რუსეთ - საქართველოს, უკრაინასა და საერთოდ კავკასიაში შექმნილი პრობლემების მოგვარების გასაღები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობის საერთაშორისო თანამშრომლობაშია.
ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემაში „მშვოდობით იარაღო" განაცხადა, რომ საქარველოში იდეების დეფიციტიაო, სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარი საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარესთან ბატონ ჰამლეტ გეგიასთან, რომელმაც ბოლოდროინდელი მოვლენებიც განიხილა და ასევე გამოთქვა თავისი აზრი რუსეთ - საქართველოს პრობლემების მოგვარების საკითხებზე ისტორიულად ქართველებს არასოდეს არ აკლდათ იდეები, ალბათ ბიძინა ივანიშვილი გულისხმობდა იმ პრაგმატულ, ეკონომიკურ და სოციალურ პროგრამებს, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას მოკლე ვადებში მოუტანოს კონკრეტული შედეგი. დღეს მსოფლიო ცხოვრობს ვირტუალურ და რეალურ სამყაროში, მათი ჰიბრიდი არის ერთ-ერთი უდიდესი შემოსავლის წყარო. საუბარი არის ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამულ უზრუნველყოფაზე და სხვა თანამედროვე კომუნიკაციების განვითარებაზე. ძირითადი ბიზნესი, როგორც ჩემთვის ცნობილია, კომუნიკაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების ბიზნესმოგებაზე მოდის, რა თქმა უნდა ვგულისხმობ კანონიერ ბიზნესს. ნებისმიერ იდეას თუ შესაბამისი განხორციელების პროექტი-გეგმა, ფინანსური უზრუნველყოფა, მატერიალური და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა არ ახლავს და არ არის განსაზღვრული სამომავლო შედეგები - ამონაგები არსებული რეალური ბაზრის პირობების გათვალისწინებით მართლაც იდეა- ოცნებაა, რომელიც იდეადვე მოკვდება და არანაირი მატერიალური ფასეულობა არ ექნება. რაც შეეხება ტექნოლოგიურ ბიზნეს - პროექტებს ჩემთვის ცნობილია, რომ საქართველოში არსებობს საკმაოდ მომგებიანი ბიზნეს პროექტები, მაგრამ მასშტაბური ბიზნეს პროექტების განხორციელების შესაძლებლობა შეზღუდულია ( საშინაო და საგარეო მწვავე პრობლემებიდან გამომდინარე, ვგულისხმობ დიდი ბიზნესის უსაფრთხოებას). როგორც ჩემთვის ცნობილია ივანიშვილის ინიციატივითა და პასუხისმგებლობით შექმნილია მრავალმილიარდიანი საინვესტიციო ფონდი, რომელიც მზადაა სერიოზული მომგებიანი ბიზნეს პროექტების დასაფინანსებლად. რა თქმა უნდა დღეს საქართველოში ძალიან ძნელი იქნება ისეთი პროექტების მომზადება რომელსაც შეუძლია მინიმალური რისკის გათვალისწინებით საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და სერიოზული თანხები აითვისოს. ფაქტობრივად ასე ჩანს, რადგანაც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ იდეები არ არის ჩვენს საზოგადოებაში. მცირე ბიზნესთან დაკავშირებით ჩვენს მოსახლეობას აქვს საინტერესო იდეები, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან სერიოზულ ხელშეწყობას ვერ ვხედავ. საქართველოში ბიუჯეტი ძირითადად მსხვილი ბიზნესის შემოსავლით ივსება, რაც ერთი შეხედვით დადებითია, სინამდვილეში კი საქართველოს მდგომარეობის გათვალისწინებით მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. რადგანაც თუ მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ბიზნესის წარმოების