reportiori.ge - ყაბარდოელი მოხალისეების ნაამბობი, ჟიული შარტავას მკვლელობის შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 18:42
პრეს-დაიჯესტი
ყაბარდოელი მოხალისეების ნაამბობი, ჟიული შარტავას მკვლელობის შესახებ
ავტორი:
03 იანვარი, 2015. 13:50



ერთ-ერთ ჩერქეზულ ფორუმზე იმ ყაბარდოელი მოხალისეების მონათხრობი გამოქვეყნდა, რომლებიც 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობის აღებაში მონაწილეობდნენ.



მოხალისეთა ნაამბობს ვინმე „ტამირი" გადმოსცემს, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ ისტორიის დეტალები პირველად ქვეყნდება. ამის საჭიროება კი იმიტომ დადგა, რომ აფხაზები, რომლებიც ქართულ-აფხაზური ომის ნებისმიერ ბრძოლასა და მცირე შეტაკებასაც კი დეტალურად აღწერენ გამოცემულ წიგნებსა და საგაზეთო პუბლიკაციებში, არაფერს ყვებიან კონკრეტულად იმაზე, თუ რა მოხდა 27 სექტემბერს მინისტრთა საბჭოსთან, როგორც აიღეს შენობა, როგორც გამოიყვანეს მძევლები და დახვრიტეს ისინი, მათ შორის, ჟიული შარტავა.



ამ თემაზე სხვადასხვა ვერსიები არსებობს, ამიტომ ძნელია, ცალსახად თქვა, რა მიზანი აქვს ამ ისტორიების დეტალურად აღწერას ყაბარდოელების მხრიდან, ისევე როგორც, ძნელია ამტკიცო „ტამირის" მოყოლილი ისტორიების ჭეშმარიტება, თუმცა ამბავი ინტერესსმოკლებული ნამდვილად არ არის, მით უფრო, რომ მასში, მოგვიანებით კი თავად ფორუმზე გამოქვეყნებულ კომენტარებში აშკარად სინანული იგრძნობა...



„ჩვენებმა გაათავისუფლეს მინისტრთა საბჭო" - აი, მოკლე ლაიტმოტივი ამ თემაზე არსებული ყველა აფხაზური პუბლიკაციისა. თითქოს, იქ არ ყოფილა საშინელი ბრძოლა, არ არსებობს არანაირი აღწერილობა მოვლენებისა..." - წერს „ტამირი" და ყაბარდოელი მოხალისეების ამბავს აღწერს:



იმ დღეს, 1993 წლის 27 სექტემბერს ყაბარდოელების ჯგუფი მუაედ შოროვის მეთაურობით, ისევე რიგორც აფხაზეთის არმიის სხვა დანაყოფები, შენობისაკენ მიიწევდნენ. დილით, ჯგუფს რაციით შეატყობინეს: „სამოცდამეჩვიდმეტე! წადით მინისტრთა საბჭოსთან. ის უკვე აღებულია."



როგორც ყაბარდოელი მოხალისეები ყვებიან, ამ სიხარულს მწუხარებაც ახლდა, რადგან მათ ვერ მიიღეს მთავარ მოვლენაში - მინისტრთა საბჭოს შენობის გათავისუფლებაში მონაწილეობა. ისინი, დაბნეულები, მშვიდად დაიძრნენ.



როცა შენობის მარჯვენა მხარეს მივიდნენ, გაუკვირდათ, რომ იქ ვერანაირი შტურმის კვალი ვერ შენიშნეს. ამ დროს ცენტრალური კორპუსის მაღალი სართულიდან მათ ცეცხლი გაუხსნეს. მათი მიმართულებით სროლა დაიწყეს მეორე სართულიდანაც.



ჯგუფის წევრები სხვადასხვა ადგილზე მიიმალნენ. გადაწყვიტეს რა, რომ მათ თავისიანები ესროდნენ, რადგან ქართველები ეგონათ, დაიწყეს აფხაზური დროშების ქნევა და ყვირილი: „აფსუა", მაგრამ სროლას БРДМ-2 დაემატა, რომელიც მანამდე გაყუჩებული იდგა იქვე შენობასთან. ცეცხლი შენობიდან უფრო ინტენსიური გახდა. ცხადი იყო: მინისტრთა საბჭო ჯერ აღებული არ არის, მას ქართული დანაყოფები იცავენ.



