reportiori.ge - თადარიგის კაპიტნის სკანდალური ნაამბობი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 19:04
პრეს-დაიჯესტი
თადარიგის კაპიტნის სკანდალური ნაამბობი
ავტორი:
29 დეკემბერი, 2014. 20:22



ოც წელზე მეტია, რაც ქართულ ჯარში ვმსახურობ ოფიცრად და შემიძლია გარკვეული დასკვნების გამოტანა იმის თაობაზე, თუ რა არის სამხედრო სამსახური, რა ძირითად კომპონენტებზეა იგი აგებული და საერთოდ როგორი უნდა იყოს სამხედრო საქმის ხელმძღვანელი. საკითხავია ისიც, არსებული სიტუაციის მიხედვით, თუ როგორ ყალიბდებიან ლიდერები და როგორ ახდენენ ზეგავლენას მოვლენებზე ინდივიდები. ამდენი გამოცდილების შემდეგ შემიძლია დავასკვნა, რომ სიტუაციები და ინდივიდუალური, პირადი თვისებების ერთობლიობა ქმნის მოვლენებსა და შედეგებს, მაგრამ ხშირად ხდება ისეც, რომ ლიდერები ქმნიან ისტორიას და არა ისტორია _ ლიდერებს.




ჩვენს უახლოეს ისტორიას რომ გადავხედოთ, საკმაოდ ბუნდოვან სურათს ვიხილავთ. 2003 წლის «ვარდების რევოლუციის» შემდეგ სამხედრო უმაღლესი ხელმძღვანელები ხდებოდნენ, ძირითადად, შემთხვევითი ადამიანები. «ვარდების რევოლუციის» შემდეგ პირველი, რაც გაკეთდა სამხედრო სფეროში, ის იყო, რომ შსს-ს შინაგანი ჯარის სარდლად დაინიშნა გოგი თათუხაშვილი, რომელიც მანამდე მიხეილ სააკაშვილის დაცვის უფროსი იყო. უფრო ადრე კი შინაგან ჯარში მსახურობდა და სამსახურიდან დაითხოვეს გაუგებარი მიზეზების გამო. ყოველი შემთხვევისთვის, წარჩინებული სამსახურისთვის არ უნდა დაეთხოვათ და ამის გამორკვევა, თუ საინტერესო იქნება, არ არის ძნელი. იმ დროს მიხეილ სააკაშვილი ჯერ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და პრეზიდენტის მოვალეობას ნინო ბურჯანაძე ასრულებდა. რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ შინაგანი ჯარებიდან დათხოვნილი მაიორი გოგი თათუხაშვილი უცბად გენერალ-მაიორი გახდა და მერე რამდენიმე დღეში გენერალ-ლეიტენანტის წოდებამდე აამაღლეს. მოგვეხსენება, რომ გენერალ-ლეიტენანტი საქართველოში უმაღლესი სამხედრო წოდებაა დღესდღეობით და ამაზე მაღლა ვერავინ ადის. საკვირველია, რატომ და რა დამსახურებით მიანიჭა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ ამ პიროვნებას ასე ზედიზედ ამხელა წოდებები. მიუხედავად ასეთი დიდი დაფასებისა ხელისუფლების მხრიდან, გენერალი გოგი თათუხაშვილი ლიდერი მაინც ვერ გახდა და ამისი მიზეზიც ნამდვილად არსებობდა.




გოგი თათუხაშვილმა არათუ ლიდერის ხასიათი ვერ გამოამჟღავნა, არამედ, როგორც ჩანს, საერთოდ არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებია. მან მოსვლისთანავე, ანუ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ყველა პროფესიონალი და ნამდვილი მებრძოლი ოფიცრები სამსახურიდან დაითხოვა. მათ გამოცდილებაც ჰქონდათ, ცოდნაც და განათლებაც, მაგრამ ამით თათუხაშვილი არ დაინტერესებულა. მთავარი მიზეზი ის იყო, რომ იმ ადამიანებმა კარგად იცოდნენ გოგი თათუხაშვილის, როგორც სამსახურიდან გათავისუფლებული კაცის ბიოგრაფია, ანუ კარგად იცნობდნენ მას. სწორედ ეს «კარგად ცნობა» უკარგავდა მოსვენებას უკვე გენერალსა და შინაგანი ჯარების ძლევამოსილ სარდალს. სამსახურებში მან დანიშნა სრულიად უვიცი ადამიანები, რომლებმაც სამხედრო საქმის ინჩი-ბინჩი არ იცოდნენ, ზოგიერთი მათგანი ადრე სამსახურიდან «მგლის ბილეთით» იყო გაგდებული, მაგრამ თათუხაშვილს სწორედ ასეთები სჭირდებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ ყველა უაზრო დავალება მონური მორჩილებით შეესრულებიათ.




