reportiori.ge - „ლუკოილმა“ და „სოკარმა“ საწვავის ფასები 5-7 თეთრით შეამცირეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 18:46
პრეს-დაიჯესტი
„ლუკოილმა“ და „სოკარმა“ საწვავის ფასები 5-7 თეთრით შეამცირეს
ავტორი:
26 დეკემბერი, 2014. 18:24

 

 

ყველაფერი 16 დეკემბერს დაიწყო... „ალიაში" გამოვაქვეყნეთ პუბლიკაცია საწვავის ქართულ ფასებთან დაკავშირებით, სადაც „მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების" ხელმძღვანელმა ბექა კემულარიამ კონკურანციის სააგენტოს მისამართით გამოთქვა პროტესტი (ამის გამეორება ხშირად გვიწევს, მაგრამ აუცილებელია). მისი გაანგარიშებით, დღეს ჩვენს ქვეყანაში 1 ლიტრი საწვავის შემოტანა, აქციზის გადასახადიანად, სატრანსპორტო, სარეალიზაციო, ადმინისტრაციული და ზედნადები ხარჯების ჩათვლით, ჯდება 1 ლარი და 10 თეთრი. ჩვენი პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ, ზუსტად ერთ დღეში, 17 დეკემბერს ამ თემას მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. მან საგანგებოდ დაავალა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობას, 10 დღეში საზოგადოებას წარმოუდგინოს საწვავის ბაზრის კვლევის ანგარიში და გაგვარკვიოს, რატომ არ იაფდება ნავთობი საქართველოში მაშინ, როცა მსოფლიო ბაზარზე 120 დოლარიდან 60 დოლარამდე ჩამოვიდა. იმავე დღეს დაგვიკავშირდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ბარაბაძე და გვითხრა, რომ ის 10 დღეში წარმოადგენს ანგარიშს, სადაც გასაგებად იქნება ახსნილი, გვაქვს თუ არა საქმე მონოპოლიასთან და შეთანხმებულ ფასებთან. ჩვენ არ გვქონია ილუზია, რომ პრემიერ-მინისტრის გამოსვლას საწვავზე ფასების ვარდნა მოჰყვებოდა, მაგრამ ვიფიქრეთ, თვალშისაცემი შემცირებები იქნებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. 17 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე არაფერი შეცვლილა. ერთადერთი კომპანია აღმოჩნდა „რომპეტროლი", რომელმაც 18 დეკემბერს „ევრო-98" 2 თეთრით შეამცირა, ხოლო „ევროპრემიუმი" და „ევრორეგულარი" - 5 თეთრით. სპეციალისტების თქმით, ამ კომპანიას ისედაც მაღალი ფასები ჰქონდა დაწესებული და ამის შემდეგ სხვებს გაუთანაბრა.


24 დეკემბერს „ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ თავის აქტივისტ მძღოლებთან ერთად გამაფრთხილებელი აქცია გამართა. მათ დაიწყეს სვლა რესპუბლიკის მოედნიდან და 1-წუთიანი „სიგნალებით" დაამთავრეს მთავრობის ადმინისტრაციასთან. როგორც ჩანს, ჩვენმა პროტესტმა, პრემიერ ღარიბაშვილის დაინტერესებამ და ბაღათურიას შეძახილმა, ანუ „დაპიპინებამ", ცოტაოდენი შედეგი გამოიღო, „ლუკოილმა" და „სოკარმა" საწვავზე ფასები 5-7 თეთრით დასწიეს.


როგორც კონკურენციის სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა ნინო წივწივაძემ „ალიას" განუცხადა, ანგარიშის წარმოდგენა 26 დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ ვინაიდან ამ დღეს პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციაა დაგეგმილი, 29 დეკემბრისთვის, ორშაბათისთვის გადაიდო. რაც შეეხება ანგარიშის დეტალებს, სააგენტოს ხელმძღვანელობა ამაზე წინასწარ კომენტარს არ აკეთებს. შესაძლოა, ეს ისეთი „ბომბია", მაინცდამაინც ორშაბათს უნდა გასკდეს.


