მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" არასამთავრობო სექტორი და მოსამართლეები შეხვედრას მართავენ. საუბრის მთავარი თემა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერების გზებია.
კონფერენციას მოსამართლეთა ასოციაციების, ასევე ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ინიტა პაულოვიჩამ გახსნა. როგორც შეხვედრის დაწყებამდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მსგავსი ტიპის შეხვედრები მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებს სასიკეთოდ წაადგება.
შეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა მეიშვილი ესწრება. მისი განცხადებით, სასამართლო არასამთავრობო ორგანიზაციებთან სათანამშრომლოდ მზად არის. "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრები. სამოქალქო სექტორისგან სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით მოსაზრებებს მოვისმენთ. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა სისტემის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს," - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ზაზა მეიშვილმა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლის, ეკა გიგაურის განცხადებით, შეხვედრის ორგანიზატორი UNDP საქართველოში სასამართლო სისტემის გაძლიერებას ცდილობს, რაც - მნიშვნელოვანია. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოებასთან მსგავსი ტიპის შეხვედრები სასამართლო სისტემის გახსნილობას შეუწყობს ხელს. კონფერენციის ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა UNDP, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი.