reportiori.ge - პერსპექტივა - სუფსა ახალ ცხოვრებას იწყებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:04
ინტერვიუ
პერსპექტივა - სუფსა ახალ ცხოვრებას იწყებს
29 დეკემბერი, 2014. 18:18



გთავაზობთ არმაზ სანებლიძის ინტერვიუს გიორგი ჭანტურიასთან. მისი ხელმძღვანელობით გაყვანილი იქნა ბაქო-სუფსას ნავთობსადენი, იგი ასევე ხელმძღვანელობდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების მშენებლობას. დღეს იგი წარმოგვიდგენს ახალ, მნიშვნელოვან პროექტს:



_ ბატონო გია, დიდი ხანია, არ გამოჩენილხართ... გავრცელდა ხმები, რომ იწყებთ დიდ მშენებლობას სუფსაში.



_ `ვიწყებთ მშენებლობას ხმამაღლაა ნათქვამი. მხოლოდ პროექტია. ბაქო-სუფსის ნავთობსადენს რომ ვიწყებდით, პროექტში იმთავითვე გათვალისწინებული იყო სახმელეთო ტერმინალთან ერთად ენერგეტიკული კომპლექსის შექმნა.



_ შეიძლება, დაწვრილებით უთხრათ ჩვენს მკითხველებს, რას მოიცავს ეს კომპლექსი?



_ გეტყვით. პირველი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა იქნება, მეორე, რაც ჯერ კიდევ 1999 წელს იყო გათვალისწინებული, დიდი სიმძლავრის, უნიკალური ნავთობქიმიური კომპლექსია, ნავთობის, გაზისა და პროპანის გათხევადების ქარხნები. პლიუს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ისეთი აუცილებელი სასუქის წარმოება, რომელიც ნავთობქიმიის ერთ-ერთი კომპონენტია.



პროექტი 1998-1999 წლებში დაფინანსებული იყო აშშ მთავრობის მიერ, მაგრამ, შემდგომ განვითარებული მოვლენების გამო, ყველაფერი გაჩერდა.



დღეს, ჩემი აზრით, დადგა ის დრო, როცა საქართველოს შეუძლია თვითონ გახდეს ამ პროექტის აღდგენის ინიციატორი.



_ ჩვენი ინიციატორობა როგორ გესმით?



_ ვფიქრობ, რომ ინვესტიციების მოზიდვის ის პრინციპი, რომელიც დღეს არსებობს _ ინვესტორი _ მოვა და ფულს ჩადებს, მოძველდა და დღევანდელ მსოფლიოში არ მუშაობს. საინვესტიციო და ფინანსური დინამიკა ამჟამად განსხვავებულია.



დღეს მოწმენი ვართ იმისა, რომ ხდება ფინანსური სიმძიმის ცენტრებისა და ღერძების შეცვლა. მაგალითად დავასახელებდი ბრიკსის დაფუძნებას. ახალ სიტუაციაში ქვეყანა თვითონ უნდა გახდეს დიდი პროექტების ინიციატორი, გახდება საინვესტიციო პორტფელის ფორმირების მთავარი ფიგურა. ეს სრულიად განსხვავებული, ახალი მოცემულობაა. ყველა მთავრობა ახალ ვითარებაში, ვფიქრობ, სწორედ ამ მიმართულებით განავითარებს ეკონომიკური სტრატეგიის  მომავალ ეტაპებს.


სხვა შემთხვევაში ინვესტიციები, რომლებიც დიდი პროექტების განხორციელებისთვის იქნება საჭირო, ვერ შეგროვდება. არ ვლაპარაკობ 200 და 300 მილიონიანი ინვესტიციებზე, რაც შეიძლება ერთი ჰესის აშენებისთვის იყოს საკმარისი.


ჩვენი პროექტი რამდენიმე მილიარდიანია.



_ უფრო ზუსტად?



_ 17 მილიარდიანია სუფსის ეს პროექტი. ამიტომ ვამბობ, რომ აუცილებელია, ჩამოყალიბდეს ახალი მიდგომები არსებული რეალიების გათვალისწინებით, როცა შეცვლილია ფულის მოძრაობის და ინვესტირების საფუძვლები, დინამიკა, ინტერესები, სტრუქტურა. ვიმეორებ, საქართველოს შეუძლია თვითონ გახდეს ინიციატორი და არა მხოლოდ შესთავაზოს თავის პროექტი ინვესტორს, არამედ ითანამშრომლოს მასთან, როგორც თანასწორმა პარტნიორმა.


თუ ნავთობსადენების მშენებლობის პერიოდში ჩვენ მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნად ვითვლებოდით, ახლა ინიციატორი ქვეყნის განზომილებაში გადავდივართ, მეტ წონასა და ღირებულებას ვიძენთ.


ახლა საწყის ეტაპზე ვიმყოფებით.



