reportiori.ge - გიორგი ფოფხაძე: ნურავინ ეცდება თარხან ბათირაშვილის სახელი ტერორიზმს დაუკავშიროს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:58
პრეს-დაიჯესტი
გიორგი ფოფხაძე: ნურავინ ეცდება თარხან ბათირაშვილის სახელი ტერორიზმს დაუკავშიროს!
ავტორი:
13 იანვარი, 2015. 12:26



2015 წლის 7 იანვარს საფრანგეთში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა მთელი მსოფლიო შეძრა. სამი ტერორისტი ფრანგული ჟურნალის „შარლი ებდოს" რედაქციაში შეიჭრა და ჟურნალისტები ჩახოცა. ტერაქტის საბაბი გახდა სატირული ჟურნალის მიერ „ისლამური ხალიფატის" ლიდერის ალ-ბაღდადის კარიკატურის გამოქვეყნება. გარდა ამისა, „შარლი ებდო" ხშირად აქვეყნებდა ისლამური რელიგიის ფუძემდებლებისა და წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებს, რის გამოც ტერორისტები რედაქციას ანგარიშსწორებით არაერთხელ დაემუქრნენ.


ბუნებრივია, რომ ტერორიზმს - მსოფლიოს მოურჩენელ შავ ჭირს - არანაირი გამართლება არ აქვს და მთელი ცივილიზებული კაცობრიობა სოლიდარულია ფრანგი ერის მიმართ, რომელსაც უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი არც ჟურნალ „შარლი ებდოს" ქმედებებს ამართლებს და აღნიშნავს, რომ ყოვლად დაუშვებელი ადამიანების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, რისი უფლებაც, თუნდაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ეგიდით, არავის აქვს.


მოკლედ, ტრაგედია, მოხდა. „ისლამურმა ხალიფატმა", ალაჰის სახელით, შური იძია და ჟურნალისტები დახოცა. ამ სისხლიან დრამაში კი, ჩვენთვის, ქართველებისათვის, კიდევ ერთი მძიმე მომენტი იკვეთება - „ისლამური ხალიფატის" მთავარსარდალი საქართველოს შვილი, პანკისელი ქისტი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ შიშანია. აქვს თუ არა მას რამე კავშირი საფრანგეთში მომხდარ ტერაქტთან? ამაზე ყურადღება ქართულ მედიას ჯერ არ გაუმახვილებია და „ასავალ-დასავალი" პირველია, ვინც ამ საკითხს შეეხო.


ვესაუბრებით საფრანგეთში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძეს:


- „შარლ ებდო" არის ფრანგული სატირულ-იუმორისტული ჟურნალი. ჩვენთან, საქართველოში, ჟურნალი „ნიანგი" რომ გამოდიოდა, ისეთი ტიპის გამოცემაა, რომელიც საფრანგეთში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. „შარლ ებდოში", ძირითადად, პოლიტიკურ პროცესებს აშარჟებენ. ამ ჟურნალის რედაქციაში მუშაობდნენ ფრანგული სატირისა და კარიკატურის გრანდები. 11 დაღუპული ჟურნალისტიდან 4 სწორედ წამყვანი ფრანგი კარიკატურისტი იყო.


- რედაქციაზე თავდასხმა როგორ მოხდა?

 

- სამი შეიარაღებული პირი რედაქციაში „ალაჰ აქბარ"-ის ყვირილით შეიჭრა და ჟურნალისტები, რომლებიც თათბირზე იყვნენ შეკრებილნი, ადგილზე ჩაცხრილა. დაიღუპნენ ჟურნალის მთავარი რედაქტორი და ჟურნალისტები, რომელთაგანაც ერთი ალჟირული წარმოშობის მუსულმანი იყო.


საინტერესოა, რომ რედაციაში პირველი ადამიანი, რომელიც ტერორისტების ტყვიას ემსხვერპლა, ასევე მუსულმანი იყო - დაცვის თანამშრომელი!


ამით იმის თქმა მინდა, რომ ტერორისტებმა, რომლებმაც, ვითომ, მუჰამედის შეურაცხყოფისათვის იძიეს შური, პირველი სწორედ მუსულმანი მოკლეს!

 

- რა შინაარსის იყო კარიკატურა, რომლის გამოქვეყნებასაც ამხელა ტრაგედია მოჰყვა?

