reportiori.ge - წლის შემაჯამებელი ინტერვიუ დედაქალაქის მერთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:29
ინტერვიუ
წლის შემაჯამებელი ინტერვიუ დედაქალაქის მერთან
ავტორი:
31 დეკემბერი, 2014. 18:01


რა სიახლეებისთვის ემზადება დედაქალაქის მერი? როგორია მომავალი წლის ბიუჯეტი - ხალხის თუ ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე ორიენტირებული? „პრაიმტაიმმა" გასული წლის შეჯამება და ინფორმაცია სამომავლო გეგმების შესახებ თბილისის მერს, დავით ნარმანიას სთხოვა. დედაქალაქის მერთან ინტერვიუს შემდეგ, მანქანასთან, „სითი პარკის" 10-ლარიანი ჯარიმა დამხვდა, ამიტომაც ინტერვიუს სწორედ „სითი პარკის" შესახებ დასმული კითხვაზე პასუხით დავიწყებ.


დავით ნარმანია, თბილისის მერი:


- „სითი პარკთან" დაკავშირებით საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნას ველოდებით, რომელიც კონკურსის შედეგად შევარჩიეთ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ „სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულება არის კაბალური, თუმცა მათ აქვთ ძალიან მყარი გარანტიები, რომ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში თბილისის მერიას ათეულობით მილიონი ლარი დააკისრონ. აქედან გამომდინარე, სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს, აუდიტორული კომპანია აკეთებს ამ ხელშეკრულების სამართლებრივ და ფინანსურ ანალიზს, იანვარში უკვე გვექნება დასკვნა და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ.

 

- დაახლოებით 5 თვეა, რაც დედაქალაქის მერის თანამდებობას იკავებთ... რა იყო მთავარი გამოწვევა ამ ხნის განმავლობაში?

 

- ძალიან ბევრი პრობლემის მოწესრიგება უკვე შევძელით. ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ის სპეციალურად დატოვებული პრობლემები, რომელიც თავიდანვე იცოდნენ, რომ თბილისის მერიაში ჩვენი მოსვლისთანავე გააქტიურდეოდა. მაგალითად საცხოვრებელი სახლების განაწილება შემიძლია მოვიყვანო, როდესაც ერთი საცხოვრებელი ორ სხვადასხვა პირზე გააფორმეს და ახლა ჩვენ გვიწევს ამის მოგვარება. ეს შეგნებულად კეთდებოდა, რათა ჩვენთვის პრობლემები დაეხვედრებინათ. იგივე შეიძლება ითქვას მოუწესრიგებელ გზეზე. მათ ძალიან გვიან დაიწყეს ტენდერები, რადგან ხალხს შემდგომში ჩვენს უუნარობაზე ესაუბრა, თუმცა ეს პრობლემაც მოვაგვარეთ და მთელი შემოდგომის განმავლობაში 40-ზე მეტ ქუჩაზე ვაწარმოებდით გზების მშენებლობას. პრობლემები დაგვხვდა მშენებლობებთან დაკავშირებით, რადგან ყველაფერზე გასცემდნენ ნებართვას. მათ შორის რეკრეაციულ ზონებში მშენებლობებზე.

 

- ტენდერები ახსენეთ და აქვე მინდა გკითხოთ პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე... როგორც ცნობილია, საგამოძიებო ორგანო თბილისობის დღესასწაულზე გახარჯულ სახსრებს იკვლევს... გამორიცხავთ, რომ კვალი თქვენი უწყების მაღალჩინოსნებთანაც მივიდეს?


- აქ საუბარია 15 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულებაზე, რომელიც სამგორის გამგეობამ ერთ-ერთ კომპანიასთან გააფორმა. ამ კომპანიამ გააკეთა ღონისძიების ორგანიზება, დაიქირავა აპარატურა, მომღერლები და ა.შ. თუ სადმე კითხვა არსებობს, ცხადია, ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენ დაუყოვნებლივ მივაწოდეთ ინფორმაცია პროკურატურას, რათა მათ ეს ყველაფერი დაამუშაონ და გვითხრან, რეალურად რასთან გვქონდა საქმე. ჩვენ ყველა შესყიდვას შესაბამისი პროცედურების დაცვით ვატარებთ და აქედან გამომდინარე, არ მგონია, რამე პრობლემა იყოს.