_ თუ შეიძლება, დააზუსტეთ, სუფსის ენერგეტიკული კომპლექსის პროექტი (ხაზს ვუსვამ _ პროექტი) მზად არის, თუ იდეისა და პრინციპების დონეზე არსებობს?



_ პროექტი მზად არის. 1999 წელს ჩვენი თხოვნის საფუძველზე, მაშინ ჯერ კიდევ ნავთობის კორპორაციის პრეზიდენტი ვიყავი, ამერიკის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტომ დააფინანსა სუფსის ნავთობგადამმუშავებელი (მაშინ ასე ერქვა) კომპლექსისა და ნავთობის ტერმინალის პროექტი, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება განახორციელა ამერიკულმა კომპანია „ოტის კაპიტალმა". ამ კვლევამ დაადასტურა, რომ შავი ზღვის აუზში სუფსის ასეთი კომპლექსის შექმნას ალტერნატივა არ გააჩნია. ფინანსურად, ეკონომიკურად, ინჟინრული თვალსაზრისით, თუნდაც ბუნებრივი პირობების გამო ეს პროექტი განხორციელებადია. ჩვენ გავხდებით „ენერგეტიკული ჰაბი", ანუ ენერგეტიკული ცენტრი, არა მარტო საქართველოსი, არა მარტო კავკასიის, არამედ შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზების რეგიონების.


დღეს გვეძლევა საშუალება „მოვიბათ" ევროპა. 


ამასთან, სავსებით რეალური და ორმხრივ სასარგებლო ხდება ამ პროექტში რუსეთის ენერგეტიკულ შესაძლებლობათა ჩართვა.


რეალური პერსპექტივა ასეთია.



ხაზგასმით ვიტყვი, რომ ამ პერსპექტივის განხორციელების შემთხვევაში შავი ზღვის აუზის ქვეყნებს მთლიანად უზრუნველვყობთ ალტერნატიული საწვავით (რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს) და ენერგეტიკული რესურსით. ეს ერთი, და _  მეორე: აბსოლუტურად ვუპასუხებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას „20X20" _  2020 წლისთვის ევროპის ენერგეტიკული სტრუქტურის  მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, გვეძლევა შესაძლებლობა დავიწყოთ მოლაპარაკება ევროკავშირთან ენერგოუსაფრთხოების შესახებ, რაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონეა ჩვენთვისაც და ევროკავშირისთვისაც.


 

_ ბრიკსი" ახსენეთ, ბატონო გია. მინდა გკითოთ, შეიძლება კი გაერთიანება ბრიკსი"ამ ჩვენი ენერგეტიკული ცენტრით დაინტერესდეს?



_ ბაქო-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-არზრუმის მილსადენებით მატერიალიზებული დერეფნის საერთო ღირებულება 75 მილიარდი დოლარია. 75 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტი გადის საქართველოს დერეფანში ერთი წლის განმავლობაში. შესაბამისად, მარტო „ბრიკსი" კი არა, მარტო აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის საკვანძო ქვეყნად კი არ დავრჩებით, არამედ _ ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულების ცენტრშიც აღმოვჩნდებით. ჩვენ გვქონდა და გვაქვს ნოვოროსიისკიდან აფხაზეთის გავლით მილსადენის სუფსამდე გაყვანის პროექტი, რომელიც გაგრძელდება ბაქო-ჯეიჰანის დერეფნით. წამოვიღებთ ყაზახური, რუსული ნავთობის დიდი მოცულობას. მათ შორის, „ამერიკულ" ნავთობისაც, რომელსაც ამერიკული ფირმები ყაზახეთში მოიპოვებენ. ახლა იწყება ყაჩაღანის ორი უდიდესი საბადოს ათვისება (წელიწადში 62 მილიონი ტონა), პლიუს ამას _ შაჰდენიზის გაზის განვითარების მეორე ფაზა. შაჰდენიზს ევროპისკენ გზა უკვე გაკვალული აქვს, მილი უკვე აშენებულია და ჩვენ ახლის გაყვანა არ დაგვჭირდება, ჩვენს ტერიტორიაზე მხოლოდ ორი სატუმბი სადგურის დამატება იქნება საჭირო. ყაჩაღანში, ყაზახეთში ძირითადი მოთამაშეები ამერიკულ-ევროპული მთავარი ენერგომომპოვებელი, აგრეთვე, _ ჩინური და იაპონური კომპანიებია. ჩვენს მიერ შეთავაზებული ალტერნატივა, რომელიც საქართველოში არსებულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული, მათთვის მომგებიანია, ჩვენთვის კი უნიკალური შანსის მომცემია.



ვიმეორებ, ასეთი მასშტაბური პროექტის განვითარების ინიციატორები ჩვენ  უნდა გავხდეთ.



