26 დეკემბერს პარლამენტში ნაციონალი აკაკი ბობოხიძის უზრდელობისა და უხამსობის გამო ატეხილი დიდი ცემა-ტყეპის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი იყო.
- სოსო, კაკო ბობოხიძეს თქვენგან ვინმემ შეაგინა?
- არავის შეუგინებია! როცა ბობოხიძე მოგვმართავდა, „თქვენ მალე თქვენს დედა-რუსეთში გაიქცევითო", ვიღაცამ დაუძახა, რუსეთი დედაშენიაო და ამაზე თვითონ კაკოიამ ატეხა დედის გინება, რის გამოც მიიღო ის, რაც ეკუთვნოდა!
- თუმცა, ახლა ნაციონალები დაჩაგრულის მანტიას მოისხამენ და მთელ მსოფლიოს შეძრავენ - აი, როგორ გვჩაგრავენ და გვისწორდებიანო!
- საქართველოში დედის გინება ტყვიის სროლაზე უარესია. ვეკითხები ამერიკელებსაც, ევროპელებსაც რუსებსაც და აზიელებსაც - თქვენ როგორ იქცევით, როცა ტყვიას გესვრიან?! თავს უხრით?!
დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტში ასეთ უზრდელობასა და შეურაცხყოფას ზუსტად ისეთი ამბავი მოჰყვება, რაც ჩვენთან მოხდა. დიახ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, უბრალოდ, ნაციონალებს გამჩენი არ ასვენებთ და „გაიჩალიჩეს!"
ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაიკმინდონ ხმა ამ უწმინდურებმა, რომლებიც 9 წლის განმავლობაში საქართველოს ნამუსს ხდიდნენ!
- ხმის ჩაკმენდა კი არა, ხომ ხედავთ, 2012 წლის 1 ოქტომბერს მიცვალებული ნაციონალები ისევ გამოცოცხლდნენ და გადიდგულდნენ, „ქართულ ოცნებას" პირდაპირი ტექსტით დედას აგინებენ და ქვეყნიდან გაძევებით ემუქრებიან. როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია ეს ყველაფერი?
- ეს იმის ბრალია, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი იმ ტემპით და იმ ხარისხით ვერ წარიმართა, როგორიც ქართველ ხალხს უნდოდა!
მე თავიდანვე ვიძახდი, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებში ნაციონალებს 40 პროცენტი არ აუღიათ და ეს გაყალბებული შედეგია-მეთქი! ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომ მაშინვე, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიდან ძალიან მალევე, არ ჩავატარეთ ახალი, რიგგარეშე არჩევნები! ეს რომ მომხდარიყო, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმეოდა და ეს „ჩმორები" ასე ვეღარ „იბლატავებდნენ!"
საერთოდ, ბევრი შეცდომა დავუშვით. ადრეც გითხარით, რომ სააკაშვილი ახალარჩეულ პარლამენტში რომ მოვიდა, იქიდან პანჩურების რტყმევით უნდა გაგვეგდო! ძალიან დიდი შეცდომა იყო პარლამენტის ვიცე-სპიკერად ბარამიძის არჩევა და ყველაზე დიდი შეცდომა კი მაინც ის არის, რომ საზოგადოებას დღემდე ვუმალავთ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილ კადრებს, რომლებზეც მამაკაცების გაუპატიურება და ნაციონალი ჯალათების გაუგონარი სისასტიკეებია აღბეჭდილი.
- თქვენ თვლით, რომ ეს კადრები ხალხმა უნდა ნახოს?
- ჩემი ნება რომ იყოს, ამ კადრებს საქართველოს კინოთეატრებში დიდ ეკრანებზე გავუშვებდი!
- სოსო, სანამ ნაციონალები პარლამენტში „მთავარ ოპოზიციად" სხედან, ბინძური პროვოკაციების მოწყობას არ მოეშვებიან და რას აპირებთ, სულ ცემა-ტყეპა ხომ არ უნდა იყოს?
- ნაციონალებს მე ოპოზიციად ვერ აღვიქვამ! ეგენი არიან სექტა! ეგენი არიან დამნაშავეების ბანდა!
- ისე, იმ ჩხუბის დროს ძალიან შეშინებულები კი ჩანდნენ!
- ისეთი შეშინებულები იყვნენ, ხელის განძრევაც კი ვერცერთმა ვერ გაბედა! 26 დეკემბერს ნაციონალებმა ჩვენში ის შემართება დაინახეს, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე გვქონდა და მიხვდნენ, რომ, თუ თითს გაანძრევდნენ, გადავუვლიდით! ჩვენი გამჩერებელი იმ დღეს კაციშვილი არ იყო!
ჩვენ რომ ბობოხიძისაგან ასეთი უზრდელობა და შეურაცხყოფა გადაგვეყლაპა, ხალხის თვალში მაგარი „ჩმორები" ვიქნებოდით! საზოგადოება გვეტყოდა, მიგვიფურთხებია თქვენი დეპუტატობისთვისაც, თქვენი კაცობისთვისაცო და მართალიც იქნებოდა.
კიდევ კარგი, იმ დღეს სხდომათა დარბაზში ვიჯექი! 26 დეკემბერს იქ რომ არ ვყოფილიყავი, მთელი ცხოვრება ვერ მოვინელებდი ამას!
და კიდევ, ამ ჩხუბის მერე ბარამიძეს დაუწერია, მთელი „ქართული ოცნება" ნეხვშიაო! ამ სიტყვებისათვის ბოდიშის მოხდა მოუწევს! (იმ დღეს ბარამიძე არ იყო სხდომათა დარბაზში და კარგად გადარჩა!
- გივი თარგამაძე იყო დარბაზში?
- არა, არ იყო! ყველამ იცოდეს, რომ არავისთვის არაფრის შერჩენას აღარ ვაპირებთ! უზრდელობისა და შეურაცხყოფისათვის ამიერიდან ყველა საკადრის პასუხს მიიღებს!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"