"ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაქროთ ის უსამართლობის განცდა, რაც მემკვიდრეობით გვერგო"
"ჟვანიას საქმეზე მნიშვნელოვანი დეტალები დავადგინეთ""ჟვანიას საქმეზე მნიშვნელოვანი დეტალები დავადგინეთ"
საზოგადოებას მთავარ პროკურატურასთან ბევრი კითხვა დაუგროვდა - დაწყებული "კაბელების საქმით" და დამთავრებული ყოფილი პრეზიდენტისა თუ მაღალჩინოსნებისთვის წაყენებული ბრალდებებით. მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი ინტერვიუზე დაგვთანხმდა, თუმცა, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო არჩია, ჟურნალისტთან პირისპირ შეხვედრის ნაცვლად კითხვებზე წერილობითი პასუხი გაეცა (რის შედეგადაც ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, ყველა საჭირბოროტო საკითხს ჩავღრმავებოდით. - რედ.). "კვირის პალიტრამ" მიაწოდა მთავარ პროკურორს კითხვები, რომლებიც ყველა პრობლემატურ საკითხს, გახმაურებულ თუ სკანდალურ საქმეებს მოიცავდა. წერილობითი პასუხების მიღების შემდეგ გაირკვა, რომ მთავარმა პროკურორმა ძალიან ბევრ გახმაურებულ საქმეზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. როგორც პროკურატურაში გვითხრეს, ამის მიზეზი გამოძიების ინტერესები ყოფილა....
გიორგი ბადაშვილი, მთავარი პროკურორი: - ნათელია, რომ პროკურატურის მუშაობასთან დაკავშირებული საზოგადოების მოთხოვნა და მოლოდინი მაღალია. ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოგვიწია, შეგვემუშავებინა რადიკალურად განსხვავებული სამოქმედო გეგმა. პროკურატურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით, გამოვყავით უწყების საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები:
დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და სისხლისსამართლებრივი დევნა. ასევე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცვის უზრუნველყოფა, პროკურატურის თანამშრომელთა შერჩევის წესის გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდა და პროკურატურის სტრუქტურული მოდერნიზაცია, საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და დანაშაულის პრევენციის პროცესში პროკურატურის როლის გაზრდა. სხვათა შორის, მიმდინარე წელს პროკურატურა აქტიურად იყენებდა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ მექანიზმებს. არაერთი ბრალდებული განერიდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასჯელსა და ნასამართლობას. შეიცვალა სისხლის სამართლის საქმეში საპროცესო შეთანხმების დროს ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებული პოლიტიკა - აღარ არის ჯარიმად არაგონივრული ოდენობის თანხების, ათი და ასიათასობით ლარის შეფარდება, რასაც მოჰყვებოდა ბიზნესისა თუ კერძო საკუთრების დათმობა თუ სხვაგვარი მანკიერი შედეგები; დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურა მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებთან. გატარდა ღონისძიებები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ტრეფიკინგის ფაქტებზე ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად; მუშაობა დავიწყეთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისი სტანდარტების დანერგვაზე....
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ხშირად იყო ლაპარაკი კონკრეტული პრობლემების თაობაზე, რომ პროკურორების შუამდგომლობის დასაბუთებულობაში ხარვეზები იყო და ეს გამოწვევაც იდენტიფიცირებულ იქნა. ჩვენს გვსურს, გავიგოთ, სად არსებობს პრობლება, რათა ის აღმოვფხვრათ. აAმ მხრივ ფართომასშტაბიანი სამუშაოები ჩავატარეთ. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია: სისტემის ეფექტურად მუშაობისათვის აუცილებელია სისტემის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა. ამ მიზნით 2014 წელს პროკურატურაში გამოცხადდა სტაჟირების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდა 1700-ზე მეტი პირი. ეს იყო უპრეცედენტო რაოდენობა ბოლო 7 წლის განმავლობაში. სამეტაპიანი კონკურსის შედეგად შეირჩა სტაჟიორობის 60-მდე კანდიდატი, რომლებიც მუშაობას დაიწყებენ პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში და ერთწლიანი სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, პროკურორებად დაინიშნებიან.