ადამიანური და ფინანსური რესურსი არ გააჩნია, არ არის მათი ბიზნეს საქმიანობა დაზღვეული, შესაბამისად მთავრობა საკმარისად არ ზრუნავს მცირე და საშუალო ბიზნესს გარემოს გაუმჯობესებაზე და ამას ემატება უმუშევრობა, თვითდასაქმების სურვილი მოსახლეობაში ძალზე დიდია, მაგრამ არც ფინანსური მდგომარეობა, სამწუხაროდ არც მათი ბიზნეს გამოცდილება და კვალიფიკაცია ხელს არ უწყობს ბიზნეს სექტორის განვითარებას. (რაშიც კერძო ბანკებსაც მიუძღვით სერიოზული წვლილი). მცირე და საშუალო ბიზნეს პროექტების წარმატებულად განხორციელება მოსახლეობის მხრიდან წინაპირობაა საშუალო ფენის შექმნის, რომელიც გარანტიაა, ხერხემალია სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების, ქვეყნის სტაბილურობის, დემოკრტიული საზოგადოების განვითარების და ძლიერი მდიდარი ქართული სახელმწიფიოს ჩამოყალიბების.. ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ნაწილი არ შეივსება მცირე და საშუალო ბიზნესის გადასახადებიდან, საქართველოში ეკონომიკა ვერ განვითარდება. თუ ქვეყანაში არ შეიქმნება მყარი საშუალო ფენა და არ განვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი ჩვენი სახელმწიფოებრიობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება იმ უბრალო მიზეზების გამო რომ დემოკრატიული მართველობის, სამოქალაქო საზოგადოების კულტურის და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების საყრდენი იყო და არის საშუალო და მცირე ბიზნესი. მხოლოდ საშუალო და მცირე ბიზნესი არის ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენებული და ეროვნული ღირსების მატარებელი, რადგან მასში მონაწილეობს მთელი სამოქალაქო სპექტრი, ყოველივე ეს იმას არ ნიშნავს რომ თითოეული მოქალაქე გახდეს ბიზნესმენი, რა თქმა უნდა სასურველია რომ ადამიანებს ჰქონდეთ მიზანი ქვეყნის ეკონომიკური აღმშენებლობის საქმეში, ეს შეიძლება იყოს საჯარო სამსახურის თუ სხვაგან დასაქმებული ადამიანი და კეთილსინდისიერად ასრულებდეს კანონითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე თავის ვალდებულებას, რა თქმა უნდა დაინტერესებული უნდა იყოს ფინანსურად რომ მისი პატიოსნება, კომპეტენტურობა, პროფესიონალიზმი, მოქალაქეობრივი და სახელმწიფო აზროვნება, შესაბამისად იქნება შეფასებული არა მარტო დამქირავებლის არამედ და საზოგადოების მხრიდანაც. რეალურად საქართველოში არსებობენ მულტიმილიონრები, მილიონრები, საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც ჩვენი სახელმწიფო და საგადასახადო პოლიტიკა ყოფილი მთავრობის კანონმდებლობიდან გამომდინარე - თუ ფიზიკური პირის (ინდმეწარმის) შემოსავლებმა გადააჭარბა წელიწადში 100 ათას ლარს იბეგრება საშემოსავლო 20 და დ.ღ.გ. 18 %. ჯამში 38 %-ით. ფაქტობრივად სახეზე გვაქვს ფაქტი - სახელმწიფო ებრძვის საშუალო ფენის შექმნას. ასევე ზემოთხსენებული მულტიმილიონრები და მილიონრები რომ არფერი ვთქვათ მილიარდერებზე იბეგრებიან იგივე რეჟიმით. რა თქმა უნდა ეს ხელს უშლის საშუალო ფენის შექმნას, მათ სრულფასოვან ფუნქციონირებას, მოქალაქეების რეალურ დასაქმებას და ასევე მცირე ბიზნესს. ვინ განსაზღვრა, რომ მაინც და მაინც 100 ათასი ლარი თუ გაქვს შემოსავალი უნდა დაიბეგრო 38%-ით ან რატომ, საიდან მოიტანეს მსგავსი ნორმები. რატომ არ არსებობს საგადასახადო სისტემაში პროგრესული დაბეგვრის რეჟიმი, ვის ინტერესებში შედის ყოველივე ეს? თუ ამ კითხვებს საზოგადოებამ და მთავრობამ არ გასცა სწორი პასუხი, არ შეეცადა მდგომარეობის შეცვლას საქართველოში იქნებიან მულტიმილიონრები, მილიონრები და მათ დაპირისპირებული მოსახლეობის უმრალესობა , რომელსაც კისერზე „დამოკლეს მახვილივით" სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკა, ბანკების უსამართლო იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების გადახდის ვალდებულება ადევს. მაშინ როდესაც მოსახლეობას რეალური რესურსი არ გააჩნია ამ ვალდებულებების შესრულების ( საქართველოში შექმნილი რთული ფინანსური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე). როგორ უნდა მოიქცეს მთავრობა და ჩვენი საზოგადოება? როგორ იქცევიან ბანკები და მულტიმილიონრები ჩვენთვის კარგადაა ცნობილი. ამას ემატება ის, რომ სამართლიანობის აღდგენის ვალდებულებები მთავრობის მხრიდან სათანადოდ არ შესრულდა და 100000 -ობით გადაგდებული, უკანონოდ დაყაჩაღებული ბიზნესმენების ფინანსური პრობლემები. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე რა თქმა უნდა დიდი ბიზნესის პროექტების დონის იდეების ნაკლებობა არის , იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ საზოგადოებასაც კი არა აქვს გარანტია ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდის. როგორც ჩემთვის ცნობილია საქართველოდან გატანილი იქნა მილიარდობით თანხები, რომელიც საქართველოს ეკონომიკის განვითრებაზე აღარ მუშაობს.
დიდი ხანია საქართველოში კადრების პრობლემა დგას და ეს დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მთავრობისთვის „ აქილევსის ქუსლი" იყო, დღევანდელი ხელისუფლებისთვის კი ეს პრობლემა გადაულახავ ბარიერად იქცა, შეგახსენებთ პრემიერის განცხადებასაც „სანთლით ვეძებ კადრებსო", როგორ ფიქრობთ ქვეყანას არ ყავს თანამედროვე სტანდარტების და შესაძლებლობების კადრები?
ჩემი თაობის ადამიანებს ძალიან კარგად ახსოვთ ის ფორმულები, რომლითაც ხელმძღვანელობდა კომუნისტური პარტია და მათი ბელადები. მაშინაც კი როცა ათეულობით მილიონი ადამიანი შიმშილით იღუპებოდა მათი ბელადების მოწოდება იყო არა ის რომ ხალხი შიმშილისგან ეხსნათ, არამედ „კადრები წყვეტენ ყველაფერს" და საკადრო პოლიტიკა კომუნისტური პარტიის დროს უმაღლეს რანგში იყო, რა თქმა უნდა კომუნისტური იდეოლოგიის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებას და ხელისუფლებას ავიწყდებათ, რომ კადრების გარეშე (კომპეტენტური, განათლებული, მოქალაქეობრივი ღირსებით შემკობილი, ნდობის მაღალი ხარისხის მქონე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე) შუძლებელია ეკონომიკის და ამ ურთულეს პერიოდში ქვეყნის სწორ გზაზე დაყენება, ტერიტორიული მთლიანობის წინაპირობის შექმნა, ქართული ეკონომიკური სასწაულის მოხდენა. