„თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „დელტაკომის" შვილობილი კომპანია „დელტა ტვ"-ის გენერალური დირექტორი წინა ხელისუფლების დროს შსს-ში იმ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, რომელიც უკანონო მოსმენებსა და ყველაფერ უბედურებას ახორციელებდა. პეტრიაშვილმა აღნიშნულის დასადასტურებლად საჯარო რეესტრიდან შესაბამისი ამონაწერი წარმოადგინა.
„დღევანდელი ჩემი პრესკონფერენცია ეძღვნება „დელტაკომის" საქმიანობას, მის ურთიერთობას შსს-სთან და კავშირებს ე.წ. კაბელების საქმესთან, რომლის საჩივრის საფუძველზეც მოხდა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მძევლად აყვანა პროკურატურის მიერ. ნიშანდობლივია, რომ „დელტაკომის" შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელ რიგებში არის ზურაბ კოტარია, რომელიც ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. თქვენ იცით, რომ სწორედ ეს დეპარტამენტი იყო დაკავებული უკანონო მოსმენებით, თვალთვალით, ჩაწერებით და ყველა იმ უბედურებით, რაც წლების განმავლობაში ჩვენი საზოგადოების შეშფოთების საგანი იყო. მე მაქვს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ კოტარია „დელტაკომის" შვილობილი კომპანია „დელტა ტვ"-ის გენერალური დირექტორია", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
პეტრიაშვილმა მედიას, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორს მიმართა და სთხოვა, რომ კოტარიას როგორც წარსული, ისე ამჟამინდელი საქმიანობით დაინტერესდეს.
„შსს-ს ჯერ კიდევ არ მოუწოდებია ადვოკატებისგან მოთხოვნილი ინფორმაცია, თუ რა საფასურად ემსახურება „დელტაკომი" შსს-ს. ჩვენი ინფორმაციით, „დელტაკომი" იღებდა ასეულ ათასობით ლარს ყოველთვიურად მის მომსახურებაში. ძალიან სერიოზულ ეჭვს ბადებს ისიც, რომ „დელტაკომის" მომსახურება და შეთავაზება იყო გაცილებით უფრო ძვირადღირებული, ვიდრე ეს შეთავაზება წარმოდგენილი იყო „სილქნეტისგან", - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა.
ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, „მთელი ეს სქემა" მიმართულია ირაკლი ალასანიას და „თავისუფალი დემოკრატების" წინააღმდეგ.
„ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გავაუმჯობესოთ და რეალურად შევქმნათ უსაფრთხო გარემო, დღეს კომპანიებში, რომლებიც ემსახურებიან შსს-ს, მუშაობენ ის ადამიანები ხელმძღვანელ რგოლებში, რომლებიც წლების განმავლობაში აწარმოებდნენ უკანონო თვალთვალს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.