შინაგანი ჯარის რიგებში იმ დროს, დაახლოებით იანვარში (მაშინ უკვე მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად არჩეული იყო), შეიქმნა შინაგანი ჯარის სპეცდანიშნულების ბატალიონი. ბატალიონის მეთაურად დაინიშნა სამთავრობო დაცვის რიგებიდან გამოძევებული ზაზა ჩუტკერაშვილი, რომელიც გოგი თათუხაშვილის ახლო მეგობარი იყო, მაგრამ სამთავრობო დაცვიდან, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქურდობისთვის იყო გამოგდებული და თან მეტსახელიც გამოჰყვა _ «კრისა». მან ისე გაამწარა მცირე დროის მანძილზე თანამშრომლები, რომ დღესაც, რვა წლის შემდეგაც, აგინებენ. გარდა ამისა, თათუხაშვილმა სამსახურში შემოყარა მისი მეზობლები, ნათესავები, ცოლისა და საყვარლის ნათესავები, მათი შვილები, ნათლულები, ბავშვების ნათლიები და, ერთი სიტყვით, სპეცდანიშნულების ბატალიონი გახდა თათუხაშვილის პირადი კანტორა.




მე ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ და ჩემს თავზე ვიწვნიე ყველა ის უბედურება, რომელიც საქართველოში 1991-92 წლებში დატრიალდა. დაემხო ეროვნული ხელისუფლება, დავკარგეთ ჯერ ცხინვალი და შემდეგ აფხაზეთი. ამ ყველაფრის უშუალო მონაწილე სამხედრო ოფიცერი დიდად განვიცდიდი იმას, რაც საქართველოში 2003 წლამდე ხდებოდა. მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი პირები, ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით, ყოველდღე უკან ექაჩებოდნენ ქვეყანას. ხალხში იმედი 2003 წლის ნოემბრის «ვარდების რევოლუციის» დროს გაჩნდა, რომლის უშუალო მონაწილე ვარ და დიდი იმედით ვუყურებდი მეც ამ მოვლენას ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის მცხოვრებთა უდიდესი ნაწილი. ხალხში ასეთი განწყობა იყო, ოღონდ ეს ურჩხული შევარდნაძე წავიდეს და ნებისმიერი მოვიდესო. იყო ძალიან დიდი იმედი, რომ ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანას გააერთიანებდა და გააძლიერებდა. სამწუხაროდ, ეს დიდი იმედი შემდეგ ძალიან დიდ იმედგაცრუებაში გადაიზარდა. დიდ თანამდებობებზე დანიშნულმა ხალხმა მაშინვე პირად კეთილდღეობაზე ზრუნვა დაიწყეს და ქვეყნის უბედურება დაივიწყეს. ამის ერთ-ერთი მაგალითია გოგი თათუხაშვილის თანამდებობისათვის შეუფერებელი მოქმედება. 




სპეცდანიშნულების ბატალიონის ჩამოყალიბება კარგად მიმდინარეობდა მანამ, სანამ ამ საქმეს ჩვენ, ძველი მებრძოლები ვხელმძღვანელობდით. სიტუაცია იმის შემდეგ აირია, რა დღესაც ბატალიონის მეთაურად ზაზა ჩუტკერაშვილი დაინიშნა. საერთოდ რევოლუციიდან ცოტა ხანშივე ახალ მთავრობაში ასეთი ტენდენცია დამკვიდრდა _ თანამდებობაზე უნდა დანიშნულიყო აუცილებლად უვიცი, მლიქვნელი და მხდალი ადამიანი. ასეთებს დაუწყეს ძებნა და, სამწუხაროდ, ბევრი ძებნა არ დასჭირვებიათ და ახლაც ასე გრძელდება. ბატალიონის მომზადებისა და კადრების შერჩევაში ისეთი სისულელეები ხდებოდა და ისეთი ადამიანები მოჰყავდათ, რომელთაც არანაირი გამოცდილება, ცოდნა და ავტორიტეტი არ ჰქონდათ არსად, მაგრამ სამაგიეროდ იყვნენ კარგი მლიქვნელები და ჭორების მიმტანები. მათი სიმხდალე პირველად ბათუმში გამოჩნდა. ჯერ ერთი და, ბათუმში 5000 სამხედრო მოსამსახურის შეყვანა რა საჭირო იყო, როცა ასლან აბაშიძე ისედაც მიდიოდა და ეს საქმე პოლიტიკურად მოგვარებული იყო?! სამაგიეროდ, გოგი თათუხაშვილს თავი რომ უნდა გამოეჩინა, ვითომ ბათუმი აიღო და «მოწყვეტილი აჭარა» დედასაქართველოს შემოუერთა. 