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ საქართველოს რეალურად გააჩნია ყველა რესურსი (გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ბუნებრივი სიმდიდრე და ფაუნა, საერთაშორისო დონის კულტურული მემკვიდრეობა), რომ იყოს ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა და ბუნებრივია ისმის კითხვა რატომ ვერ შევქმენით ძლიერი, მდიდარი და ერთიანი საქართველო? უპირველეს ყოვლისა ეს არ უნდა დავაბრალოთ ჩვენს გარემო პირობებს, მიზეზი უნდა ვეძებოთ საკუთარ თავში. კადრები წყვეტენ ყველაფერს განსაკუთრებული დეფიციტი არის პოლიტიკაში, პოლიტიკოსების მიმართ მოსახლეობის უნდობლობის , მობეზრებისა და ერგვაროვნობის გამო. სახელმწიფო მენეჯმენტში ჩემი აზრით სერიოზული ხარვეზებია კადრებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს ვერც პელე, ვერც მესხი და ვერც მარადონა ვერაფერს ვერ გააწყობენ. ფეხბურთი გუნდურ პრინციპებზეა დაფუძნებული, რომ არაფერი ვთქვათ მთავრობის გუნდურობასა და გამარჯვებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე, რომელსაც რეალურად უნდა გაანდეს ხალხის მიერ მხარდაჭერილი მოკლე და გრძელვადიანი პროგრამა-ეროვნული იდეოლოგია, რომელიც ითვალისწინებს არა მარტო არსებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, არამედ ორიენტირებულია სხვადასახვა სცენარების განვითარების შემთხვევაში ეფექტური მოქმედებისათვის და არა იმ გაგებით რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. მიზანი უნდა იყოს თვითონ ერის ნებელობიდან გამომდინარე და მისი საუკუნოვანი ოცნების განხორციელებაზე ორიენტირებული. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას არსებობს ორი გამოსავალი: პირველი ის, რომ კარგად შევისწავლოთ ახალგაზრდა და არა მარტო ახალგაზრდა თავისი საკადრო მახასიათებლებით (მენეჯმენტისა და პიროვნული ღირსების გათვალისწინებით) რა თქმა უნდა არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ გამომდინარე იმ საზოგადოებრივი მოთხოვნილებიდან რაც დღეს საჯარო პირებს უნდა ახასიათებდეს. საქართველოში მსგავსი კადრები არის, მაგრამ ნებით თუ უნებლიედ არც ამჩნევენ და სხვათაშორის ამ პიროვნებებასაც დიდი სურვილი არა აქვთ სახელმწიფო და პოლიტიკურ მენეჯმენტში ჩართვის. სამწუხაროდ პოლიტიკა და სახელმწიფო მენეჯმენტი ჩვენი უახლოესი ისტორიიდან გამომდინარე რბილად რომ ვთქვათ კარგ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს პატიოსან და კომპეტენტურ ადამიანებზე. მთლიანობაში მეგობრობა, ნათესაური კავშირები ე.წ. ნეპოტიზმი სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ ქართველებს სამწუხაროდ გვახასიათებს. მაგრამ ეს პრობლემა მარტო ქართულ ფენომენს არა აქვს , ეს სხვა ერებშიც არის და აქედან გამომდინარე თვითონ კანონმდებლობა და კადრების შერჩევის პრინციპი უნდა ითვალისწინებდეს ადამიანის კომპეტენტურობას, პროფესიონალიზმს და პატიოსნებას. ასევე მათი მომზადებისა და გადამზადების მოკლე და გრძელვადიანი სისტემის შექმნა, მომავალზე ორიენტირებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მენეჯმენტის პრაგმატული მოთხოვნილებიდან გამომდინარე. მეორეს მხრივ თუ ჩვენმა საზოგადოებამ ვერ შეძლო მაშინ უნდა დავიქირაოთ უცხოელი მენეჯერები, როგორც ეს ისტორიულად IX საუკუნის კიევის რუსეთში მოხდა, ბოიარები ვერ შეთანხმდნენ და უცხოეთიდან მოიწვიეს ნორვეგიელი 3 ძმა და უთხრეს მოდით და გვმართეთო. ორი არჩევანი გვაქვს ან ჩვენ უნდა ვმართოთ ჩვენი ქვეყანა ან სხვებმა უნდა გვმართონ და ამაში შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა მიიღონ. (ეს ხუმრობით რა თქმა უნდა).
ჩვენ ისტორიულად მონათმფლობელური და ფეოდალური წყობილებიდან პირდაპირ ჩავხტით კაპიტალიზმში , სადაც ქართველმა ერმა ვერ იპოვა საკუთარი თავი გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე და ქონების უდიდესი ნაწილი მოგვიგეს უცხოელებმა, ალბათ ამანაც განაპირობა ის რევოლუციური ცვლილებები რაც ბოლშევიკებმა და მენშევიკებმა დამართეს ქვეყანას. შემდეგ კომუნისტური წყობიდან გადმოვხტით თავისუფალ საქართველოში, მაგრამ წარსულით საკმაოდ დატვირთული და დამძიმებული, ვგულისხმობ კომუნისტური რეჟიმის თავისებურებებს არასახელმწიფოებრივ, არამოქალაქეობრივი, წამგლეჯვითი და ტოტალური მექრთამეობით. თავიდან დავიწყეთ საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და სამწუხაროდ ინერციით ავღმოვჩნდით ჩიხში. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეჩვეული იყო კორუფციას. საშუალო მახინაციებითაც კი შესაძლებელი იყო დიდი ფულის შოვნა. გასული საუკუნის 90-იან წლებში როდესაც ქართველი ერი აღმოჩნდა პირისპირ გაჭირვებასთან, პროკომუნისტურად განწყობილ რუსეთთან მოუმზადებელი შევხდით ამ მდგომარეობას, მთლიანად ჩვენი საზოგადოება მოუმზადებელი შეხვდა ამ ყველაფერს. საკუთარი ეკონომიკურ პირობების დაძლევა დაიწყეს ურთიერთგადაგდებით, ურთიერთმოტყუების ხარჯზე. ფაქტიურად ძალიან მცირე ჯგუფს ნაყოფიერი ნიადაგი შეექმნათ უსამართლო და უკანონო ე.წ. პრივატიზაციის პერიოდში დიდი ქონების დაგროვების. რამაც მთლიანობაში განაპირობა საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური კრახი. თუმცა ამ მდგომარეობით ბევრმა ისარგებლა, უზომოდ გამდიდრდა და დღესაც აგრძელებს ბიზნესში წარმატებულ მოღვაწეობას. ეს რაც შეეხება უახლოესი პერიოდის მოკლე მიმოხილვას. ამ პირობებში გაზრდილი ადამიანების, განსაკუთრებით თანამდებობაზე მყოფი და მახინაციებში გაწაფული ადამიანების მიმართ უნდობლობის სინდრომი მაშინაც გააჩნდათ. რა თქმა უნდა პატიოსნება, ადამიანის ღირსება და ერის მიმართ ერთგულება ჩვეულებრივი მახასიათებელია ნებისმიერი ეროვნულად მოაზროვნე ადამიანისთვის, რომელიც ფიქრობს სამშობლოსა და მომავალი თაობის ინტერესებზე, ასეთები მაშინაც იყვნენ და ახლაც არიან. ზემოთხსენებულიდან გამომდინარაე უნდა მოსულიყო ახალგაზრდა პოლიტიკოსთა გუნდი, ეს ისტორიული აუცილებლობა იყო და ამან განაპირობა ახალგაზრდა პოლიტიკოსთა გუნდის აღზევება, რომლებმაც 9 წლის განმავლობაში მოსახლეობას დაანახვა გუნდმა ის, რომ ახალგაზრდა მთავრობა ხალხზე კი არა საკუთარ კეთილდღეობაზე, მდგომარეობაზე და იმ იდეოლოგიის განვითარებაზე ზრუნავდა, რომელიც მათ ხელს შეუწყობდა თანამდებობისა და ქონების შენარჩუნებაში. თუმცა ყოფილმა მთავრობამ მოახერხა და მთლიანად ჩამოიშორა მისი წინა თაობა გარდა საკუთარი მშობლებისა და ქონებისა, შექმნა ხელოვნურად ახალი ახალგაზრდა ელიტა, როგორც პოლიტიკაში, ასევე სახელმწიფო მართველობაში და შოუბიზნესში, კულტურაშიც. საბოლოო ჯამში მოსახლეობამ მიიღო ის შედეგი, რაც მსგავსს რეჟიმებს აუცილებლად დაუდგებოდა. ფაქტიურად ყოფილი ახალგაზრდა