reportiori.ge - ულტრაპასების მქონე ყიფიანი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:25
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ულტრაპასების მქონე ყიფიანი
ავტორი:
30 დეკემბერი, 2014. 11:41



"ხშირად ღალატობდა იღბალი"


ერთადერთხელ შევხვდი, არადა, ბავშვობიდან მეოცნებებოდა, ახლოს მენახა, დავლაპარაკებოდი ან თვითონ ეთქვა რამე...


იმ ერთხელაც მასზე არ გვილაპარაკია. ახალბედა ჟურნალისტი ქართული ფეხბურთის მეფეზე, მიხეილ მესხზე სასაუბროდ ვეწვიე "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე. ჩვეულებრივად შემხვდა, თავაზიანად, ჩემს გულს კი ბაგაბუგი გაუდიოდა და, მგონი, ხმაც მიკანკალებდა. ინტერვიუ მალევე დამისრულა, სკამიდან არც წამომდგარა, კვლავ თავაზიანად დამემშვიდობა და მაგიდაზე გაბნეულ ფურცლებში ჩარგო თავი. წამოდგომისას შევბედე და... იცით, ამ დღეზე ვოცნებობდი-მეთქი. გაკვირვებით ამომხედა, მე კი თვალის დახამხამებში ყველაფერი ვუთხარი, რასაც მასზე ვფიქრობდი. სახე გაუბრწყინდა და როდესაც ავტოგრაფი ვთხოვე, წამში ამოიღო უჯრიდან თავისი სავიზიტო ბარათი, ულამაზესი კალიგრაფიით წამიწერა და მომაწოდა. მერე კარამდე გამომაცილა და გულთბილად გამომემშვიდობა. მას მერე აღარ შევხვედრივართ, ის ავტოგრაფი კი ჩემს ცრემლებთან ერთად დაკარგულ ჩანთას "გაჰყვა"...



აი, ეს პატარა მოგონება მაკავშირებს ჩემს იმჟამინდელ კერპთან და უდიდეს ფეხბურთელთან, დავით ყიფიანთან, რომელსაც თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი გუნდის "აზრსა და ტვინს", სხვები კი დირიჟორს უწოდებდნენ.


დავით ყიფიანს 18 ივნისს 60 წელი შეუსრულდებოდა.


სტატიის წერა რომ დავიწყე, საოცარი დამთხვევები აღმოვაჩინე (ალბათ, პირველი არ ვარ): თბილისის "დინამოში" 40 წლის წინ, 1971 წელს დაუწყია თამაში; ევროპის თასების მფლობელთა თასით მსოფლიომ, ფაქტობრივად, 30 წლის წინ, 1981 წელს გაიცნო; 50 წლის წინ, 2001 წელს დაიღუპა; 2011 წლის 18 ივნისს კი 60 წლის გახდებოდა...



დავით ყიფიანზე ამომწურავთან მიახლოებულადაც ვერაფერს დავწერ, მაგრამ ლეგენდარული თბილისის "დინამოს" არქივიდან, რომელსაც ბავშვობიდან ვქმნიდი, მერე კი, ჟურნალისტობის დროიდან, საკუთარი ინტერვიუებით შევავსე, საინტერესო ამბებს, მოგონებებსა და აზრებს შემოგთავაზებთ და ვეცდები, "ჩემეული" დავით ყიფიანი დაგანახვოთ. ვეცდები... 




ლევან ყიფიანი, დავით ყიფიანის უფროსი ვაჟი:



