ბადრი ვადაჭკორია: ბიძინა იმ კარგ, ვაჟკაც ბიჭად დარჩა, როგორიც წლების წინათ იყო!
ცნობილი ფოტოხელოვანის, ბატონი ბადრი ვადაჭკორიას მორიგი ფოტოალბომი „ეს საქართველოა!" დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს მნახველს - უცხოელსაც და საქართველოს მკვიდრსაც.
შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი ერთგვარი სავიზიტო ბარათია, რომელიც მრავალ ადამიანს აღუძრავს სურვილს, თავისი თვალით იხილოს აქ წარმოდგენილი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის მშვენიერება.
ღმერთმა დალოცოს ფოტოალბომის შემდგენელნი და საქართველოს მოყვარული ყოველი ადამიანი.
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ბადრი ვადაჭკორიამ ქართველ ხალხს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა! 26 დეკემბერს ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანის რიგით მე-14 ალბომის პრეზენტაცია გაიმართა - „ეს საქართველოა!" და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც აუცილებლად დაგაინტერესებთ - როგორც გამოფენაზე მისულმა ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, ბადრი ვადაჭკორია მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია, ვისი ვალიც ბიძინა ივანიშვილს აქვს.
- ულამაზესი ქვეყანა გვაქვს და ვცდილობ, ეს მშვენიერება ქვეყნის სავიზიტო ბარათად ვაქციო. ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ჩემი ემოცია ხალხამდე მიდის და იმ სილამაზის აღქმის თანაზიარი ხდება, რაც მე თითოეული ფოტოს გადაღებისას განვიცადე.
- ალბომის პრეზენტაციას ბიძინა ივანიშვილიც სტუმრობდა, რომელმაც თქვენი მისამართით საქებარი სიტყვები არ დიშურა - ბადრი ვაჟაჭკორია გენიოსიაო!
- ზეაღმატებულად აღმიქვამს (იღიმის). საერთოდ, ყოველთვის ცდილობს, სტიმული მოგცეს და იმაზე მეტად წარმოგაჩინოს, ვიდრე იმსახურებ. მართალია, მოსაწვევი გავუგზავნე, მაგრამ ვიცოდი, რომ იმ დღეს თბილისში არ იმყოფებოდა და ბიძინას იქ გამოჩენას არ ველოდი. თურმე ბათუმიდან მატარებლით წამოსულა და თავზე მოულოდნელად დამადგა.
- ბატონო ბადრი, მართლა ის ერთადერთი ადამიანი ხართ, რომლის ვალიც მართებს ბიძინა ივანიშვილს? თავად ასე განაცხადა...
- ხუმრობა კარგად გამოსდის (იღიმის). ლვოვში ერთმანეთი შემთხვევით გვიცანით. 1980 წელს იქ ტელევიზიიდან მივლინებით ვიმყოფებოდით და ვიფიქრე, რაღაცას მეც გავაყოლებ ხელს-მეთქი. მაშინ მოდაში ტყავის ლაბადები იყო და გადამყიდველთან მის შესაძენად წავედი. ბიძინაც თავის ახლობლებთან ერთად იქ იმყოფებოდა. როგორც თავად ხუმრობს, „სასპეკულიანტოდ" ვიყავი ჩასული და რადგანაც ბადრიმ ლვოვიდან თავისი მანქანით წამომიყვანა, ეკონომია გავაკეთე და იმ ფულით ტყავის ლაბადასთან ერთად ჯინსის შარვალიც ვიყიდეო... რატომღაც ერთმანეთის ყურადღება პირველივე დანახვისთანავე მივიპყარით; ამდენ ადამიანს შორის მხოლოდ ის დამამახსოვრდა. ალღოიანი პიროვნება, უცბად გაერკვა სიტუაციაში, არადა, მაშინ ის მხოლოდ 21 წლის გახლდათ... რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი მანქანით წამოვედით საქართველოში. კარგი, მეგობრული, ძმური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მახსოვს, სასტუმროში რომ დავბინავებულებიყავით, იმის ფულიც არ გვქონდა და ღამე მანქანაში გავათენეთ. საინტერესო თავგადასავლები გადაგვხდა.
- მას შემდეგ, რაც გავლენიანი პიროვნება გახდა, გაგრძელდა თუ არა თქვენი მეგობრული ურთიერთობა?
- როცა რუსეთში მოღვაწეობდა, ერთმანეთს სულ რამდენჯერმე შევხვდით, ვერც დღეს ვხვდებით ერთმანეთს ხშირად, მაგრამ, როცა ამის შესაძლებლობა გვეძლევა, ისევ ისეთივე თბილი ურთიერთობა გვაქვს. სხვათაშორის, პრეზენტაციაზე რატომღაც ბატონოთი მივმართე და შენიშვნა მომცა, ბატონოთი რატომ მომმართავო? ბიძინა იმ კარგ, ვაჟკაც ბიჭად დარჩა, როგორიც წლების წინათ იყო. მახსოვს, ერთ ქურთ მუშას, რომელთან ერთადაც ქარხანაში მუშაობდა, წლების განმავლობაში ეძებდა...
- ისე, თქვენთვის ვალის გადახდა არც უცდია?
- ბიძინამ ვალი ერთიასად გადამიხადა - სამება ამიშენა, ხუთასზე მეტი ეკლესია-მონასტერი ააგო და შეაკეთა. მის მიერ გაკეთებული რომელი ერთი სიკეთე დავასახელო?!
ამასწინათ ვუთხარი კიდეც, შენ ყველაზე დიდი რამ მაჩუქე - სითბო, ძმობა და მეგობრობა, ამ სტატუსს ვერაფრით შეველევი-მეთქი. არ მინდა, ჩავდგე იმ ადამიანთა რიგებში, ვინც მას მხოლოდ იმისთვის ეტმასნება, რომ რაღაც დასცინცლოს.
ბიძინა ძალიან გულწრფელი ადამიანია, როცა გელაპარაკება, ყოველთვის თვალებში გიყურებს. ასევე, საოცარი იუმორის გრძნობა აქვს. ახლაც იხუმრა - ბადრი ვადაჭკორიას ვალი მმართებსო... მასთან საუბარი დიდი სიამოვნებაა, თუმცა, კამათიც უყვარს. ტყუილს არც სხვას ათქმევინებს და არც თავად იტყვის! ერთი სიტყვით, მართალი კაცია, მისი ძალიან მჯერა! რადგან ბიძინამ თქვა, საქართველო ძალიან მალე უკეთესი ქვეყანა იქნებაო, ე.ი. მართლაც ასე იქნება! დამიჯერეთ, მე მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ თავის სიტყვას არასოდეს გადადის!
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"