reportiori.ge - "ის ამბავი გასკდა, რის გამოც მოიშორეს ზურაბ ჟვანია"
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:47
პრეს-დაიჯესტი
"ის ამბავი გასკდა, რის გამოც მოიშორეს ზურაბ ჟვანია"
ავტორი:
10 იანვარი, 2015. 17:09


 

ვაგრძელებთ ზარაფხანის ყოფილი დირექტორის სკანდალურ ინტერვიუს, სადაც მკითხველი შეიტყობს, შეიძლებოდა თუ არა ჰქონოდა კავშირი პრემიერ-მინისტრის საიდუმლოებით მოცულ სიკვდილთან საეჭვო პერსონას, რომელიც ჟვანიას სახელით დავით ლორთქიფანიძისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდა.




დათო ლორთქიფანიძე: როგორც გითხარით, საეჭვო პერსონა მირეკავდა და მეუბნებოდა, თუ ერთ-ერთ ოფშორულ ზონაში მისივე მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადავრიცხავდი თანხას, აღარავინ შემეხებოდა. გამეცნო როგორც პრემიერ-მინისტრის თანამშრომელი, თუმცა რამდენჯერმე იაღლიში მოუვიდა - იმ სახელით მე მომმართა, რითაც თავად გამეცნო. გადავამოწმე და იმ გვარ-სახელით პრემიერ-მინისტრთან არავინ მუშაობდა.



ჩემი აზრით, გამომძალველს მაშინდელ საგადასახადო სამსახურთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, ამომწურავ ინფორმაციას ფლობდა ყველაფერზე, მაგალითად, რა წონის ოქრო გადავტვირთეთ უზბეკეთში, რუსეთში და სხვ. ისიც იცოდა, ამ ქვეყნებიდან რა ოდენობის თანხა უნდა მიგვეღო. ერთხელ მითხრა: ვიცი, პირად ანგარიშზე ფული არა გაქვს, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნიდან რა თანხასაც ელოდებით, მიღების შემდეგ ამა და ამ ანგარიშზე დასვიო. მაშინ ორმილიონიანი ხელშეკრულება გვქონდა გაფორმებული ერთ-ერთ ქვეყანასთან და ფულის გადმორიცხვას ველოდით. "მერე როგორ უნდა ავუხსნა საგადასახადოს ან კონტროლის პალატას, რისთვის გადავრიცხე ამხელა თანხა ოფშორულ ზონაში?" - ვკითხე მე.




"აღარავინ შემოვა შესამოწმებლად და ახსნაც არავისთვის მოგიწევს", - მიპასუხა. იმის დასადასტურებლად, რომ "ნამდვილად" ჟვანია ავალებდა ჩემთან დარეკვას, გამომძალველი დეტალურად აღწერდა, სად იყო ჟვანია იმ წუთებში, რას აკეთებდა... უფრო მეტიც, იცოდა ზურაბ ჟვანიას ისეთი მარშრუტები თუ ადგილსამყოფელი, რაც ვიწრო წრის გარდა არავის უნდა სცოდნოდა. რამდენჯერმე მისი ნათქვამი გადავამოწმე და თქვენ წარმოიდგინეთ, მართალი აღმოჩნდა. მოკლედ, ის კაცი ჩემთან ერთი თვე რეკავდა.




იმავე პერიოდში სახელმწიფომ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ზარაფხანას, მიზანი საწარმოს ხელოვნურად გაკოტრება იყო. უკანონოდ დაგვარიცხეს რადენიმე მილიონი ლარი. ბაჟის სახით 5 ათასი ლარი შევიტანე სასამართლოში, რომ ეს გადაწყვეტილება გამესაჩივრებინა. ზარაფხანის დირექტორობიდან ისე გამათავისუფლეს, სასამართლომ ჩემი სარჩელი არც კი განიხილა, მეტიც, ახალმა დირექტორმა ჩემი განცხადება უკან გამოიტანა. ვითხოვდი ჟვანიასთან შეხვედრას ამ საკითხის განსახილველად, მაგრამ მისი გარემოცვის გამო ვერა და ვერ მოვახერხე...




