2014 წლის ბოლო საპარლამენტო კვირა ნაციონალებსა და „ქართულ ოცნებას" შორის მუშტების ქნევისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დასრულდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ" კიდევ ერთხელ სცადა იმის დაფიქსირება, რომ ქვეყანაში წამყვანი ოპოზიციური ძალაა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გადანაცვლებას სულაც არ აპირებს - სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, ბატონ დავით საგანელიძესთან:
- ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში ბარამიძისა და ბობოხიძისნაირი თავხედი, გაუზრდელი ადამიანები სხედან. პირდაპირ გეუბნებით, ნაციონალების ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა და, შესაბამისად, მათი საქციელიც არაადეკვატურია. იმ ფაქტმა, რომ ხელისუფლებას ვეღარ მართავენ და თავიანთ ჭკუაზე ვერაფერს აკეთებენ, მათზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინა. ექიმი ვარ და ვიცი, რომ ავადმყოფს არ უნდა აყვე, თორემ, წესით, ასეთი ავადმყოფები სამკურნალოდ ფსიქიატრიულში, დახურულ სივრცეში უნდა გაამწესო. დააკვირდით, ტრიბუნიდან ბარამიძის გამოსვლებს - საუბარს ნორმალური ტონალობით იწყებს და ბოლოს ისტერიკით ამთავრებს. პარლამენტარი ქუჩის ბიჭივით იქცევა!
- ბარამიძე, რომელსაც ავადმყოფს უწოდებთ, პარლამენტის ვიცე-სპიკერია და ათიოდე დღის წინათ, უკრაინაში ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა... სხვათა შორის, იმაში, რომ დღეს ნაციონალები გულზე მჯიღს იცემენ და საქართველოს სახელით ლაპარაკობენ, საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი სწორედ თქვენ, „ქართულ ოცნებას" გადანაშაულებთ.
- ჯობდა, ქვეყნის სათავეში როცა იყვნენ, წინა ხაზზე მაშინ ებრძოლათ, მაგრამ იმხანად თავიანთ მხედართმთავართან ერთად შიშისგან მიწაზე ხოხავდნენ. ფსიქიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისგან, წესით, არანაირი საქციელი არ უნდა გაგვიკვირდეს, თუმცა... გეთანხმებით, სერიოზული პრობლემაა, რომ გია ბარამიძეს დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერია, მაგრამ რა ვქნათ?! ამის გამო არჩევნებს ხელმეორედ ვერ ჩავატარებთ. გაგიჟდა ადამიანი და...
ნაციონალებს რომ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ, კაკო ბობოხიძის საქციელიც ადასტურებს. საპარლამენტო მიკროფონი თავისი ბინძური სიტყვების ტრიბუნად აქცია. თავხედობის ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა! საერთოდ, სად გაიზარდა ეს ადამიანი?! სპეციალურად მოაწყვეს პროვოკაციები - პარლამენტის ბოლო სამუშაო დღეს, როდესაც უამრავი გადაწყვეტილება იყო მისაღები, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ჩაშლა სცადეს, მერე რომ ეთქვათ, ქვეყანაში პარლამენტიც ვერ მუშაობს, ვალდებულებებს ვერ ასრულებენო. ჩვენ ამ გაუზრდელ ადამიანებს ვერ გადავაყოლებთ ვერც პარლამენტს, ვერც ქვეყანას. ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ" საქართველო ნაცმოძრაობისგან გადაარჩინა და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ! დიახ, ჩვენ, ვინც პარლამენტში ვართ, ვალდებულნი ვართ, საქართველოს პარლამენტი გადავარჩინოთ საკანონმდებლო ორგანოში მოკალათებული გათავხედებული ადამიანებისგან და ამას გავაკეთებთ კიდეც! ამიტომაც, დავიოკეთ ნერვები და მუშაობა განვაგრძეთ, ისინი კი, იძულებულნი გახდნენ, დარბაზიდან კურდღლებივით გაქცეულიყვნენ.
