„ქრონიკა" ჯერ კიდევ 2013 წლის დეკემბერში წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ძვირადღირებული იახტა შეიძინა, რომელიც ჰოლანდიაში, როტერდამის პორტში ბაზირებდა და ერთ-ერთ იქაურ იახტ-კლუბშიც იყო დარეგისტრირებული... მაშინ ექსკლუზიური ინფორმაციის დაბეჭდვის შემდეგ დიდი ამბები ატყდა. უმეტესობამ ეს არასარწმუნოდ მიიღო. გავიდა რამდენიმე თვე და „ქრონიკის" სიმართლე მხოლოდ მაშინ დადასტურდა, როდესაც სააკაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, ბერძნულ კუნძულ სამოსზე იქაურმა პოლიციამ იახტით დააკავა. აი, როგორ იყო ეს ამბავი:
ეს მართლა საერთაშორისო მაწანწალა მიხეილ სააკაშვილი მორიგ სკანდალში გაეხვია. უკრაინაში რომ გადაიღალა რუსეთის ჯარებთან ბრძოლით, „შვებულება" აიღო და გულის გადასაყოლებლად, ჯერ თურქეთში ჩავიდა, სარფის საბაჟოსთან თავის გოგო-ბიჭებს შეხვდა - „ნაცმოძრაობის" ლიდერებს, მოესიყვარულა, დავალებები მისცა, სარფიდან ხელისუფლება გვარიანად გამოლანძღა და მერე, ლევან ვარშალომიძესთან ერთად, იახტით ალბანეთისკენ გაუტია. სააკაშვილი, ვარშალომიძე და მასთან ერთად მყოფი კიდევ 3 პიროვნება ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი იახტა „ავილიონით" თურქეთიდან, საბერძნეთის გავლით, ალბანეთისკენ მიემგზავრებოდნენ, რომ ბერძნულ კუნძულ სამოსზე იქაურმა პოლიციამ დააკავა, დაკავების ფაქტს ადასტურებს სამოსის პოლიციის უფროსი, დიმიტრი კაპადიკისი. სწორედ მან აცნობა საბერძნეთში საქართველოს ელჩს, საქართველოს 5 მოქალაქე გვყავს დაკავებული და აქედან ერთ-ერთი, მიხეილ სააკაშვილი ძებნაზეა გადაცემულიო. სააკაშვილი რომ ძებნილი იყო, ეს მას შემდეგ გაირკვა, როცა დაკავებულთა პასპორტები შეამოწმეს. სამოსის პოლიციის საინფორმაციო ბაზამ სააკაშვილი საერთაშორისო ძებნილად ამოაგდო. თუმცა, მიშა ვერ დაიჭირეს, რადგან, როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურა განმარტავს, ბერძნულ მხარეს კი ჰქონდა გადაცემული ინფორმაცია, სააკაშვილის საერთაშორისო ძებნასთან დაკავშირებით, მაგრამ პროცედურები ბოლომდე არ იყო დასრულებული და ძებნის გამოცხადებას ფორმალური ხასიათი არ ჰქონდა. აი, ეს მნიშვნელოვანი პროცედურები რომ ყოფილიყო, სააკაშვილს, მინიმუმ რამდენიმე დღით საბერძნეთის ერთ-ერთ ციხეში გამოკეტავდნენ და მერე რა გადაწყვეტილებას მიიღებდა იქაური სასამართლო, ეს კაცმა არ იცის. თუმცა, ეს „სიამოვნება" სააკაშვილს ჯერ წინ აქვს. უეჭველია, მას მალე გადასცემენ ინტერპოლს, ისე, როგორც წესი და რიგია, და წითელი ცირკულარით რომ დაუწყებენ ძებნას, მერეც იაროს აღმა-დაღმა იახტებითა და თვითმფრინავებით.
სამოსის პოლიციაში მიხეილ სააკაშვილი, ლევან ვარშალომიძე და კიდევ 3 უცნობი 4 საათით დააკავეს. ამ 4 საათში დაფეთებულმა სააკაშვილმა, თუ ვინმე გავლენიან ადამიანს იცნობდა ამქვეყნად, თუ ვინმეს დახმარების იმედი ჰქონდა შერჩენილი, ყველას დაურეკა, - მიშველეთ, ხალხო, მგონი, მართლა მიჭერენ, მე მეგონა, ირაკლი ღარიბაშვილი მეხუმრებოდა და თურმე მართლა საერთაშორისო ძებნაა ჩემზე გამოცხადებულიო. საბოლოოდ, „მიშა და კომპანია" გამოუშვეს, რადგან მიშას, უკვე მოგახსენეთ, კანონით დაჭერა და ციხეში ჩასმა არ ეკუთვნოდა. რას ვიზამთ, ასეთია სამართლებრივი პროცედურები, თორემ დასაჭერი თუ ვინმეა, სწორედ მიშაა.
მიხეილ სააკაშვილმა, ცხადია, საერთოდ უარყო, რომ საბერძნეთში დააკავეს, არც იახტაზე ვყოფილვარ, არც სამოსზე, ბიძინა ივანიშვილს ელანდება ჩემი დაჭერა და ესეც მისი ფანტაზიის ნაყოფიაო. თუ ასეა, მაშინ სააკაშვილმა და მისმა ადვოკატებმა, რომლებიც ახლა უხვად ჰყავს, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, ღირსების შელახვისა და სხვა დანაშაულისთვის, სამოსის პოლიციის უფროსს, დიმიტრი კაპადიკისსა და ელჩს უნდა მოსთხოვონ პასუხი. თუმცა, ეს არც უფიქრიათ, რადგან ეს ამბავი მართლა მოხდა. მეტიც, მიშა და „ნაციონალები" ამ ამბის ჩაფარცხვას სხვადასხვა მიზეზით ცდილობენ და ერთს ქვემოთ მოგახსენებთ.