- და მაინც, რატომ გამორიცხავთ, რომ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის დავალებით ცდილობდნენ თქვენთვის ფულის გამოძალვას?

 



- იმიტომ, რომ ვიდრე ის კაცი ჩემთან საეჭვო სატელეფონო საუბრებს დაიწყებდა, ვიღაცები მანამდეც მემუქრებოდნენ დაჭერით. საწარმოთა მართვის სააგენტოს პოზიციაც იყო, რომ უნდა დამეტოვებინა თანამდებობა ზურაბ ჟვანიას სურვილის შესაბამისად. სწორედ ამ დროს შემთხვევით ზურაბ ჟვანიას შევხვდი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქმეზე მივედი. დავინახე, პრეზიდენტის ოთახიდან ზურაბ ჟვანია გამოვიდა და რამდენიმე წუთით შევაყოვნე. "ბატონო ზურაბ, ძალიან მაწვებიან... უნდათ, ზარაფხანიდან წავიდე.




მეუბნებიან, რომ ამით თქვენ ხართ დაინტერესებული... იქნებ პირდაპირ მითხრათ, რატომ უნდა დავტოვო თანამდებობა?" - ვკითხე პრემიერ-მინისტრს. "სულელების ლაპარაკს ნუ უჯერებ! მე რომ მინდოდეს შენი მოხსნა, პირდაპირ გეტყოდი და დაგისაბუთებდი, რისთვის არის ეს აუცილებელი. ვფიქრობ, შენ თანამდებობაზე უნდა დარჩე", - მიპასუხა ჟვანიამ. მაშინ გამიქარწყლდა ეჭვი, რომ ჟვანიას დავალებით მავიწროებდნენ. თანაც, ჟვანიას ჯერ კიდევ "მწვანეთა მოძრაობიდან" ვიცნობდი, ამ ორგანიზაციის წევრი გახლდით.




როგორც გავარკვიე, ჩემი მოხსნა ბენდუქიძეს უნდოდა, აშკარად მებრძოდა. მით უმეტეს, რომ ხელისუფლებისგან მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. ზოგიერთ საკითხზე ბენდუქიძესა და ჟვანიას უთანხმოება ჰქონდათ, ძირითადად, პრივატიზაციასთან დაკავშირებული. რაკი ზარაფხანის თაობაზე თავისი პოზიცია ზურამ პირადად ჩემთან გამოხატა, დავრწმუნდი, რომ საწარმო ბენდუქიძისა და მისი "აღვირახსნილი პრიხვატიზაციის" დამსახურებით მოხვდა საპრივატიზაციო ნუსხაში. სხვათა შორის, როცა ის ოდიოზური ტიპი მირეკავდა, მაშინდელ ეკონომიკის მინისტრს არა სახელით და გვარით, არამედ ირიბად იხსენიებდა, - "დიდ მინისტრს" ეძახდა. თავის დროზე ამ ყველაფრის შესახებ ვესაუბრე გენპროკურატურის წარმომადგენლის გიორგი ლაცაბიძეს, ვუთხარი, რომ მქონდა აუდიოჩანაწერი.




პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე და დაზარალებულად მცნო. ამოიღეს სატელეფონო ნომრები, საიდანაც იმ ერთი თვის განმავლობაში ჩემს სამსახურის ტელეფონზე (ქალაქის ნომერზე) შემოსული ზარები იყო აღრიცხული. ამონაწერში არსად ჩანდა 2-იანი და 9-იანი ატეესებიდან შემოსული ტელეფონის ნომრები.




