დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამერიკული ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ განცხადებები სრული აბსურდია.
"ეს უმაღლესი დონის სამეცნიერო ლაბორატორიაა, რომელსაც ბევრი მიმართულება აქვს. ადგილზე მაღაკვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ. მას შემდეგ, რაც რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები გაკეთდა, ჩვენ რუსი ექსპერტები მოვიწვიეთ, რომლებმაც ლაბორატორიაში მონიტორინგი ჩაატარეს და კმაყოფილები დარჩნენ. არანაირი ბიოლოგიური იარაღი, არანაირი საიდუმლო საქმიანობა ამ ლაბორატორიაში არ არის. ვიმეორებ, ნებისმიერი ექსპერტს, სპეციალისტს, მკვლევარს შეუძლია, ჩამოვიდეს და ამაში თავად დარწმუნდეს," - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "რუსეთის საზღვრებთან ახლოს, საქართველოში, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ბიოლოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით" შეშფოთება გამოთქვა.
რუსეთის მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშჩენკომ კი განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობა რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მისი არსებობა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ცუდად აისახება.
რუსული სააგენტოების ცნობით, საუბარია თბილისთან ახლოს მდებარე, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ რეფერენალურ ლაბორატორიაზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიხსნა.