reportiori.ge - მერაბ კოსტავას პატიმრობის გაუხმაურებელი დეტალები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:58
პრეს-დაიჯესტი
მერაბ კოსტავას პატიმრობის გაუხმაურებელი დეტალები
ავტორი:
11 იანვარი, 2015. 13:48


 

 საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას შესახებ ბევრი რამ დაწერილა და თქმულა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მან მთელი შეგნებული ცხოვრება, საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში ბაბუასა და მშობლებთან ერთად, დიდი როლი ბიძამ, ცნობილმა მსახიობმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ ითამაშა, რომელიც პოლიტიკური აქტიურობისთვის ციმბირში გადაასახლეს. იგი მერაბს ბავშვობიდან აყალიბებდა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად. 1946 წელს, მერაბ კოსტავა თბილისის ვაჟთა 1-ელ სკოლაში შეიყვანეს. თანატოლებს შორის გამორჩეული იყო. IX კლასიდან სწავლა ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში გააგრძელა. ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან დაიწყო პოლიტიკური მოღვაწეობა. სკოლაში ზვიად გამსახურდიას დაუმეგობრდა და ბავშვობიდან მათი მისია თავისუფლებისათვის ბრძოლა გახდა.

 

 

რამდენიმე თანატოლთან ერთად, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი პირველი პატრიოტულ-არალეგალური ორგანიზაცია გორგასლიანი" დააარსა. 1956 წლის დეკემბრის სუსხიან დღეებში თბილისში პროკლამაციები გაჩნდა: ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!" ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელების გამო, საიდუმლო ორგანიზაცია გორგასლიანის" წევრები დაიჭირეს. ასე მოხვდნენ სკოლის მერხიდან საპყრობილეში: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გურამ დოჩანაშვილი, ვოვა სიხარულიძე, თემურ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, გურამ სხირტლაძე და ანატოლი მიქაძე. მეათეკლასელი მერაბ კოსტავა, ექვსი თვის შემდეგ, ციხიდან როგორც არასრულწლოვანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. მას შემდეგ უსამართლოდ გადასახლებასა და პატიმრობაში ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები გაატარა... ციხე-კოლონიების ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ტაბაღუა მერაბ კოსტავას პირველად საქართველოს ციხეში შეხვდა.

 

 

ვლადიმერ ტაბაღუა:

 

 

- მერაბ კოსტავას პირადი საქმის გაცნობამ დამარწმუნა, რომ უმძიმესი პირობების მიუხედავად, იგი განსაცდელს არ შეუშინდა; პირიქით -უსამართლოდ თავს დატეხილ უბედურებას, წამებას, უდრეკად იტანდა. სამწუხაროა, რომ დღეს აღარ არსებობს მისი პირადი საქმე, რადგანაც ის სუკ-ისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებში გაჩენილ ხანძარს შეეწირა, ისევე როგორც ჩვენი ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ბევრი დოკუმენტი. მახსოვს, როცა მისი საქმე ხელში ავიღე და მასალებს დეტალურად გავეცანი, გავოგნდი. ის ემოცია არასოდეს დამავიწყდება. ერთი სქელი ტომი იყო, მაგრამ მოცულობით იმაზე მეტი გახლდათ, ვიდრე 5 პატიმრის ერთად შეკრული საქმე. თითოეულ ფურცელს საგულდაგულოდ გავეცანი. საქმე რამდენიმეგვერდიანი სასამართლოს განაჩენით იწყებოდა, დანარჩენ ფურცლებზე მისთვის გამოცხადებული საყვედურები და საჩივრები იყო აღნუსხული; კარცერებსა და კამერული ტიპის დაწესებულებებში გადაყვანის ბრძანებებით იყო სავსე. ფაქტობრივად, მისი ტანჯვა-წამების დამადასტურებელი სრული მასალა ერთად იყო თავმოყრილი.