მთავრობის ჩანაცვლება ახალი მთავრობით მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი და დემოკრატიული ნება იყო. ყოფილმა მთავრობამ მოასწრო და გარკვეულწილად მოამზადა კიდევაც ახალგაზრდა კადრები სამომავლო მენეჯმენტისათვის. უზრუნველყო მათი პარტიულობა და ხელი შეუწყო მათ წარმოჩენასა და უცხოეთში სწავლებას, ასევე დასაქმებას. დღეს რაც გვაქვს სახეზე. არის ნაწილი პარტიული კადრების, ყოფილი მთავრობიდან გამომდინარე. ამ ადამინებისთვის სამწუხაროდ პარტიულობა უფრო მნიშნელოვანია ვიდრე მათი კომპეტენცია, პროფესიონალიზმი და საზოგადოების მიმართ ერთგულება. თუმცა უნდა ვთქვათ რომ მათ ჰყავთ კადრები, მათ რიგებშიც არიან წესიერი და პატიოსანი პიროვნებები, რომლებსაც მართლაც გულწრფელად სურთ ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობა მაგრამ, სამწუხაროდ მათ მიერ წარსულში შექმნილი იმიჯიდან გამომდინარე მათ მიმართ ნდობის ფაქტორი ძალზე დაბალია , რომ არაფერი ვთქვათ მთავრობაზე. სწორედ ამან განაპირობა ის რომ უკრაინაში მიიწვიეს ყოფილი მთავრობის წევრები. მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ღმერთმა ქნას ისინი აღმოჩნდნენ სწორედ ის ადამიანები ვინც უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარებას ხელს შეუწყობს და უკრაინული საზოგადოების პრობლემების გადაწყვეტაში მიიღებს აქტიურ მონაწილეობას.
27 დეკემბერს პარლამენში მომხდარ ინციდენტს როგორ შეაფასებთ?
რაც შეეხება პარლამენტში მომხდარ ჩხუბს, ისედაც საქართველოში მქონესა და არამქონეს შორის რომ არაფერი ვთქვათ სოციალურ - ეკონომიკურ გაჭირვებული ადამიანების მდგომარეობაზე რასაც კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს პარტიებს შორის გარკვეულწილად ანთოგონიზმი- შეურიგებლობა ამას ემატება საქართველოში შექმნილი საზოგადოებრივი სხვადასხვა სახის პოლიტიკური განწყობები ე.წ. პრორუსული, პროდასავლური, პროამერიკული, პროქართული. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული უსერიოზულესი პრობლემები, რა თქმა უნდა პარლამენტს მთლიანობაში მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც ერის სახეს და ერის მიერ არჩეულს.
ეს ფაქტი სერიოზულ გავლენას ახდენს საზოგადოებაში შექნილ დაძაბულობის მუხტზე, რამაც შეიძლება საზოგადოებრივი დაპირისპირება გამოიწვიოს, ამიტომ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით მან, ვინც პროვოცირება მოახდინა ბოდიში მოიხადოს და იმ მონაწილეებმაც ვინც ამ პროვოკაციას აყვა მათაც საახალწლოდ პატივი სცენ თავიანთ ამომრჩებლებს და დაარწმუნონ იმაში, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ეს სხვა საკითხია, მაგრამ სამართლებრივ პასუხისმეგბლობაზე მეტი საზოგადოების მიმართ მორალური პასუხისმგებლობაა.
ტელეკომპანია „მაესტროს" მოვლენებზე რას გვეტყვით, რამდენად სამართლიანად მოხდა ტელეკომპანიიდან ჟურნალისტების გათავისუფლება, მათ შორის ამ ტელევიზიის წამყვანი სახეების და რას ნიშნავს თქვენი აზრით „მაესტროს" მფლობელების განცხადება ტელევიზიის პროქართულობაზე?
