ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.
ჩვენი რესპონდენტი ოთარ გაბელიაა - თბილისის "დინამოს" "ოქროს თაობის" ღირსეული წარმომადგენელი, რომელიც სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ამბობს...
- ვულოცავ მთელ საქართველოს შობა-ახალ წელს. ჩვენს ქვეყანას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. უფლის წყალობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება თითოეულ ქართულ ოჯახს!
- ბატონო ოთარ, საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს. თქვენ კარგად იცნობთ კახა ცხადაძეს. რას იტყვით ამ დანიშვნის თაობაზე?
- კახამ თავად გააკეთა ეს არჩევანი და, რა თქმა უნდა, მას ბოლომდე აქვს გათავისებული ის სირთულეები, რომლებიც თან ახლავს ამ არჩევანს. ის თავისი საქმის დიდი პროფესიონალია, წარმატებით მუშაობს ბაქოს "ინტერში"... აქედან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება გამართლებულად მიმაჩნია.
ბუნებრივია, ახალ მთავარ მწვრთნელს სჭირდება დრო და თითოეული ჩვენგანის თანადგომა. მჯერა ცხადაძის. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
- თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს საქართველოს ნაკრებში?
- ვფიქრობ, ჩვენმა ფეხბურთელებმა უნდა შეცვალონ მიდგომა საქართველოს ნაკრების მიმართ. ეს ხომ ჩვეულებრივი, რიგითი გუნდი არაა? ეს ხომ თითოეული ფეხბურთელის ოცნების გუნდი უნდა იყოს?!
თავის დროზე ვთქვი - შესაბამისი დონის ფეხბურთელები არ გვყავს-მეთქი. ეს სწყენიათ ჩვენს ფეხბურთელებს. მე მაშინ ის ვიგულისხმე, რომ არ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ტოლ-სწორად იჭიდავებენ ინგლისთან, ესპანეთთან და იტალიასთან. იმ დონის ახალგაზრდები კი გვყავს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს და ასეთ გუნდებს რომ აჯობონ. ამ ქვეყნებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ. უბრალოდ, მაგალითად მოვიყვანე. ბალტიისპირეთში უამრავი მეგობარი მყავს...
მოკლედ, იმას ვამბობ, რომ ერთ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა დღესაც მიმაჩნია, რომ ამ რესურსით გრანდებთან ჭიდაობა ძალიან რთული იქნება. ვგულისხმობ პროცესს და არა - ერთ კონკრეტულ მატჩს.
- ფაქტია, ამ ეტაპზე არც საფეხბურთო თემის დიდი უმრავლესობა და არც ჟურნალისტთა უმეტესობა არ იყო უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანის მომხრე...
- ფაბიო კაპელო და ჟოზე მოურინიო საქართველოში არ ჩამოვლენ. ამაზე შევთანხმდეთ. საშუალო სამწვრთნელო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის ჩამოყვანის აზრს კი ვერ ვხედავ. ჯობია, ქართველმა გააკეთოს საქმე, თუ მას ამ საქმის გაკეთება შეუძლია.
ნაკრებშიც გვყავდნენ უცხოელები და კლუბებშიც. რა გამოვიდა ამით? უკეთესობისკენ შეიცვალა რამე?
აქვე, მინდა, თქვენი გაზეთის მკითხველის ყურადღება ერთ მნიშვნელოვან და, ამავე დროს, არასასიამოვნო ტენდენციაზე გავამახვილო.
- რას გულისხმობთ?
- ზოგიერთმა ძალიან ნაადრევად ჩამოგვწერა ჩვენ, ეგრეთ წოდებული ძველები. ასე არ შეიძლება. მაგალითად, მე, სულ მცირე, კიდევ 10 წელი ვაპირებ მწვრთნელობას, თან ვსწავლობ, მთელი არსებით ვარ ჩართული ამ საქმეში.
- სიტყვამ მოიტანა და, რომელიმე გუნდიდან ხომ არ გაქვთ შემოთავაზება?
- არის რაღაც ვარიანტი. თუ გადაწყდა, პირველად თქვენ გეტყვით...
- როგორც გავიგეთ, საუბარია აზერბაიჯანულ და ირანულ კლუბებზე...
- არის რაღაც, მაგრამ ამ ეტაპზე ნუ დავკონკრეტდებით.
- საქართველოდან არავის მოუმართავს?
- დღეს რა ვითარებაცაა ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ყველამ ვიცით. ხშირად იცვლება გუნდების შემადგენლობა. არის არაერთი სხვა ფაქტორიც... არადა, სადაც ვიყავი, მგონი, არსად მყოლია ურიგო გუნდი.
- ბატონო ოთარ, როგორ გესახებათ ქართული ფეხბურთის გადარჩენის გზა? ფაქტია, ურთულეს ვითარებაში ვართ... კერძო ინვესტორებიც გარბიან ან გაქცევაზე უჭირავთ თვალი...
- გადარჩენის გზად სახელმწიფოს აქტიური ჩარევა მესახება. ჩემი აზრია და თავზე არავის ვახვევ - სახელმწიფოს დახმარების გარეშე არაფერი გამოვა. ეს კერძო ინვესტორსაც დაუბრუნებს ქართულ ფეხბურთში დარჩენის სურვილს.
- ეს როგორ?
- მგონი, სტიუარტ პირსს დაეჯერება. ის უდიდესი ფეხბურთელი იყო და საკმაოდ დადებითი პიროვნებაცაა. მწვრთნელთა კურსებზე ყოფნის დროს პირადად მოვისმინე მისგან ასეთი რამ - ინგლისის 72 კლუბს მუნიციპალიტეტი ეხმარება. დავაკვირდეთ, ეს ხდება ინგლისში - მსოფლიოს, ალბათ, ყველაზე საფეხბურთო ქვეყანაში, სადაც არაერთი მსხვილი და ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ინვესტორი ცხოვრობს.
ხომ ხედავთ? ფეხბურთის განვითარებას ასეთ ქვეყანაშიც კი სჭირდება სახელმწიფოს კეთილი ნება. მით უმეტეს, ეს საჭიროა პატარა საქართველოში. ამავე დროს, ეს ხელს არ უშლის ინგლისურ ფეხბურთში კერძო ინვესტიციის ჩადებას და, მათ შორის, არც იმ კლუბებში, რომელთაც მუნიციპალიტეტი ეხმარება.
ფაქტია, ქართული ფეხბურთი ერთად დგომით, ერთიანი ძალისხმევით უნდა გადავარჩინოთ. ფაქტია, დღევანდელ ფეხბურთში წარმატების მთავარი გასაღები ფულია. თუ ქართულ კლუბებში ფული არ ჩაიდო, ისე ძალიან გაჭირდება სერიოზულ წარმატებებზე ფიქრი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"