ვერის უბანში, გოგებაშვილის 22 ნომერში, იყიდება დიდი მამულიშვილის, საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგის სიმონ (სიმონიკა) სხირტლაძის სახლი, რომელიც ქართველი მწერლების თავშეყრის ადგილიც იყო. საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემია მოუწოდებს სრულიად საქართველოს, თბილისის მერიასა და განათლების სამინისტროს, დავიწყებას არ მისცეს ეს კულტურული მემკვიდრეობა. გახსნილია საბანკო ანგარიშის ნომერიც GE77BG0000000815013600. გვესაუბრება სიმონ სხირტლაძის ქალიშვილი იზა სხირტლაძე, რომელიც იხსენებს მამას და მათი სახლის ისტორიას:
- სახლი გოგებაშვილის ქუჩაზე მამაჩემის მშობლებმა შეუღლების შემდეგ შვილებისთვის შეიძინეს, რათა სწავლის დროს ქალაქში ბინა ჰქონოდათ. შვილებმა განათლება მიიღეს, მამაჩემი ამ სახლში დასახლდა. ამ სახლში დავიბადე მეც და ჩემი ოჯახის ყველა მოგონება მას უკავშირდება. თავდაპირველად ორი ოთახი გვქონდა, შემდეგ მამაჩემმა ბინას კიდევ ერთი ოთახი მოამატა. საერთო ფართი 50 კვადრატულ მეტრზე ცოტა მეტი გამოვიდა. დიახ, დიდი ბინა არ გვქონდა, მაგრამ ჩემი მშობლები სტუმრებისთვის ფართოდ აღებდნენ კარს და სათანადო პატივს მიაგებდნენ. ზღურბლზე შემოსული გალაკტიონ ტაბიძე იტყოდა ხოლმე - გაუმარჯოს დაბალ ჭერს და მაღალ სულსო! გალაკტიონის წინაშე მე და ჩემს დებს მამა გვამღერებდა ხოლმე, თვითონაც მუსიკალური კაცი იყო, ძალიან უყვარდა დები იშხნელების სიმღერები, იყო მორწმუნე და ღვთისმოყვარე, ჩამომავლობით სასულიერო გვარისშვილი და მღვდლების ოჯახში გაზრდილი, ამავე დროს, კარგი მომლხენი და უბადლო თამადა.
არ მავიწყდება ჩვენს სახლში გამართული საუბრები საქართველოს მომავლის შესახებ. მშობლის ქებად ნუ ჩამითვლით, მაგრამ მეამაყება, რომ სილოვან ნარიმანიძეს მამაჩემზე აქვს ნათქვამი: „ერთ-ერთი დიდი მლოცველი სამშობლოსი, დიდი ოქროპირი, ჩუმი მეამბოხე, მზრდელი ქართული სულისა, სიტყვის ჯავარი, სახალხო მასწავლებელი". შეხვედრები ჩვენს განუმეორებელ მწერლებთან და პოეტებთან მართლაცდა ამ ისტორიულ ბინაში ხდებოდა, ვინ არ მინახავს ჩვენს სახლში, გალაკტიონი, კოლაუ ნადირაძე, გრიგოლ აბაშიძე, ლერი ალიმონაკი, მურმან ლებანიძე, ოთარ ჭილაძე, სერგი ჭილაია, აკაკი ძიძიგური... მამაჩემის უახლოესი მეგობარი იყო გიორგი შატბერაშვილი, თითქმის ოჯახის წევრი, რომელმაც მამაჩემს იტალიიდან ძვირფასი ტროსტიც კი ჩამოუტანა.
- ტროსტი რატომ?
- მამა ავტოავარიაში იყო მოყოლილი, ფეხი დაზიანებული ჰქონდა, ამიტომ ჯოხით დადიოდა. სამწუხაროდ, ის ტროსტი ბოლომდე არ შერჩა. ერთ დღეს სახლში ტაქსით მოვიდა, მანქანიდან გადმოვიდა თუ არა, ის იყო, ტროსტი უნდა აეღო, რომ მანქანა ადგილს მოსწყდა და ტროსტი წაიყოლა. მამა ძალიან წუხდა, გიორგის ნაჩუქარი მაინც არ ყოფილიყოო. ამდენი წლები გავიდა და ის ტროსტი დღესაც მახსოვს, თავზე ცხენის ფლოქვის მსგავსი დეტალი ჰქონდა, სადმე რომ ვნახო, ახლაც ვიცნობ... დღესაც კი, როდესაც ბელინსკის აღმართს ამოვუყვები, თვალწინ მიდგას მამაჩემი, რომელსაც ხალხი გუნდად მოჰყვებოდა, ნაცნობი თუ უცნობი, ყველა უღიმოდა და ესალმებოდა. ამაზე ამბობდა ხოლმე. „სალამი მარჯვნივ, სალამი მარცხნივ!" ამ ქუჩაზე ის ყველას უყვარდა, მეგობრობდა უბრალო ადამიანებთან, მეწაღეებსა და სხვა ხელოსნებთან, მამის სახელით მიმართავდა, მადლიერი მეზობლები, მეგობრები და მოწაფეები ჰყავდა.