არსებული კანომდებლობიდან გამომდინარე, მათ შორის კანონი მაუწყებლობის შესახებ ნებისმიერი დაქირავებული მოქალაქის უფლებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და დადებული ხელშეკრულებიდან (თუნდაც სიტყვიერი) გამომდინარე. თუ ხელშეკრულებაში არ არის აღნიშნული დაქირავებულის დამცავი პირობები, განსაკუთრებით შემოქმედებითი (პროფესიული) იგი ექვემდებარება შრომით კანონმდებლობაში გათვალისწინებულ ნორმებს, მესაკუთრეს უფლება აქვს კანონით მინიჭებული ნებისმიერი დაქირავებული პირი დაითხოვოს. რაც მოხდა იგივე „მაესტროში" ეს მექანიზმი ჩადებული იყო და არის ძველი მთავრობის მიერ. ყველაფერზე პასუხს აგებს მესაკუთრე და ჟურნალისტის პროფესია შეგნებულად გააუქმეს, პროფესიული ნუსხიდან ამოიღეს, შრომით კანონმდებლობაში სიტყვა ჟურნალისტი საერთოდ ნახსენებიც არ არის მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რიგითი მოქალაქისგან განმასხვავებული ნორმები, რომელიც იცავს ე.წ. „მოქალაქე-ჟურნალისტის" უფლებებს. ჩემთვის როგორც ცნობილია ერთ-ერთ ტელეკომპანიაში ხელმძღვანელობამ შექმნა პროფესიული კავშირი. მე ვკითხე თუ ჟურნალისტის პროფესია არ არსებობს , როგორ უნდა დაიცვას ჟურნალისტთა ინტერესები თუ იგი მოქმედ კანონმდებლობაში არ არის გაწერილი. ვიდრე გააუქმებდნენ კანონს რომელშიც განსაზღვრული იყო ვინ არის ჟურნალისტი, პროფესიული კავშირის წარმომადგენელს ჰქონდა უფლება დასწრებოდა სასამართლო პროცესს და დაეცვა ჟურნალისტის ინტერესები, ეს მუხლიც რა თქმა უნდა შეგნებულად ამოიღეს. რაც შეეხება მაესტროდან დათხოვნილ ჟურნალისტებს, მათ მიმართ მე როგორც ჟურნალისტთა წრეებისს წარმომადგენელი გამოვხატავ სოლიდარობას და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის მხარს ვუჭერ ჟურნალისტებს, მათ პროფესიას, და შემოქმედებით დამოუკიდებლობას. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა კანონით ჟურნალისტის პროფესიისა და ღირსების დაბრუნების. მსგავსი ფაქტები და მდგომარეობა რომ არ განმეორდეს აუცილებელია მედია სივრცეში გატარდეს სამართლებრივი რეფორმები და საგადასახადო შეღავათები. მაესტროს საკითხი შეიძლება განვიხილოთ სამართლებრივი კუთხით, რამდენად შეესაბამება ეს შრომითი კანონმდებლობის ნორმებს და მეორეს მხრივ პროფესიული ეთიკის კუთხით, მაგრამ მესაკუთრეები ეთიკას არ ცნობენ, ჟურნალისტთა ქარტიის წევრობაზე არ მოუწერიათ მათ ხელი და არც საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის და არც სხვა ჟურნალისტთა ინტერესების დამცველი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები არ არიან. კანონი უნდა აბალანსებდეს მედია მესაკუთრეთა და რედაქციის, ჟურნალისტთა საქმიანობის ურთიერთობებს, რა თქმა უნდა მედია ბიზნესის ხელშეწყობის და განვითარების ფარგლებში. რაც შეეხება მაესტროს პროქართულობას, პროევროპულობას თუ პრორუსულობას, ამას სამომავლო სარედაქციო პოლიტიკა დაგვანახებს. „ბავშვი არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო" -ამ ანდაზის არ იყოს. პროქართული ნიშნავს ქვეყნის აღმშენებლობის , ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ხელის შეწყობის, სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოების საკითხებთან დამოკიდებულებას და ქართული თვითმყოფადობის, მენტალიტეტის შენარჩუნებასა და განვითარებას. იმედია, რომ მაესტროს დამფუძნებლები და მათ მიერ შერჩეული და დარჩენილი შემოქმედებითი ჯგუფი გააგრძელებენ თავის საქმიანობას და ჩვენს საზოგადოებას შესთავაზებენ ისეთ პროდუქტს, რომელიც წაადგება ქვეყნის აღმშენებლობას და მედია ბიზნესის განვითარებას.
