უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე:
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, უდიებო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო..., ყოველნო შვილნო საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გიხაროდეთ!
,,მოხედნა ღმერთმა და ყო ხსნა "სიტყვაი იგი ხორციელ იქმნა ერისა თვსისა" (ლკ.I,67). და დაემკვიდრა ჩუენ შორის" (ინ.I,14).
დამთავრდა ძველი აღთქმის ჟამი და აღსრულდა წინასწარმეტყველთა მიერ ნაუწყები: ბეთლემის გამოქვაბულში ხორცშესხმული მოგვევლინა საუკუნეთა უწინარესი ღმერთი,- ყრმა იესო.
ზეიმობს ცა და ქვეყანა, ხარობს ღვთისმშობელი, რადგან დღეს ნეტარების საუფლოდან განდევნილი ადამის მოდგმა განღმრთობას იწყებს და ჩვენი დაცემული ბუნება სამეუფო ღირსებით იმოსება.
წმიდა ქალწულმა მარიამმა, `ძველის თანანადების გამომსყიდველმან და მთელი ქმნილებისათვის ცხონების მშობელმან, გახსნა პირველ ევას მიერ შეკრული კვანძი და სამყაროს მარადიული სიცოცხლის სათავედ და ახალ დედად მოევლინა" (წმ. ირინეოს ლიონელი). სწორედ მისი სახით დაიწყო ქრისტიანული ერა რომელმაც მანამდე არნახულ სიმაღლეებს აზიარა ადამიანი.
ქრისტიანულ სწავლებაში სხვა დატვირთვა შეიძინა ოჯახურმა ურთიერთობამაც: "ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, - არამედ ქმარი; არცა ქმარია თავისი სხეულის უფალი - არამედ ცოლი" (I კორინთ.7.4), _ გვასწავლის მოციქული და დასძენს:
"ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არის ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი-თასთა ქმართა ყოვლითა. ქმართა გიყუარდეთ ცოლნი თÂსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესია და თავი თავისი მისცა მისთვის" (ეფ. 5.24-25).
ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები, იყოს ერთგული წინამძღოლი და მასაზრდოებელი;
ქალსაც არანაკლები დანიშნულება აქვს. მისი მთავარი ფუნქციაა შვილთა ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვა, რაც მის საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს.
როდესაც მეფე-დედოფალი ჯვარს იწერს, ისინი მღვდელთან ერთად სამჯერ გარშემო უვლიან ანალოღიას, რომელზეც სახარებაა დაბრძანებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან მთელი ცხოვრება ერთმანეთს და ღმერთს დაუკავშირონ.
ქრისტიანული ოჯახი ეფუძნება მღვდელმოქმედებით მადლს, რაც ქორწინების საიდუმლოს გულისხმობს; აქ ხდება ეგოისტური "მეს"-გან სრული დაცლა, რადგან ერთი პიროვნება მთლიანად უძღვნის თავს მეორეს. ისინი სიყვარულით ერთიანდებიან ქრისტეში, რათა ერთად იზრუნონ ცხონებისათვის და მეუღლეობის საკვრელით დაკავშირებულნი წარდგნენ ყოველთა მეუფის წინაშე.
დიდი ბედნიერებაა ოჯახის შექმნა სიყვარულით, მაგრამ მთავარია ამ მადლის შენარჩუნება და გამრავლება.
როდესაც ადამიანი შეყვარებულია, იგი მისთვის სასურველ პიროვნებაში ხედავს ისეთ თვისებებს, რასაც შესაძლოა სხვები ვერ ამჩნევდნენ. ამ დროს ხდება მეორე ადამიანში დაფარული შინაგანი მშვენიერების აღმოჩენა.
