გთავაზობთ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება"-ზე გუსულ გადაცემა „ჩვენი ამბავი"-დან ფილმს, პოეტ იროდიონ ევდოშვილის შესახებ. ავტორი და რეჟისორი - გიგა ლოლაძე, სცენარის ავტორი - ნონა კუპრეიშვილი:
70-80-იანი წლების მიჯნაზე, ლიტერატურის მუზეუმში მაშინ სრულიად ახალგაზრდა თანამშრომლებს ჩუმად უჩვენებდნენ ე.წ. დახურულ ფონდში დაცულ ერთ პირად წერილს, რომელიც პოეტ იროდიონ ევდოშვილს ეკუთვნოდა. წერილის ადრესატი იყო, ასევე ცნობილი პოეტი, სანდრო შანშიაშვილი, რომელიც სულიერი მოძღვრის მსგავსად შორეული გადასახლებიდან თავისი მეგობრის, იმხანად პოლიტიკური პატიმრის, იროდიონ ევდოშვილის მიერ გამოგზავნილი აღსარების ტექსტს უნდა გაცნობოდა.
ინფორმაცია, რომელსაც ეს წერილი შეიცავდა ერთი მხრივ კონფიდენციალური იყო, თუმცა, მეორე მხრივ იმდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებში უშუალოდ ჩართულმა ადამიანებმა, გარკვეულწილად იცოდნენ მომხდარის შესახებ. კერძოდ, ის რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და იმავდროულად რევოლუციური პათოსით გამორჩეული ლექსების ავტორი - იროდიონ ევდოშვილი, რომლის მხურვალე მოწოდების სიტყვები: „მეგობრებო, წინ-წინ გასწით, ნუ შედრკება თქვენი გული, დე მკერდს სისხლის დაღი აჩნდეს და შუბლს - ოფლის ნაკადული!" - ოპოზიციურად განწყობილ ახალგაზრდობას, ასე აღაფრთოვანებდა. თავის პოლიტიკურ იდიალებს გაემიჯნა. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი კი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ორგანიზებაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მონაწილეობა გახდა. სწორედ, ამის შესახებ ესაუბრება თავის წერილში ევდოშვილი მეგობარს:
„დიდი ხანია შხამის ტბა ტრიალებს ჩემს გულში და ეს ტბა ჩემმა ნამეგობრალებმა დაატრიალეს. მლანძღავენ, მჭორავენ. აქა ვარ, მაგრამ ჩემს ლანდს უყეფენ. ამ გადამთხვეულებმა ილიას მოხუც, ნაჭირნახულებ გულს ტყვია დაახალეს. ეს ტყვია მეც მომხვდა, როგორც სამგლოვიარო სევდა. აქ გაწყდა ჩემსა და მათ შორის შემაერთებელი ძაფი. მაგრამ, ძაფი კი არა, ნამდვილი ჯაჭვი. ჯაჭვი, იმიტომ რომ მათთან ვიყავი მიჯაჭვული, მთელი 10-12 წლის განმავლობაში, იდეურად. ძნელი იყო 12 წლის ნაჭედი ჯაჭვის გაწყვეტა და აი, ილია დამეხმარა მე, თავისი სიკვდილით. იცოდე, ასეთი უკუღმართი შეხედულება ეროვნულ საკითხზე, არცერთი ქვეყნის სოციალ-დემოკრატიას არ აქვს. და, თუ დღეს ქართველ მუშებს ასეთი უკუღმართი შეხედულება აქვს ეროვნულ საკითხზე, ამაში რასაკვირველია ქართველი, ეზდეკი ინტელიგენციაა დამნაშავე. მეც ერთი მათგანი ვარ და მინდა ჩემი შეცდომა გავასწორო".
ყოფილი თანაპარტიელებისთვის, რომლებიც როგორც ცნობილია თვითონაც მასობრივი ცნობიერების ტყვეობაში იყვნენ და ანალიტიკური აზროვნებითაც არ გამოირჩეოდნენ, იროდიონ ევდოშვილი დაუნდობელი კრიტიკისა და დაცინვის ობიეტად იქცა. სანამ მორიგ გადასახლებაში მოხვდებოდა, პოეტს სისტემატურად თავს ესხმოდნენ. 1907-09 წლებში ძალზე პოპულარული ორი იუმორისტული ჟურნალის - „ნიშადურისა" და „ეშმაკის მათრახის" კორესპონდენტები, თაგუნა, ნამდვილი გვარი შარაშენიძე და ვინმე კალანდაძე, ისინი არათუ იროდიონ ევდოშვილს, არამედ აკაკისა და უნივერსიტეტის აღმშენებელ - ნიკო ცხვედაძესაც არ ეპუებოდნენ.
