გასულ კვირას ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ თავისი მოწმეების წარმოდგენა დაასრულა. ბოლო მოწმეები იყვნენ: სანიტარი არჩილ ჭიკაძე, რომელმაც უშუალოდ აწარმოა გვამებზე კვეთის პროცესი, გამომძიებელი კახა ჭუმბაძე, რომელიც 2005 წლის 3 თებერვალს შემთხვევის ადგილზე ხელმძღვანელობდა საგამოძიებო ჯგუფს, ახალგაზრდა გამომძიებელი გიორგი ლომთაძე, რომელსაც საქმე გადაეცა ამ ორი წლის წინათ და გამომძიებელი ზაზა შანშიაშვილი, რომელმაც 2014 წლის 20 მარტს ლევან ჩაჩუა დააკავა. ბრალდების მხარეს წარმოადგენდნენ პროკურორები რეზო ნადოი და ზვიად გუბელაძე, ხოლო დაცვის მხარეს - ზურაბ ტაბიძე, გიორგი ფანცულაია და შოთა კვირიკეიშვილი.
პროცესი დაიწყო სანიტრად მუშაობის 31 წლის სტაჟის მქონე არჩილ ჭიკაძის დაკითხვით, რომელმაც ლევან ჩაჩუას უშუალო ხელმძღვანელობით, 2005 წლის 3 თებერვალს რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაში (გივი ჯავახიშვილთან ერთად, რომელიც წინა პროცესებზე დაიკითხა) აწარმოა ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამების კვეთა. დადგინდა, რომ გავრცელებულ კადრებში, სადაც ჟვანიას გვამზე რეზინის ხელთათმანით სანიტარი მუშაობს, რომელიც თავის ტრეპანაციას ახორციელებს, სწორედ არჩილ ჭიკაძეა. მეორე სანიტარმა გივი ჯავახიშვილმაც დაადასტურა, რომ კვეთა ჩაატარა არჩილ ჭიკაძემ, ის მხოლოდ ეხმარებოდა - აწვდიდა საჭირო ინსტრუმენტებს:
არჩილ ჭიკაძე: - რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაში გარდაცვლილი ესვენა ზურაბ ჟვანია დ რაულ უსუპოვი. მიმდინარეობდა ფოტოგრაფირება და ვიდეოგადაღება. იქ იყვნენ ლევან ჩაჩუა, ზაზა ოქრუაშვილი, კახა ერისთავი. ჩატარდა გვამების აღწერა - ჰქონდათ თუ არა დაზიანებები. ჟვანიას ტუჩზე დაზიანება აღმოაჩნდა. გვამებს ტანსაცმელი გავხადეთ, პარკში შევფუთეთ, შემდეგ მოვახდინეთ მათი გაკვეთა.
რეზო ნადოი, პროკურორი: - გვამები დაათვალიერეთ, სხვა დაზიანება დაინახეთ?
არჩილ ჭიკაძე: - არა, არ მევალებოდა, ექსპერტის საქმეა. ჩემს მოვალეობაში შედიოდა გვამისთვის ტანსაცმელის გახდა, გაკვეთა, შემდეგ მისი გაკერვა და ჩაცმა. დავალებას ვიღებდი ექსპერტებისგან. პირველად ზურაბ ჟვანიას გვამი გაიკვეთა, შემდეგ მისი შემურვა (ბალზამირება) მოხდა.
პროკურორი: - თავის ქალის ტრეპანაცია გაკეთდა?
არჩილ ჭიკაძე: - დიახ, მე გავაკეთე. 3-4 საათი ვიმუშავე. გვამის მოწესრიგების შემდეგ, სასახლე შემოიტანეს, ჩაასვენეს და წაიღეს.
პროკურორი: - მეორე გვამზე?
არჩილ ჭიკაძე: - მეორე გვამზე იგივე პროცედურა ჩავატარეთ.
პროკურორი: - ბრძანეთ, რომ ზურაბ ჟვანიას გვამზე მოხდა შემურვა (ბალზამირება). შემურვა შედის თუ არა სანიტარის მოვალეობაში?
არჩილ ჭიკაძე: - არა.
პროკურორი: - რატომ ჩაატარეთ?
არჩილ ჭიკაძე: - ბატონმა ლევანმა თქვა, გაუკეთეთო, გვამი რომ არ გაფუჭებულიყო...
პროკურორი: - მეორე გვამს გაუკეთეთ თუ არა ბალზამირება?
არჩილ ჭიკაძე: - არ მახსოვს.
პროკურორი: - იცოდით, რომ, როცა არსებობს ეჭვი ადამიანის გაგუდვაზე, ბალზამირება დაუშვებელია.
არჩილ ჭიკაძე: - არა.
პროკურორი: - დავუშვათ, რომ უსუპოვსაც გაუკეთდა ბალზამირება. გაკვეთამდე გაკეთდებოდა?
არჩილ ჭიკაძე: - არა, გამორიცხულია.
ექსპერტ ლევან ჩაჩუასა და სანიტარ არჩილ ჭიკაძის დიალოგიდან:
ლევან ჩაჩუა: - ბალზამირების დროს გვამზე თუ რაღაც უბანი არ გამაგრდა და ფიქსაცია არ წავიდა, ამ დროს რას აკეთებ?
არჩილ ჭიკაძე: - გარეგნულად უნდა დაიჩხვლიტოს ნემსით.
ლევან ჩაჩუა: - რა ზომის არის ნემსი?
არჩილ ჭიკაძე: - „სპიჩკის" ღერის ზომის.
რაულ უსუპოვს რომ მკერდზე „სპიჩკის" ღერის ზომის ნაჩხვლეტები ჰქონდა, ამაზე მრავალი წელია, სუბრობს უსუპოვის მამა იაშარ უსუპოვი, რომელმაც, მოლებთან ერთად, ამის შესახებ სასამართლოზეც ხმამაღლა დაადასტურა, ლევან ჩაჩუა და მისი დაცვის მხარე კი აქამდე ამ „სპიჩკის" ზომის ნაჩხვლეტებს არ აღიარებდნენ. მაგრამ ახლა უკვე დაადასტურეს ნაჩხვლეტების არსებობა.
ზურაბ ტაბიძე, ლევან ჩაჩუას ადვოკატი: - „როცა უსუპოვის თანასოფლელი განმბანი მოლები საუბრობდნენ, რომ უსუპოვს გულმკერდის არეში ჰქონდა დაზიანებები და ნაჩხვლეტებიდან სისხლი გადმოსდიოდა, ეს არ იყო რაიმე დაზიანების მიზეზი, არამედ ეს იყო ბალზამის მიზეზით, რადგან ბალზამი იყო იმ ადგილებში გაკეთებელი".
