კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორს პროგრამულად გაწერილ იმ პროექტებზე ესაუბრა, რომლის განხორციელება რეგიონალური განვითარების ფონდიდან 2015 წლიდან იგეგმება. რაიონს რეგიონალური განვითარების ფონდიდან 4 მლნ 700 ათასი ლარი ეკუთვნის, თუმცა წარდგენილი პროექტების ფასი 1 მლნ 200 ათასი ლარით მეტია.
თანხების ამ „ზედმეტობამ" სხვა რაიონების გამგებლების ირონია გამოიწვია. განსაკუთრებით, ქარელის გამგებლის. შეხვედრის დაწყებამდე გამგებლები ხუმრობდნენ კიდეც ერთმანეთში - „მაგ 130 %-ს დაგითვლიან და 30%-ზე ჩამოგიყვანენო". გოჩა გოჩიტაშვილს იმედი აქვს, რომ ტენდერებში ეკონომია დარჩება და დარჩენილი თანხით „ზედმეტ" პროექტებს განახორციელებს.
ერთი სიტყვით, კასპის გამგებლისთვის პრიორიტეტია საკანალიზაიციო სისტემა კასპში, ასევე ნიგოზა-ჩობალაურის სასმელი წყლის პროექტი. ამ ეტაპზე ამ სოფლებში წყალს კვლავ ცისტერნებით ეზიდებიან: „ვიდრე ამ პროექტს არ განახორციელებ, მანამდე მოგიწევს ზიდვა", - უთხრეს გოჩა გოჩიტაშვილს.
კასპის გამგებელმა პრიორიტეტების ნუსხაში მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მდებარე სოფლების საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროექტები შეიტანა. მართალია, 2014 წელს გარკვეული სამუშაოები ჩატარდა ამ ზონების მიხედვით, თუმცა სველი წერტილები ბევრ ადგილზე გასარემონტებელი დარჩათ. მომავალ 2015 წელს კი დარჩენილი ობიექტებიც დასრულდებაო.
პროექტების ჩამონათვალში მდინარე თეძამზე სამი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი მოხვდა.. ამ ხიდის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სიუჟეტიც კი აქვს მომზადებული. ხიდის პრობლემა თვით კასპშიც აღმოჩნდა, სადაც მხოლოდ ერთ მანქანას შეუძლია გავლა. აპირებენ ამ ხიდის გაფართოებას.
რეგიონალური განვითარების ფონდის თანხებით კასპის მუნიციპალიტეტი თელიანი-სასირეთის გზის მოასფალტებასაც გეგმავს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, სარაინოთაშორისო გზის პარალელურად მდებარეობს. „ეს გზა თუ გაკეთდა, ჩათვალეთ, რომ გორი-კასპის შემოვლითი გზა 15 კმ-ით შემცირდება", - ამბობს გოჩა გოჩიტაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქართლის გუბერნატორის თავმჯდომარეობით შექმნილ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლებმა ის პროექტები წარადგინეს, რომლის დაფინანსებას რეგიონალური განვითარების ფონდის თანხებით ცდილობენ. შემაჯამებელ სხდომაზე ყველაზე მაღალ „რეიტინგული" საკითხები განიხილეს. სარეიტინგო ქულები საერთაშორისო ორგანიზაცია „GIZ"-ის სტანდარტებით შედგა. რეგიონალური განვითარების ფონდი თითო რაიონში იმ პროექტს დააფინანსებს, რომლის რეიტინგი 100-ბალიან სისტემაში ყველაზე მაღალი იქნება.
სამუშაო შეხვედრას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ესწრებოდა. აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლებს პროექტები წერილობით უნდა წარედგინათ. დოკუმენტებში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს პრობლემების, სამუშაოების განხორციელების გზების და მოსალოდნელი შედეგების აღწერა დეტალურად ევალებოდათ.
წარდგენილ პროექტებზე კი, იქ მითითებული მონაცემების მიხედვით, ფონდის წარმომადგენლებს ქულების მინიჭება ევალებათ. შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის განცხადებით, ეს ის პრობლემებია, რომელთა გადაჭრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები საკუთარი ბიუჯეტით ვერ შეძლებს.
(წყარო:qartli.ge)