- რომელ სკოლაში ასწავლიდა?
- მე-60 სკოლაში, მათემატიკურ სკოლა-ინტერნატში. ხშირად სხვადასხვა სკოლის დირექტორები იწვევდნენ ხოლმე გაკვეთილის ჩასატარებლად. უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა გარდამავალ ასაკში მყოფ ბავშვებს და ამბობდა, რომ ბავშვს სწორედ ამ პერიოდში სჭირდება დიდი ყურადღება, სულიერი საზრდო პიროვნებად ჩამოსაყალიბებლად. დირექტორები კმაყოფილნი იყვნენ და ამბობდნენ, სიმონ სხირტლაძესთან შეხვედრის შემდეგ, ბავშვებში სულ სხვა ნაპერწკალი გაღვივდაო. წარმოიდგინეთ, მამა მილიციის საღამოს სკოლაშიც ასწავლიდა, არ სწინდებოდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა.
- ვინ იყვნენ თქვენი მეზობლები?
- არაჩვეულებრივი მეზობლები გვყავდა, სტუმარი თუ მოულოდნელად შემოგვესწრებოდა, ყურადღებას არ გვაკლებდნენ, ხომ არაფერი გჭირდებათო, გვერდით გვედგნენ. ჩვენი მეზობლები იყვნენ კალმახელიძეები, რომლებიც ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობდნენ.
- რატომ გაყიდა მამათქვენმა ეს ბინა და ვინ შეიძინა?
- ეს ბინა მამამ გაყიდა გარდაცვალებამდე ოთხი თვით ადრე. აქედან წასვლა არ უნდოდა, 40 წელი აქ გაატარა, მაგრამ ოჯახური პირობების გამო, იძულებული გახდა, გაეყიდა. კუტუზოვის ქუჩაზე გადავიდა, მეშვიდე სართულზე. ხშირად ლიფტი არ მუშაობდა და სართულებზე ფეხით უწევდა ასვლა. რაც ამ სახლიდან წავიდა, ლოგინად ჩავარდა, გაცივდა, თავს ყურადღება არ მიაქცია და ავად გახდა. ამ ბინაზე როდესაც ჩამოვარდებოდა საუბარი, იტყოდა, დაიცა, ავდგეო. მაგრამ არ დასცალდა. დღეს ეს ბინა იყიდება. მეპატრონე არაჩვეულებრივი ადამიანია, იცის ამ ბინის ისტორიული მნიშვნელობა, ის კი არა, სათუთად შენახული აქვთ გალაკტიონის მიერ ხელშენავლები კარის სახელურები. ამიტომ არ უნდა, რომ ბინა სხვა კერძო პირის მფლობელობაში აღმოჩნდეს. შემოგვთავაზა მისი შესყიდვა, მაგრამ ჩვენ საშუალება არ გვქონდა. გვინდა, ბინა შეისყიდოს სახელმწიფომ და აქ გახსნას კულტურული კერა, მუზეუმი - „სიმონის სახლი". ბინის მფლობელი ყველანაირად ხელს გვიწყობს, დროს გვაძლევს თანხების მოსაძიებლად. თხოვნით მივმართეთ მერიასაც და განათლების სამინისტროსაც. ველოდებით პასუხს. მამაჩემის მშობლიურ მხარეში, რაჭაშიც გაიგეს ეს ამბავი, აიტაცეს, ხელმოწერები შეაგროვეს და განათლების სამინისტროში შეიტანეს. იმედს ვიტოვებთ, რომ მერია და განათლების სამინისტრო ამ საკითხს დადებითად გადაწყვეტს. მანამდე კი ბინის გარეთა კედლის ფასადზე აწერია, რომ ამ სახლში ცხოვრობდა ცნობილი ქართველი ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე სიმონ სხირტლაძე.
- რა ღირს ეს ბინა?
- 50 ათასი დოლარი. ბანკში გახსნილია ანგარიში, ხოლო დაინტერესებულ პირებს ვთხოვ, დაუკავშირდნენ რაჭის გადარჩენის კომიტეტში გვარის ხელმძღვანელს ხათუნა სხირტლაძეს ტელეფონის ნომრებზე: 234-13-13 და 599-43-43-35.
P.S. ვერის უბანში, გოგებაშვილის ქუჩის 22-ე ნომერში სიმონ სხირტლაძის ბინა იყიდება, კარის მეზობლებად უცხოელები ცხოვრობენ, ახალგაზრდა შავკანიანი ქალბატონი და მამაკაცი. გულსატკენია, რომ ერთ დროს ქართველი კლასიკოსების შესაკრები ადგილი უცხოტომელთა საცხოვრებლად იქცა, რომლებსაც არც სიმონიკა სხირტლაძის სახელი სმენიათ, არც გალაკტიონ ტაბიძის, არც გიორგი შატბერაშვილის და ვერასოდეს გაიგებენ ამ სახელების სიდიადეს. ვისაც ხელგეწიფებათ, გადაარჩინეთ სიმონიკა სხირტლაძის სახლი უცხოელთა დაპატრონებისაგან, რათა მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ესოდენ ძვირფასი კულტურული კერა!
ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"