- დავით ყიფიანის შვილობა დღესაც წინ მხვდება. დღესაც, მამის სიყვარულით, ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ლოცავს ჩვენს გვარს... მამა ოჯახში თითქოს სტუმარივით იყო, მე და ჩემი ძმა ნიკა კი - მუდამ მის მოლოდინში. შემოირბენდა და გაფართოებული თვალებით ვაკვირდებოდი მის ყველა მოძრაობას, სიტყვას. და მაინც - შინ ჩვეულებრივი მამა იყო, ჩვეულებრივი ვალდებულებებით, გაკვეთილების ჩაბარებას ვგულისხმობ. მაგრამ... ვერასდროს ვაბარებდი - მამასთან ვმუნჯდებოდი. არადა, გაკვეთილი ყოველთვის მომზადებული მქონდა. შიშის გამო-მეთქი, - ვერ ვიტყვი. ალბათ, მერიდებოდა. მამა ყველაფერში ერკვეოდა, ყველაფერზე ჰქონდა პასუხი. ძალიან უყვარდა მუსიკა. მახსოვს, უცხოეთიდან "პრაიგრივატელი" და მოდური ფირფიტები ჩამოიტანა, განსაკუთრებით ბარი უაითის ჩანაწერები დამამახსოვრდა. კიევის "დინამოს" ცნობილმა ფეხბურთელებმა - ოლეგ ბლოხინმა და ვლადიმერ ბესონოვმაც ჩამოუტანეს ჩანაწერები და ბოლოს საუკეთესო კოლექცია შექმნა. კლასიკასაც უსმენდა. ძალიან მეგობრობდა ლექსო თორაძესთან. მე და ნიკუშა ვარჯიშზეც ხშირად დავყავდით. ჩვენთვის საოცნებო სამყარო იყო "დინამოს" საწვრთნელი ბაზა, იქაურ სასადილოსაც კი ზღაპრულ ადგილად აღვიქვამდით. ყველა გვეფერებოდა, მაგრამ მაინც მორიდებულები ვიყავით - ეს მამის "ბრალიც" იყო, დედისაც და არაჩვეულებრივი ოჯახისაც, სადაც გავიზარდეთ... თვალში საცემი იყო მამის თვისებები - ძლიერი ნებისყოფა და დისციპლინა, რაც ძალიან მომწონდა და, შეძლებისდაგვარად, ცხოვრებაშიც გამოვიყენე - თამაშის წინ ხშირად იკრიბებოდნენ ჩვენთან სტუმრები, სუფრაც იშლებოდა, მაგრამ 11 საათის შესრულებისთანავე მამა ყველას მოუბოდიშებდა ხოლმე და დასაძინებლად მიდიოდა, სტუმრები კი მოლხენას განაგრძობდნენ.



დავით ყიფიანი გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდას" კორესპონდენტ ვ. ბაიბურთთან ინტერვიუში ჰყვება: "მეც სხვა ბავშვებივით დავდევდი ეზოში ბურთს და ამბობენ, არცთუ ურიგოდ. 13 წლისა მამამ საფეხბურთო ტრადიციებით სახელგანთქმულ თბილისის 35-ე სკოლაში მიმიყვანა. 6 წელიწადს ვვარჯიშობდი ბორის ჭელიძესთან და სწორედ მას ვუმადლი ყველაფერს, რასაც დღეს ფეხბურთში ვაკეთებ. შემდეგ თბილისის "ლოკომოტივში" დავიწყე თამაში, 1971 წლიდან კი თბილისის "დინამოში" ვარ... მიყვარს მუსიკა, ლიტერატურა. ძალიან კარგი ბიბლიოთეკა მაქვს. ბავშვობაში დედა მაძალებდა ინგლისურის შესწავლას. დღეს თავისუფლად ვლაპარაკობ შექსპირის ენაზე, ორიგინალში ვკითხულობ ინგლისელი მწერლების ნაწარმოებებს და გვიან მივხვდი, რა მნიშვნელოვანია, როდესაც მშობლებს უჯერებ".



ლევან ყიფიანი:


- პირველად სიგარეტით რომ დავინახე მამა, გავოგნდი, საშინელებად აღვიქვი - მივხვდი, რაღაც ახალი ეტაპი იწყებოდა მის ცხოვრებაში და მალე დაანება კიდეც თამაშს თავი. 11-12 წლისა ვიყავი, მაგრამ ვერაფერს ვეტყოდი. არადა, დღეს დაახლოებით ამ ასაკისაა ჩემი უმცროსი ვაჟი - ზუკა და ძალიან ვძმაკაცობთ. მამა და მე კი, მაგ ასაკში, ნამდვილად არ ვყოფილვართ ძმაკაცები. ჩვენ მოგვიანებით დავმეგობრდით, მას შემდეგ, რაც შვილი შემეძინა. უკვე შეკამათებასაც კი ვუბედავდი... მახსოვს, მენისკის ოპერაციის შემდეგ, უცხოეთიდან დაბრუნებული კვლავ "დინამოში" რომ მოვხვდი, სულ ვეკამათებოდი: რატომ მჩაგრავ, შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას არ მაძლევ-მეთქი. მერე მივხვდი, რომ მართალი იყო: სხვაზე ორჯერ ძლიერი მაინც უნდა ვყოფილიყავი, ჩემთვის მეტი გასაქანი რომ მოეცა. იმხანად კი ნერვიულობისგან ღამეებს ვათენებდი. საბოლოოდ, ისევ მამის ლაპარაკმა გადამაწყვეტინა საფეხბურთო კარიერის მიტოვება... საუბედუროდ, ჩვენმა სიახლოვემ დიდხანს არ გასტანა - მამა ძალიან მალე, 50 წლისა გარდაიცვალა.