"რა კარგი უნდა იყოს ერთი იმედით, მსახურებითა და რწმენით ორი გულის შეერთება, - წერს ტერტულიანე. ჭეშმარიტად, ისინი ორნი არიან ერთ სხეულად განმთლიანებულნი, ხოლო სადაც ერთი სხეულია, იქ ერთსულოვნებაა. ისინი ერთად ლოცულობენ, ერთად იდრეკენ მუხლს, ერთად მარხულობენ, ერთმანეთს ამხნევებენ. თანასწორნი არიან ღმერთის წინაშე. თანაბრად ინაწილებენ დევნასა და ნუგეშს, არაფერს უმალავენ და არც ამძიმებენ ერთმანეთს..., ხედავს რა მათ ერთობას, უფალი ხარობს, სახლს მშვიდობას მოჰფენს და მკვიდრობს მათთან ერთად".
ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში შემდგომი ეტაპი არის შვილიერება. ბავშვების დაბადება და მათზე მზრუნველობა სრულყოფის კიბეზე ამაღლების ახალი შესაძლებლობაა, რადგან მეუღლეთა ურთიერთსიყვარული, ამ შემთხვევაში, გრძნობის ხელახალ გადანაწილებას ითხოვს; ადამიანი კიდევ უფრო მეტად ემიჯნება ეგოისტურ ,,მეს" და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება მსახურების არეალი, რაც ღვთის სათნო ცხოვრებას განამტკიცებს.
როგორი სიფაქიზით გვწრთვნის უფალი! როგორ ნელ-ნელა და თანდათანობით ავყავართ მას უმაღლესი სიყვარულის საფეხურებზე, ყველა პირობას გვიქმნის, რომ ჩვენი დაცემული მდგომარეობისაგან გვიხსნას და მარადიული ნეტარებისთვის მოგვამზადოს.
ასეთი ოჯახი, ასეთი ერთობა ქალისა და კაცისა, სიმბოლურად `მცირე ეკლესიად~ იწოდება, რომლის სიმტკიცეც დაურღვეველია.
თუმცა ფაქტია, რომ ჩვენს ყოფაში უფრო ხშირად გვხვდება ისეთი ოჯახები სადაც უგულებელყოფილია პასუხისმგებლობა და მოვალეობები; ისინი მოკლებულნი არიან ღვთის მადლს და უსიხარულოდ ცხოვრობენ ან, საერთოდაც, ირღვევიან;
უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს ბევრი ადამიანის ცხოვრების წესი ოჯახური სიწმინდის წინააღმდეგ არის მიმართული. ბოლო პერიოდში კი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, რაც ქორწინებისთვის ახალგაზრდების მოუმზადებლობით არის განპირობებული.
განვიხილოთ რამდენიმე გარემოება:
1. ქორწინებაში მყოფთ ხშირად მხოლოდ გატაცება აკავშირებთ და თანაცხოვრების პირობებშიც ვერ აღწევენ იმ სიყვარულს, იმ ერთგულებასა და თავგანწირვას, რისთვისაც არიან მოწოდებულნი, ამიტომაც მალევე კარგავენ ერთმანეთისადმი ინტერესს და სცილდებიან.
2. ახლადშეუღლებულნი, მართალია, სიყვარულით ქმნიან ოჯახს, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს მეუღლეობა, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ და რას მოითხოვს იგი თითოეული მათგანისგან; ისინი ადვილად კარგავენ იმ განწეყობას, რაც ერთად მყოფობის პირველ პერიოდში ჰქონდათ; იწყება იმედგაცრუება, ერთმანეთში მრავალი ნაკლოვანების აღმოჩენა და დაუთმენლობა. გაღიზიანება იმ მდგომარეობამდეც მიდის, რომ ერთ დროს სანუკვარი ადამიანი, უკვე აუტანელი ხდება.
3. მეუღლეთაგან ერთი იჩენს ერთგულებასა და თავდადებულ სიყვარულს, მაგრამ მეორე ამ გრძნობებს სათანადოდ არ აფასებს და მხოლოდ თავისი ვიწრო ეგოისტური სურვილების ტყვეობაშია.
საერთოდ, მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ და მატერიალისტურმა მსოფლმხედველობამ ადამიანში სხვისი ფლობის სურვილი და მომხმარებლური სული გააძლიერა. დღეს უკვე ამგვარი მიდგომა შეეხო ოჯახის წევრებსაც და ეგოისტური მიზნებით თვით მათი გამოყენების მცდელობები გააჩინა. ასეთი დამოკიდებულება ოჯახურ ყოფას გაუსაძლისს ხდის.