ბათუმში შევედით 2004 წლის 6 მაისს, გიორგობის დღეს, დილის 5 საათზე. მთელი შინაგანი ჯარების კოლონები მიემართებოდა ბათუმისკენ. იმ დროს მე მოიერიშე ასეულის პირველი ოცეულის მეთაური ვიყავი და სარდლის ბრძანებით მის მანქანას მივყვებოდით უკან მოიერიშე ასეულის მთელი პირადი შემადგენლობა. მანამდე ინფორმაცია გვქონდა, რომ თითქოს აბაშიძის შეიარაღებული რაზმები აჭარის მისადგომებთან ტყეებში იყვნენ ჩასაფრებულნი და ჩვენზე თავდასხმას აპირებდნენ. ყველაფერი ტყუილი გამოდგა. ბათუმში წყნარად შევედით. ქალაქის ცენტრში უამრავ ხალხს მოეყარა თავი. ჩვენ დაგვევალა იარაღის ამოღება. ზღვის ნაპირზე უამრავი იარაღი ეყარა. დილიდან დაღამებამდე მთელი ასეული ავტომატებს ვკრეფდით და მანქანებში ვალაგებდით. ხალხის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ტირანისგან გავთავისუფლდითო, ასე ამბობდნენ. იარაღის ამოღება მოსახლეობიდან დაახლოებით 15 დღე გაგრძელდა. პარალელურად ქალაქში, წესრიგის აღდგენის მიზნით, ვპატრულირებდით. 26 მაისამდე ბათუმში დავრჩით და 26-ისთვის აღლუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისში დავბრუნდით. ამ ხნის მანძილზე, სანამ იქ ვიყავით და ვპატრულირებდით, არც ერთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ხნის მანძილზე ვერ მოგვიძებნეს ყაზარმა, ნორმალური დისლოკაციის ადგილი. ყოველ კვირა ადგილს გვიცვლიდნენ და ასე დაგვარბენინებდნენ აქეთ-იქით.




გარდა ამისა, ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს ხელფასს 400 ლარს გვაძლევდნენ და მასზე დამატებით სოროსის ფონდიდან დაგვენიშნა 150 ამერიკული დოლარი ყოველთვიურად; იმ მოტივით, რომ ყაზარმა უნდა შევაკეთოთო, 50 ლარს გვიკავებდნენ ხელფასიდან. როდის იყო, ყაზარმის რემონტს სამხედრო მოსამსახურის ხარჯზე ახორციელებდნენ?! ვინც უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოთქვამდა, იმას ან სამსახურიდან აგდებდნენ, ან სცემდნენ თათუხაშვილის ხელის ბიჭები. ასეთი რამდენიმე ფაქტი მოხდა და მერე შეშინებული ხალხი ხმას ვერ იღებდა. კიდევ ერთი ფაქტი ის იყო, რომ სოროსის ფონდიდან გამოყოფილი 150 დოლარი ჩვენამდე არ მოდიოდა. მოიტანდნენ სარდლის ლაქიები უწყისს, ხელს მოგვაწერინებდნენ და მერე ფულს არ გვაძლევდნენ. დრო გადიოდა ამ უთავბოლობასა და უსამართლობაში, ხალხში უკმაყოფილების ტალღა ნელ-ნელა იზრდებოდა და ერთ დღესაც აზვირთდა.




