ახალი წელი თავიანთებურად მოგვილოცეს მიხეილ სააკაშვილმა, დავით კეზერაშვილმა და „ნაციონალებმა" - თავის დროზე უკანონოდ ხელში ჩაგდებული ფოთის პორტი რუსულ ენერგოკომპანიას, „როსნეფტს" მიჰყიდეს. ეს კიდევ ერთი სტრატეგიული ობიექტია, რომელიც რუსებმა წაიღეს. კომპანია „როსნეფტმა" ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც „პეტროკას ენერჯი ლიმითიდ"-ის 49 %-ის შეძენას გულისხმობს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ქვეყნიდან გაქცეულმა კეზერაშვილმა ყაჩაღური გზით მითვისებული ქონება ჯერ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს, დავით იაკობაშვილს გადაუფორმა, ახლა კი მისივე ხელით საეჭვო სიტუაციაში გაასხვისა. „როსნეფტის" ხელმძღვანელის, იგორ სეჩინის განცხადებით, ახალი თანამშრომლობა რეგიონში ენერგეტიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. დავით იაკობაშვილის განცხადებით კი, შეთანხმება „პეტროკასისთვის" ახალი მიღწევაა, რომელიც მის ყველა აუქციონერს სასიკეთოდ წაადგება. ერთი განცხადებაც და მეორეც ზოგადი ბოდვაა იმასთან შედარებით, რა საფრთხეც შეიძლება მთელ ქვეყანას დაემუქროს. ამისი საუკეთესო მაგალითია ისიც, რომ საქართველოში იყიდება უმსხვილესი სტრატეგიული ობიექტი და ამ დროს ხელისუფლება ვერაფერს (არაფერს) აკეთებს. ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით: „ტრანზაქცია მოხდა ოფშორულ ანგარიშზე. სამწუხაროდ, გასხვისების არანაირი კონტროლის საშუალება არ გვაქვს. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეს კომპანია იყო წინა ხელისუფლების საკუთრებაში. ეს იყო, ასე ვთქვათ, მათთვის ჯიბის კომპანია. მოდის ბრალდებები, რომ ჩვენ ვყიდით რაღაცებს რუსულ კომპანიებზე, ნათლად ჩანს, ვინ ყიდის რუსულ სანქცირებულ კომპანიებზე საქართველოში არსებულ ქონებას. ყველამ იცოდა, რომ ეს იყო კეზერაშვილისა და სააკაშვილის კომპანია. მეტიც, ბევრი ბრალდება იყო ამ კომპანიის მიმართ ქონების წართმევის თაობაზე და რამდენადაც ვიცი, სასამართლოშიც არის რამდენიმე საქმე".
როგორც „ეკონომიკური განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე ამბობს, „როსნეფტი" არის ვლადიმერ პუტინის უმთავრესი ეკონომიკური იარაღი, რომელსაც დასავლეთმა სანქციაც კი დაადო:
„რუსეთი საქართველოს ეკონომიკური მომწყვდევის სომხურ სცენარს ანვითარებს. შემდეგი ნაბიჯი აფხაზეთის რკინიგზის გახსნა იქნება. ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ამ გარიგების ბოლომდე მიყვანა. ამის იურიდიული საბაბი არსებობს, ეს კომპანია შავ ზღვის შელფში უკანონოდ აწარმოებს ნავთობის მოპოვების საძიებო სამუშაოებს „აფხაზეთის მთავრობის" მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. იაკობაშვილი როგორი გაიძვერაც იყო, ისეთივე დარჩა".
