reportiori.ge - რა ცვლილებები შევიდა ახალი წლიდან კანონში და რა უნდა ვიცოდეთ, 5 ათასი ლარით რომ არ დაგვაჯარიმონ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:47
პრეს-დაიჯესტი
რა ცვლილებები შევიდა ახალი წლიდან კანონში და რა უნდა ვიცოდეთ, 5 ათასი ლარით რომ არ დაგვაჯარიმონ?
ავტორი:
05 იანვარი, 2015. 16:16



2015 წლიდან საქართველოში, სხვადასხვა სფეროში, ახალ-ახალი აკრძალვები დაკანონდა. „ნარჩენების მართვის შესახებ კოდექსში" ცვლილებები შევიდა და ნაგვის გადაყრაზე ახალი ჯარიმები  დადგინდა. ვინც 2 კილოგრამამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გადააგდებს და ქუჩაში მიატოვებს, 80 ლარით დაჯარიმდება, საცხოვრებელი ადგილიდან ნაგვის გადაყრა 100 ლარია, თუ მანქანიდან გადააგდებ - 120 ლარი. თუკი იურიდიული პირი ახორციელებს ამ დარღვევას - 500 ლარი ჯარიმა. თუ თქვენმა ძაღლმა ქუჩაში მოისაქმა, ძაღლის ფეკალური მასის გამო, 50-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოგიწევთ. მოქალაქეთა მიერ ნაგვის ნარჩენების გადაყრაზე კონტროლი სამ სახელმწიფო სტრუქტურას დაევალა - ადგილობრივ თვითმმართველობებს, შს სამინისტროსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს. თუ ინსპექტორი წაასწრებს, დაუშვათ, მანქანიდან ნაგვის გადაგდების ფაქტს, შეადგენს შესაბამის ოქმს და დაჯარიმდება კანონდამრღვევი. თუ საპატრულო პოლიცია შეესწრება მსგავს ფაქტს, მას ექნება უფლებამოსილება, იგივე განახორციელოს. თუ მოქალაქე წინააღმდეგობას გაუწევს აღმასრულებელს და ოქმის დაწერაში ხელს შეუშლის, მაშინ 5 000 ლარით დაჯარიმდება.


ქათმის ნედლი ხორცი 2015 წლის პირველი იანვრიდან სავაჭრო დახლებზე რომ მოხვდეს, ამისთვის მას თან ვეტერინარული მოწმობა - ფორმა №2 უნდა ახლდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქათამი ისეთ სასაკლაოზე უნდა დაიკლას, სადაც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP -  Hazard Analysis and Critical Control Point) საწარმოო სისტემაა დანერგილი. ასეთი სასაკლაო საქართველოში მხოლოდ 2 კომპანიას აქვს: „ბიუ-ბიუს" მწარმოებელ ჩირინას და „კოდას". მცირე ფერმერებს, რომელთაც საოჯახო მეურნეობებში 200-დან 2000-მდე ფრთა ფრინველი ჰყავთ, სასაკლაოების არარსებობის გამო, შესაძლოა მეურნეობების გაუქმება მოუხდეთ. არა, მათ არავინ აძალებს ამ მეურნეობების გაუქმებას, მაგრამ სასაკლაოებზე ქათმის დაკვლა არცთუ იაფი იქნება და შესაძლოა, მცირე მეურნეობების მეპატრონეებმა ამ ხარჯს ვერ გაუძლონ, ამას ექსპერტები ვარაუდობენ. შესაბამისად, უნდა ველოდოთ ქათმის ხორცის გაძვირებასაც. აქვე გეტყვით, რომ 1-ლი იანვრიდან ჯიბე მწეველებსაც აეწვებათ. თამბაქოს ნაწარმზე გადასახადი გაიზარდა და შესაბამისად, მათზე ფასმაც მოიმატა. ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის განაკვეთი გაიზარდა 0.15 ლარით, უფილტრო სიგარეტზე, 20 ღერზე - 0.05 ლარით. გარდა ამისა, 2015 წლის პირველი ივლისიდან აქციზის გადასახადის „შერეული სისტემა" შემოდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 1-ლი ივლისიდან სიგარეტის ფასები კიდევ ერთხელ გადაიხედება და ზოგიერთ მათგანზე ფასი ისევ აიწევს. 


პირველი იანვრიდან ამოქმედებული რეგლამენტით ბიზნესოპერატორი ვალდებულია, აწარმოოს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული რძე და რძის ნაწარმი, ასევე რძის შემცველი პროდუქტი და ბაზარზე ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განათავსოს. ანუ ადამიანურ ენაზე ეს ნიშნავს, რომ რძემ, რძის ნაწარმმა და რძის შემცველმა პროდუქტებმა უნდა დააკმაყოფილოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უვნებლობის მოთხოვნები და ეტიკეტმა, აღწერილობამ და წარდგენამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი. 