ერთად შევიკრიბეთ უკმაყოფილო ხალხი, მოვითათბირეთ, რომ მივსულიყავით სარდალთან და ჩვენი უკმაყოფილების მიზეზი მოგვეხსენებია. სანამ ჩვენ მასთან მივიდოდით, მისმა ლაქიებმა: ზაზა ბიჩინაშვილმა, ზაზა ჩუტკერაშვილმა და სხვებმა მობილურით აცნობეს თათუხაშვილს, თითქოს ჩვენ ამბოხს ვაწყობდით და ჩვენი კანონიერი უფლებების დასაცავად მისულებს შეხვედრაზე უარი განგვიცხადა. მერე ამ საქმეს სხვა მიმართულება მისცეს. არ გამოიძიეს და ისე დაუწყეს ხალხს დასჯა. ზოგი გაათავისუფლეს სამსახურიდან და ზოგი ჩამოაქვეითეს, მე ასმეთაურობიდან _ ათმეთაურამდე. ლაქიები მომიჩინეს და მათი ჭკუით მაკონტროლებდნენ. იმას კი ვერ ხვდებოდნენ, რომ იქით ვაკონტროლებდი იმ ლაქიების მეშვეობით. ამდენი სისულელის ჩამდენი ადამიანი ლიდერი და ავტორიტეტი ვერაფრით ვერ გახდებოდა, ცხადია, და მისი შექმნილი სპეცდანიშნულების ბატალიონი ერთ წელიწადში დაიშალა.




აქვე უნდა აღვნიშნო, თუ როგორ მოხდა 2004 წელს ჩვენი სამაჩაბლოში შეყვანა. საერთოდ, თათუხაშვილის მოქმედების მეთოდი იყო ასეთი: გამოგვიძახებდნენ, ავისხამდით იარაღს, ჩავსხდებოდით მანქანებში და არ ვიცოდით, სად მივდიოდით. ასე მოხდა ჩვენი ცხინვალისკენ დაძვრაც. სოფელ ერედვის ზემოთ არის სოფელი არგვისი. ამ არგვისში შეიყვანეს ჩვენი მოიერიშე ასეული, რომელსაც იმ დროს უკვე ჩემ მაგივრად ზაზა ბიჩინაშვილი მეთაურობდა, გამთენიისას, 4 საათზე, 20 ივლისი იყო, როგორც მახსოვს. ჩამოგვსვეს ტრიალ მინდორზე, სადაც ქვაც არ ეგდო, რომ ამოვფარებოდით. არც ის ვიცოდით, რა ვითარება იყო და მოწინააღმდეგე სად იდგა. როგორც ირიჟრაჟა, ასე დაუგეგმავად და უთავბოლოდ აღმოვჩნდით ოსური ფორმირებების ცეცხლქვეშ. ისინი ტყეში იყვნენ, სანგრებში, ზემოთა მხარეს და ჩვენ ქვემოთ ტრიალ მინდორზე ყოველგვარი ამოფარების გარეშე. თავდასხმა და მოგერიება დაახლოებით სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. საბედნიეროდ, ჩვენი მხრიდან მსხვერპლი არ ყოფილა. ოთხი ჯარისკაცი დაგვეჭრა. იმათი მხრიდან 8 დაღუპული გაასვენეს. იმ დილით უფალმა გვიხსნა, თორემ ჩვენ ისეთი პოზიციები გვეკავა, რომ ოსების საფარიდან, უბრალოდ, შეიძლებოდა ჩვენი ამოხოცვა. ამას მოწმობს ის დაუგეგმავი ოპერაცია, რომელიც მაშინ გოგი თათუხაშვილის მეთაურობით განხორციელდა. თვეზე მეტხანს იმ ადგილზე ვიდექით, სადაც მერე ჩვენ გავთხარეთ სანგრები და მიწისქვეშა ბლინდაჟებიც გავაკეთეთ, მაგრამ მოწინააღმდეგეს მაინც ბევრად უკეთესი პოზიციები ეკავა. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ იქ, სადაც ჩვენ ვიდექით და ხშირად გვიწევდა მტერთან დაპირისპირება, სარდალი თათუხაშვილი და მაშინდელი ბატალიონის მეთაური დათო პაქსაშვილი ერთხელაც არ ამოსულან. აი, ეს არის ის, რაც ლიდერის თვისებებს ავლენს ან ცუდად, ან კარგად. ერთი თვის შემდეგ ჩვენ შეგვცვალეს თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბატალიონის მებრძოლებმა. ერთი სიტყვით, სამხედრო ხელმძღვანელობის უნარი ნულზე იყო დასული და ეს მათ ცოდნასა და ვაჟკაცობაზე აისახებოდა.




ისმის კითხვა: შესაძლებელია თუ არა ადამიანი იყოს მეთაური, თუ მას თავისი ქმედების მორალური და ეთიკური შედეგები არ აინტერესებს?