- და მაინც, მომავალი წლიდან ერთ მაგიდასთან მოგიწევთ მუშაობა...
- კატეგორიულად მოვითხოვთ, უმცირესობის სახელით ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გამოვიდეს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს! მხოლოდ ბობოხიძის ბოდიშის მოხდა არავის სჭირდება, ეს არ არის ის ფიგურა, ვის ბოდიშსაც საზოგადოებისთვის რაიმე მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.
- ამასობაში მიხეილ სააკაშვილი განცხადებებს განცხადებებზე აკეთებს და ხელისუფლებაში დაბრუნებაზე საუბრობს... არ დაგიმალავთ, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი იჯერებს, რომ შესაძლოა, სააკაშვილი ხელისუფლებაში მართლაც დაბრუნდეს...
- ძალიან მიამიტი უნდა იყო, რომ სააკაშვილის ამგვარი განცხადებები სერიოზულად განიხილო. ეს იმ ადამიანების ფანტაზიის შედეგია, რომელთაც მიხეილ სააკაშვილი ელანდებათ და ვისაც მისი დორბლიანი სახის ყურება მოენატრათ. სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება, ოღონდ წავა იქ, სადაც სასამართლომ და ხალხმა მიუჩინა ადგილი!
- თუმცა, ფაქტია, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისას, ევროპარლამენტში, პრეზიდენტ მარგველაშვილის წინა რიგში იჯდა...
- ეს არის ერთი დიდი ჭუჭყიანი ლაქა ევროპარლამენტის ისტორიაში! კრიმინალი სააკაშვილი, რომელსაც თავისმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა და სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა, ტრიბუნასთან არ უნდა მიდიოდეს და ევროპას ნოტაციას არ უნდა უკითხავდეს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ევროპაშიც და ამერიკაშიც სააკაშვილისნაირი გახრწნილი გონების პოლიტიკოსი, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ და დღევანდელ ხელისუფლებას აკრიტიკებენ მხოლოდ იმიტომ, რომ სწორი გზით მიდის. მთელი უბედურება ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისი „შავი ფულითა" და ტყუილებით, ქვეყნის გარეთ ძალიან ბევრი „მეგობარი" შეიძინა, რომელთაც თავს აფარებს, თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელდება...
- ადასტურებთ თუ არა, რომ უმრავლესობიდან ახლახან გასულ „თავისუფალ დემოკრატებს" ნაციონალებთან ალიანსი აქვთ?
- ალიანსის შესახებ ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ ფაქტია და ძალიან სამწუხაროა, რომ ბევრ საკითხში მათი მოსაზრებები და პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. გამორიცხული არაფერია, მითუმეტეს საქართველოში. შესაძლოა, ერთ დღეს მრთლაც შედგეს ეს ალიანსი.
ერთადერთი, დათო საგანელიძის და „ქართული ოცნების" სახელით შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა, რომ ვერასოდეს მნახავთ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად.
- ხალხს დაუგროვდა პრეტენზიები „ოცნების" მიმართ, მაგრამ საინტერესოა, თქვენ რას თვლით „ქართული ოცნების" ყველაზე დიდ შეცდომად?
- მეტისმეტად ლიბერალები ვიყავით ე.წ. ავადსახსენებელი კოჰაბიტაციის პერიოდში. ბევრ რამეზე დავხუჭეთ თვალები და მკაცრი პოლიტიკა არ გავატარეთ. სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხდა იმ ტემპით, როგორსაც ხალხი ელოდა.
- მოდით, სწორედ ამ ხალხს, ვუთხრათ, მარტივად გასაგები სიტყვებით, როგორი იქნება 2015 წელი მათთვის?
- 2015 წელი, წინა წლებთან შედარებით, ბევრად უკეთესი იქნება! ამას, „ქართული ოცნების" სახელით გპირდებით! მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და „ასავალ-დასავალის" საშუალებით ყველას მოგილოცოთ 2015 წელი!
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"