 

- „შარლი ებდომ" გამოაქვეყნა კარიკატურა, რომელშიც „ისლამური ხალიფატის" ბელადი თავს აჭრის წინასწარმეტყველ მუჰამედს. ამ კარიკატურის ქვეტექსტი იყო, რომ „ისლამური ხალიფატი", რომელიც, ვითომ, მუჰამედის სახელს არის ამოფარებული, სინამდვილეში სწორედ მუჰამედისა და მისი მოძღვრების წინააღმდეგ მოქმედებს! დიახ, ეს კარიკატურა მიმართული იყო არა წინსასწარმეტყველ მუჰამედის, არამედ „ისლამური ხალიფატის" წინააღმდეგ!


სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ცამდე მართალნი იყვნენ ის ფრანგი ჟურნალისტები, რომლებიც საფრანგეთის მთავრობას გამუდმებით უკიჟინებდნენ - თვალები გაახილეთ და ქვეყანაში არსებული ტერორიზმის საფრთხე კარგად დაინახეთო!


დღეს ფრანგული მედია სვამს მთავარ კითხვას - საფრაგეთის სპეცსამსახურებს, დაზვერვასა და ძალოვან სტრუქტურებს როგორ გამოეპარათ ქვეყანაში არსებული ტერორისტული საფრთხეები?


სხვათა შორის, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საფრანგეთის მთავრობამ პასუხისმგებლობა თავად აიღო და ხელი არავისკენ გაუშვერია, არც თავის მართლება დაუწყია! საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და პირდაპრ თქვა - რაც მოხდა, ეს ჩვენი ბრალია და აუცილებლად გამოვასწორებთო!

 

- კი მაგრამ, დაღუპულებს საფრანგეთის ხელისუფლება სიცოცხლეს ხომ ვერ დაუბრუნებს?


- რა თქმა უნდა, ვერ დაუბრუნებს, მაგრამ ეს იქნება მწარე გაკვეთილი საფრანგეთის ხელისუფლებისთვის, რათა მეტი ყურადღება დაუთმოს ტერორიზმის პრევენციას.


მოგეხსენებათ, ამ ტერაქტის შემდეგ საფრანგეთის ქუჩებში ასიათასობით ადამიანი გამოვიდა და მათ სიმბოლურად ხელში კალმისტრები და ფანქრები ეჭირათ იმის ნიშნად, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ მათი იარაღი არის კალამი!.. ასე გამოხატეს ფრანგებმა სოლიდარობა „შარლი ებდოს" რედაქციისა და დაღუპული ჟურნალისტების მიმართ!


საფრანგეთის მთვარი მუფტი „შარლი ებდოს" რედაქციასთან მივიდა და დაღუპულების სულის მოსახსენიებლად ლოცვა აღავლინა.

 

- „ისლამური ხალიფატის" მიერ საფრანგეთში დატრიალებულ ამ დიდ ტრაგედიაში, ჩვენთვის, ქართველებისათვის, განსაკუთრებით საყურადღებო, ალბათ, ის მომენტია, რომ „ისლამური ხალიფატის" მთავარსარდალი საქართველოს შვილი - პანკისელი ქისტი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ შიშანია! ამაზე დღეს არავინ საუბრობს...


- თარხან ბათირაშვილი „ისლამური ხალიფატის" მხოლოდ სამხედრო ლიდერია და არა - პოლიტიკური ხელმძღვანელი. გარდა ამისა, ბათირაშვილს მხოლოდ სირიის ტერიტორიაზე მიჰყავს საბრძოლო მოქმედებები და იგი ტერორიზმთან არავითარ კავშირში არ არის.


თარხან ბათირაშვილი რომ  დღეს აქ არის, ეს სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულია, იმიტომ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში რუსების წინააღმდეგ გმირულად ნაომარ კაცს იარაღი ჩაუდეს და ციხეში გამოამწყვდიეს, მერე კი იძულებული გახადეს, საქართველო დაეტოვებინა!


თარხან ბათირაშვილი მებრძოლია, მეომარია და არა - ტერორისტი! მან ავსტრალიის რადიოსათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა - მე და ჩემს მებრძოლებს ერთხელაც არ გაგვიცია დატყვევებული მოწინააღმდეგისთვის თავის მოჭრის ბრძანება, ერთ ასეთ შემთხვევასაც ვერავინ დამისახელებსო! ანუ თარხან ბათირაშვილი თავის მეომრულ, ჯენტლმენურ ბუნებას ბოლომდე ინარჩუნებს!


ასე რომ, „ისლამური ხალიფატის" მიერ საფრანგეთში განხორციელებულ ტერაქტთან თარხან ბათირაშვილი არაფერ შუაშია და ნურავინ ეცდება, მისი სახელი ტერორიზმს დაუკავშიროს!


ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016