ასე რომ, დადასტურდა, უსუპოვს მართლაც რომ ჰქონდა ნაჩხვლეტები და ვიდეოფირებზე აღნიშნული საეჭვო უბნებიც მონტაჟი არ იყო. ამ აღიარებასთან წინააღმდეგობაში მოდის ძირითადი ფაქტი - უსუპოვის გვამზე ბალზამირება არ ჩატარებულა, ამიტომ საიდან გაჩნდა მის მკერდზე ეს ნაჩხვლეტები? გამოდის, რომ მას პროზექტურაში მიყვანამდე ჰქონდა. ეჭვს იწვევს სასამრთლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროზექტურაში მრავალწლიანი სამუშაო სტაჟის სქონე სანიტრების არჩილ ჭიკაძისა და გივი ჯავახიშვილის განმარტებებიც, რომ არ ახსოვდათ გაუკეთეს თუ არა უსუპოვის გვამს ბალზამირება. ამის გარდა, როგორც ლევან ჩაჩუამ განაცხადა, არჩილ ჭიკაძეს 2013 წლის 15 თებერვალს მიცემულ ჩვენებაში აღნიშნული აქვს, რომ უსუპოვის გვამს ბალზამირება გაუკეთა. დასმულ საკითხთან დაკავშირებით პროკურორმა რეზო ნადოიმ განმარტა: „დიდი მიღწევაა ის, რომ დაცვის მხარემ აღიარა უსუპოვის გვამზე მკერდის არეში ორი ნაჩხვლეტის არსებობა. გამორიცხულია, რომ ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილ რაულ უსუპოვს მკერდის არეში ნაჩხვლეტები ბალზამირების შედეგად ჰქონდა. ბალზამირება ჭირისუფლის მოთხოვნის საფუძველზე კეთდება, ეს არ შედის ექსპერტიზაში. ბალზამირება კეთდება გვამის შენახვის მიზნით, ვინაიდან უსუპოვი აზერბაიჯანელი იყო და მეორე დღეს უნდა დაეკრძალათ, ოჯახს ბალზამირება არ მოუთხოვია და არც გაკეთებულა". საყურადღებოა ერთი ფაქტი - ჯერჯერობით დაკითხული არ არის ექსპერტი რეზო კაპანაძე (აქამდე გამართულ პროცესებზე მისი სახელი და გვარი არც გაჟღერებულა), რომელმაც, სასამართლო-სამედიცინო დასკვნის მიხედვით, რაულ უსუპოვის გვამზე გამოკვლევა აწარმოა და უმნიშვნელოვანესი ფაქტი - პათოლოგანატომები ომარ ხარჯეიშვილი, გია დიდავა, მამუკა ჩხაიძე და ბიო-ექსპერტი თამილა აფაქიძე ისე ჩართეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში, რომ არც დადგენილებაზე მოუწერიათ ხელი, არც სპეციალურად გამოუძახიათ გვამების გამოკვლევაზე. რატომღაც, ზურაბ ჟვანიას გვამს არ მიაკარეს - არც შემთხვევის ადგილზე, არც პროზექტურაში - გოგლა ჟვანიას თხოვნით მისული ზურაბ ჟვანიას პირადი ექიმი ზურაბ ფაღავა. მითუმეტეს, რომ ზურაბ ფაღავას ჟვანია სულ რამდენიმე დღის გამოკვლეული ჰყავდა, ხოლო დიეტოლოგ ლია გიორგაძეს მიერ დანიშნული ჰქონდა მკაცრი დიეტა...
ამ ტრაგედიაში ერთი სევდიანი ასოციაციაც წამოტივტივდა - წლების წინათ, როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ზურაბ ჟვანია სოფელ კაკაბეთში მომხდარ შემზარავ ამბებს ისმენდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ, წარმატების ზენიტში მყოფს, სწორედ კაკაბეთელი კაცი არჩილ ჭიკაძე გაკვეთდა მის გვამის, გახერხავდა მის თავს და იმქვეყნად მის მიერ გაპატიოსნებული წავიდოდა...
პროცესზე დაიკითხა 2005 წლის 3 თებერვალს შემთხვევის ადგილზე გამოძახებული გამომძიებელი კახა ჭუმბაძე: „საგამოძიებო ჯგუფთან ერთად მოვახდინე გვამებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ექსპერტი კახა ერისთავი გვამებს ათვალიერებდა და რასაც გვკარნახობდა, მონაცემები ოქმში შეგვქონდა". კახა ჭუმბაძემ სასამართლოს განუმარტა მიზეზი, დათვალიერების ოქმზე ხელი რატომ არ ჰქონდა მოწერილი კახა ერისთავს: „ერისთავი გვამებს პროზექტურაში გაჰყვა, ჩვენ ადგილის დათვალიერება გავაგრძელეთ, ამის შემდეგ ექსპერტიზისთვის ჩასატარებლად დადგენილებების მომზადება უნდა მომესწრო - წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერტიზას ვერ ჩაატარებდნენ". კახა ჭუმბაძემ აღნიშნა,რომ ყველა დეტალი, რაც კი ერისთავმა გვამის დათვალიერების დროს უკარნახა, ასახულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში, მათ შორის ჟვანიას ტუჩზე არსებული დაზიანება. ჭუმბაძემ ვერ გაიხსენა, სხვა ადგილზე გვამებს დაზიანება ჰქონდა თუ არა. დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ შავი ტყავის ჩანთაზე და მასში არსებულ ნივთებზე. უფრო კონკრეტულად - თმასა და პარიკზე. ჭუმბაძემ განაცხადა, რომ ჩანთა დაილუქა (არ ახსოვდა, მასში რა ნივთები იდო) და შემდგომი კვლევისთვის გადაიგზავნა.