აი, როგორ მიმართავდა ვთქვათ „ნიშადური" აკაკის - „ვხედავთ, მოხუცდი მგოსანო, წვერი შეგექმნა ჭაღარა, რაც წარსულს ეალერსები, მყოფადზე ფიქრობ აღარა".
ან, ნიკო ცხვედაძეს - „ხუთ წელიწადს გაშენებდი, ნეტავ რათაო, ვაით გშობე, ვუით გზარდე, რა დაგემართაო. რა ვიცოდი გაგწირავდნენ გასაყიდადაო, ანუ ვალი ამოდენა ბანკს ემართაო".
თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო ნაკლები დელიკატურობით გამოირჩეოდნენ იროდეონ ევდოშვილის მიმართ - „დიდსა გუდას რომ მიქვიან, პატარასა დიკჭორაო, და სამყაროს პოეტობა, ნეტავ ვინ მოგიჭორაო", ან კიდევ ასეთი მარგალიტი - „სულით მახინჯი, ზნეობით წბილი, ღვინით ნაჟღენთი მამულიშვილი, თუმცა აჩრდილმა უკეთ იცოდა, სოფელში ღვაწლი რაც მიუძღვოდა". ესეც - „მე მეცნობა შენი მსგავსი ერთი ყმაწვილიო, უსირცხვილო, ფლიდი, მრუდი, ეს ევდოშვილიო. უბადრუკო, სად გაგიქრა სირცხვილ-ნამუსიო, რომ გუშინდელ ნამოქმედარს ენა აუსვიო. მაშ შეეტკბე ახალ ბუდეს, რომ დაგაპურაო, რეაქციას სხვაც ბევრი ჰყავს, შენებრ ღამურაო".
მე-19 მე-20 საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში გავრცელებულმა ახალმა სოციალ-პოლიტიკურმა თეორიებმა, განსაკუთრებით კი სოციალისტურმა იდეებმა საზოგადოებაში საბედისწერო განხეთქილება შეიტანა. ამ იდეების არსში, ბოლომდე გაურკვეველი უბრალო ადამიანები, ბრმად მიჰყვებოდნენ იმათ, ვინც ძმობის, ერთობისა და თავისუფლების ლოზუნგებს ამოფარებული საყოველთაო კეთილდღეობას ქადაგებდა. ცოტა ვინმე თუ აანალიზებდა, საქართველოს მაშინდელ რთულ გეოპოლიტიკური ვითარების იმ კონტექსტს, რომელშიც დამანგრეველი რევოლუციური მოვლენები უნდა განვითარებულიყო.
ყველა, მიზანმიმართული და სისტემატური შრომის გარეშე ცხოვრების, ხელის ერთი დაკვრით შეცვლასა და მაძღარ ლუკმაზე ოცნებობდა.
იროდიონ ევდოშვილი, რომელიც დემოკრატიულ იდეებს მიემხრო, რევოლუციური იდეალებისადმი რწმენითა და ერთგულებით ფიქრობდა ქვეყნის გადარჩენას. თუმცა, 1907 წლის წიწამურის ტრაგედიამ, როდესაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ მომზადებული ინსინვაციების კვალდაკვალ, უბირი ქართველი გლეხების მიერ მოკლულ იქნა ილია ჭავჭავაძე, მის მისწრაფებებს ნიადაგი გამოეცალა და პოეტმა უარი განაცხადა საკუთარ პარტიასთან შემდგომ თანამშრომლობაზე.
ეს საკმაოდ პრინციპული ნაბიჯი იყო, შესატყვისი იმ განწყობისა, რომელიც პოეტმა ამგვარად გამოხატა - „დროის შვილი ვარ, მაგრამ ურჩი ჩემი მშობლისა, დავგმობ მე მასში, რაც ღირსია კრულვად გმობისა". ამიტომაც იგი, სოციალისტური სამოთხის, საყოველთაო ფსიქოზით შეპყრობილი ადამიანებისათვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა. თვითონ ამაოდ გამოთქვამდა, საღ, ანაგარიშგასაწევ აზრებს ხელოვნების შესახებ. რომ პოეტი და არა მოქალაქე არ ეკუთვნის არცერთ პარტიას, რომ არცერთ პოეტს არ შეუძლია პროგრამა მინიმუმ-მაქსიმუმით ლექსების წერა, რომ დიდებული პოეტები, არამცთუ რომელიმე პარტიას, თვით ერსაც არ ეკუთვნიან.
