უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II "შარლი ებდოზე" განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს ღია წერილს უგზვანის.
"თქვენო აღმატებულებავ,
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ მწუხარებას პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, ვგმობთ მომხდარს და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და მთელ ფრანგ ხალხს.
ეს არ არის ერთი ქვეყნის ტრაგედია, ამაზე დაფიქრება მართებს ყველას; მით უმეტეს, რომ ბოლო წლების მანძილზე ტერორისტული ქმედებები მსოფლიოში გახშირდა და სხვადასხვა ფორმით ვლინდება.
მიგვაჩნია, რომ წამყვანმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებლად, რათა საზოგადოება იყოს უფრო დაცული.
შევთხოვთ ღმერთს, მოგვმადლოს მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", - ნათქვამია პატრიარქის გავრცელებულ განცხადებაში.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)