reportiori.ge - რა იცვლება პატიმრებისა და მათი ოჯახებისთვის?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:40
პრეს-დაიჯესტი
რა იცვლება პატიმრებისა და მათი ოჯახებისთვის?
ავტორი:
26 დეკემბერი, 2014. 18:59

 

 

სასჯელაღსრულების სამინისტროში სტრუქტურული რეორგანიზაცია იწყება, რომელიც პრემიერმა ღარიბაშვილმა მოიწონა.


კონკრეტულად რა სიახლეებს მოიცავს რეფორმა? რა შეიცვლება სტრუქტურულად პენიტენციურ სისტემაში? რა შეიცვლება სისტემის თანამშრომლებისთვის რეფორმის შემდეგ? რას შეცვლის რეფორმა მსჯავრდადებულებისთვის და მათი ოჯახებისთვის?


„ალიას" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე კახა კახიშვილი ესაუბრება:


- სტრუქტურული რეორგანიზაცია რეფორმის არსობრივი ნაწილია. რეფორმა უკავშირდება მთლიანად სამინისტროს და მასში შემავალ დეპარტამენტებს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, როგორც თანამშრომლების სოციალური და სასწავლო მდგომარეობის ამაღლების სტრატეგიის დანერგვას, ამავდროულად საპატიმრო დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებას. მინისტრმა მთავრობას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს 39 კანონში ცვლილების შეტანას. ასევე, დაიწერა ერთი ახალი კანონი, ანუ საერთო ჯამში 40 კანონპროექტია ცალ-ცალკე განსახილველი. მთავრობამ მოიწონა ეს კანონპროექტი და გადაიგზავნა პარლამენტში განსახილველად. დღეს სამინისტროში არის 5 დამოუკიდებელი ბიუჯეტი. სამინისტროს, სად-ს, პრობაციას, სამედიცინო დეპარტამენტსა და სასწავლო ცენტრს ავტონომიური ბიუჯეტი აქვთ. აი, ასეთ დაბალ დონეზეა მართვის მენეჯმენტი.


2008 წელს, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადმოვიდა პროკურატურა, წარმოიქმნა ინტერესთა კონფლიქტი, ერთი და იმავე უწყების ხელმძღვანელი არ შეიძლება ხელმძღვანელობდეს როგორც დევნას, ისე სასჯელის აღსრულებას. ამის საფუძველზე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და სამედიცინო დეპარტამენტი გამოეყო იუსტიციის სამინისტროს და ამ სამი დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. ეს იყო დეპარტამენტების დე-იურე გადაადგილება და ამ გადაადგილებას არ მოჰყოლია არანაირი სტრუქტურული ცვლილება და საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც დაარეგულირებდა დეპარტამენტების მართვას. რეალურად, სამინისტრო იღებს პასუხისმგებლობას ამ დეპარტამენტების მუშაობაზე, თუმცა, ამავდროულად, სამინისტროს ამ დეპარტამენტების მართვის ბერკეტები არ გააჩნია. სად-ი, როგორც საქვეუწყებო დაწესებულება, იქნება ლიკვიდირებული და მის ბაზაზე შეიქმნება სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტი, რომელიც შევა სამინისტროს დაქვემდებარებაში. ანუ მართვის ბერკეტები მთლიანად გადავა მინისტრის ხელში.


დღეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ხელმძღვანელობს 1960 წელს გამოცემული უსაფრთხოების შესახებ რეგულაციებით. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ეფექტური უსაფრთხოების თვალსაზრისით. პრობლემა იყო ისიც, რომ ვიდეომეთვალყურეობის სისტემა არ რეგულირდებოდა ნორმატიული აქტით. ვიდეოკამერები იყო ჩართული და ვინ რას უყურებდა, რომელი სქესის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო ეკრანს მიღმა, რამდენი ხანი უნდა ყოფილიყო ჩანაწერი შენახული, სად უნდა შენახულიყო ჩანაწერი და ა.შ. ეს ყველაფერი ყოველგვარი რეგულაციების გარეშე იყო. ამასაც შეეხო მინისტრი და ახლებურად დარეგულირდა.


შემდეგი არის საკადრო პრობლემა. ადამიანები პირდაპირ ქუჩიდან მოდიოდნენ, ინიშნებოდნენ სამსახურში კონკურსით თუ „ჩაწყობით", ფაქტობრივად, ქუჩიდან ხვდებოდნენ დახურულ სივრცეში და მათ უწევდათ მუშაობა ადამიანებთან, რომლებიც დაწესებულებებში უამრავი პრობლემით არიან და მათთან მუშაობას სჭირდება სპეციალური ცოდნა. რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია, რომ, თუ ადამიანი წარმატებით გაივლის კონკურსს, ჩაირიცხება როგორც კურსანტი და სანამ შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას, მივლინებული იქნება სასჯელაღსრულების და პრობაციის სასწავლო ცენტრში და გაივლის სპეციალურ სწავლებას.


- ეს ხომ ასე იყო ისედაც ბოლო დროს?


- თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი, სანამ ადამიანი დაწესებულებაში შევიდოდა, არ არსებობდა. სწავლების მერე კურსანტი მიიღებს სპეციალურ სერტიფიკატს, რომლის კატეგორიაც განსაზღვრავს მის ხელფასს. იქნება სამი დონე და ხელფასიც იქნება განსხვავებული.


- თუ ექნებათ მათ მუშაობის პერიოდში გადამზადების ხელახლა გავლისა და დაწინაურების საშუალება?