 

- გაგახსენებთ ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, როდესაც ის თავდაცვის სამინისტროში არსებულ დარღვევებზე საუბრობდა. ექსპრემიერისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, რატომ გაუფორმა ალასანიას უწყებამ ხელშეკრულება ნაციონალებთან ასოცირებულ კომპანიას და გარდა ამისა, მისთვის მიუღებელი გახლდათ ავანსის სახით სრული თანხის გადარიცხვა... დაახლოებით იგივე სიტუაციას ვაწყდებით მერიაში, როდესაც თქვენმა უწყებამ პირდაპირი შესყიდვის გზით ხელშეკრულება გააფორმა სწორედ ნაციონალებთან დაკავშირებულ კომპანიებთან („დაგი" და „ცეკური") და ასევე, ავანსის სახით გადარიცხული სრული თანხა... ამის გამო, უკვე ხომ არ გისაყვედურათ ესქპრემიერმა?

 

- ეს არის კომპანიები, რომლებიც არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ ქვეყანაში ახორციელებენ სამშენებლო პროექტებს. კონკრეტულად კომპანია „ცეურთან" დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ პროექტი ხარვეზიანი დაგვხვდა და ჩვენი დავალებით ეს ხარვეზი გამოასწორა. ყველა კომპანია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა და შესაბამისი გამოცდილება, მონაწილეობს ჩვენს შესყიდვებში, რადგან, ზოგადად, ეს ბაზარი არ არის ძალიან მცირე, მე რაიმე სახის დარღვევას ვერ ვხედავ ჩვენს ურთიერთობაში. არ მაქვს ინფორმაცია, რომ ეს კომპანიები ვინმესთან იყვნენ დაკავშირებულები, ეს არც არის ჩემი საქმე, ჩემი მთავარი მიზანია, ხარისხიანად შეასრულონ მათ დაკვეთილი სამუშაოები.

 

- თბილისის 2015 წლის ბიუჯეტზე მინდა გკითხოთ... საკრებულოს დეპუტატების ნაწილი, მაგალითად, ალეკო ელისაშვილი ამ პროექტს ჩინოვნიკების კეთილდღეობის ბიუჯეტს უწოდებს, რადგან 800 მილიონიდან 90 მილიონი ჩინოვნიკების კეთილდღეობაზეა მიმართულიო?

 

- 90 მილიონი არის ადმინისტრაციული ხარჯები, სადაც მოიაზრება მერიაც, საკრებულოც, გამგეობებიც და ა.შ. აქ საუბარი არ არის რაიმე სახის კეთილდღეობაზე, შრომის ანაზღაურების გაზრდაზე და სხვ. ჩვენ წელს პროგრამული ბიუჯეტი გავაკეთეთ და მათ შორის ადმინისტრაციული ხარჯებიც ძალიან გამჭვირვალეა.

 

- რა არის მთავარი პრიორიტეტები?

 

- 4 ძირითადი პრიორიტეტია განსაზღვრული მომავალი წლის ბიუჯეტში: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ქალაქის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ქალაქის გამწვანება და საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა. ვფიქრობ, ამ და სხვა საკითხებზე საკმაოდ კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაქვს საკრებულოს უმრავლესობასთან.

 

- ხმაურის საფუძველი გახდა თქვენ მიერ ხელმოწერილი განკარგულება მერიის მაღალჩინოსნებისთვის დანამატების გაცემის შესახებ... რამდენად საფუძვლიანია თქვენი ოპონენტების მიერ ამ თემის ირგვლივ გამოთქმული ბრალდებები?

 

- მე თბილისის საკრებულოში წარვადგინე კონკრეტული ციფრები, რამდენს იღებდა მერიის წინა ხელმძღვანელობა დანამატს და რა მდგომარეობაა ამჟამად. განსხვავება ნამდვილად შთამბეჭდავია და სწორედ ამიტომ მათ კრიტიკას ვერ მივიღებ. ჩემი აზრით, კვალიფიციურ კადრებს, რომლებიც ლამის 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, უნდა ჰქონდეთ სტიმული და დამატებითი წახალისების მექანიზმები. ეს მე არ მომიგონია, ეს არის მენეჯმენტის ერთ-ერთი პრინციპი.

 

- რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას... იყო საუბარი, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება თანამშრომლების განთავისუფლება...