დავით ყიფიანი ჟურნალ "დროშის" კორესპონდენტ ოთარ გაგუასთან ინტერვიუში ამბობს: "ფეხბურთი ბუნებით მომადლებული ნიჭია, შთაგონებაა. მეტად მძიმე, მართლაც ტიტანური შრომაა. ვარჯიში ქარსა თუ წვიმაში, ტრავმები, მოგზაურობა, ცოლ-შვილთან დაშორების სინანული, უძილო ღამეები, წაგებული მატჩის მღელვარება და განცდები. ეს მხოლოდ მათი ხვედრია, ვინც უზომოდაა ამ საქმეზე შეყვარებული..."



მასვე უთქვამს, - ნამდვილი ოსტატი რომ გახდე, ყველაფერი უნდა შესწირო ფეხბურთსო... დავით ყიფიანისთვის ათასნაირ ეპითეტს იგონებდნენ ქართველები, რუსები, ფრანგები, გერმანელები, ჰოლანდიელები და კიდევ - ვინ აღარ: "ულტრაპასების მქონე ყიფიანი", "ყიფიანი ადამიანი-ორკესტრი და მოედანზე ყოვლისშემძლეა", "ყველაფერი ყიფიანის ირგვლივ ბრუნავს", "ბურთს ჟონგლიორივით ფლობს. ევროპის მასშტაბის სუპერვარსკვლავია. თითოეული ნაბიჯი გამოზომილი აქვს, თითქოს მტკაველ-მტკაველ შეუსწავლია მთელი მინდორი და ალბათ ერთი ბოლოდან ჩამოწოდებულ ბურთს თვალახვეულიც დაუსვამს ფეხზე ნებისმიერ მოთამაშეს (თანაც აუცილებლად მარჯვენა ფეხზე)"...



ლევან ყიფიანს რომ ვკითხე: ნუთუ ერთხელ მაინც არ გამოგსვლიათ მამის დარი ილეთი ან პასი-მეთქი? - მიპასუხა:



- 1990 წელს, პირველი ეროვნული ჩემპიონატის ბოლოს, "შევარდენი 1906"-ში თამაშისას სეზონის საუკეთესო ბურთი გავუტანე თბილისის "დინამოს", რომელსაც დავით ყიფიანი წვრთნიდა: ცენტრიდან წამოვიღე ბურთი, 4-5 კაცი მოვატყუე, მარადონას სტილში დავტრიალდი და მეკარეს შევუგდე. ბედის ირონიაა, არა? მახსოვს, მამამ "მკაცრად" შემაფასა: არ იცი, ვის უნდა გაუტანო ბურთიო? თავდაპირველად შევცბი კიდეც, მაგრამ მერე, - ყოჩაღო, - მოაყოლა და მივხვდი, მართლა ფასეული რამ გავაკეთე...



დავით ყიფიანს ლექსებსაც ხშირად უწერდნენ და ფუნაგორიებსაც. მილანის "ინტერნაციონალესთან" თამაშის წინ (ის თამაში "დინამომ" მოიგო) დაუწერეს:

"დღეს მეკარეს "ინტერისას" რაც მოუვა დავითაო,

ყველა შენი ფეხითა და ყველა შენი თავითაო!"

ალმაზონ თავაძე უწერდა ხშირად სალაღობოებს:

"ბურთს რომ მიიღებ, იმწამსვე ატყდება ბრძოლის ქარბუქი,

ამის მოწმეა მილანი, ლივერპული და ჰამბურგი!" ან

"ახალი რაღა გისურვო, შესძარი ცა და ხმელეთი,

შენს ხსენებაზე მეტოქეს მოუდის ელეთმელეთი.

წლები, ტრავმები, მსაჯები რადგან ვერაფერს ვერ გაკლებს,

კვლავ ველით შენი ხელწერით ფეხბურთის ახალ სპექტაკლებს"...