- რა თქმა უნდა, ექნებათ ამის საშუალება, რომ სხვა პოზიცა დაიკავონ. ეს სტიმულს გაუზრდით, რომ იმუშაონ საკუთარ თავზე. კადრების მოზიდვა თავიდან ბოლომდე ახლებურად მოხდება, გამოცხადდება კონკურსები. ვინმეს ახლობელმა რომ დარეკოს, სამსახურში მიიღეო, ეს შეუძლებელი იქნება, რადგან მას მოუწევს მთელი რიგი სწავლებებისა და კონკურსის გავლა. კონკურსი შეეხება სამინისტროს ყველა თანამშრომელს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეფორმის დასრულების შემდეგ ვინმე თანამდებობას დაემშვიდობება. მათი ინტერესიც კი იქნება, გაიაროს კონკურსი, რადგან ეს კონკურსი მათ ხელფასზე აისახება პირდაპირ. ასევე, ვინაიდან ეს სისტემა წლების განმავლობაში ასოცირდებოდა ძალადობასთან, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია თავიდან ბოლომდე, სისტემის რებრენდინგით დაწყებული, თანამშრომლების სპეცფორმებით, დასრულებული სოციალური გარანტიებით, რომ მოვიზიდოთ ახალგაზრდა პროფესიონალი კადრები, რადგან იმ 9-წლიანი მმართველობის მერე მაინცდამაინც დიდი სურვილი ახალგაზრდა ადამიანებს, დაასაქმებდნენ სისტემაში, არ აქვთ. შეიცვლება სისტემის ლოგო, აბრევიატურა, იმიჯი და მიდგომები.


ასევე, ახალი საკითხია მსჯავრდებულთა გადანაწილების საკითხი. ევროკავშირთან კონსულტაციის გზით შემუშავდა სპეციალური მიდგომა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის სახით. დღეს დანაშაულები მძიმე, ნაკლებად მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებად ნაწილდება, თუმცა შესაძლოა, ადამიანმა ჩაიდინოს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და ამავდროულად არ იყოს კრიმინალური სუბკულტურის მატარებელი, ან ჩაიდინოს ნაკლებად მძიმე დანაშაული და იყოს კრიმინალური სუბკულტურის მატარებელი. კრიმინალური სუბკულტურის მატარებელი ადამიანის გავლენა უნდა მოშორდეს იმ მსჯავრდადებულებს, რომლებსაც სურთ რესოციალიზაციის პროექტებში ჩართვა. ამისთვის მოხდება მსჯავრდადებულების სწორად გადანაწილება. სისტემა მსჯავრდადებულებს შესთავაზებს ორ გზას, პირველი იქნება მაღალი რისკის დაწესებულება შესაბამისი შეზღუდვებით და მეორე - ღია და ნახევრად ღია დაწესებულება. ასევე, დაგეგმილია 18-დან 21 წლამდე მსჯავრდადებულებისთვის სპეციალური დაწესებულების აშენება, რომ მათ მიეცეთ ის პერიოდი, როცა ისინი აღწევენ სრულწლოვანებას, იზოლირებულად მოიხადონ სასჯელი, რომ ნაკლები გავლენა მოახდინონ მათზე კრიმინალური სუბკულტურის მქონე მსჯავრდადებულებმა. სოციალური მუშაკები დაწესებულებაში მუშაობდნენ და ევალებოდათ რესოციალიზაციის გატარება პატიმრებთან, თუმცა ისინი იყვნენ ოფიცრები, ამიტომ პატიმრებს მათ მიმართ დიდი ნდობა არ ჰქონდათ, რადგან მათ ურთიერთობა უწევდათ სამხრეების ქვეშ მყოფ ადამიანთან. მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოციალური მუშაკები იყვნენ სამოქალაქო პირები, რომ ნაკლები პასუხისმგებლობა ჰქონდეთ სამხრეების გამო სისტემასთან და მეტი აქცენტი გააკეთონ მსჯავრდადებულების რესოციალიზაციაზე. ასევე იგეგმება, რომ სოციალური მუშაკები დანიშნოს მინისტრმა და არა დეპარტამენტმა.


2015 წლიდან დაგეგმილია პრობაციის ფასიან სერვისებზე ნაწილობრივ უარის თქმა. ეს იყო საშუალება, რომ მსჯავრდადებულთა ოჯახებიდან ამოექაჩათ თანხები - ფასიანი ვიდეოპაემნები და ა.შ. 2015 წელს რეფორმის პარალელურად ცვლილებები გატარდება პრობაციის სამსახურებშიც. ნაწილობრივ გაუქმდება, თუმცა, 2016 წლიდან უნდა გაუქმდეს ფასიანი სერვისები სრულებით.

 

- თუ ითვალისწინებს რეფორმა საზოგადოებრივ მონიტორინგს? ამას არასამთავრობოები დიდი ხანია ითხოვენ.

 

- კანონში სპეციალური ჩანაწერია, რომელიც ითვალისწინებს მინისტრთან მუდმივმოქმედი საკონსულტაციო საბჭოს შექმნას, სადაც შევლენ არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც იმუშავებენ ყველა იმ საკითხზე, რომელიც სისტემას უკავშირდება. გეგმები არის მასშტაბური, იმედია, პარლამენტი და საზოგადოება მხარს დაუჭერს ამ რეფორმას. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ეს კანონებიც კი არ არის საკმარისი, რომ დავასრულოთ სისტემის ევროპეიზაცია, რადგან ყველაფერი დაკავშირებულია ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, რომლებიც ძალიან ძვირია.

 

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „ალია"

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016