და ბოლოს საქართველო - რუსეთის ურთიერთობაზე მინდა გკითხოთ, არის თუ არა სავალდებულო და აუცილებელი ჩვენი პრეზიდენტის ან მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან?
დღეს როგორც არასდროს ყურადღება უნდა გამახვილდეს, არსებული ურთულესი სიტუაციიდან გამომდინარე ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე. რუსეთში მიმდინარე სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ანარეკლია რუსეთის მიერ განხორციელებილი აგრესიული საგარეო პოლიტიკის. ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ხელშეკრულებების თემა. ჩემი აზრით საქართველოს აქვს სერიოზული შანსი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით გადადგას თანმხვედრი ნაბიჯები. რა თქმა უნდა ევროკავშირის და მისი მოკავშირეების ინტერერსების გათვალისწინებით. მე ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის ყველაზე ადვილია ამ ეტაპზე საქართველოდან დაიწყოს ახალი ცივილური საგარეო პოლიტიკა და ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრებ ძირძველი ერების ( აფხაზების, ოსების, ქართველების, რუსების, უკრაინელების, ებრაელების და სხვა.) ჰარმონიულ და მშვიდობიან თანაცხოვრებას ერთიანი, მთლიანი საქართველოს საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ ფარგლებში, რადგანაც რუსეთი თვითონაც მრავალეროვანი ქვეყანაა და მსგავსი პრობლემები მისთვის კარგადაა ცნობილი. საქართველოს მხრიდან უნდა მომზადდეს უახლოეს დროში შესაბამისი პროექტი-გეგმა, რომელიც მისაღები იქნება როგორც აფხაზების , ოსების ასევე რუსეთისთვისაც, ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ჩათვლით. რუსეთის მიერ ანექსირებული საქართველოს ტერიტორიები აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, თუნდაც 50 წლის ვადით საქართველოს ტერიტორიულ ფარგლებში გამოცხადდეს თავისუფალ ეკონომიკურ ზონად საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით. ეს მოდელი შეიძლება გახდეს წინაპირობა უკრაინა -რუსეთს შორის შექმნილი ვითარების გამოსწორების, რასაც უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს და კავკასიის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი გახდება. ჩემი აზრით ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ევროპაც და ამერიკაც, რომ არფერი ვთქვათ რუსეთზე ახლო და სამომავლო ენერგეტიკული, პოლიტიკური და ეკონომიკური გლობალური სამშვიდობო პრობლემების გათვალისწინებით აუცილებელია რუსეთ - საქართველოს, უკრაინასა და საერთოდ კავკასიაში შექმნილი პრობლემების მოგვარების გასაღები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობის თანამშრომლობაშია. ეს ფორმა ისტორიულად ყველა მონაწილე სახელმწიფოებისათვის მისაღები და მომგებიანია. აღსანიშნავია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც მან თავის სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა - „ქართველები არასოდეს არ შეეგუებიან ტერიტორიების დაკარგავას", ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ როდესაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რუსეთის მთავრობის მხრიდან რაიმე სერიოზული განცხადება არ მოყოლია, თუმცა რაც შეეხება ზემოთაღნიშნულ ხელშეკრულებებს რუსეთისა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებს შორის ეს საუბრის სხვა თემაა და სხვა საკითხია. მე ვფიქრობ რომ მთავრობამ სერიოზულად უნდა განიხილოს რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, უნდა შესთავაზოს შესაბამისი წინადადებები თუნდაც საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში აუცილებელია რუსეთ-საქართველოს ურთულესი პრობლემების მოგვარების მიზნით ჩვენი ხელისუფლების პირველი პირების შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან.
(წყარო: ჯეონიუს.გე, დათო ქაქუთია)