reportiori.ge - 90–იანების ძაღლები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:09
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
90–იანების ძაღლები
ავტორი:
05 იანვარი, 2015. 10:50


მახსენდება 90-იანების პირველი ნახევარი - განუწყვეტელი ომები, უშუქობა, უხელფასობა, ყინვა, პურის უშველებელი რიგები, ძარცვა-გლეჯა... ვისაც გვიცხოვრია მაშინ - გვახსოვს, ვერ წაშლი...



საერთოდ, მითი სოციალურ თანასწორობაზე სოციალისტურ საქართველოში მოკვდა 80-იანებში, ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის აღზევებამდე. საბჭოთა  საზოგადოება ყოველთვის (ხსენებულ პერიოდში კი განსაკუთრებით) იყო გაყოფილი მატერიალური ნიშნით. ძალიან სქემატურად ეს დაახლოებით ასე გამოიყურებოდა: იყვნენ შეძლებულები კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში (ცეკას წევრები, პროფესორ-აკადემიკოსები, წარმატებული ხელოვანები, მოწინავე მუშები, დოვლათიანი გლეხები და ა.შ.), უკანონოდ გამდიდრებულები (საქმოსნები, ვაჭრები, კომბინატორები, მექრთამე ჩინოვნიკები, მოსამართლეები თუ პარტმუშაკები და ა.შ.) და მოსახლეობის დანარჩენი, უდიდესი მასა - ხელფასიდან ხელფასამდე თავს ძლივს რომ იტანდა ხოლმე.



სოციალიზმიდან გამოსვლა (კარგი იყო ეს თუ ცუდი, სწორი თუ არასწორი, გამართლებული თუ გაუმართლებელი, ამას აქ არ ვიხილავ - ჩემი აზრით, ქვეყანას უბრალოდ სხვა გზა აღარ დარჩა) საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი, ადამიანის გონებისა და გულისთვის შეურაცმყოფელი რედაქციით ხდებოდა: არც ამის მიზეზებს - ობიექტურსა თუ სუბიექტურს - ვიხილავ ამჯერად. მაგრამ ჩვენში წყობის ტრანსფორმაციას თან ახლდა ერთი განსაკუთრებული ნიშანი, რომლის უნებურად გახსენებამ ახლა, სწორედ დღეს, აი ამ სტრიქონების დაწერა მაიძულა. ეს ნიშანი იყო - ძაღლები. პატრონიანი: ამაყი, ზვიადი, სეირნობისას ადამიანებს „ზემოდან" მედიდურად რომ შეჰყურებენ და ნელა, ღირსეულად მიყვებიან ქუჩაში პატრონს - და უპატრონო. უფრო სწორედ არა ტრადიცილულად უპატრონო, ლამის გაველურებული ქუჩის ძაღლები - ასეთები ყოველთვის მრავლად იყო და არის (და ეს ცალკე და მუდმივი თემაა, გადაუჭრელ პრობლემათა თაიგული - აბსტრაქტული ჰუმანიზმიდან საშიშ კბენა-ღრენამდე, ქალაქის დანაგვიანებიდან ცოფის „აკიდების" ხიფათამდე), არამედ უპატრონოდ მოულოდნელად, თავზარდამცემად ქცეულები, სახლიდან გამოგდებულები, ჯიშიანები, ანუ ისეთები, რომლებიც ერთი სოციალური წყობიდან მეორე წყობამდე ქვეყნის „გადაადგილებისას" გაღატაკებულმა თუ ვალებით „გაგუდულმა" პატრონებმა ერთ არცთუ მშვენიერ დღეს თბილი ბინებიდან პირდაპირ ქუჩაში მოისროლეს. გასაგებიც იყო რატომ - საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების გამოკვება უჭირდათ და რა დროს ძაღლი იყო. არაა ძნელი წარმოსადგენი თუ რანაირ სულიერ ტკივილს გრძნობდნენ ასეთ დროს თვით პატრონებიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ის უბედური ძაღლებიც, მაგრამ...

აი, ძაღლების სწორედ ეს კატეგორია გახლდათ ყველაზე საწყალი. საცოდაობა იყო ქუჩაში რომ გადაეყრებოდი კაცი - სავსებით შესაძლოა, მაშინ თავადაც არანაკლებ მშიერი იმ მშობლიური, ნაჩვევი კერიდან გაძევებულ და უბედურ დღეზე გაჩენილ ნაგაზზე, მაძებარზე, ბულდოგზე თუ სეტერზე.  



და ჩემთვის კი სწორედ ის დარჩა მეხსიერებაში იმ გარდამავალი ეპოქის წარუშლელ ნიშნად - ძაღლების კლასობრივი დაყოფა...



ისე, მჯერა, კაცობრიობას მაინც აქვს გადარჩენის მცირედი შანსი. მახსოვს, 2000-იანების დასაწყისში (ოდნავ გამოსწორებულ ვითარებაში), სულგუნის რიგში ვიდექი კეკელიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე. შემოდგომა თავდებოდა, საკმაოდ აცივებულიყო, თან დილაა, ციდან წვრილი წვიმა ცრის, თეთრწყაროდან მომავალი სულგუნის მანქანა კი ტრასაზეა, იგვიანებს, მაგრამ სხვა რა გზაა - ველით ხალხი. მოადგა ამ დროს ჩვენს აზელილ რიგს ნამდვილი ქუჩის ძაღლი - შავი, თითქმის ლეკვი, ცივა, შია, კანკალებს - და გვებლანდება ფეხებში, უნდა როგორმე რომ შეთბეს და გადაურჩეს გაყინვასა და სიკვდილს ამ სასტიკ სამყაროში.



მაშინ ერთი საშუალო ასაკის კარგად მოვლილი ქალბატონი - როგორ დავივიწყო ან დავუკარგო ამაგი - მცირედი შეყოყმანების შემდეგ იღებს ჩანთიდან მობილურს (მაშინ ჯერ კიდევ მოზრდილი მობილურები იყო ხმარებაში), ურეკავს ეგრევე რომელიღაც თავის ნაცნობს და ეუბნება:  ხომ გინდოდა ძაღლი, აი აქვეა, ჩემს გვერდით. ისეთი კარგია - ჩაკბიჩავ, და თუ გინდა სიკეთე გააკეთო, მოდი ახლავე შენი მანქანით და წაიყვანეო (ნუ, ეტყობა იმ, მეორეს, ჰქონდა ძაღლის მოვლის თავიც და შეძლებაც). ზოგმა შეიძლება არ დამიჯეროს, მაგრამ თხუთმეტიოდე წუთში მართლაც მობრძანდა ის, მეორე ქალი, ჩაისვა ეს ჩვენთან მოტმასნილი ცხოველი თავის თბილ მანქანაში და წაიყვანა ახალ ცხოვრებაში...

 აი, ეგაა, მე თუ კაცი მკითხავს, ძაღლის ბედი!






(წყარო: blogs.liberali.ge, ნინო ბექიშვილი)




 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016