_ ბაქო-სუფსის ნავთობსადენი სრული დატვირთვით რომ არ მუშაობს?!



_ პრაქტიკულად ცარიელია, რადგან აზერბაიჯანის ნავთობი მთლიანად მიდის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალით, რომელიც სრულად შევსებული არ არის. ამიტომ აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ყაზახეთის 20 მილიონი ტონის მოცულობის ნავთობს გაატარებს არსებული  ნავთობსადენით.



_ ჩვენ რას მოვიგებთ სუფსის ენერგოცენტრის პროექტის განხორციელების შედეგად?



_ შანსი გვეძლევა განვავითაროთ ნავთობქიმია შაჰდენიზის გაზის შემოსვლის კვალად. საწვავი, უპირველესად კი, „ევრო-5" ბენზინის, რომელზეც 2020 წლიდან ევროპა მთლიანად უნდა გადავიდეს, ჩვენი გათვლებით, ერთი ლიტრის ფასი გაიაფდება და ერთი ლარის ფარგლებში იქნება.



_ ამ ბენზინს ჩვენ ვაწარმოებთ?



_ დიახ და ესაა მთავარი: სუფსის ენერგეტიკულ კომპლექსში გათვალისწინებულია ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის აშენება, რომელიც ამ მარკის ბენზინს გამოუშვებს. გეტყვით, რომ დღეისთვის ევროპაში დაიხურა 62 ქარხანა, რადგან ვერ აწარმოებდა ამ უმაღლესი ხარისხის ბენზინს. ჩვენ რეალურად გვიჩნდება უნიკალური პერსპექტივა.



_ როდისთვის?



_ თუ პროცესის განხორციელებას რეალურად სექტემბერში დავიწყებთ, ორ წელიწადში ქარხნის პირველ ბლოკს ავამოქმედებთ.



_ ენერგეტიკული კომპლექსი და ეკოლოგიის პრობლემები, ალბათ, გაქვთ გათვალისწინებული...



_ ეკოლოგიის დაცვა სამივე მილსადენის მშენებლობის დროს საქართველოში ჩვენ დავნერგეთ. 27 საერთაშორისო ინსტიტუტის სტანდარტები შემოვიტანეთ, რომლებიც დაკანონდა, რაც პირდაპირ გეტყვით, მეამაყება. ამ ახალ პროექტსაც ამ პრინციპით ვუდგებით და ასევე განვახორციელებთ. უმაღლესი სტანდარტებით მიდგომას გვაკისრებს ისიც, რომ საქართველო, როგორც ინიციატორი, დაფინანსებაში მონაწილეობას შესთავაზებს ისეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მათ შორის, _ „ბრიკსი", რომელთა მოთხოვნები გარემოს დაცვის კუთხით უმკაცრესია. ჩვენ უნდა დავადასტუროთ, რომ სრულად ვახორციელებთ ევროპის ყველაზე მაღალ სტანდარტებს.



აქ უპირველესი როლი ეკისრება სახელმწიფოს, ქვეყანამ უნდა განსაზღვროს თავისი ენერგეტიკული სტრატეგია ყველა მიმართულებით.



_ ენერგეტიკულ სტრატეგიას თავისი პრიორიტეტები აქვს, რა თქმა უნდა.



_ ჩვენთან ერთ-ერთ პრიორიტეტად, მიჩნეულია ელექტროენერგიის გაყიდვა. ჩემი აზრით, ეს გამართლებული არ არის.



_ რატომ?



_ აგიხსნით კონკრეტულ მაგალითზე. ნორვეგია მსოფლიოში გაზის უდიდესი მომპოვებელია. მაგრამ ამ ქვეყნის მოსახლეობას გაზქურები არ აქვს. გაზის ტრანსფორმირება ელექტროენერგიად გაცილებით იაფია ოჯახებისთვის გაზის მოხმარებასთან შედარებით. ამიტომაა, რომ ნორვეგიაში სრულად არიან გადასული ელექტრომომარაგებაზე. ჩემი აზრით, ამ კუთხით უნდა გადაიხედოს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგია, რომელიც მინიმუმ 20-30 წელიწადზე იქნება გათვლილი, ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ჩვენ რეგიონში ხდება.



_ რას მისცემს სუფსის ამოქმედებული პროექტი ქვეყნის ბიუჯეტს?



_ ძალიან მარტივად გიპასუხებთ. ჯერ ერთი, მშენებლობაზე 20-30 ათასი კაცი დასაქმდება. ბაქო-სუფსაზე თავის დროს 35 ათასი კაცი მუშაობდა, თუ ჯეიჰანსა და შაჰდენიზს დავუმატებთ, ეს რიცხვი 227 ათასამდე იზრდება.



მარტო კომპენსაციები, რაც მაშინ მოსახლეობას გადავუხადეთ 130 მილიონი დოლარი იყო.