აქ რომან გოცირიძე აღარ აკონკრეტებს, რომ იაკობაშვილი მოქმედებს ორი საერაშორისო გაიძვერასი და მაფიოზის, სააკაშვილ-კეზერაშვილის დავალებით. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, კეზერაშვილის ძმაკაცმა იკობაშვილმა სარფიანად ივაჭრა და სააკაშვილის ჯიბეც მაგრად გაივსო. ახლა ზოგიერთ ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ სააკაშვილი ამ რუსულ ფულს ქართულ პოლიტიკაში ჩადებს და დღევანდელ ხელისუფლებას ბოლომდე გააფარჩაკებს. მეტიც, ზოგის თქმით, ეს არის სამხედრო აგრესიის ტოლფასი აქტი და არა უბრალო ყიდვა-გაყიდვა. ეს ყველაფერი მიბმულია ვერაგ გეგმებზე: რკინიგზა, დაღესტნის გზა, კადიროვის წამოყრანტალება ტრანსკავკასიური რკინიგზის შესახებ, ენგურის ელექტროსადგურის თემის წამოწევა აფხაზების მიერ, „აზოტის" მყიდველების ჩამოსვლა რუსეთიდან, თბილისის გაზგამანაწილებელ ქსელში ყაზახების დაბრუნება და მათი განცხადება, რომ მომავალ წელს აპირებენ მის გაყიდვას. ასევე, რუსული გაზით აზერბაიჯანულის ჩანაცვლების თემის წამოწევა (თბილისში, რუსთავში). ნელ-ნელა მიდის მზადება ეკონომიკური მოგუდვის სცენარის ხორცშესასხმელად. ვიღაც გაიძვერა ადამიანები ამაში ფულს იშოვიან და გადაბარგდებიან მოსკოვში ან ვენაში. როგორ აღმოჩნდა ფოთის პორტი კეზერაშვილისა და სააკაშვილის ხელში? ვინ გაანადგურეს მათ ამის გამო და რა პროცესები მიდის სასამართლოში? ამ თემაზე „ქრონიკას" ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ესაუბრება, რომელიც დღემდე ჩართულია ამ საქმეში:
- ფოთის პორტში ეს ბიზნესი ეკუთვნოდა თამაზ ნიჟარაძეს, ამ ადმიანმა 1991 წელს იქ ტერიტორია შეიძინა, დააარსა კომპანია, ააშენა ტერმინალი და თავის პარტნიორებთან ერთად ავითარებდა საქმეს. 2010 წელს დაუძახა დავით კეზერაშვილმა, შეუსია ფინანსური პოლიცია, ცოტა ხანს დააპატიმრა, სახლში დაუსვა პოლიციელები, იყო მუქარა, იყო ფიზიკური განადგურების მცდელობა და ნიჟარაძე აიძულეს, მთელი ქონება გადაეფორმებინა კეზერაშვილის კომპანიების სახელზე. მეტიც, მას ათი თანამშრომელი დაუპატიმრეს, ათი მილიონი დოლარიც მიატანინეს და იმ დღესვე გამოუშვეს. ერთ-ერთი კომპანია თამაზის ძმას, ნუკრი ნიჟარაძეს ეკუთვნოდა. როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, დაზარალებულმა იმავე კვირაში მიმართა პროკურატურას საჩივრით და პარალელურად სარჩელი შეიტანა სასამართლოში. ასე დაიწყო დავა ქონების დაბრუნებისთვის, დასახელდა თანხები, დასახელდნენ პიროვნებები და მოწმეები. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ფოთის პორტთან კეზერაშვილის კომპანიას, რომელიც დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, დადებული აქვს 25-წლიანი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, აქვს ექსკლუზიური უფლება, მხოლოდ მან უნდა შემოიტანოს ნავთობპროდუქტები. ჩვენ ესეც გავასაჩივრეთ, ეს ხელშეკრულება დაიდო კანონდარღვევით, აქ ადგილი აქვს სრულ მონოპოლიას. ვინმეს რომ საწვავის შემოტანა მოუნდეს, ნურას უკაცრავად, უნდა წავიდეს და ჰკითხოს კეზერაშვილს, რომელიც ისეთ პირობებს წამოუყენებს, საერთოდ თავს დაანებებს ამ საქმეს. მოკლედ, კეზერაშვილი მონოპოლისტია და ხმასაც ვერავინ სცემს. 2011 წელს მთელი ქონება გადაფორმდა დავით იაკობაშვილზე, მოსკოვში მცხოვრებ ბიზნესმენზე. მე პირადად არ მჯერა, რომ იაკობაშვილს რამე რეალურად გადაეცა, ყველაფრის უკან ისევ კეზერაშვილი იდგა. ჩვენმა გასაჩივრებამ შედეგი გამოიღო, ამ ქონებას დაედო ყადაღა, მაგრამ დაახლოებით ერთი თვის წინ, ისე, რომ ჩვენ არც გაგვაგებინეს, სასამართლომ ისევ მოსხნა. გაგვიკვირდა, რა ხდება? ორი წლის განმავლობაში ქონებას ყადაღა ადევს და უცებ, ღამის 9 საათზე გამოაქვთ ასეთი უცნაური გადაწყვეტილება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კულუარებიდან ვიგებდით, რომ ფოთის პორტის ყიდვას აპირებდა „როსნეფტი".