კერძოდ, სურსათის ეტიკეტზე დასახელება - რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), ნაღები, არაჟანი, მაწონი, იოგურტი, კეფირი, კარაქი, ერბო, დო, ხაჭო, ყველი (სულგუნი), შესქელებული რძე, შრატი, რძის ცხიმი, კაზეინი, გაუწყლოებული რძის ცხიმი, კუმისი და სხვ. 


2015 წლიდან მაწონზეც ახალი რეგულაციები გავრცელდება. 


არ არის გამორიცხული მაწონი სუპერმარკეტების დახლებზე აღარ დაგხვდეთ, ეს იმაზეა დამოკიდებული დააკმაყოფილებენ თუ არა მაწვნის მწარმოებლები სტანდარტებს. 


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი რეგულაციების მიხედვით,   მაწონი მხოლოდ ნატურალური რძით და ადგილობრივი დედოთი უნდა დამზადდეს და არა მცენარეული ცხიმით. 


1-ლი მარტიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო ხდება. ამ დრომდე ძალაშია „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის ის პუნქტი, რომელიც მომავალი წლის 1-ელი მარტიდან სატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისიანობაზე სავალდებულო ტესტირებას ითვალისწინებს. საუბარია იმის თაობაზეც, რომ მანქანების ე.წ. ტექდათვალიერება, შესაძლოა, კიდევ ორი წლით - 2017 წლამდე გადავადდეს, თუმცა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით, მთავრობას პარლამენტისთვის ჯერ არ მიუმართავს. ვნახოთ, რას იზამენ. შეგახსენებთ, რომ დღემდე, ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირებას მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება, რომლებიც ახორციელებენ ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვას, სახიფათო ტვირთის გადაზიდვას და რომელთაც სამი ტონა და მეტი ტვირთამწეობა გააჩნიათ. ყველა სხვა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელისთვის ტექდათვალიერების განხორციელება ნებაყოფლობითია. 


ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა 2015 წლიდან ამოქმედდება. გეხსომებათ, ამ კანონის მიღებას რამხელა ვნებათაღელვა მოჰყვა ქვეყანაში, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო, პარლამენტმა ვეტო დაძლია და პრეზიდენტი იძულებული გახდა, პარლამენტისთვის დაეთმო და ვეტო ხელმეორედ აღარ გამოიყენა - კანონს ხელი მოაწერა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს 2015 წლის 31 მარტიდან ეძლევა ფარული საგამოძიებო მოქმედების - სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის განხორციელებაზე ზედამხედველობის შესაძლებლობა, რადგან პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი კანონი ძალაში სწორედ ამ დღიდან შედის. 


აღნიშნული კანონის მიხედვით, ამოქმედდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ე.წ. ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა, როცა ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან ელექტრონული თანხმობის გაცემა იქნება საჭირო. 


ამავე კანონით, საგამოძიებო მოქმედებებზე განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წელიწადში ორჯერ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარუდგენს. მოკლედ, დღემდე თუ შსს უკონტროლოდ გვისმენდა, ამიერიდან, მას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გააკონტროლებს. 


არის სასიკეთო ცვლილებებიც. ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაციებით, ჩამოწერას დაექვემდებარა 2005 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ გადამხდელს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება. ასევე, უქმდება საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის 2013 წლის 1-ელ იანვრამდე დაკისრებული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა. 


დამატებული ღირებულების გადასახადისგან განთავისუფლდა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე აღნიშნული სასაქონლო ოპერაციის ფარგლებში მონტაჟის, აწყობის, რემონტის, წარმოების, შეკეთებისა და მომსახურების სხვა სახეების გაწევა. 



დავალიანების გადახდევინების გადავადება შესაძლებელი გახდა ერთი წლით, უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენის გარეშე, თუ საგადასახადო დავალიანების თანხა არ აღემატება 5000 ლარს. 


დღგ-სგან განთავისუფლდა წიგნის დასამზადებლად საჭირო ქაღალდის მიწოდება. 10 პროცენტიდან 8 პროცენტამდე შემცირდა აქციზის განაკვეთი მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის. 


საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა პირი, რომელსაც მკურნალობის ხარჯებს უნაზღაურებს საქველმოქმედო ორგანიზაცია. 


ჯერჯერობით ეს არის ის რეგულაციები, რომლებიც 2015 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება საქართველოს მასშტაბით. გზა და გზა კიდევ ახალ-ახალს დაგვიწესებენ ჩვენი კანონმდებლები... ახალი წელი ეს-ესაა დაიწყო. 

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016