პირდაპირი შემოსავლები ბიუჯეტში, პირველ წელიწადს, ჩემი აზრით, მინიმუმ 50-60 მილიონი დოლარი იქნება. ვგულისხმობ სამშენებლო პროცესის პერიოდს. შემდეგ კი, ორი, ორნახევარი მულტიპლიკატორით თუ ვიანგარიშებთ, 700-800 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება.



_ მოსახლეობისთვის რა აქედან?



_ კვლავ მაგალითით აგიხსნით. ჩვენ შეგვეძლება თითოეულ ფერმერს უფასოდ მივცეთ 1000 ლიტრი საწვავი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საწარმოებლად. სამაგიეროდ სახელმწიფოს ვთხოვოთ, რომ როცა იმ ფერმერის მიერ მოწეული, ვთქვათ, ყურძნის მოსავალი (საიდანაც შემდეგ ღვინოს აწარმოებენ) დაიბეგრება, გათვალისწინებული იყოს ჩვენთვის დასაბრუნებელი ფულიც.



_ თქვენ, ბატონო გია, სუფსის ენერგეტიკული ცენტრის დამაბალანსებელი ფუნქცია ახსენეთ, რომელიც ერთის მხრივ, დასავლეთის, მეორე მხრივ ბრიკსის ქვეყნებს შორის მკვეთრი დაპირისპირების შერბილებისკენ იქნება მიმართული.



_ დაპირისპირებამ საბოლოოდ მოკლა „ნაბუქო". ვიმეორებ, ვამბობთ, როცა ასეთი უდიდესი ენერგეტიკული ცენტრი შეიქმნება, იგი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტად წარმოგვიდგება. საქართველომ თუ არ შეიძინა დამატებითი ღირებულება ყველა მოთამაშისთვის, თუ არ გახდა ისეთივე მნიშვნელოვანი ქვეყანა დასავლეთისთვის, როგორიც თავის დროზე იყო ნავთობ და გაზსადენების ამოქმედებიდან გამომდინარე, ძნელი იქნება ჩვენი უსაფრთხო განვითარების წარმოდგენაც კი. თუ რეალისტურად გავითვალისწინებთ რისკებს და შევაფასებთ პერსპექტივას, დაბალანსებული პოლიტიკის გარდა სხვა გზა არ გვაქვს. პატარა ქვეყანა პრაქტიკულად ვერ განახორციელებს დაბალანსებულ პოლიტიკას, თუ მას არ გააჩნია დაბალანსებული ინტერესების უზრუნველყოფის პრაქტიკული ბერკეტები.



ამ შემთხვევაში ჩვენი პარტნიორი იქნება არა მარტო ევროკავშირი, არამედ რუსეთი, რომელსაც მივცემთ დამატებით გზას თავისი ენერგეტიკული რესურსის ევროპასა და აზიაში გასატანად.



_ ჩვენი ხელისუფლება ლობირებს ამ პროექტს?



_ ხელისუფლების უშუალო მონაწილეობის და კოორდინაციის გარეშე ენერგეტიკული სტრატეგია, რომლის ერთ შემადგენელ ნაწილად სუფსის ენერგეტიკული ცენტრის მშენებლობა მიმაჩნია, ვერ ჩამოყალიბდება.



მჯერა, რომ დღევანდელი ხელისუფლება რეალურად მიუდგება ამ პრობლემას და დაინახავს იმ პერსპექტივას, რომელსაც ამ პროექტის განხორციელება იძლევა.


 

_ თუ გაქვთ რეალური წინადადებები ინვესტორების მოსაზიდად? შეარჩიეთ კომპანიები, გქონდათ კონტაქტები, გარანტიები?



_ რა თქმა უნდა. ამ პროექტის ინიციატორია ქართულ-ამერიკული კომპანია „ინტერ ენერჯი ჯგუფი", რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოში.



ეჭვი არ მეპარება, რომ ამ პროექტში ჩაერთვება აზერბაიჯანული „სოკარი", რადგან ურთიერთთანამშრომლობით მოპოვებული დიდი გამოცდილება და ნდობა არის ამის საფუძველი, ჩაერთვება ყაზახეთი, რადგან ცნობილია მისი ინტერესი ჩვენი პროექტისადმი, ისევე, როგორც ამ ქვეყნებში მომუშავე ამერიკული და ევროპული კომპანიების. კონკრეტულ წინადადებებს შევთავაზებთ ყველა იმ კომპანიას, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობდა საქართველოში გამავალი მილსადენების მშენებლობის პროცესში 15 წლის განმავლობაში და რომლებთანაც საგანგებო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.



მაგრამ მთავარი და გადამწყვეტი ამ საქმისთვის თავის დადგმაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ნებაა. დარწმუნებული ვარ ქვეყანა ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს.



 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016