ჯონდი ბაღათურიას თქმით, ნავთობკომპანიებს უნდათ თუ არა, მაინც მოუწევთ ფასების დაწევა. ყოველ შემთხვევაში, ის არ აპირებს ბრძოლის შეწყვეტას:

 

- ჯონდი, 25 დეკემბერს „ლუკოილმა" და „სოკარმა" 5-7 თეთრით შეამცირეს ფასები, ვითომ აქციების შეეშინდათ? როგორ ფიქრობ, ეს გვაძლევს რაიმე იმედს, რომ საწვავი 1,50 ლარი გახდება?


- ეს აუცილებლად მოხდება, მე ძალიან ბევრ ხალხს გამოვიყვან ქუჩაში. მთელი გეგმა მაქვს შემუშავებული.


- რა გეგმაა?

 

- ათასნაირი რაღაც მაქვს მოფიქრებული, შეიძლება, მანქანები საერთოდ გავაჩეროთ რუსთაველზე.


- რას ელოდები?

 

- მე 29 დეკემბერს მექნება შემაჯამებელი ბრიფინგი, ამათ მივცემ რამდენიმე დღეს, თუ საწვავის ფასი არ მიუახლოვდება ლარნახევარს, შემდეგ დავნიშნავთ დღეს, როცა უნდა დავიწყოთ აქტიური აქციები. 15 იანვრამდე ქართველებს ინდაურის ბარკალს ვერ გააგდებინებ ხელიდან, მანამდე აზრი არ აქვს, შემდეგ კი დავიწყებთ.

 

- კიდევ ერთი სიახლეა, ორშაბათს კონკურენციის სააგენტო წარმოადგენს ანგარიშს და გვეტყვის, არის თუ არა საქართველოში მონოპოლია საწვავზე.

 

- ძალიან კარგი, მეც ამის შემდეგ გავმართავ ბრიფინგს. მაქვს იმედი, რომ ცოტ-ცოტა ჩვენკენ წამოვლენ. იცი, რა არის? სულ 5 მონოპოლისტური კომპანიაა და აქედან 2 მთავრობისაა - „ლუკოილი" და „რომპეტროლი". „სოკარი" აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიაა და ჩათვალე, რომ ესეც სამთავრობოა. მაგალითად, შუა აზიიდან საწვავი რომ შემოიტანო, „სოკარის" ხელმძღვანელობისგან უნდა აიღო კვოტა. ერთი ვიცი, ამ საქმეში ჩაება და მაგრად „გაჭედეს", ლამის ფინანსურად დაღუპეს, წადი, ძმაო, კვოტა აიღე, ისე ერთ ცისტერნასაც ვერ შემოიტანო. ეს არ არის მონოპოლია? ჩვენ მეტი გზა არ გვაქვს, უნდა ვიბრძოლოთ.


- „ლუკოილი" და „რომპეტროლი" მთავრობისააო, ამბობ. კონკრეტულად ვისი?


- ოფიციალურად სხვები არიან მფლობელები, მაგრამ მათ უკან ხელისუფლების კვალი იკვეთება. ვაზუსტებ და ინფორმაციას მოგაწვდი.


26 დეკემბერს მთავრობის კანცელარიასთან ამავე თემაზე აქციას მართავენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კერძოდ: „მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოება" და მოძრაობა „პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს". ვნახოთ, რა შედეგები ექნება კიდევ ერთ აქციას.

 

25 დეკემბრის მონაცემებით, საწვავზე ფასები ასე გამოიყურება:


„ვისოლი"

(ფასები უცვლელია)


სუპერი - 2,11

პრემიუმი - 2,06

ევრორეგულარი - 1,91

რეგულარი - 1,88


 

„გალფი"

(ფასები უცვლელია)


სუპერი - 00

პრემიუმი - 2,09

ევრორეგულარი - 1,99

რეგულარი - 1,89


 

„რომპეტროლი"

(ფასები უცვლელია)



ევრო-98 - 2,17

ევროპრემიუმი - 2,03

ევრორეგულარი - 1,87



„ლუკოილი"



ევროსუპერი - 2,04 (-5)

პრემიუმავანგარდი - 1,94 (-7)

ევროპრემიუმი - 00

ევრორეგულარი - 1,79 (-5)



„სოკარი"


სუპერი - 2,05 (-5)

ნანოპრემიუმი - 1,94 (-7)

ევრორეგულარი - 1,86 (-5)

ნანორეგულარი - 1,83/(-5)

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016