4. ხდება ისეც, რომ მშობლები ზოგჯერ უხეშად ერევიან წყვილის ცხოვრებაში. მათ უჭირთ შვილთან ერთგვარი განშორება და ძველებური ურთიერთობის შეცვლა; ისინი კრიტიკულად აღიქვამენ ახალ ვითარებას და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ხელის შემწყობნი ხდებიან ოჯახის დანგრევისა.
რა თქმა უნდა, მშობლების პატივისცემა და სიყვარული ბუნებრივიც არის და სავალდებულოც ყველასთვის; ასევე ბუნებრივია ახლობლების, მეგობრების, ნათესავების...... სიყვარული, მაგრამ ცოლ-ქმრულ ყოფა სრულიად განსხავებულია; ამისთვის ბრძანებს წმინდა წერილი: ,,მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას შეუერთდება თავის ცოლს, რათა იყვნენ ორნივე ერთ ხორც" (ეფ. 5.31). ეს საიდუმლო დიდია და მისი დარღვევა - აკრძალული.
5. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ირღვევა ოჯახი არის ნარკომანია (ასევე ალკოჰოლიანი სასმელების ზედმეტად გამოყენება) და ბოროტი ძალების გავლენით ადამიანებზე ზემოქმედება. ორივე მდგომარეობაში პიროვნებას წართმეული აქვს თავისუფალი ნება, ოღონდ პირველ შემთხვევაში, ადამიანი ვერ უძლებს საცდურს და მასზე მიჯაჭვულობის გამო, ფაქტიურად, ნებაყოფლობით ამბობს უარს თავისუფალ ნებაზე, მეორე შემთხვევაში კი, გაუცნობიერებლად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ.
არადა თავისუფალი ნება ღვთისგან ჩვენთვის მონიჭებული დიდი საბოძვარია. უფალმა არ შეურაცხყო პიროვნების ღირსება, არ აქცია იგი მისი სურვილის უბრალო აღმსრულებლად, არამედ მისცა უფლება არჩევანისა.
ამიტომაც ეს ცოდვები ღვთის გმობად სახელიდება და მათგან განთავისუფლება მხოლოდ ლოცვით, მარხვით და ეკლესიური ცხოვრებით შეიძლება.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. დღეს ისეთი ყოფა მკვიდრდება, რომელშიც ყველა ეძებს თავისას და არა იმას, რაც სათნოა ქრისტესთვის (ფილ. 2,4).
სიცრუე იქცა დადებით მოვლენად, სხვაზე გადაბრალება, - ჩვეულებად, გულგრილობა, - წესად, უზნეობა და თავაშვებულობა, _ მისაბაძად; ცილისწამება და ძალადობა, - ყოველდღიურ მოვლენად; ანუ ღვთის შიშის გარეშე მცხოვრებთათვის ცოდვითი ყოფა ნორმა ხდება. მათი რიცხვი კი ყველგან იზრდება.
აგრესია განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდებში და მამაკაცების გარკვეულ ნაწილში; განსაკუთრებით მათში, რომელნიც უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩნენ და ოჯახის მარჩენალისა და მასზე მზრუნველის ფუნქცია დაკარგეს. ეს ტვირთი დაემატა ქალს, რამაც მისი მდგომარეობა, კიდევ უფრო დაამძიმა და ცოლსა და ქმარს შორის ფუნქციური ბალანსი სრულად დაარღვია. ეს კი იწვევს ორივე მხარის დაძაბულობასა და გაღიზიანებას. რაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ქალების სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება.
მდგომარეობის ნაწილობრივი გამოსწორება სამუშაო ადგილების შექმნასა და ანაზღაურების გაუმჯობესებას შეუძლია. თუ ეს განხორციელდა, დიდად შეეწყობა ხელი ოჯახში სხვა სახის ძალადობის აღმოფხვრასაც და ცხოვრების, ასე თუ ისე, ნორმალურ კალაპოტში ჩადგომას.
ვფიქრობთ, ეს სერიოზულ გავლენას იქონიებს თვითმკვლელთა რიცხვის შემცირებაზეც. ადამიანები, განსაკუთრებით ურწმუნონი, თუნდაც, რომ ფიზიკურად ძლიერნი იყვნენ, კრიტიკულ სიტუაციებში უსუსურნი ხდებიან, რადგან მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობიან და რესურსი სიმტკიცისა მალე ეწურებათ.
ავადმყოფობით, უსახსრობით, უბინაობით,... ვალებით ...... გამწარებულებს ჰგონიათ, რომ თავის მოკვლით პრობლემებისგან განთავისუფლდებიან; სინამდვილეში კი ამ ქმედებით ისინი მარადიული ტანჯვისა და სიკვდილის იმ კარს აღებენ, სადაც მათ ვეღარავინ უშველის (გამონაკლისს, სულით ავადმყოფები წარმოადგენენ).
ჩვენთვის ბოძებული მიწიერი ცხოვრებით უფალმა შესაძლებლობა მოგვცა მარადიულ ნეტარებაში დავმკვიდრდეთ. ვინც ამ შემოთავაზებაზე უარს ამბობს, საკუთარი თავის მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი ხდება და თავისი ნებით ჯოჯოხეთის სკნელში აღმოჩნდება. ეს იმდენად დიდი დანაშაულია, რომ მათთვის ლოცვაც აკრძალულია.
ღმერთმა ყველა დაიფაროს თვითმკვლელობისგან!
გასულ წელს მსჯელობის საგანი იყო ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობა; თუმცა, მხოლოდ ამ თემით შემოფარგვლა საკმარისი არ არის. სამწუხაროა, რომ არ იმართება დისკუსიები და არ იგმობა თუნდაც იგივე თვითმკვლელობა და სხვა უმძიმესი ცოდვები, არ იგმობა აბორტიც, რომელიც ძალადობის ყველაზე საშინელი და საზარელი სახეა.
დედა, რომელმაც შვილის მკვლელობის ეს დანაშაული ჩაიდინა და ექიმებიც, არ შეიძლება არ გრძნობდნენ სინდისის ქენჯნას; არ შეიძლება არ გრძნობდნენ დაღვრილი უმანკო სისხლის ძახილს. ამ დანაშაულის გამოსყიდვა მხოლოდ გულმხურვალე სინანულითა და ქველი საქმეებით შეიძლება და კიდევ იმით, რომ ეს ადამიანები გახდნენ ერთგვარი მქადაგებელნი და დაარწმუნონ თავისი ახლობლები და ნაცნობები, რომ მათ მაინც მსგავსი რამ არ ჩაიდინონ და ამით სხვა ჩვილების სიცოცხლე გადაარჩინონ.
საერთოდაც, ყველა უნდა ვეცადოთ, სიტყვით მაინც დავეხმაროთ ერთმანეთს, მივცეთ იმედი მრავალი პრობლემით დამძიმებულ ჩვენს შვილებს, დებსა და ძმებს და ხსნის რაიმე გზა შევთავაზოთ.
ამდენი ტანჯვისა და ტკივლის, თავსმოხვეული ,,ახალი აზროვნებისა"" და ყოველდღიური მოულოდნელობების ფონზე ოჯახები საქართველოში მაინც დგას ზნეობის სადარაჯოზე; ეს სასწაულია, რაც, პირველ რიგში, ქართველი ქალის, - დედის დამსახურებაა. ქალის როლი ყოველთვის განსაკუთრებული იყო და არის ჩვენს ისტორიაში.
წმინდა ილია მართალი წერს:
,,ქართველებისთვის ,,დედა" მარტო მშობელი არ არის, ქართველი ღვიძლ ენასაც ,,დედა-ენას" ეძახის, უფროს ქალაქს, -,,დედა-ქალაქს," - მკვიდრ და დიდ ბოძს სახლისას, - ,,დედა-ბოძს," უდიდესსა და უმაგრეს ბურჯს, ,,დედა-ბურჯს, სამთავრო აზრს, - ,,დედა-აზრს," გუთნის განმგებელი მამაკაცს კი - ,,გუთნის-დედას".
რამდენად განდიდებულია მნიშვნელობა დედისა! ~
ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი გახდა. ღვთის საიდუმლო განგებულებით, კვართი უფლისა საქართველოში ჩამობრძანდა და მცხეთაში დაიფლა. მისი აქ დაკრძალვა არ ნიშნავს მხოლოდ ამ ლოკალური ადგილის მონიშვნას; სასწაულთმომქმედი უკერველი კვართი მაცხოვრისა მთელმა საქართველომ შეიმოსა, ხოლო ყოვლადწმინდა მარიამს, ამავე საიდუმლო განგებულებით, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მფარველობა დაევალა.
ჩვენი მეოხია იგი, რომელიც დამხსნელია ადამის წყევისა, აღმასრულებელი ევას თანანადებისა, წმინდა შესაწირია აბელისა, სამკაულია სეითისა, სათნოყოფაა ენუქისა, კიდობანია პირმეტყველი ნოესი, დიდებაა მელქისედეკის მეფობისა და მღვდელობისა, რომელიც სიმტკიცეა აბრაამის სარწმუნოებისა, ზეცად მიწევნული კიბეა იაკობისი, ღვთივწერილი წიგნია მოსესი, კვერთხია იგი განედლებული და აღყვავებული აარონისი, ძლევაი ისუ ნავესი, გზაა მშვენიერი ელიას ამაღლებისა, მრჩობლი კურთხევაა ელისეს ხალენისა, წინასწარმეტყველთა ქადაგებაა და სიტყვათა მათთა აღსრულება.
აი, ამ საოცარი ქალწულის მიერ ჩვენს განსანათლებლად და გადასარჩენად წარმოგზავნილი ანდრია მოციქულის, წმინდა ნინოსა და სხვა წმინდანთა მადლით საქართველომ, ხალხის დიდი მსხვერპლშეწირვისა და ძალისხმევის ფასად, საუკუნეთა მანძილზე გაუძლო ყოველი მხრიდან შემოსეულ მომხდურს; დღეს კი კიდევ უფრო დიდი გამოცდის წინაშე ვდგავართ.
ყველამ, _ ერმაც და ბერმაც, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, საკუთარი ოჯახიცა და თავიც, პირველ რიგში, ჩვენი ცხოვრება უნდა გამოვასწოროთ; ჩვენში და ჩვენს შორის დაბუდებული ცოდვა და მისი შედეგი, _ სიკვდილი უნდა დავძლიოთ და სიკეთისა და სიცოცხლის გამარჯვება ვიზეიმოთ.
მაცხოვრის შობის ამ ბრწყინვალე დღეს ზეცა ივსება ანგელოზთა საგალობლით: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება." ბეთლემელი მწყემსებიც და ქალდეველნი მოგვნიც კვლავ მიიჩქარიან, რათა თაყვანი სცენ ყრმა იესოს და ყოვლადწმნიდა ქალწულს.
ჩვენც მოვიყაროთ მუხლნი გულისა ჩვენისანი წინაშე უფლისა და დედაღვთისმშობელს შევთხოვოთ, განგვიღოს მოწყალებისა კარი, რათა მადლით აღავსოს ყოველნი მორჩილებით მისგან წყალობის მომლოდინენი.
მაშ, განვიწმინდოთ სული, გონება და გული, ჩვენი ზრახვა და გრძნობები, ვაპატიოთ და შევურიგდეთ ერთმანეთს, რათა ღირს ვიქმნეთ, მივეგებოთ ბეთლემში შობილ მაცხოვარს და ცოდვებისაგან განთავისუფლებულებმა, აღმოვსთქვათ: Eემმანუელ, - ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთს ებარებოდეთ.
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი, შობა ქრისტესი,
2014-2015 წელი.