იმის დასტურად, რომ მართალი კაცი ვარ, 1-ელ სექტემბერს საბერძნეთში არ ვყოფილვარ, არავის დავუჭერივარო, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ატვირთა ფოტო, სადაც ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად სტამბულის აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში იმყოფება. მიშას მომხრეები ამტკიცებენ, ეს ფოტო 2 სექტემბერს, დილით არის გადაღებული და თუ მიშა საბერძნეთში 1-ელ სექტემბერს დააკავეს, როგორღა მოასწრებდა სტამბულის აეროპორტში მისვლას, თანაც ოჯახთან ერთადო. ჯერ ერთი, ფოტო როდის არის გადაღებული, ამის დადგენა, უბალოდ, შეუძლებელია, ის შეიძლება ერთი თვის წინანდელია და ამის უარმყოფელი არგუმენტები „ნაცებს" არ გააჩნიათ. მეორეც, მიხეილ სააკაშვილი იახტაზე 1-ელ სექტემბერს, 18.00 საათზე დააკავეს, 4 საათი ჰყავდათ. სამოსის პოლიციის განყოფილებაში და 12.00 საათზე გამოუშვეს. სააკაშვილს კიდევ 2 საათი რომ დაეკარგა იახტაზე დასაბრუნებლად და სხვა წვრილმანებისთვის, ღამის 2 საათზე რომ ყოფილიყო იქ, ის მაინც მოასწრებდა იახტით დილით სტამბულში ჩასვლას და აეროპორტში მისვლასაც არ სჭირდება დიდი დრო. კი, მაგრამ სანდრა და ბავშვები, ისინი როგორ მოხვდნენ სტამბულის აეროპორტში? - ამას გულუბრყვილო სახით აუცილებლად იკითხავს რომელიმე „ნაციონალი". როგორ მოხვდნენ და სანდრა შვილებთან ერთად თუ თბილისში იყო, მიშა დაურეკავდა და სასწრაფოდ გაფრინდებოდნენ სტამბულში, თურქეთის მიმართულებით, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან 24 საათის განმავლობაში რამდენიმე რეისი სრულდება. სანდრას შვილებთან ერთად სულ თავისუფლად შეეძლო სტამბულში ჩასვლა და მაქსიმუმ, შუადღით, მეუღლეს აეროპორტში დახვედროდა, მერე სურათსაც გადაიღებდნენ და ვიდეოსაც. ასეთ „წვრილმანებს" სააკაშვილის ფანები, როგორც წესი, ყურადღებას არ აქცევენ. რაც მოგახსენეთ, აბსოლუტურად დასაშვებია, მით უფრო, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბევრად უფრო რთული და აშკარად დაუჯერებელი ტრიუკებიც ჩაუტარებია და მართლა გამოუშტერებია არამხოლოდ საკუთარი მომხრეები.
„ქრონიკას" მეტად საყურადღებო და ექსკლუზიური ინფორმცია მოაწოდეს. მიხეილ სააკაშვილი, ერთი მხრივ, ამ უიღბლო მოგზაურობას უარყოფს და სავარაუდოდ, ეს მხოლოდ იმისთვის არ სჭირდება, რომ ეს ფაქტი, მის ისედაც გაუბედურებულ იმიჯს, კიდევ ერთ შავ ლაქად შეემატება. ცნობილია, რომ იახტაზე სააკაშვილი, ვარშალომიძე და კიდევ 3 ადამიანი იმყოფებოდნენ, რომელთა ვინაობა, ამ ეტაპზე უცნობია. ამას სხვა მიზეზიც აქვს. „ქრონიკის" წყაროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ახლდა ერთ-ერთი მისივე თანაგუნდელის, მისი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნის ცოლი, რომელიც თურქეთში ისვენებდა ორ მეგობართან ერთად. სწორედ ეს სამი ადამიანი - სააკაშვილის მეგობრის ცოლი და მისი დაქალები იმყოფებოდნენ იახტაზე. ცხადია, ამის შესახებ მიშას „მეგობარმა" არაფერი იცის და მას რომ არც არაფერი გაეგო, მიშამ იზრუნა და საბერძნეთის პოლიცია დღემდე არ ამხელს იმ 3 ქალის ვინაობას, რომლებიც იახტაზე დააკავეს და პოლიციაში წაიყვანეს. ლევან ვარშალომიძის სახელის ხსენება შეიძლებოდა და იმ დანარჩენ სამ თანმხლებ პირს ისეთი რა უხსენებელი სჭირს, რომ მათ ვინაობას ასე საგულდაგულოდ მალავენ? წყარო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისი ხელისუფლების ყოფილი დიპლომატები ჩარია, რომ მისი თანმხლები ქალების ვინაობა რა გახმაურებულიყო, მათ პირადი კონტაქტებით მოახერხეს ეს და სკანდალიც აიცილეს თავიდან. რაც შეეხება ამ საქმეში ჩართულ დიპლომატებს, მათ არ იცოდნენ იმ პიროვნებების ვინაობა, რომელთა ინკოგნიტოდ დარჩენისთვის ზრუნავდნენ, მათ, უბრალოდ, მიშას დავალება შეასრულეს და ზედმიწევნით კარგად...
გაზეთი „კვირის ქრონიკა