ჯგუფში შტურმისთვის გადაჯგუფება მოხდა. როგორც მოხალისეები იხსენებენ, გაუხარდათ კიდეც, რომ ამ შენობას ყაბარდოელები აიღებდნენ.



„მოკლე ვიოდეოჩანაწერში, რომელიც საბჭოს შენობის მარჯვნივ მდგარი შენობის ფანჯრიდან შტურმამდე 4 წუთით ადრეა გადაღებული, ჩანს, რომ ყაბარდოელების მეთაური უჩვენებს შენობაზე, რომელზეც შტურმი უნდა მიიტანონ.  ამ კადრებზე სხვა არავინ ჩანს, მით უმეტეს, არავინ ახორციელებს შტურმს ყაბარდოელებზე ადრე" - აღნიშნავს „ტამირი."



შტურმი დაიწყო შენობის მარჯვენა მხარიდან. ყაბარდოელ მოხალისეებს ზედა სართულებიდან ესროდნენ.



ყაბარდოელებს ზურგი გაუმაგრა ბაგრამიანის ბატალიონმა, ასევე საზენიტო დანადგარმა ЗУ-23-2. არტურ კარმოკოვი გამოიქცა ღია ადგილზე, БРДМ-ს РПГ-7-დან ესროლა, მაგრამ ამ დროს სნაიპერმა ყელში დაჭრა ზევიდან. 30 წუთის შემდეგ ბრძოლა უკვე იმაზე იყო, რომ არტური ცეცხლიდან გამოეყვანათ. როცა ეს მოხერხდა, ის სულტან ალაკაევმა სანიტარულ ნაწილში წაიყვანა. მაგრამ კარმოკოვი დაიღუპა. ეს ჯგუფს რაციით შეატყობინეს.



ამ დროს ახმედ პშეუნოვმა და მუაედ შოროვმა მოახერხეს მოედნის იქით მყოფ აფხაზურ ქვედანაყოფებამდე მისვლა და მოითხოვეს შტურმს ისინიც შერთებოდნენ. მაგრამ მათ მხარი არ დაუჭირეს. მაშინ ყაბარდოელები თავის ჯგუფთან დაბრუნდნენ.



შტურმი ახალი ძალით განახლდა. მას შემდეგ, რაც კარმოკოვის სიკვდილი შიტყვეს, ყაბარდოელებს შენობა აღარ ენანებოდათ. გამოიყენეს „Шмель", რომელიც მანამდე არ გამოუყენებიათ, რადგან შენობების დანგრევას ერიდებოდნენ.



მოახერხეს დაეკავებინათ მარჯვენა ნაწილი. მოწინააღმდეგეგ ნელ-ნელა გადადიოდა მარცხენა ფლანგში და იქიდან ისროდა. იქვე გამოჩნდა აფხაზური ტანკი, საიდანაც რამდენჯერმე გაისროლეს შენობის მიმართულებითაც, მაგამ ტანკი მალევე წავიდა, რადგან ზევიდან შეიძლება აეფეთქებინათ.



შენობაზე შეტევიდან 4.30 საათის შემდეგ, მეორე სართულის ფანჯრიდან, თეთრი ნაჭერი გადმოაგდეს. ნელ-ნელა ცეცხლი ორივე მხრიდან ჩაცხრა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი იქიდან გამოვიდა ფორმიანი კაცი - იარაღის გარეშე  და თეთრი ნაჭრით.



მან ყაბარდოელებს გადასცა ჟიული შარტავას წინადადება - მიეცათ მათთვის კორიდორი, რომლითაც ისინი მაშინვე გავიდოდნენ ქალაქიდან. თუმცა მას უპასუხეს, რომ  მისაღებია მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება: ცოცხლად დარჩენილები ტყვედ ჩაბარდებიან, დაჭრილებს კი დახმარებას აღმოუჩენდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში 15 წუთის შემდეგ შტურმი განახლდებოდა და მათ გაანადგურებდნენ.



15 წუთის შემდეგ ისევ ის ადამინი გამოვიდა თეთრი დროშით და თქვა, რომ შარტავა მხოლოდ ყაბარდოელებს ჩაბარდებოდა. მოხალისეებმა ჩაიცინეს  და თქვეს, რომ მინისტრთა საბჭოზე შტურმს მხოლოდ ყაბარდოელები ახორციელებდნენ.



როცა მოხალისეები იმ კაცთან ერთად მეორე სართლზე ავიდენენ, იქ 25 ადამიანი დახვდათ. ყველა ერთ ოთახში. ქართველმა სპერაზმელებმა და მთავრობის წევრებმა იარაღი და ამუნიცია იატაკზე დააწყვეს.



„ვინ არის აქ შარტავა? იკითხა შოროვმა. მან უპასუხა. „თქვენ დაპატიმრებული ხართ." ჟიული შარტავამ ყაბარდოელს სთხოვა თავი წარედგინა, - ვის აჰყავდა ტყვედ. „ჯგუფის მეთაური, აფხაზეთის არმიის მაიორი შოროვი". შარტავამ მისცა თავისი იარაღი - გენერლის ვერცხლისფერი პისტოლეტი და მოკლე ავტომატი, ასევე პარლამენტარობის დამადასტურებელი მოწმობა.



აზამატ ხაგაჟეევს კი თავისი მოწმობა მისცა სოხუმის მერმა გურამ გაბისკირიამ. ეს დოკუმენტები, როგორც ისტორიული, ყაბარდო-ბალყარელთა აფხაზი მოხალისეების კავშირში ინახება.



შარტავამ ჩაწერა თავის ბლოკნოტში, ვინ და როგორ დააპატიმრა.



როცა შენობაში მყოფნი განაიარაღეს, მოხალისეებმა ოთახის კუთხეში დაინახეს სპეცრაზმელი „ლიმონკით" და ჯვრით ხელში.  მისთვის სროლა ყველას რისკის ქვეშ დაყენებას ნიშნავდა. შიხალიევმა, შოროვმა, ხაგაჟეევმა, პშეუნოვმა და ტემირკანოვმა დაიწყეს მასთან საუბარი და არწმუნებდნენ, არ საბედისწეროდარ მოქცეულიყო. როცა გაირკვა, რომ ის „ავღანელია", მოლაპარაკებაში ჩაერთო ავღანეთის ვეტერანი ასლან ბალკაროვი. მერაბს - ასე ეძახდნენ სპეცრაზმელს, ეუბნებოდნენ, რომ ომი დამთავრდა, მას სიტყვა მისცეს, რომ დაუტოვებდნენ იარაღს, როგორც ღირსეულ ვაჟკაცს, თუ სიტყვას მისცემდა, რომ მას არ გამოიყენებდა. რაც ასეც მოხდა კიდეც.  მერაბმა მათ მისცა ფოტო, სადაც ის დგას თამაზ ნადარეიშვილთან და ქართველ გენერალთან ერთად.



დაიწყეს ტყვეების დაბლა ჩაყვანა. უცებ შარტავამ რადენჯერმე გაიმეორა: „მე ძალიან ბევრი ვიცი. დამიცავით  ...სგან (აქ მან დაასახელა მსხვილი აფხაზი ხელმძღვანელის გვარი, რომელიც ახლა ძალიან მაღალ პოსტს იკავებს აფხაზეთის მთავრობაში). ეს ძალიან სერიოზულია".



ხაგაჟეევმა და აბაევმა, რომლებიც ზევიდან ჩამოვიდნენ, თქვეს, რომ მაღლა ძალიან ბევრი მოკლული უკრაინელია. ამ ორმა მოხალისემ შენობაზე დაკიდა  ტყვიებით დაცხრილული ჩერქეზული და აფხაზური დროშები წარწერით: „ყაბარდოელთა ჯგუფი 27.09.1993".



შენობის მარცხენა ნაწილიდან დაიწყეს ტყვეების გამოყვანა. მოედანი მინისტრთა საბჭოსთან გაივსო ადამიანებით, რომლებიც ყვიროდნენ „გამარჯვება", „აიაირა" და ისროდნენ ჰაერში. ვერცერთი მათგანი ვერ ხვდებოდა, რომ შეიარაღებული ადამიანი რაიმე ამოსაცნობი ნიშნის გარეშე, - ესაა მერაბი, სპეცრაზმელი შენობიდან. და მასაც ეხვეოდნენ ყაბარდოელებთან ერთად.



ყაბარდოელი მოხალისეები არიდებდენ, იცავდნენ ტყვეებს, რომლებთანაც   პრეტენზიებით მიდიოდნენ ადამინები, რომლებსაც არაფერი ჰქონდათ საერთო მინისტრთა საბჭოს შენობის შტურმთან. ბრბოს დიდი ნაწილი ტყვეებთან მიმართებაში აგრესიულად იქცეოდა.



თუმცა, მოხალისეების თქმით, ქართველების თვალებში შიში არ ჩანდა.  მშვიდად იყვნენ  შარტავა და გაბისკირია.