- რა ეტაპზეა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება? Bბოლოს და ბოლოს, მიიღებს თუ არა საზოგადოება პასუხს კითხვაზე, რა მოხდა 2005 წლის 3 თებერვალს? ხომ არ დადგენილა ყოფილი პრემიერის ცხედრის ექსჰუმაციის თარიღი?
- წინა ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე წლების
განმავლობაში ფაქტობრივად არ გამოუძიებია. დღეს გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ეს მარტივი არ არის, რადგან ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის წევრები - ხარშილაძე და ძაძამია, ასევე, ექსპერტი ჩაჩუა, რომელთა ქმედებებსაც წინა ხელისუფლებამ არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმეში გამოძიებამ გამოავლინა არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებზეც, ბუნებრივია, ამჟამად ვერ ვისაუბრებ. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ სრულად არიან ინფორმირებული ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ოჯახის წევრები. ისინი ჩართულნი არიან გამოძიების მიმდინარეობაში.
- გირგვლიანის საქმეზე ვანო მერაბიშვილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, თუმცა, ეს საქმის მხოლოდ ერთი ეპიზოდია. როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება მუშაობს ოქროყანის ეპიზოდის თემაზე (უშუალოდ, ვინ იმსხვერპლა გირგვლიანი). გავრცელებული ინფორმაციით, ამ კონკრეტულ ეპიზოდში გამოძიება ჩიხში შევიდა.
- ვერ დაგეთანხმებით, რომ გამოძიება ჩიხში შევიდა. იმის გათვალისწინებით, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოძიება ექვსი წლის შემდეგ განახლდა და ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად სპობდნენ ჩადენილი დანაშაულის კვალს და აყალბებდნენ თუ ანადგურებდნენ მტკიცებულებებს, ნამდვილად გართულებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღდგენა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება. ამას თან ერთვის ისიც, რომ საქმის მთავარი მოქმედი პირები საქართველოში არ იმყოფებიან, ისინი თავს არიდებენ გამოძიებასთან თანამშრომლობას. მიუხედავად ამისა, გვაქვს სიახლეები. გამოძიება თანამიმდევრულად და საფუძვლიანად იკვლევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რათა აღარ დარჩეს არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა და ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენი არც ერთი პირი არ დარჩეს დაუსჯელი, რისი მაგალითიცაა მერაბიშვილისა და ახალაიასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენიც.
- ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე პროკურატურაში რამდენიმე საქმეა აღძრული. საინტერესოა, ახალ ბრალდებას ხომ არ უნდა ველოდოთ?
- საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე: პირადი მიზნებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა; გირგვლიანის საქმე; 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევა, ჯარის უკანონოდ გამოყვანა, ტელეკომპანია ""იმედში"" შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდება, ასევე, საქართველოს პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე შეიარაღებული თავდასხმა.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მიხეილ სააკაშვილმა გრიფით ,,საიდუმლო" განკარგულებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებასაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო" კანონიერად ვერ მოახერხებდა. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და მასთან დაახლოებული პირების მგზავრობა, სასტუმროებში ცხოვრება, ვიპ-მომსახურება, კოსმეტიკური პროცედურები, კვება, სწავლა, საჩუქრები და სუვენირების შეძენა, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯები. ამ გზით
სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის გაფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8.837.461,34 ლარი.
რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის საქმეს, დადგენილია, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით, უშუალო ჩართულობითა და მასთან წინასწარი შეთანხმებით, დაიგეგმა და განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა საფუძველზე სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოს საშუალება მიეცა, მიკერძოებულად და არასრულყოფილად გამოეკვლია გირგვლიანის მკვლელობის გარემოებები, დაეფარა დანაშაულის გამომწვევი რეალური მიზეზები და მასში მონაწილე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები. დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, რომელსაც პირადი შურისძიება ამოძრავებდა, ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების გამოყენებით, თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც დეპუტატმა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
რაც შეეხება პატარკაციშვილის საქმეს, როგორც დადგინდა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით, ხელისუფლების ყველა შტოს შეთანხმებული და ერთიანი მოქმედებით, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი და მასთან დაახლოებული პირები საინფორმაციო გადაცემების გაკონტროლების მიზნით უკანონოდ დაეუფლნენ ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარად ღირებულ ტელეკომპანია "იმედს", ასევე, პატარკაციშვილის საკუთრებაში არსებულ მილიონობით აშშ დოლარის ღირებულების სხვა აქტივებს.
მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში, ამიტომ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ამჟამად მისი ძებნაა გამოცხადებული. საქართველოს პროკურატურამ მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს მიხეილ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების თაობაზე. ყველა ზემოხსენებული საქმე უახლოეს მომავალში გადაიგზავნება სასამართლოში განსახილველად. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს.
- ექსპრეზიდენტის თუ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პოლიტიკურ დევნას უწოდებენ და აცხადებენ, რომ პროკურატურას არა აქვს მტკიცებულებები. ასევე, ოპოზიციისა და ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ კონკრეტული საქმეების აღძვრა-არაღძვრის გამო თქვენზე ზეწოლაა.
- მტკიცებულებებს საბოლოოდ სასამართლო აფასებს. მხოლოდ სასამართლოს შეუძლია თქვას, არის თუ არა საკმარისი მტკიცებულებები ვინმეს ბრალეულობის დასადასტურებლად და ამა თუ იმ პირის დამნაშავედ გამოსაცხადებლად. დღეს ჩვენ გვაქვს მერაბიშვილისა და ბაჩანა ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენები, რაც მიუთითებს, რომ მტკიცებულებები არსებობს. ხაზს ვუსვამ -- ჩემს საქმიანობაში ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაცია გამორიცხულია.
- 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ პროკურატურაში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ათასობით საჩივარი და განცხადება შევიდა. თუმცა, მათი საკმაოდ დიდი ნაწილის თქმით, გამოძიება ჭიანურდება, თუნდაც უკანონოდ ჩამორთმეული ქონების საქმეების.
- მართლაც ათასობით განცხადება შემოვიდა პროკურატურაში. ჩემი მთავარ პროკურორად დანიშვნის შემდეგ დავიწყეთ ამ საჩივრების სისტემატიზება, შესწავლა და თემატურად დახარისხება. დეტალურად გაანალიზდა ის საჩივრები და განცხადებები, სადაც განმცხადებლები მიუთითებდნენ სასჯელის მოხდისას, დროებითი მოთავსების იზოლატორის, სასჯელაღსრულების დაწესებულების, პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომელთა მიერ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების ფაქტებზე, საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას ბრალდებულთან უკანონო მეთოდების (ცემის, წამების, მუქარის, იძულების და ა.შ.) გამოყენების ფაქტებზე. გავაანალიზეთ ასევე ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შესახებ შემოსული საჩივრები, ზიანის ოდენობის, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფორმებისა და ჩამორთმეული ქონებების სახეობების მითითებით. 2015 წლის დამდეგიდან საქართველოს პროკურატურაში იგეგმება სპეციალური სამმართველოს შექმნა, რომელიც სპეციალიზებული იქნება უშუალოდ ამ საკითხებზე სამუშაოდ, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს ქვეყანაში ის უსამართლობის განცდა, რაც მემკვიდრეობით გვერგო.
ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეების გამოძიებას დასჭირდება გარკვეული პერიოდი, ეს ვერ მოხდება მყისიერად, რადგანაც წლების განმავლობაში ათასობით ფაქტი დაგროვდა.
თითოეული მათგანი საჭიროებს ინდივიდუალურად დეტალურ შესწავლას.
საქართველოს პროკურატურა ამ პრობლემის გადაჭრის გზებსა და გეგმებზე საზოგადოებას უახლოეს მომავალში სრულ და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
(წყარო: კვირისპალიტრა, ნანა ფიცხელაური)