, მაგრამ რაღაც ეჭვის გამჩენი სიტუაცია კი არის. ამიტომ ვფიქრობ, ხელისუფლებაც უნდა დაფიქრდეს, დესტაბილიზაციის შეტანა ამ კომისიიდანაც ხომ არ ხდება საპატიმროებში. ადრე შეწყალების კომისიაში შედიოდა პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის წევრი, ახლა ასე არ ხდება და რასაც უნდა, იმას აკეთებენ იქ.


- და რა უნდა გაკეთდეს?

 

- ასე უსასრულოდ ეს არ უნდა გაგრძელდეს, თუ თავი ამ ამბავს ვერ ებმება, ჩამოერთვას პრეზიდენტს ეს საქმე, მე ასე ვფიქრობ.


კომენტარისთვის ვუკავშირდებით შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს ზვიად ქორიძეს :

 

- უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ მარგველაშვილი თავისი ნათესავების შეწყალებით არის დაკავებული, ისინი რომ გამოუშვა ციხიდან, მას შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისეთ საქმეებს არ გადახედავს, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნებიაო.

 

- ინტერესი დაკარგა, რას ნიშნავს? უკვე მეოთხე შეწყალებას მოაწერს ხელს, რომელი ნათესავი შეიწყალა?


- რომელი და, ცოლის ნახევარძმა.

 

- და რამდენი ხანი შეიძლება ამ თემაზე ილაპარაკოს? ამ თემაზე პრეზიდენტმა გააკეთა კომენტარი და სხვებმაც.

 

- მჟავანაძის განცხადებით, უამრავი განცხადებაა შესული შეწყალების კომისიაში, მაგრამ ისინი ვერ იქნა გადახედილი, რადგანაც კომისია აცხადებს, დრო არ გვყოფნის მათ შესასწავლადო.

 

- როდის თქვა კომისიამ, დრო არ მყოფნისო? რომელი განცხადება არ განიხილა კომისიამ? შეწყალების კომისია იმას აკეთებს, რასაც ჰპირდება. ესაა უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური განცხადება, რადგანაც ყველა განცხადება, რომელიც შემოსული იყო 2014 წლის პირველ დეკემბრამდე და აკმაყოფილებდა კრიტერიუმს, კომისიამ განიხილა. ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც ვრცელდება. 225 განცხადება განიხილა კომისიამ, 200 არ დაკმაყოფილდა კრიტერიუმების გამო და ვნახოთ, პრეზიდენტი რა ნაბიჯს გადადგამს.

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016