 

 

1978 წლის 29 მაისს, საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ა. კობახიძის თავმჯდომარეობით, სახალხო მსაჯულების: ლ. გრიგოლიას, ე. ნარიმანიძის, პროკურორ გ. უგულავას და ადვოკატების: მ. ალხაზიშვილისა და ო. ნიკოლეიშვილის მონაწილეობით, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბრალდების საქმე განიხილა. ისინი 71-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გაასამართლეს -ანტისაბჭოური აგიტაციისა და პროპაგანდისთვის და 3-3 წელი მიესაჯათ. ამ სასჯელს დამატებითი სასჯელი -გადასახლება დაემატა. პატიმრობის შემდეგ მერაბ კოსტავა ირკუტსკის ოლქში 2 წლით გადაასახლეს. ასეთი პიროვნებები უშიშროებას სპეციალურ აღრიცხვაზე ჰყავდა, რომ საზოგადოებისგან იზოლირებულნი ყოფილიყვნენ...

 

 

გადასახლებაში, ქალაქ ირკუტსკში, სოფლის კლუბში გამართულ ღონისძიებაზე პროვოკაცია მოუწყვეს და ახალი ბრალდება -ხულიგნობა შეუთითხნეს. თითქოს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მერაბ კოსტავამ

 

 

ჩხუბი ატეხა, იმ დროს მილიციელმა მას წესრიგისკენ მოუწოდა, ის არ დაემორჩილა, მილიციელს მაისური შემოახია და ხელისკვრით ძირს დააგდო. ამ ბრალდებით, 1981 წლის 17 ნოემბერს, ირკუტსკის ოლქში იგი ისევ გაასამართლეს. გადასახლების წლები ახალ სასჯელს დაემატა და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ქალაქ ანგარსკში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს. იქაც მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ, საზოგადოებასთან კონტაქტი რომ ვერ მოეხერხებინა. აკონტროლებდნენ, წერილები არ გაეგზავნა იმ ადამიანებთან, რომლებიც საბჭოთა კავშირში დისიდენტურ საქმიანობას ეწეოდნენ. იმ დროს, მერაბ კოსტავა მეუღლესთან, ქალბატონ რუსუდან ბერიძესთან, ფაქტობრივად, განქორწინებული იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვილისთვის ალიმენტი უნდა გადაეხადა. პატიმარს მუშაობა ევალებოდა. კანონით, ვისაც ალიმენტი ჰქონდა გადასახდელი, ისინი მაღალანაზღაურებად სამუშაოზე უნდა დაესაქმებინათ. როგორც წესი, სამუშაოდ პატიმრები კოლონიის გარეთ გაჰყავდათ, დისიდენტებს კი გარეთ არ უშვებდნენ. მერაბ კოსტავამ ბევრჯერ მოითხოვა დასაქმება, მაგრამ უშედეგოდ. ადმინისტრაცია მას ალტერნატივას სთავაზობდა -სამეურნეო საქმიანობა (კოლონიის დამლაგებლობა) შეესრულებინა. კანალიზაცია და კოლონიის მთელი ბარაკი დღეში სამჯერ უნდა დაესუფთავებინა. მან შეურაცხმყოფელი სამუშაოს შესრულებაზე კატეგორიული უარი თქვა. ამის გამო კარცერში მოათავსეს.


-ამას აპროტესტებდა?

 

-პირად საქმეში 1984 წლის 12 ნოემბრით დათარიღებული განცხადება იდო, კოლონიის უფროსის და ქალაქ ანგარსკის პროკურორის სახელზე დაწერილი: დიდი ხანია, გთხოვეთ, მომაწყოთ სამუშაოზე საწარმოო ზონაში. თქვენ უგულებელყოფთ ჩემს მოთხოვნას და ყოველგვარი საშუალებით ცდილობთ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, მაიძულოთ, ვიმუშაო სამეურნეო საქმიანობაში. ვაცხადებ შიმშილს. მანამდე ვიშიმშილებ, სანამ არ დააკმაყოფილებთ ჩემს მოთხოვნებს. გთხოვთ, მომცეთ საშუალება, ვიმუშაო და ალიმენტის გადახდა შევძლო!"