"დინამოელთა" ჩემეული არქივიდან სათუთად შენახული გაზეთის ამონაჭერი ამოვაძვრე - "საქინფორმის" კორესპონდენტის, ი. გორელოვის სტატია - "მიხაკები სინიორა ყიფიანისთვის":



"დავით ყიფიანის სახელი ის ჯადოსნური პაროლი აღმოჩნდა, რომელმაც ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატამდე დიდი ხნით ადრე ესპანეთის ქალაქ მალაგაში საბჭოთა ტურისტებს კარი გაუღო", - თურმე ყველას სურდა, ენახა ნაგებობა, სადაც საბჭოთა კავშირის ნაკრებს უნდა ეთამაშა, მაგრამ სტადიონის მონახულება არ შედიოდა ტურისტული მოგზაურობის პროგრამაში. ამასთან, იქ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა... თუმცა ავტობუსის მძღოლს, რომელსაც მარშრუტიდან გადახვევა სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა, ერთ-ერთი ტურისტი მანდილოსნის სურვილი მაინც დაუკმაყოფილებია. ეს მანდილოსანი დავით ყიფიანის დედა - ქალბატონი ციალა შურღაია ყოფილა:



"ო, ყიფიანი! - წამოიძახა მძღოლმა და უყოყმანოდ გააქროლა ავტობუსი სტადიონისკენ. რას ნიშნავდა ეს ნაბიჯი, ტურისტებმა მაშინ გაიგეს, როცა ავტობუსს - პოლიციის მანქანა დაედევნა, პოლიციის მანქანას - ადგილობრივი ტურისტული ფირმის ხელმძღვანელთა ავტომობილი. მაგრამ მათთვისაც პაროლი "ყიფიანი" ჯადოსნური აღმოჩნდა: პოლიციელებს მრისხანე სახეები გაუნათდათ, სიხარულს გამოხატავდა ტურიზმის ბიზნესმენთა ღიმილიც. სტადიონის ჭიშკარი ფართოდ გაიღო ქართველ ტურისტთა წინაშე..." ხოლო ესპანეთიდან შინ გამომგზავრებისას პირსზე შავი ლიმუზინით მიბრძანებულ ესპანეთის ტურისტული ფირმის წარმომადგენელს ცისფერი მიხაკების უშველებელი თაიგული საბჭოთა მეზღვაურებისთვის გადაუცია და უთხოვია, - ეს მიხაკები სენიორა ყიფიანს მიართვითო.



მსმენოდა, ფეხბურთელები ოჯახის განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევიანო. არადა, მახსოვს, რა აჟიოტაჟი მოჰყვა დავით ყიფიანის მეუღლესთან განშორებას და მეორედ დაქორწინებას. ლევან ყიფიანს მამის ამ გადაწყვეტილებაზეც ვკითხე:

- ჩვენი ოჯახიდან წასვლა და ახლის შექმნა მამის გადაწყვეტილება იყო და მოდი, მისადვე დარჩეს - მე ვერ განვსჯი. მშობელს ყველაფერი ეპატიება. იმ ახალი ოჯახიდან მყავს ძმა - გიორგი, რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს და, სხვათა შორის, გარეგნობით ყველაზე მეტად ჰგავს მამას. 



ბოლო ხანს ბევრს ნერვიულობდა, არადა, ხან გულმა შეაწუხა, ხან თავის ტრავმა მიიღო და ტრეპანაცია დასჭირდა და მეც გავცხარდი: მწვრთნელობას ხომ არ უნდა გადაჰყვე-მეთქი! - შენ ვერ მიხვდები, რა გრძნობაა, ფეხბურთს რომ თავს ანებებ. მე სულ იქ, მოედანთან ახლოს მინდა ყოფნაო, - მიპასუხა... რომ დასცლოდა, მწვრთნელობაშიც დიდ წარმატებას მიაღწევდა. ხშირად ღალატობდა იღბალი. ალბათ, ასეთი ბედისწერა ჰქონდა...



ჟურნალისტი - არჩილ გოგელია 1982 წელს გაზეთ "ლელოში" წერს: "დავით ყიფიანი ახალგაზრდა წავიდა ფეხბურთიდან, იმდენად ძლიერი, რომ შეეძლო ნებისმიერი რანგის შეჯიბრებაში კვლავინდებური ოსტატობით მოეხიბლა უამრავი მაყურებელი და გულშემატკივარი... მაგრამ ის ალბათ მაინც დროულად წავიდა დიდი ფეხბურთიდან, რადგან არასოდეს მოსვლია სერიოზული შეცდომა საფეხბურთო თუ ცხოვრებისეულ საკითხებში. ეტყობა, ასე იყო საჭირო... მაგრამ გული კი გვეუბნება, რომ დათო ნაადრევად წავიდა, მას კიდევ ბევრის, ძალზე ბევრის გაკეთება შეეძლო ჩვენი ფეხბურთისთვის..."



ჩემი მეგობარი გია გეგუჩაძე, საქართველოს წლევანდელი ჩემპიონის, "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი ძალიან მეგობრობდა დავით ყიფიანთან და პირად საუბარში ბევრ ამბავსაც იხსენებს ხოლმე, თუმცა პრესის ფურცლებზე, ტრადიციულად, ლაკონურია: "ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე დავით ყიფიანის გვერდით ვიქნებოდი, მასთან ერთად ვიმუშავებდი (თბილისის "დინამოში". - ავტ.), თუმცა ბავშვობიდან ვოცნებობდი მასთან ურთიერთობაზე. ყიფიანი პატარაობიდან ჩემი კერპი იყო და ასეთად დარჩება. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ის დიდი პიროვნება და დიდი კაცი იყო"...



ჩვენმა კოლეგამ და დავით ყიფიანის უახლოესმა მეგობარმა ბატონმა გია გორგოძემ შესანიშნავი წიგნი მიუძღვნა დავით ყიფიანს - "დღესასწაულის წადილი". როდესაც ლევან ყიფიანმა შეიტყო დაკარგული ავტოგრაფის ამბავი, სწორედ ეს წიგნი მისახსოვრა, ოღონდ, თავისი ავტოგრაფით და მინაწერით: დავით ყიფიანის ნიჭის დამფასებელსა და ფეხბურთის გულშემატკივარსო. უბედნიერესი ვარ, რომ ყიფიანის სამახსოვროდ ეს მაინც დამრჩა - წიგნი, სადაც ნამდვილ დავით ყიფიანს გაიცნობთ, იმას, ჯერ ცაში რომ აიყვანეს და იმავე ადამიანებმა მალევე ტალახიც რომ ესროლეს. სწორედ ისე, როგორც ხდება ხოლმე აქ, ჩვენთან, საქართველოში.



დავით მაღრაძის ლექსიდან "დათო ყიფიანს":

"...აქ ასპარეზად იჭვების

გაკიდულია მანდილი.

მთელი სიმკაცრით ისჯება

დღესასწაულის წადილი..."



ამიტომაც ამბობს გია გორგოძე: "ბოლო დროს მაინც ძალიან გაუჭირდა, იობის მოთმინებით ვეღარ იტანდა მისი პიროვნების მიმართ სხვადასხვა ჭიაღუისა და პირანიის შხამიან გამოხდომებს... როცა პანაშვიდებისთვის გასადიდებელ სურათებს ვარჩევდით, მაშინ აღმოვაჩინე, რომ ბოლო წლების ფოტოებზე საოცრად ნაღვლიანი თვალები ჰქონდა, ამოუხსნელი სევდა იდგა მის მზერაში..." და იქვე ამატებს: "იმ ავადმოსაგონარ 17 სექტემბერს დღევანდელმა უგმირო, ანთხეულმა საქართველომ ბოლომდე ვერ გაისიგრძეგანა მომხდარი უბედურება - დაჭიანებულ და დაბეჩავებულ ქვეყანას ჯილა მოუკვდა, კაცი სახელიანი და გულშიჩასაკრობი, ვინაც იმდენი დღესასწაული და გამარჯვების გემო გაგვასინჯა ქართველებს"...



"...უკვე ნიავი მიაქან-

მიმოაქანებს კიდობანს.

წყალზე დარწეულ კიდობანს

ეპოქა დაემშვიდობა".

(დ. მაღრაძე)



საოცარია: რა ადრეც წავიდა ფეხბურთიდან, ისევე ადრიანად დატოვა წუთისოფელი, არადა, 18 ივნისს მხოლოდ 60 წლის გახდებოდა! ღმერთმა გაანათლოს მისი სული!




(ჟურნალი "გზა", ირმა ხარშილაძე, 2011 წელი)





 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016