არადა, ამ ატეესებიდან იმ პერსონის გარდა, სხვებიც ხშირად მირეკავდნენ. იმხანად, როგორც ზარაფხანის დირექტორს, საქმიანი ურთიერთობა მქონდა კანცელარიასთან, პარლამენტთან, სახელმწიფო უწყებები ხშირად ორდენებსა და მედლებს მიკვეთდნენ. მოკლედ, არც ერთი ნომერი არ იყო დაფიქსირებული ამონაწერში და მალე საქმე დამნაშავის დაუდგენლობის გამო დაიხურა. ეჭვი არ მეპარება, რომ გამომძალველის ვინაობა მაშინ დაადგინეს და ხელი დააფარეს.




მას შემდეგ სულ რამდენიმე თვე გავიდა და ზურაბ ჟვანიაც საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში გარდაიცვალა. მახსოვს, სამების ტაძარში ოჯახის მწუხარების გასაზიარებლად მივედი და არ დამავიწყდება ზურაბ ჟვანიას უახლოესი გარემოცვის გამკიცხავი მზერა. არ მინდა მათი ჩამოთვლა, მაგრამ ისინი სწორედ ჟვანიას წყალობით გახდნენ ცნობილი ადამიანები და კარგად გამოიყენეს მისი ფაქტორი კარიერის გასაკეთებლად. როცა ცხონებულის ცხედარს მივუახლოვდი, ჟვანიას "მეგობრები" ისე მიყურებდნენ, თითქოს რამე დანაშაული მიმიძღოდა. იმისთვის მკიცხავდნენ, რომ გავბედე და ვთქვი, ჟვანიას სახელის ბოროტად გამოყენებით მირეკავენ-მეთქი.




თუ მართლა ჟვანიას მეგობრები იყვნენ, ხომ უნდა დაინტერესებულიყვნენ ამ საქმის გამოძიებით?! ბოლოს და ბოლოს, იმ კაცმა, ვინც მირეკავდა, დეტალურად იცოდა, სად მიდი-მოდიოდა ზურაბ ჟვანია და ვინ იცის, იქნებ იმ გარემოცვიდანაც იყო, რომელიც პრემიერ-მინისტრის სიკვდილის ამბავშიც არის გარეული.




მჯერა, რაღაც ისეთი ამბავი გასკდა, რის გამოც მოიშორეს ზურაბ ჟვანია. პრემიერ-მინისტრი რომ გაზით არ გაგუდულა, ეჭვი არავის ეპარება.
სხვათა შორის, ზურას გარდაცვალების შემდეგ გოგლასთანაც მქონდა საუბარი ამ თემაზე. დიდ პატივს ვცემ გოგლას და არ მინდა ჩემზე ცუდად იფიქროს, ამიტომ ყველაფერი ვუამბე. მას შემდეგ, რაც თქვენმა გაზეთმა ჩემთან ინტერვიუს პირველი ნაწილი გამოაქვეყნა, ბევრმა მეგობრულად მირჩია, აუტკივარ თავს ნუ აიტკივებო.




- როგორც ამბობთ, თავის დროზე უშიშროება აკონტროლებდა ოქროს ბირჟებს და თვალს ხუჭავდა კონტრაბანდის შემოდინებაზეც. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ვინ ვისი ინტერესები ჩაანაცვლა?

 


- გვარების დასახელებას ნამდვილად არ დავიწყებ, ეს ჩემი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. მოვიყვან მხოლოდ ფაქტებს და დასკვნა თავად გამოიტანეთ: ვიდრე დირექტორობიდან მომხსნიდნენ, ხელისუფლებასთან კვარციტის ოქროს თაობაზეც გვქონდა საუბარი. ჩვენ ვეუბნებოდით ხელისუფლებას, მოგვეცით საშუალება, კვარციტის "დორე" ოქრო, თვეში დაახლოებით 15-20 კგ, ჩვენს საწარმოში გავასუფთაოთ, რითაც დიდ ხარჯს ავიცილებთ თავიდან და სახელმწიფოც მეტ მოგებას ნახავს-მეთქი. ჯერ გვითხრეს, "კვარციტის" ავსტრალიელი მფლობელები არიან უარზეო. შევხვდით ავსტრალიელებსაც, შეთანხმებასაც მივაღწიეთ, ოქმიც შედგა, მაგრამ "დორე" ოქრო მაინც არავინ მოგვცა. ისევ მთავრობამ გაყინა ეს საქმე. რატომ? სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული.