ზურაბ ტაბიძე, ლევან, ლევან ჩაჩუას ადვოკატი: - ხომ არ გსმენიათ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ თმებთან დაკავშირებით?
კახა ჭუმბაძე: - არა.
ზურაბ ტაბიძე: - პარიკთან დაკავშირებით?
კახა ჭუმბაძე: - თუ არ ვცდები, იყო.
ალბათ, ასეთ დელიკატურ საკითხებზე სურდა ლევან ჩაჩუას საუბარი, რომელმაც ზურაბ ტაბიძისა და კახა ჭუმბაძის დიალოგამდე, სხდომის დახურვა ითხოვა (მოსამართლემ არ დააკმაყოფილა). ჩვენი აზრით, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ პარიკზე ყურადღების გამახვილება, არც მეტი, არც ნაკლები, ის მცდელობაა, რასაც საზოგადოების ყურადღების გადატანა ჰქვია. ჰომოსექსუალიზმზე მინიშნება უკვე „აღარ მუშაობს", მითუმეტეს, ეჭვს აღარ იწვევს ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილზე დადგმული იყო სცენა - სახელდახელოდ გაშლილი სუფრა, ნარდი, კონიაკი, ძეხვი. ისიც ცნობილია, რომ ნივთებზე არ აღმოჩნდა თითის ანაბეჭდები და, გამოძიების მიხედვით, იმ ბინაში არც ჟვანიასა და უსუპოვის დნმ აღმოჩნდა - აღმოჩნდა მხოლოდ იმ პირთა დნმ, რომლებიც მანამდე დადიოდნენ იქ - მიხეილ ძაძამიასა და მისი მეგობარი ქალბატონის, მათი ურთიერთობის კვალიც. რაც შეეხება ჟვანიას და უსუპოვის ურთიერთობის კვალს - მსგავსი რამ იმ ბინაში არ აღმოჩენილა. დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას, ვინც ამ ბინაში სუფრა გაშალა, ჟვანიასა და უსუპოვის ურთიერთობაზე მეტი დამაჯერებლობისა და საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, პარკის დადებასაც არავინ დაუშლიდა...
პროცესზე დაიკითხა გამომძიებელი გიორგი ლომთაძე, რომელმაც განმარტებები გააკეთა ვიდეოკასეტებზე განხორციელებულ ექსპერტიზასა და „ჰაკიმ ფაშას" მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებან დაკავშირებით: „გადაწყვეტილ იქნა, რომ ჩატარებულიყო ექსპერტიზა იმ ვიდეოკასეტებზე, რომლებიც ასახავდა პროზექტურაში მიმდინარე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას. „ჰაკიმ ფაშას" მიერ გავრცელებული ვიდეოც საქმეს მიემაგრა". ლომთაძემ დაადასტურა, რომ წარმოდგენილ მასალებში გვამებზე ყველგან ჩანდა განსხვავებული, საეჭვო უბნები. პროცესზე საინტერესო პოლემიკა გაიმართა ლევან ჩაჩუასა და გამომძიებელ ზაზა შანშიაშვილს შორის.