კოლონიაში მოშიმშილე მერაბ კოსტავას პროკურორი შეხვდა, მაგრამ სამუშაოზე მაინც არ მოაწყვეს. 5-წლიანი პატიმრობიდან უდიდესი ნაწილი, კარცერსა და საპყრობილის რეჟიმში გაატარა. ერთხელ იმის გამოც დასაჯეს, რომ კოლონიის მეორე ბარაკში მყოფი ქართველი პატიმარი მოინახულა. სამწუხაროდ, კარცერში უჰაერობასა და სინესტეში იმყოფებოდა და ტუბერკულოზით დაავადდა. უკანონო სასჯელების გამო დიდხანს შიმშილობდა. 18-დღიანმა მშრალმა შიმშილობამ ტუბერკულოზით დაავადებული მერაბ კოსტავას ჯანმრთელობა იმდენად შეარყია, რომ საკნიდან ცოცხალმკვდარი გამოიყვანეს. იმდენად ცუდად იყო, ციხის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, საავადმყოფოში გადაეყვანა. რომ მომჯობინდა, ისევ უკან დააბრუნეს. იგივე წრე დატრიალდა, დაბრუნებულს ისევ კოლონიის დალაგება მოსთხოვეს, კვლავ უარი განაცხადა. ურჩობისთვის კიდევ კარცერში უკრეს თავი. შინაგანაწესის დარღვევისთვის იმდენი ბრძანება დაიწერა და იმდენჯერ დაედო სასჯელი, რომ 1985 წელს, ურჩობისთვის, კიდევ ერთხელ გაასამართლეს. არადა, გათავისუფლების დრო ახლოვდებოდა. ძველ წლებს კიდევ ერთხელ ახალი სასჯელი (3 წელი) დაემატა და ციხეში მოსახდელი ისევ 4 წელიწადზე მეტი გაუხდა. მოკლედ, კოლონიიდან კოლონიაში გადაჰყავდათ, სულ მოძრაობაში იყო.


-როდის შეიცვალა მის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება?

 

-მიხეილ გორბაჩოვის დანიშვნის შემდეგ დისიდენტებს ასე მკაცრად აღარ ექცეოდნენ. ისინი არ ჩერდებოდნენ და საერთაშორისო საზოგადოებას უკანონობებზე ინფორმაციებს აწვდიდნენ, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო. როგორც იქნა, 1986 წლის დეკემბერში, მერაბ კოსტავა სასჯელის მოსახდელად საქართველოში დააბრუნეს. იმ დროს დისიდენტების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა...

 

 

#1 იზოლატორის (შემდგომში მეხუთე საპყრობილე. -ავტ.) სპეცნაწილის უფროსი ვიყავი, როცა პირველად მერაბ კოსტავას შევხვდი. რუსეთიდან ახალი ჩამოყვანილი იყო. განკარგულება მივიღეთ, -ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის გასამართლებულებს შეწყალებაზე განცხადება უნდა დაეწერათ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელზე და შეიწყალებდნენ. როგორც სპეცნაწილის უფროსს, მათთვის ინფორმაციის გაცნობა მევალებოდა. მორიგეს ვთხოვე, ამ ბრალდებით დაკავებულნი კაბინეტში ამოეყვანა და ოთახში 4 პატიმარს შევხვდი, მათ შორის მერაბ კოსტავასაც.

 

 

 

 

 

-იქნებ ის შეხვედრაც გაიხსენოთ...

 

-მახსოვს, კაბინეტში გაჭაღარავებული, წვერმოშვებული, გამხდარი, ღრმად მოხუცივით დაუძლურებული მერაბ კოსტავა შემოვიდა. კარგად არ იყო გამოჯანმრთელებული. ოთახში ბოლთას სცემდა, ნერვიულობა მაშინვე დაეტყო, რაღაცას ბრაზობდა და უნდობლად მიყურებდა. აშკარა იყო, რომ სასწრაფოდ სურდა, ჩემთან ვიზიტის მიზეზი გაერკვია. როდესაც ავუხსენი, რომ განცხადება უნდა დაეწერა დარჩენილი სასჯელის პატიებაზე, ანერვიულდა, სახეზე წყენა გამოეხატა და პირდაპირ მითხრა: რა პატიების განცხადება უნდა დავწერო? უდანაშაულო ადამიანი ვარ, არავითარი დანაშაული არ მაქვს ჩადენილი ერისა და ქვეყნის წინაშე. ვის უნდა ვთხოვო პატიება და რატომ?!"


მისი კატეგორიული უარის მიუხედავად, შევეცადე ამეხსნა, რომ განცხადების დაწერა, ფაქტობრივად, მის გათავისუფლებას ნიშნავდა. ჩემმა ამ სიტყვებმა გააღიზიანა და საკანში დაბრუნება კატეგორიულად მოითხოვა. მას სხვებმაც მიჰბაძეს და შეწყალებაზე მათაც უარი თქვეს. შეხვედრის შემდეგ ოქმი შევადგინე და შესაბამის ორგანოს გადავეცი. ამ შეხვედრამ აღმიძრა სურვილი, რომ დეტალურად გავცნობოდი მის პირად საქმეს. გავოცდი, როცა ეს მასალა ვნახე. ის მართლაც შეუდრეკელი კაცის ცხოვრებას სრულად ასახავდა.

 

 

-რა ეწერა მის პირად საქმეში?

 

-იქიდან ბევრი საინტერესო დეტალი ამოვიწერე. იცით, პატიმრობის დროს დასჯილი იყო იმისთვისაც, რომ საკანში ერთი ცალი კანფეტი აღმოუჩინეს. ვითომდაც რაღაც ნივთს უპოვიდნენ და კარცერში ყოფნის ვადას ასე უხანგრძლივებდნენ. არადა, თვითონვე უგდებდნენ საკანში აკრძალულ ნივთს და მერე ამის გამო სჯიდნენ.

 

 

-ქართულ ციხეში ალბათ მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, არა?

 

-მერაბ კოსტავას ქართულ ციხეში პატივისცემით ექცეოდნენ როგორც თანამშრომლები, ისე -პატიმრებიც. ყველას უყვარდა... იგი ბევრს კითხულობდა. საკანში უამრავი ფილოსოფიური, თეოლოგიური ლიტერატურა ჰქონდა. საპყრობილეში ჩვეულებრივ პატიმრებთან, 15-კაციან საკანში იჯდა. მერე ქსნის ტუბზონაში გადაიყვანეს და გათავისუფლებამდე სასჯელს იქ იხდიდა.

 

 

როცა ქვეყანა აირია, გადავწყვიტე, მისი პირადი საქმე გადამერჩინა და ქსეროასლები გადამეღო. მართლა ზღვა მასალა გახლდათ, უნიკალური ფაქტებით -ასე რომ, წიგნის გამოცემაც კი შეიძლებოდა. ერთ დღეს საქმე არქივიდან გამოვიტანე და სახლში წავიღე. არ ვიცი, ისე ოპერატიულად ეს ამბავი ვინ გაიგო. შრომა-გასწორების სპეცნაწილის სამმართველოს უფროსმა, ლაჩინოვმა მეორე დღეს მომაკითხა და მითხრა, -კოსტავას პირადი საქმე წამოგიღია და სასწრაფოდ უფროსს სჭირდებაო. მისი ქსეროასლების გადაღება ვეღარ მოვასწარი, მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტი მქონდა გადაღებული და ისინი შემრჩა. საქმე ლაჩინოვს გადავეცი იმ იმედით, რომ ისევ შევძლებდი ამ საქმის ხელში ჩაგდებას და ასლების გადაღებას, მაგრამ ვერ მოხერხდა.


-რატომ?

 

-ამ ფაქტიდან მეორე დღეს, შევჩენკოს ქუჩაზე, შს სამინისტროს არქივს ცეცხლი გაუჩნდა. მერე მერაბ კოსტავას საქმე რომ მოვიძიე, ლაჩინოვმა მითხრა, -სხვა დოკუმენტებთან ერთად, კოსტავას საქმეც დაიწვაო. ვინ დაავალა და რატომ წაიღო ეს დოკუმენტები, არ ვიცი. ფაქტია, რომ კოსტავას საქმე განადგურდა. ვერც იმას გეტყვით, არქივს ვინმემ ცეცხლი შეგნებულად წაუკიდა თუ არა... საყურადღებო იყო 1985 წლის იანვრით დათარიღებული მერაბ კოსტავას დახასიათება. მაშინაც მას კამერული ტიპის საკანში გადასაყვანად ამზადებდნენ და IX კოლონიის რაზმეულის უფროსი წერდა: გულჩათხრობილი და ამაყია, სისტემატურად ხაზს უსვამს გარშემო მყოფებთან შედარებით თავის უპირატესობას. ჩადენილ დანაშაულს უარყოფს და მიიჩნევს, რომ მას ყველაფერი მოუწყვეს განსხვავებული შეხედულებისა და რწმენის გამო. ამბობს, რომ მის მიმართ დანაშაული პროვოცირებულია. მის ხასიათში ნათლად გამოხატულია ნაციონალიზმის ნიშნები. კითხულობს მხოლოდ ქართულ ჟურნალ-გაზეთებს, რომლითაც ნათესავები ამარაგებენ. მეგობრობს მხოლოდ ქართველებთან, კითხულობს ქართულ ლიტერატურას და საუბრობს ქართულად..."


-პირადი საქმიდან გადაღებული ასლები ისევ თქვენთან ინახება?

 

-სამწუხაროდ, არა, სულ რამდენიმე გვერდიღა შემომრჩა. როგორც გითხარით, მისი პირადი საქმის ნაწილი გადაღებული მქონდა და საგულდაგულოდ ვინახავდი, მაგრამ მერაბ კოსტავას საზოგადოებამ" გამოაცხადა, რომ ეროვნულ გმირზე წიგნი მზადდებოდა და მასალებს აგროვებდნენ. დაქსეროქსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი პატიმარს ციხეში ლამაზად ავაკინძვინე, სპეციალური ყდაც დავამზადებინე და ეს მასალები მერაბ კოსტავას საზოგადოებას გადავეცი". მერე რომ მოვიძიე, მითხრეს, დაიკარგაო. მინდოდა, გადარჩენილი ასლები მის მუზეუმში ჩამებარებინა. საქმეს ფოტოც ერთვოდა

 

 

-მერაბ კოსტავას გაშეშებული, არამეტყველი კადრი. პირად საქმეზე კი დაკრული იყო თმაგადაპარსული მერაბის უნიკალური ფოტო. ეს ჩვენი ისტორიისთვის მნიშვნელოვანი მასალა იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მითხრეს, რომ ისიც დაიკარგა...


ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას საოცარი მეგობრობის შესახებ საყოველთაოდ არის ცნობილი. ციმბირიდან მერაბმა ასეთი შინაარსის წერილი გამოუგზავნა ოჯახს: ძალიან მძიმედ ვარ, მაისის თვეში კარცერი მითავდება, არ ვიცი, ოდესმე ჩვენი შეხვედრა მოხდება თუ არა". ციმბირში მას მეუღლემ, ქალბატონმა რუსუდანმა ჩააკითხა, რომელსაც ზვიად გამსახურდიაც ახლდა. ნამდვილად არ ვიცი, როგორი იყო მათი შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, ემოციური იქნებოდა. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ერთხელ მერაბს დედამისისთვის უთქვამს: დედი, არ გეწყინოს, მაგრამ ჯერ უფალი მიყვარს, მერე -ზვიადი, მერე კი შენ მიყვარხარო".