არავის არაფრის გაგონება არ სურდა. მის მიმართ ერთნაირი სიძულვილით განეწყვნენ, როგორც სოციალ-დემოკრატები, ისე მეფის ჟანდარმერია. მოგვიანებით კი სადამსჯელო ინსტრუმენტად ქცეული საბჭოთა კრიტიკაც, რომელიც დიდხანს ამყარებდა იმ აზრს, რომ ევდოშვილის სახით რევოლუციურ მოძრაობას უნებისყოფო, ნაციონალისტური ბურჟუაზიის მოძველებული, ეროვნული იდეოლოგის მომხრეთა ბანაკში გადასული მოღალატე ჰყავდა.
ილიას მკვლელობიდან სულ რაღაც ორ წელიწადში იროდიონ ევდოშვილი უკვე დაპატიმრებულია. ამ დროისთვის მას, ჯანმრთელობა შერყეულ პოეტს, ჯერ მეტეხის ციხეში ამწყვდევენ, შემდეგ კი შორეული ვოლოგდის გუბერნიის პატარა ქალაქ - სოლვიჩეგოტკში ასახლებენ.
ჟურნალ „განათლებაში" კი იბეჭდება მისი - „ისმინე ერო ისრაელისა". სწორედ, ამ ლექსს გამოეხმაურნენ პოეტისთვის აქამდე უცნობი მკითხველები. ესენი აღმოჩნდნენ ტარტუს უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები, რომლებმაც მხარდაჭერის გამომხატველი წერილი გამოგზავნეს. 12 ხელისმომწერთა შორის იყო ამავე უნივერსიტეტის ნევრო-ფსიქოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი, ვახტანგ კოტეტიშვილი.
მიმართვა - „ძვირფასო, მამულიშვილო იროდიონ" და სიტყვები - „შენთან ვართ" - კარგად ამჟღავნებს ამ ახალგაზრდების ჯანსაღ სულიერებასა და სწორ პოლიტიკურ ორიენტაციას, რომელმაც მათ სიმართლისთვის დევნილი პოეტის თანადგომისკენ უბიძგა.
გახარებული იროდიონი შანშიაშვილს წერს, თუ როგორ გაამხნევა რამდენიმე ახალგაზრდის მიერ მის მიმართ მოულოდნელად გამჟღავნებულმა სითბომ და ყურადღებამ.
ჭლექით დაავადებული პატიმარი 1912 წელს გაათავისუფლეს. სამშობლოში დაბრუნებული, ერთხანს სულს იბრუნებდა მეგობრებთან ურთიერთობით. ჰყვარებია თბილისში ჩამოსულ ვაჟასა და პოეტ შიო მღვიმელთან ერთად ძველებურად ცნობილი „ქოსების დუქანში" შევლა.
თუმცა, თავისუფლების ეს ილუზია დიდხანს არ გაგრძელებულა. როდესაც ვითარება ძალიან გამწვავდა და მისი ჯანმრთელობის ყოველდღიური ქრონიკა უკვე გაზეთებში იბეჭდებოდა, საკუთარ სიძეს, თავისი დის, პოეტ ბაბილინა ხოსიტაშვილის მეუღლეს და ამასთან ცნობილ მთარგმნელს - ნიკო კურდღელაშვილს ამუნათებდა - „სირცხვილია, თავად შეჭირვებული ხალხის შეწუხება და ჩემთვის მატერიალური დახმარების გამოთხოვნა. თქვენ რა გაქვთ, მე რა უნდა მომცეთო? ამიტომ, შენი დაჟინებული თხოვნა კიდევ ერთხელ - შეგაროვო ჩემთვის შემოწირულობა, ისარივით მომხვდა გულშიო"...
იროდიონ ევდოშვილი საბჭოთა სასკოლო ქრესტომათიების წყალობით მკითხველთა მეხსიერებაში დარჩა როგორც მგზნებარე რევოლუციონერი. რევოლუციური ჰიმნის - „მეგობრებს" ავტორი.
არადა, დროა შევცვალოთ ეს, სტერეოტიპული მიდგომა და ვაღიაროთ, რომ თავის პარტიულ მიკერძოებულობაზე ამაღლებით, ადრინდელი შეხედულებების გადაფასებით, ილიას სახელის დაცვითა და სოციალ-დემოკრატებისგან განდგომით, მან ქართულ საზოგადოებას სერიოზული ზნეობრივი მაგალითი აჩვენა. თითქოს შეასრულა თავისივე შეგონება - პოეტის გული, კალამს ვერ გაამრუდებსო, რომ ამბობდა...
(მოამზადა ანა ნოდიამ)