სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, პირობით ვადამდე ადრე განთავისუფლების რეგულაციებიც გადაიხედება.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „უდო"-ს კომისია გაუქმდა, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, კახა კახიშვილი უარყოფს და „ალიასთან" რეფორმის დეტალებს აკონკრეტებს.
რატომ ელოდებიან ევროსაბჭოს კვლევის შედეგებს? პატიმართა ვადამდელი განთავისუფლების რა ვერსიები განიხილება? რისი უფლება ექნება პატიმარს?
„ალიას" კახა კახიშვილი ესაუბრა:
- დღეს, რეალურად, პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების საკითხს წყვეტს ორი ადგილობრივი კომისია - აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს კომისია. ასევე, არსებობს მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც შექმნილი იყო სამინისტროსთან. ამ კომისიაში შედიოდნენ დეპუტატები უმრავლესობიდან და უმცირესობიდან, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების თითო-თითო წარმომადგენელი, სამინისტროს სისტემის ორი თანამშრომელი და სხვა სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწეები.
მასმედიაში არასწორად ატყდა აჟიოტაჟი, თითქოს „უდო"-ს კომისია უკვე გაუქმებულია. ეს ასე არ არის. ეს საკითხი დევს იმ პროექტში, რომელიც უკვე შეტანილია პარლამენტში და რომელიც იმ რეფორმის ერთ-ერთი დიდი ნაწილია, რომელიც დაიგეგმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში და რომელიც მოიწონა საქართველოს მთავრობამ და ახლა ჯერი პარლამენტზეა. პროექტში საუბარია, რომ დასახვეწია პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების საკითხები. კერძოდ, არის ორი მოსაზრება, ორი მოდელი, როგორ უნდა მოხდეს პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლება - პირველი მოდელის თანახმად, საბჭოები იხილავენ პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების საკითხს და მეორე, როცა სასამართლო იხილავს პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების საკითხს, პროცესზე, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე.
ამჟამად, ჩვენი სამინისტრო, ევროკავშირის დახმარებით, აწარმოებს კვლევას, რომელი მოდელი იქნება უფრო ეფექტური და რომელი მოდელი უზრუნველყოფს უფრო მეტად, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვთანხმდებით, რომ არსებული მოდელი არის დასახვეწი, თუმცა, ყველაფერი მაინც კვლევამ უნდა თქვას. „უდო"-ს კომისიის მუშაობა ტოვებდა გარკვეულ კითხვის ნიშნებს. მას შემდეგ, რაც გადაწყდება, ზემოაღნიშნული საკითხი, სისტემას, ზედმეტი რგოლი, „უდო"-ს კომისიის სახით, მოშორდება.
- მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება ევროკავშირის დახმარებით ჩატარებული კვლევის შედეგები, რას უნდა ველოდოთ?
- როგორც მოგახსენეთ, ორ მოდელზეა საუბარი - სასამართლო და საბჭოებში განხილვები. თუ კვლევამ დაადგინა, რომ სასამართლო განხილვების საკითხი, უფრო მეტად გამართლებულია, მაშინ მთავრობას მივმართავთ ინიციატივით, რომ დავიწყოთ ამ მოდელის იმპლემენტაცია. თუ მივალთ კვლევის შედეგად, იმ დასკვნამდე, რომ ადგილობრივი საბჭოები უფრო ეფექტურია, მაშინ ამ მიმართულებას დავხვეწთ, რომ უფრო აქტიურად იყოს ჩართული მსჯავრდებული და მისი ადვოკატი პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების საკითხის განხილვაში და მეტიც, უფრო მეტად იყოს დაცული ამ კომისიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
- დღესაც ხომ აქვს ამის უფლება მსჯავრდებულს?
- დღესაც აქვს, მაგრამ სამინისტროში ვფიქრობთ და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ასე ფიქრობენ, რომ ეს მექანიზმები არის დასახვეწი. ამ კვლევის მერე, სამინისტრო მზად იქნება,ისაუბროს რომელ მოდელს აირჩევს, იმისთვის, რომ თავისი ხედვა შესთავაზოს მთავრობასა და საზოგადოებას.
- ამ მიმართულების გადახედვა რატომ გახდა საჭირო, რაიმე კონკრეტული საფუძველი ან მიზეზი არსებობდა?
- როგორც თქვენთვის კარგად ცნობილია, პარლამენტში შეტანილია რეფორმების ერთიანი პაკეტი, რომელმაც ინსტიტუციურად უნდა შეცვალოს სასჯელაღსრულების სისტემა. ამ რეფორმის დიდ ნაწილს შეადგენს პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხი. ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი იმ სახით, როგორც არსებობს, დასახვეწია, ამაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ამიტომაც დაიგეგმა მისი დახვეწა. კონკრეტულად რა იქნება, ან როგორ, ამას დრო გვიჩვენებს, მხოლოდ მას მერე ვიქნებით მზად, ვილაპარაკოთ ამ თემაზე. ჯერ უნდა დაველოდოთ ევროკავშირისგან მიღებულ დასკვნას პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების კვლევისა და ანალიზის შესახებ.
- გასაგებია სასამართლოს მოდელი, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყდება ადგილობრივი საბჭოების მოდელი, ვინ დააკომპლექტებს ამ საბჭოს ან ვინ შევლენ საბჭოში?
- ეს ყველაფერი არის დასახვეწი. დღევანდელი მოდელი ითვალისწინებს, რომ საბჭოში იყვნენ სამინისტროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. თუმცა, დღევანდელი მოდელი, არ იძლევა საშუალებას, ყველა მსჯავრდადებულმა უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მისი პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების საკითხის განხილვაში. მართალია, კანონმდებლობა მას აძლევს საშუალებას, გაასაჩივროს ამ საბჭოს გადაწყვეტილება, მაგრამ არის 10-ლარიანი ბაჟი, რომელიც მძიმედ აწვება მსჯავრდადებულს. მიმდინარეობს მსჯელობა და ერთიანი რეფორმის პაკეტში ამ საკითხის გაუმჯობესებაც შევა.
დიანა ლიპარტელიანი
გაზეთი „ალია"