 

 

 


-საქართველოს ციხეში დიდხანს იხდიდა სასჯელს?

 

-არა. 1987 წლის აპრილში, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, დისიდენტები შეიწყალეს. იცით, რა ჩაიწერა მერაბ კოსტავასა და სხვების გათავისუფლების ბრძანებაში? იქ ეწერა: "მერაბ კოსტავამ შეიგნო თავისი დანაშაული, მოინანია და დაამტკიცა ეს თავისი კეთილსინდისიერი შრომითა და ყოფაქცევით, ამიტომ, უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან". ეს სასაცილო რეალობა იყო. არადა, მის პირად საქმეში სულ დარღვევებსა და მის "ურჩობაზე" იყო ლაპარაკი. ასე ხდებოდა, ხელისუფლებას როცა სჭირდებოდა და როგორც სჭირდებოდა, ისე იქცეოდა. ფაქტია, გადასახლების შემდეგ, მთელი 6 წელიწადი ტანჯვა-წამებაში გაატარა. მართალია, ფიზიკურად ძალიან დაუძლურდა, მაგრამ მერაბი სულიერად ვერ გატეხეს!.. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, იგი გამსახურდიასთან ერთად, 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა საპროტესტო აქციის ორგანიზატორი გახლდათ... მერაბს სახელმწიფო კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული.

 

 

დაპატიმრებამდე რუსთავის მუსიკალური სასწავლებლისა და თბილისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მესამე სამუსიკო სკოლის პედაგოგი იყო. ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ, მასწავლებლად მის დანიშვნაზე ყველა სამუსიკო სკოლა უარს ამბობდა. თბილისის VIII სამუსიკო სკოლის დირექტორმა გმირული ნაბიჯი გადადგა და მერაბ კოსტავა 1988 წლის სექტემბერში მასწავლებლად დანიშნა. როგორც მეგობრების მონათხრობიდან ვიცი, მისი გაკვეთილები მართლა ზეიმი იყო. 1989 წლის მაისში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მისი ხელმძღვანელობით კონცერტი დაიგეგმა. ამ კონცერტისთვის ბავშვებს მთელი მონდომებით ამზადებდა და თურმე ხუმრობდა: ჯუმბერ პატიაშვილს დაანახვა ჩემი თავი ფილარმონიის სცენაზე სადირიჟორო ჯოხით ხელშიო... მერაბთან ჯუმბერ პატიაშვილის შვილიც სწავლობდა. 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ კი დაგეგმილი კონცერტი მართლა არავის გახსენებია...

 

 

1989 წლის 9 აპრილს მიტინგის ორგანიზებისათვის, მერაბი კვლავ დააპატიმრეს, 40 დღის შემდეგ კი გაათავისუფლეს. პატიმრები ამბობდნენ, ციხეში ძალიან დადარდიანებული იყო და დატრიალებულ ტრაგედიას საშინლად განიცდიდაო. სამწუხაროდ, ჩვენი ნატანჯი ეროვნული გმირი, ამ ტრაგედიიდან მალე, 1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისში მომავალი, სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა. მთელი საქართველო დასტიროდა; სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. როცა მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მიასვენებდნენ, იქ მიმავალ უამრავ ადამიანს შორის მეც ვიყავი და ვფიქრობდი ამ უსამართლოდ მრავალჯერ დასჯილი, მაგრამ გაუტეხელი სულის მქონე ქართველი ვაჟკაცის სულიერ სიძლიერეზე...

 

 

 

 

(წყარო: ჟურნალი  გზა“)

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016