ძველი ბერძნები ცდილობდნენ, ისე ჩამოეყალიბებიათ ძირითადი პრინციპები, რომ მათი გამოყენებით მეთაურს სწორად ემოქმედა. ისინი მკაცრად კი არ განსაზღვრავდნენ მოქმედების წესს, არამედ ცდილობდნენ, დაედგინათ სტანდარტი, როგორი უნდა ყოფილიყო მეთაური.



2008 წლის 1 თებერვალს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის სენაკის 213-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურად დავინიშნე. დეპარტამენტის უფროსი იყო პოლკოვნიკი დავით აფციაური, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ბრძოლებში დიდად გამოცდილი პიროვნება გახლდათ და მებრძოლებში კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა. იმ დროს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო. საერთოდ, «ვარდების რევოლუციის» შემდეგ მოსულ ხელისუფლებას ასეთი ზნე დასჩემდა, რაც უფრო დილეტანტია იმ საქმეში და რაც უფრო მეტად აქვს ხალხში ცუდი ავტორიტეტი, მით უფრო უნდა აამაღლონ ასეთი ადამიანი და რაც შეიძლება მაღალ პოსტზე წამოასკუპონ.




რაც შეეხება იმდროინდელ ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის განლაგებებს, სულ იყო 5 ბაზა: ორი _ დასავლეთ საქართველოში და სამი _ აღმოსავლეთ საქართველოში. ეროვნული გვარდიის ერთადერთი ფუნქცია-მოვალეობა რეზერვისტების გაწვევა და მომზადება იყო. თითოეულ რაიონში თითო ბატალიონი უნდა ყოფილიყო საბრძოლო მოქმედებების დროს ზურგის გასამაგრებლად. მომზადების დრო 18 დღე იყო. ამ 18 დღეში სამხედრო კომისარიატებიდან მოყვანილი სამოქალაქო პირები (რომელთა უდიდეს ნაწილს საერთოდ არ აინტერესებდა არანაირი სამხედრო მომზადება და არც სურვილი ჰქონდა, რომ სამშობლო დაეცვა, მაგრამ იძულებით და რაღაც პრობლემების შიშით მოდიოდა, რომ ეს 18 დღე როგორმე გაეყვანა და მერე შინ დაბრუნებულიყო) იმაშიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ომი არ დაიწყებოდა, თორემ საერთოდ არც მოვიდოდნენ. ჯარისკაცს 18 დღეში ნაბიჯით მწყობრად სიარულსაც ვერ შეასწავლი, არა თუ სამხედრო საქმეს. მაგრამ ეს მაშინ ვის აინტერესებდა! ათასნაირ სულელურ რეკლამებს უკეთებდნენ რეზერვისტებს და ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს რეზერვისტების იმედზე იყო მთელი საქართველო. 




რეზერვისტებად ისეთი ხალხი მოჰყავდათ, რომ სასაცილო იყო ხშირ შემთხვევაში. სენაკში ერთ რეზერვისტს კოღომ უკბინა და ამის გამო პანიკაში ჩავარდნილმა ხელმძღვანელობა აიძულა, რომ სასწრაფო დახმარება გამოეძახებიათ. არ იყო რეზერვისტების სამსახურის შესახებ შექმნილი კანონი. საერთოდ არანაირი წესდება არ არსებობდა, რომ ურჩებზე რამენაირი ბერკეტი გამოგვეყენებია. გარდა ამისა, რეზერვისტების ბატალიონების მეთაურები და შტაბის უფროსები _ თითქმის ყველანი ყოფილი კომისრები და მათი მოადგილეები იყვნენ. მათ სამხედრო საქმის არაფერი ესმოდათ და არც კარგი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. მათ არ იცოდნენ ელემენტარულად, როგორ უნდა ემართათ ხალხი. ამის გამოცდილება მთელი ცხოვრების მანძილზე კაბინეტებში ნაჯდომ კომისრებს არ ჰქონდათ, ამიტომ ხშირად რეზერვისტებსა და მეთაურებს შორის შეხლა-შემოხლა და ჩხუბი ხდებოდა. იყო კიდევ ერთი სულელური გამოგონილი სტრუქტურა: ბატალიონში შტატზე ირიცხებოდა 5 სამხედრო მოსამსახურე _ ბატალიონის მეთაური, შტაბის უფროსი, კადრებში სერჟანტი, ზურგში სერჟანტი და შეიარაღების სერჟანტი. ბატალიონში იყო 5 ასეული. ასეულის, ოცეულისა და ათეულის მეთაურები იყვნენ თვით რეზერვისტებიდან შერჩეულები, რომელთაც აღმოაჩნდებოდა ლიდერის თვისებები. ასეთი სისულელეების გამოგონება მხოლოდ საქართველოში ხდება.




ვინც ჯარში არ ყოფილა, შეუძლებელია 18 დღეში შეისწავლოს იარაღი, ტაქტიკა, საცეცხლე, ტოპოგრაფია, სამწყობრო და კიდევ ბევრი რამ, რომელთა ჩამოთვლას აზრი არ აქვს. მიუხედავად ამისა, საკვირველი ის იყო, რომ რეზერვისტებს ბევრად უკეთეს პირობებში უხდებოდათ ყოფნა, ვიდრე ნამდვილ ჯარისკაცებს. ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი დამღუპველი და უაზრო პროექტი, რომელმაც დიდი დაღი დაასვა საქართველოს.




რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს სამდღიან ომს და როგორ შევხვდით სენაკში ამ სამარცხვინო სიტუაციას: 6 აგვისტოს ჩემი ბატალიონით გამომაგზავნეს მუხროვანისკენ ბატალიონის მომზადების მიზნით. იმ დღეს ქუთაისამდე ჩამოვაღწიეთ და ქუთაისის მე-3 ბრიგადაში დავრჩით. შუაღამე იქნებოდა, რომ განგაში გამოაცხადეს. ჯარი აყარეს და საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანეს. როგორც გავარკვიეთ, ცხინვალში ომი დაიწყო და ჩვენი ჯარები უტევდნენ.




ჩვენ უკან დაბრუნების ბრძანება მივიღეთ და დილის 5 საათზე სენაკისკენ წავედით. სენაკის ბაზაზე რომ შევედით, არეული სიტუაცია დაგვხვდა. მობილიზაცია გამოცხადებული იყო და რეზერვისტები მოჰყავდათ რაიონებიდან ავტობუსებით. რეზერვისტების 5 ბატალიონის მიღებას, ჩაცმასა და იარაღის დარიგებას ღამის 11 საათამდე მოვუნდით. ერთი ბატალიონი, ბრძანებისამებრ, ცხინვალისკენ დაიძრა ყვითელი ავტობუსებით. ბატალიონს მეთაურობდა ვიცე-პოლკოვნიკი ნუკრი აბულაძე. ეს ბატალიონი ზუგდიდის რაიონის იყო. ორი ბატალიონი ბაზიდან კიდევ გავიდა და ბაზის მახლობლად აეროპორტის ტერიტორიაზე დაბანაკდა.




ღამის 11 საათსა და 25 წუთზე ბაზას თვითმფრინავმა გადაუფრინა. 12 საათზე ბაზიდან ჩრდილოეთის მხარეს მდებარე გორაზე ორი მაშხალა ვნახეთ. ბიჭებმა თქვეს, ცხინვალი აიღეს ჩვენებმა და იმას აღნიშნავს ვიღაც იმ გორაზეო. იმ დროს ცხინვალის აღებისთვის სასიხარულო მაშხალებს იმ გორაზე ვინ გაუშვებდა. ეს იყო ნიშანი, რომ ბაზის დაბომბვის დრო დადგა. მაშხლების გაშვებიდან ზუსტად 20 წუთში თვითმფრინავის ხმა შემოგვესმა. ამ დროს ბაზაზე იმყოფებოდა დაახლოებით 2000 კაცი. მაშხალების გაშვების გამო და მანამდე, თვითმფრინავის გადაფრენის შემდეგ, გუმანით ვიგრძენი, რომ აუცილებლად დაგვარტყამდნენ. მანამდე ინფორმაცია გვქონდა, რომ დაბომბეს მარნეულის ბაზა, შემდეგ ვაზიანისა და გორის. ჩვენს ბაზას, რომელიც ყველაზე დიდი იყო მოცულობით და სტრატეგიულად ყველაზე საინტერესო, ვინ დატოვებდა. დარტყმის ტალღა ისეთი ძლიერი იყო, რომ იქით-აქეთ გაგვფანტა. ჭურვი აეროპორტის ტერიტორიაზე დაეცა. მივხვდი, რომ ბიჭები იქ იყვნენ და ცუდ დღეში ჩაცვივდებოდნენ. ბაზაზე მყოფი ხალხი დაფეთებული ყველა მხარეს გარბოდა... გარბოდნენ თავქუდმოგლეჯილები და იარაღსა და ტანსაცმელს გზადაგზა ყრიდნენ. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ სენაკის ბაზა ზედ ჭაობზეა აშენებული. საბჭოთა კავშირის დროს იქ საბჭოთა არმიის სამხედრო ნაწილი იდგა. იმ ღამით ბევრი ჭაობში ჩაცვივდა და მერე იქიდან ძლივს მოხერხდა მათი ამოყვანა. პირველი დაბომბვის შემდეგ, დაახლოებით 20 წუთში, თბილისიდან მეუღლემ დამირეკა, რა ხდება, რადიომ გადმოსცა, რომ სენაკის ბაზა დაბომბესო. მე ვუთხარი მშვიდობა არის-მეთქი, ამის თქმა ვერ მოვასწარი და მეორედ დაგვარტყეს და ძლიერმა ტალღამ კედელს მიმანარცხა. ტელეფონი ხელიდან გამივარდა და ცოტა ხნის შემდეგ ძლივს ვიპოვე. იმ ღამეს დაღუპულების რიცხვი 7-მდე ავიდა და 53 კაცი მძიმედ დაიჭრა. მთელი ღამე დაღუპულები და დაჭრილები გადაგვყავდა სენაკის საავადმყოფოში. გათენდა. ბაზაზე რამდენიმე კაციღა ვიყავით. ბაზის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ნუგზარ სუხაშვილი ძველი მეომარია, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ნაბრძოლი, და ბოლომდე ღირსეულად იდგა.