მეჟაევი, შოროვი, ხაგაჟეევი, პშეუნოვი და სხვა მოხალისეები  ტყვეების გარშემო დადგნენ,  ყაბარდოელები უყვიროდნენ ბრბოს: რას აკეთებთ? ცხოველები ხართ? ერთ მომენტში, შოროვი, რომელიც ვიღაცას აგდებდა გაბისკირიასგან, პირდაპირ ვიდეოკამერაში ყვირის „სად იყავით „გმირებო" მანამდე, როცა შენობის შტურმი მიმდინარეობდა? რომელიღაც მოხალისემ ყაბარდოულად დაიყვირა, რომ ადიღები არ შერეოდნენ ამ ბრბოს.



ამ დროს ადამიანებმა, რომლებსაც შეხება არ ჰქონიათ შტურმთან, ჩამოხსნეს აფხაზური დროშა წარწერით „ყაბარდოელთა ჯგუფი და შეცვალეს სხვა დროშით. როგორ კიდებდნენ ახალ დროაშას, ამას ჟურნალსიეტები იღებდნენ.





ანზორ ტემირკანოვი გაიქცა მაღლა და ჩამოხსნა ჩერქეზული დროშა, რათა ისიც არ ჩამოეხსნათ სხვებს.



ამ დროს მოედნაზე მოკლეს 3 ტყვე. ვიღაცამ მოარბენინა „რაფი", რომელშიც შეყარა ტყვეები. შარტავას არ სურდა ყაბარდოელი მოხალისეების გარეშე დაეტოვებინა მოედანი. ხალხი „რაფს" გასვლის საშუალებას არ აძლევს. ყაბარდოელები ბრბოს ეწინააღმდგებიან, რაც კინაღამ შეტაკებაში არ გადაიზარდა, ჰაერში გაისროლეს, ბრბო გაიფანტა და „რაფიც" წავიდა.



გზაში ტყვეთა ჯგუფი დახვრიტეს. შარტავას შიში ახდა.



არძინბა საშინლად განრისხდა, როცა ეს გაიგო. მათ, განსაკუთრებით შარტავამ, ძალიან ბევრი იცოდა და ისინი მას ცოცხლები სჭირდებოდა.



ყაბარდოელთა ჯგუფმა კი ახალი ბრძანება მიიღო. მერაბი კი გაუშვეს. კითხვაზე, რატომ მანამდე არ დატოვეს მინისტრთა საბჭოს შენობა, მან უპასუხა, რომ  რაციით შეატყობინეს, რომ ბატონი შევარდნაძე გმირულად დაიღუპა, რომ საშველად მიდიოდა სატანკო ნაწილი, რომ მოფრინავდნენ თვითმფრინავები უკრაინული დესანტით, რომ ახალ ათონში ჩამოსვეს მსხვილი საზღვაო დესანტი. როცა გაიგეს, რომ ისინი  მიატოვეს და მოატყუეს, უკვე გვიანი იყო. მაშინ გადაწყვიტა კიდეც შარტავამ დანებება.



დამშვიდობებისას სადღეგრძელო შესვეს. მერაბმა არ დალია მტრის სადღეგრძელო და თქვა, რომ მხოლოდ ყაბარდოელებისას დალევს: სამწუხაროა, რომ ჩვენს მხარეზე არ იყავით, თქვა მან დამშვიდობებისას და დასძინა: „თქვენ ჯერ არ იცით, რა კაზ...ლებს დაუჭირეთ მხარი"...



ტყვეებისათვის სიცოცხლის შენარჩუნების შანსი არ იყო. მათ ორი ყაბარდოელი ახლდათ. ისინი ანქვაბის ბრძანებით აფხაზთა დიდმა ჯგუფმა გაიტაცა, რომლებმაც ავტომატები ყაბარდოელებსაც მიადეს, მძევლები გადაიყვანეს მანქანიდან და რკინიგზის ლიანდაგთან დაცხრილეს. არის ინფორმაცია, რომ იქ იყო თავად ანქვაბიც. ბოლოს მეთაური შოროვი ამბობდა, რომ ეს რომ სცოდნოდა, მთელი ყაბარდოელების ჯგუფი  გაყვებოდა ტყვეებს.



გაბისკირიასა და შარტავას დოკუმენტები ინახება ნალჩიკში, მუაედ შოროვის ძმასთან.




(წყარო: presa.ge, თეა ინასარიძე)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016