კვარციტში მოპოვებული ოქრო ნახევარფაბრიკატი იყო, გადასამუშავებლად ინგლისში იგზავნებოდა და მერე სად იყიდებოდა, და რა რაოდენობით, ამ საქმეში სახელმწიფო აღარ გვახედებდა. 15 კგ "დორე" ოქრო რომ მოეწოდებინათ, მასში ოქროს შემცველობას ხომ გამოვიკვლევდით და მიღებული ინფორმაცია ფულის კეთების სქემას გაშიფრავდა. ან იგზავნებოდა კი იმ რაოდენობის და შემცველობის ოქრო ინგლისში, რამდენიც დოკუმენტებში ფიქსირდებოდა? რა თქმა უნდა, ოქროს შემცველობაში მცირე ცდომილებაც კი თანხაში დიდ განსხვავებას იძლეოდა. სწორედ ეს საიდუმლო დაგვიმალეს და "დორე" ოქრო აღარ მოგვაწოდეს.




შემდეგ კი მოხდა ის, რისკენაც ყველაფერი მიდიოდა - ზარაფხანის დირექტორად დანიშნეს კაცი, ვისაც ევალებოდა ოქროს ბაზარზე კონტროლის დამყარება, სინამდვილეში კი ამას არ აკეთებდა. მოხდა საწარმოს პრივატიზაციაც - საწარმო იყიდა შპს "გოლდ ინვესტმა", რომელიც კობა ნაყოფიას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იყო რეგისტრირებული არაყიშვილის ქუჩაზე და ფაქტობრივად, 2.000 ლარით (იგულისხმება საწესდებო კაპიტალი) შექმნილი შპს იყო.




"გოლდ ინვესტს" მაშინ ზარაფხანის შესაძენად ფინანსური საშუალება არ ჰქონდა, მაგრამ ახლა ნაყოფიას ეს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, მოვიზიდეთ, ბატონო, სათანადო თანხები და შევისყიდეთო. რაც მთავარია, მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაყოფია რუსეთიდან სწორედ კახა ბენდუქიძემ ჩამოიყვანა და საზოგადოებას როგორც წარმატებული ბიზნესმენი წარუდგინა. შემდეგ იმავე ბიზნესჯგუფმა ჩაიგდო ხელში "კვარციტიც" და "მადნეულიც".




მე კი მინდოდა ზარაფხანა სახელმწიფოს საკუთრებად დარჩენილიყო, ისევე როგორც ეს ნებისმიერ მოწინავე ქვეყანაშია; მინდოდა ქართული ფული საწარმოშივე მოჭრილიყო, დამზადებულიყო სახელმწიფო ორდენები და მედლები. როგორც ცნობილია, ქართული ფულის მონეტები ამჟამად საფრანგეთში, ხოლო საიუბილეო მონეტები ავსტრიის, ჰოლანდიის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების ზარაფხანებში იჭრება.



სამწუხაროდ, ჩემი პოზიცია დღემდე ვერ მოუნელებიათ... 2008 წელს ვანის მაჟორიტარულ არჩევნებში ამომრჩეველმა მხარი დამიჭირა, მაგრამ ოქმები ისე გადაწერეს, რომ პარლამენტში ჩემი ადგილი ნაციონალების კანდიდატმა დაიკავა. გავასაჩივრე და ოფიციალურად შემატყობინეს - სტრასბურგის სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.


 

 

(წყარო: "კვირის პალიტრა", ეკა ასათიანი )

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016