მეორე დილით დავიწყე დაყრილ-დაფანტული იარაღის მოგროვება, რასაც მთელი დღე მოვუნდი. «ჰაილუქსის» მანქანით გავიდოდი, ავავსებდი ქუჩებში და ჭაობში დაყრილი ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით მანქანას, შემოვიტანდი და პლაცზე დავყრიდი. ძალიან ბევრი იარაღი დაიკარგა საერთოდ. ზოგი ჭაობში ჩაიძირა და ზოგიც, ალბათ, ვიღაცამ ნახა და სახლში წაიღო. ოჯახების ჩხრეკას მაშინ ვინ დაიწყებდა. იმ დროს ველოდებოდით ხელმძღვანელობისგან მითითებებს, მაგრამ მათი მხრიდან არაფერი ისმოდა. ბაზა კი პერიოდულად იბომბებოდა, ანუ ბაზის მიმდებარე აეროპორტის ტერიტორია კიდევ რამდენჯერმე დაბომბეს და აეროპორტი საერთოდ მწყობრიდან გამოიყვანეს. ერთი პერიოდი ბაზის მეთაურს შევთავაზე, იარაღი ჩემს სოფელში, რომელიც ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ განაპირა მხარეს მდებარეობს, ჩემს სახლში დაემალათ, მაგრამ მეთაურმა ზემდგომების ნებართვის გარეშე ვერ გარისკა და მერე ისე მოხდა, რომ 2000-მდე ავტომატი და ტყვიამფრქვევი რუსების ხელში აღმოჩნდა. ჩვენ მოულოდნელად ჯერ აჭარაში ჩაგვიყვანეს ყვითელი ავტობუსებით, აჭარიდან კი _ ოზურგეთში, სადაც დავიშალეთ. სამხედრო ფორმა გამოგვაცვლევინეს და სამოქალაქო ტანსაცმლით სხვადასხვა მხარეს გაგვიშვეს. მე როგორღაც ხან ფეხით, ხან მანქანით და ბოლოს სატვირთო მანქანით თბილისში ჩამოვედი. ჩემი ოჯახი თბილისში მყავდა. ცოტა ხნის შემდეგ დაგვიკავშირდნენ და კოჯრის სამხედრო ბაზაზე შევიკრიბეთ. რუსულმა ვერტმფრენებმა იქაც მალე მოგვაგნეს და მერე ისევ ყვითელი ავტობუსებით თელავის ბაზაზე ჩაგვიყვანეს. ერთი სიტყვით, თავიდან ბოლომდე ყველაფერი კეთდებოდა გაუაზრებლად და უთავბოლოდ. ისიც უნდა ვთქვა, რომ ომის კვალი თბილისში და განსაკუთრებით კოჯრის გზებზე არსებულ რესტორნებში მოქეიფე ვითომ ქართველებს ნამდვილად არ ეტყობოდათ. ყველა რესტორანი გადაჭედილი იყო ხალხით და ხმამაღლა ჰქონდათ მუსიკა ჩართული. იმ დროს ცხინვალში დაღუპული ბიჭები ჯერ კიდევ გადმოსვენებული არ იყვნენ და, რომ არა უწმინდესისა და უნეტარესის მაშინდელი ძალისხმევა, ალბათ, სამუდამოდ იქ დარჩებოდნენ და საფლავიც არ ეღირსებოდათ. 



ჩვენი «სასიქადულო და საამაყო» მთავარსარდალი და მისი ამალა მთავრობის სახლთან ზეიმობდნენ, ომი მოვიგეთო. ალბათ, ომის მოგებას იმას ეძახდა მიხეილ სააკაშვილი, რომ გორში თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე მიწაზე სამარცხვინოდ ფორთხვის დროს ცხვირი არ აიგლიჯა.



ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ექცევა მეთაური ჯარისკაცებს. არ უნდა მოატყუო ჯარისკაცი, არ უნდა შეჰპირდე იმას, რისი გაკეთებაც მერე გაგიჭირდება ან სულ ვერ შეძლებ. მაგალითად, ავიღოთ ჩვენი, ანუ უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის კონტრაქტები დადებული თავდაცვის სამინისტროსთან. ამ კონტრაქტში წერია, რომ ოთხი წლის სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ დაგვაკმაყოფილებდნენ თბილისში ბინით. ეს კონტრაქტები დაიდო 2007 წელს, ოღონდ თავდაცვის სამინისტრომ ამ კონტრაქტს ხელი ერთი წელი არ მოაწერა. ერთი წლის შემდეგ, 2008 წლის ბოლოს, მოგვიტანეს ახალი კონტრაქტები და ხელახლა მოგვაწერინეს ხელი. კონტრაქტი დამტკიცებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 3 მაისის #221 ბრძანებით. ამ კონტრაქტს ხელი სამინისტროს მხრიდან მოეწერა 2009 წლის 14 იანვარს. ამ კონტრაქტში არის 5.1.9 მუხლი, რომელშიც წერია: სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ბინით, რომელიც მას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით, გადაეცემა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ.




ამ ვადის ამოწურვამდე, როგორც კი მიხვდნენ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები, რომ დადებული კონტრაქტი აუცილებლად უნდა შესრულებულიყო, რადგან ამ კონტრაქტის შეუსრულებლობას სერიოზული სკანდალი შეიძლებოდა მოჰყოლოდა, იოლ ხერხს მიმართეს: იმ ოფიცერთა ძირითადი ნაწილი, რომელთა ხასიათიც შესწავლილი ჰქონდათ და იცოდნენ, კონტრაქტში დაწერილი პირობების შესრულებას აუცილებლად მოითხოვდნენ, სხვადასხვა აბსურდული მიზეზით, სრულიად უდანაშაულონი, სამსახურიდან დაითხოვეს. იმ მცირე პროცენტს, რომლებიც ჯერ კიდევ შემოვრჩით სამხედრო სამსახურში, ჩვენგან დამოუკიდებლად და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, კონტრაქტები გაგვიუქმეს. ერთი სიტყვით, დღეს სამხედრო მოსამსახურე, მნიშვნელობა არა აქვს, ის ოფიცერია თუ რიგითი, ვინც არ არის თავდაცვის მინისტრის ახლობელი ან ნათესავი, იმყოფება მონურ მდგომარეობაში. არანაირ უსამართლობაზე არავინ ხმა არ უნდა ამოიღოს, თორემ უკეთეს შემთხვევაში დაკარგავს სამსახურს, უარეს შემთხვევაში _ ჩაუდებენ ან ნარკოტიკს, ან იარაღს და ციხეში გაუშვებენ. ასეთი შიშის, შეურაცხყოფის, დამცირების, ღირსების შელახვისა და ათასი უბედურების ატანით უწევთ დღეს სამხედრო მოსამსახურეებს სამსახურის გავლა. არავის უნდა ჯარში ყოფნა, ყველა გასაქცევადაა შემართული, მაგრამ ბანკებიდან აქვთ გამოტანილი კრედიტები და ამით არიან ამ სამსახურს იძულებით მიჯაჭვულები. ესეც ერთ-ერთი ფანდი იყო _ ბანკების მეშვეობით იძულებითი სამხედრო სამსახური. ეს არის ადამიანის აბუჩად აგდება.




(წყარო:"საქართველო და მსოფლიო", მაიზერ გელოვანი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე, თადარიგის კაპიტანი)

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016