- „როსნეფტის" ხელმძღვანელობას არ დაუკავშირდით?
- ჩვენ რამდენიმეჯერ გავაგზავნეთ ოფიციალური წერილი: არ იყიდოთ ეს ქონება, რადგან არის სადავო და ვერ იქნებით კეთილსინდისიერი მყიდველები. მოგვდიოდა შეტყობინება, რომ წერილები ბარდებოდა „როსნეფტის" ხელმძღვანელობას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფოთის პორტი სტრატეგიული ობიექტია, თუ გადაგვიკეტეს, დამთავრებული ამბავია, ეს ბათუმის პორტიც ვიღაც ყაზახების ხელშია, საიდან შემოიტან პროდუქციას, მარტო თურქეთიდან? აქ ფინანსურის გარდა პოლიტიკური მომენტია და ვფიქრობდით, ხელისუფლებაც დაინტერესდებოდა.
- იაკობაშვილს არ დალაპარაკებიხართ?
- ამ ადამიანს მივმართეთ, მისი ადვოკატი ამბობს, ჩვენ აქ არაფერ შუაში არ ვართ, კეზერაშვილისგან ყველაფერი პატიოსნად ვიყიდეთო. რა იყიდეს და როგორ იყიდეს, ამას არ აკონკრეტებენ, ვიყიდეთ 49 პროცენტიო, იქ ჩვენი კომპანიაც შედიოდაო. ვერაფერს ვერ გაიგებ, რა მაქინაციები ჩაატარეს. იაკობაშვილი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია, იყიდა, გაყიდა, კეზერაშვილის დავალება შეასრულა. მე შემხვდა ერთი „ნაციონალი" ადვოკატი და პირდაპირ მითხრა, დაანებე თავი ამ საქმეს, ნუ ჭიდაობ, ყველგან დიდი წინააღმდეგობა გექნება, ყველა სასამართლო პროცესს წააგებო. ახლა რომ გამოდის კოტე კუბლაშვილი და იძახის, სასამართლოში კორუფციული სისტემა დავანგრიეო, ეგ მე მკითხეთ, რა დაანგრია. ჩვენთვის მაშინ ცნობილი გახდა, რომ ამ საქმეში ჩართულები იყვნენ კეზერაშვილიც და ადეიშვილიც, მოსამართლეებთან მიდიოდა გარიგებები. მართლაც ჩატარდა ამის შემდეგ სააპელაციოში პროცესი და პირველ ინსტანციაში მოგებულ საქმეზე გამოგვიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. სამმა მოსამართლემ გვითხრა, ეს არ არის მონოპოლია და არც კეზერაშვილს წაურთმევია ვინმესთვის ქონებაო. ამ პროცესზე მათ პირდაპირ ვუთხარი, დღეს თქვენ ჩემს თვალში მოსამართლეები არ ხართ-მეთქი და სწორედ ამას მოჰყვა ის, რომ აქეთ მიჩივლეს და დისციპლინარული დევნა აღმიძრეს.
- დაასახელე მოსამართლეები, რომლებსაც ფოთის პორტის გასხვისებაში ლომის წვლილი მიუძღვით.
- ესენი არიან: ივანე წიკლაური (ეს მოსამართლე უშუალოდ გარეულია „ალია"-„ქრონიკის" მიმართ გამოტანილ უსამართლო განაჩენებში. - რედ.), ხათუნა არევაძე და ალექსანდრე იოსელიანი. მათ მიიღეს ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, უცხო ქვეყანას გადასცეს სტრატეგიული ობიექტი. პორტს რომ „როსნეფტი" ყიდულობდა, ამაზე ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია, ეს ყველაფერი სასამრთლოს ოქმებშია ასახული.
- რა ფასში გაყიდეს, დაახლოებით მაინც ხომ არ იცი?
- ეს კომერციული საიდუმლოებაა, ამას ვინ გეტყვის? აქ ძალიან ბევრ რაღაცაზეა საუბარი - ტერმინალებზე, მიწაზე, თვითონ პორტზე, სად რა გაყიდეს და გადაყიდეს, ვერ გაიგებ. ასეულობით მილიონზეა ლაპარაკი.
- როგორც ამბობენ, ამ სქემით ძალიან დიდი ფული იშოვეს მიხეილ სააკაშვილმა და დავით კეზერაშვილმა.
- ეს აბსოლუტური სიმართლეა... მე არ გიყვები კულუარულ ამბებს, შეხვედრები გვქონდა მაგ ხალხთან, ვლაპარაკობდით და ადასტურებდნენ, რომ ეს ყველაფერი იყო კეზერაშვილისა, ამ ფულით ფინანსდება „ნაციონალური მოძრაობა" და „რუსთავი 2", ამაზე ცალსახად საუბრობდნენ ეს ადამიანები. ზოგი კეთილის მოსურნე და ზოგი ავის მოსურნე გვაფრთხილებდა, დროულად იმოქმედეთო. დროულად რა, როცა საქმე გვაქვს კუბლაშვილის მოსყიდულ მოსამართლეებთან, რა უნდა გავაკეთოთ?
- ახლა ხელისუფლება რა ფორმით უნდა ჩაერიოს, რომ სიტუაცია გამოსწორდეს?
- ხელისუფლება სასამართლოს საქმიანობაში ვერ ჩაერევა, მაგრამ არსებობს სხვა გზები: მთავარ პროკურატურაში ამ საქმეს იძიებენ უკვე ორი წელიწადია. როდესაც მოვიდა კბილაშვილი, მაშინ დაიწყო გამოძიება და მომენტალურად დაიდო სქემა, რომლის მიხედვითაც ამ ქონებას ვერავინ ვერ წაიღებდა და დაუბრუნდებოდა კანონიერ მეპატრონეს.
- ეს რა სქემაა? კონკრეტულად ავხსნათ.
- 2004 წლიდან კეზერაშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები გადასახადებს არ იხდიდნენ. თუ ამ გადასახადებს დააკისრებდნენ, თანხა ასცდებოდა ქონების ღირებულებას, გაუშვებდნენ გაკოტრებაზე და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. სულ 10 კაცი იყო დასაკითხი და ხელახალი რევიზია ჩასატარებელი. ეს ხალხი დღემდე ვერ დაიკითხა, დავდივართ ყოველდღე პროკურატურაში, ვურეკავთ, ვეკითხებით: რა ქენით, რევიზია დაამთავრეთ, ვერ დაამთავრეთ? აი, იცით, რა? ხვალ იქნება, ზეგ იქნებაო და ამასობაში კი იყიდა „როსნეფტმა", გადაყიდეს, გადმოყიდეს. ახლა წადი და სდიე ამდენ ქონებას ოფშორებში. ჩვენ საქმე გასაჩივრებული გვაქვს უზენაესში და აწერია მოსამართლე მაია ბაქრაძეს, თუ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, მაშინ ჩათვალე, რომ იმათ გაიმარჯვეს, თუ პირველი ინსტანციის განაჩენი ჩათვალა სამართლიანად, მაშინ გამოდის, რომ ქონებას ისევ ყადაღა დაედება და რუსები ვერაფერს იყიდიან. ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაჩქარებული ტემპით წავიდა ყველაფერი. როგორც ხედავთ, ბერკეტები არის, მაგრამ ამ საკითხს სასამართლო უნდა მიუდგეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ საქმეში დღევანდელ ხელისუფლებას არავითარი ბრალი არ მიუძღვის გარდა ერთისა, დროულად არ იძიებს დანაშაულს. პროკურატურას რომ ვერაფერი გავაგებინეთ, ამიტომ დავიწყეთ დავა სამოქალაქო კუთხით.
- პროკურატურა გაჩერდა თუ გააჩერეს?
- ჩვენ გვეუბნებიან, რომ მუშაობენ... ყველაფერი უკვე გაიყიდა და ახლა უნდათ იმუშაონ, უნდათ - არა.
„მადნეული", კვარციტი", „აზოტი", „ბილაინი", „ლუკოილ ჯორჯია", „ხრამჰესი-1", „ხრამჰესი-2", „თელასი", „ვითიბი ბანკ ჯორჯია" - ეს იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა თავისი „ანტირუსული" პოლიტიკით „შემოგვისახლა" საქართველოში და დღითი დღე გვიპყრობენ რუსული კაპიტალით. ამის შემდეგ კი „ნაციონალები" მაინც ეწევიან აგიტაცია-პროპაგანდას, რომ ისინი დასავლურ ღირებულებებს უჭერენ მხარს.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „კვირის ქრონიკა"