- ეს ხმაური და აჟიოტაჟი ჩაცხრა, რადგან სრულიად უსაფუძვლო იყო. ჩვენ არავინ გაგვიშვია პოლიტიკური ნიშნით.  ის, ვინც სამსახურში არ დადიოდა და ხელფასს იღებდა, ცხადია, აქ ვერ იმუშავებდა, იქნება ეს მერაბიშვილის სიდედრი თუ სხვა ნებისმიერი. იყვნენ ადამიანები, რომლებიც მერიას აფარებდნენ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ ანაზღაურება მიეღოთ, რეალურად ეს ადამიანები ფიქციურად იყვნენ გაფორმებულები. ჩვენ სრულიად გამჭვირვალედ ჩავატარეთ ატესტაცია და ახლა ვატარებთ კონკურსს, რათა დარჩენილ თანამდებობებზე მივიღოთ კადრები.


- როგორ აპირებთ დედაქალაქში საცობების პრობლემის გადაჭრას?


- საცობები მართლაც ძალიან მწვავე პრობლემაა. გადავწყვიტეთ, ამ მიმართულებით კომპლექსური ნაბიჯები გადაგვედგა. პირველ რიგში, ეს არის კვლევა სატრანსპორტო ნაკადებთან დაკავშირებით. ეს საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ზუსტი ინფორმაცია და ამაზე დაყრდნობით მოვახდინოთ რეაგირება. აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ვგეგმავთ პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას, „ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაფართოებას და ა.შ. ეს ყველაფერი დაგეგმილია 2015 წლის ბიუჯეტში. ჩვენ ვაპირებთ საინფორმაციო კამპანიას, რათა გაიზარდოს მოქალაქეთა თვითშეგნება, რომ უადგილო ადგილას არ გააჩერონ ავტომობილი, არ დაარღვიონ მოძრაობის წესები და სხვ. ყველაზე მთავარი მაინც არის ავტომობილების დიდი რაოდენობა და მათი შემცირების გარეშე პრობლემა საბოლოოდ ვერ გადაწყდება.

- როგორ მოახერხებს სახელმწიფო ავტომობილების რაოდენობის შემცირებას?

 

- ავტომობილების რაოდენობის შემცირება შეუძლებელია, თუ სახელმწიფომ რაიმე განსაკუთრებული რეგულირება არ შემოიღო.

 

- საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით გამოითქვა პრეტენზიები, რომ დღევანდელი მერია აგრძელებს წინამორბედის ტრადიციას, როდესაც მომღერლების შერჩევა ხდება პოლიტიკური ნიშნით... რამდენად რეალურია ეს?


- ჩვენ პოლიტიკური ნიშნით არავინ გამოგვირჩევია. მუშაობს სპეციალური კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ბუნებრივია ყველას ათვისება ვერ მოხერხდება, თუმცა ჩვენ შევეცდებით, სხვადასხვა ღონისძიებებში ჩავანაცვლოთ მომღერლები, რათა არავინ დარჩეს სცენის მიღმა. მომდევნო ღონისძიებისთვის ვაპირებთ, გადაწყვეტილება მთლიანად ხალხს მივანდოთ და ვინც მათ მოსწონთ და სურთ, ის მომღერლები და ჯგუფები იხილონ. ამისთვის ვფიქრობთ ხმის მიცემის სისტემის შემოღებას. ვისაც საზოგადოება დაგვიკვეთს, მას დავიქირავებთ.


- თქვენი ოპონენტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანა კულუარებიდან იმართება... უშუალოდ მერიის საქმიანობაში რამდენად ერევა ბიძინა ივანიშვილი?

 

- როგორ ფიქრობთ, ამისთვის სცალია ბიძინა ივანიშვილს? რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მე ვარ ამ უწყების პირველი პირი და შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ აქ მითითებებს არავინ გვაძლევს. ეს არის ჩვენი ოპონენტების მიერ შექმნილი მითი და ცდილობენ, ეს მითი საზოგადოებასაც დააჯერონ.


- დაბოლოს, რას ეტყვით თბილისის მოსახლეობას? რამდენად უკეთესი იქნება 2015 წელი მათთვის?

 

- 2015 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წელი. თბილისის ამ წლის ბიუჯეტი სწორედ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. მნიშვნელოვანი იქნება იმ კუთხითაც, რომ თბილისი 2015 წელს ძალიან ბევრ საერთაშორისო ღონისძიებას მასპინძლობს, განსაკუთრებით გამოვყოფდი ახალგაზრდულ ოლიმპიადას. თბილისში ჩამოვა ბევრი ტურისტი, რაც გაზრდის შემოსავლებს.

 

მარიამ ბოქოლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016