ბახმაროში ახალგაზრდები დაიკარგნენ. მათ გადასარჩენად ფართომაშტაბიანი სამაშველო ღონისძიებაა დაწყებული. არსებული ინფორმაციით 4 ახალგაზრდა ბახმაროს მთების დასალაშქრად ხულოს მუნიციპალიტეტიდან გადმოვიდნენ.
გვიან ღამით სამი მათგანი კონტაქტზე გამოვიდა. მათ დახმარება ითხოვეს. მათივე ცნობით ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი ზვავის ქვეშ მოყვა.
"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ოთხი ახალგაზრდა ხულოს მუნიციპალიტეტიდან გადმოდიოდა ბახმაროში. მათ შეექმნათ პრობლემა, რადგან ზვავი ჩამოწვა. სამმა ადამიანმა შეძლო, რომ მომთაბარეთა სახლამდე მიეღწიათ და იქ შეაფარეს თავი. ახალგაზრდებმა მოახერხეს სატელეფონო კონტაქტი. მათი თქმით, ერთი ახალგაზრდა ზვავში არის მოყოლილი. წუხელვე გავაგზავნეთ სამაშველო ჯგუფი გურიიდან და აჭარიდან, მაგრამ წუხელ ვერტმფრენის გამოყენება შეუძლებელი იყო და ეს მოხერხდა დღეს", - განაცხადა ირაკლი კუჭავამ.