ზაზა შანშიაშვილი: - 2012 წლის ბოლოს ჟვანიას საქმეზე გადმომეცა საგამოძიებო მასალები, ნივთმტკიცებების დიდი ფუთა, სადაც იყო კასეტები, დოკუმენტაცია. საქმის გაცნობის პროცესში ყურადღება მივაქციე,რომ პროზექტურაში გადაღება მიმდინარეობდა პატარა „პანასონიკის" ვიდეოკასეტებით, მაგრამ, რატომღაც, ამ პატარა კასეტებთან ერთად, დიდი ვიდეოკასეტებიც იდო (გასარკვევია, პატარა კასეტებიდან ვინ და რატომ გადაწერა მასალა დიდ კასეტებზე, წაიშალა თუ არა კვალი, მით უმეტეს, სავარაუდოდ, 8-9-საათიანი მასალა დაყვანილია 4-5 საათამდე). ზურაბ ჟვანიას თავის ქალაზე არსებული საეჭვო უბნების დათვალიერებისა და დასკვნის დასადებად ზაზა შანშიაშვილმა მოიწვია ნეოროქირურგები ირაკლი ჭეიშვილი და გოჩა ჩუტკერაშვილი.
ზაზა შანშიაშვილი: „თავის ქალაზე შეფასება სამი ნაწილისგან შედგება - პირველი: რბილ ქსოვილზე, რომელიც სკალპელით გაიხსნა და გადაიწია, აღმოჩენილი ლურჯი ფერის ლაქა დაჟეჟილობის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მეორე - მაგარ გარსზე, ქალა - სარქველზე იყო სამი ლაქა - ერთი პატარა და ორი - დიდი. ნეიროქირურგების განმარტებით, ეს ამობურცული ადგილები უნდა შეესაბამებოდეს შეშუპებას. მესამე - აიხადა თავის ქალა და შიდა მხარეს აღმოჩნდა წერტილოვანი სისხლჩაქცევები.
რეზო ნადოი: - ესე იგი, გარეთა მხრიდან იყო შეშუპება, შიგნიდან - სისხლჩაქცევები?
ზაზა შანშიაშვილი: - სპეციალისტებმა თავისი მოსაზრება დააფიქსირეს შემდეგი ფრაზებით: პირველი: რბილ ქსოვილზე არსებული საეჭვო უბნები უნდა შეესაბამებოდეს „დაჟეჟილობას", მეორე - ქალასარქველზე აღნიშნული ამობურცული ადგილი „შეშუპებას". მესამე - შიდა მხარეს უნდა იყოს „წერტილოვანი სისხლჩაქცევები". სამივე პოზიცია ერთმანეთის შესატყვისი იყო. დაკითხვის დროს შემთხვევის ადგილზე მომუშავე ექსპერტმა კახა ერისთავმაც აღნიშნა, რომ ჟვანიას გვამს თავზე ამობურცული ადგილი ჰქონდა.
ზაზა შანშიაშვილმა ხაზგასმით ისიც აღნიშნა,რომ, ვიდეოკადრების მიხედვით, ბალზამირება გაუკეთდა მხოლოდ ზურაბ ჟვანიას გვამს. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ დაკითხვის დროს სანიტრებმა არჩილ ჭიკაძემ და გივი ჯავახიშვილმა განაცხადეს, რომ ბალზამირება უსუპოვსაც გაუკეთეს, თუმცა, მერყეობდნენ და აქცენტი გადაჰქონდათ ჟვანიაზე.
ჩაჩუას გაღიზიანება გამოიწვია ამ საქმეზე ნეიროქირურგების მოწვევამ.
ლევან ჩაჩუა: - რა კავშირი აქვს ნეიროქირურგებს გვამთან?
ზაზა შანშიაშვილი: - გვამთან ასეთივე კავშირი არ ჰქონდათ პათანატომებს, რომლებიც თქვენ დასკვნაში შეიყვანეთ. გვამი პათანატომის არ არის - პათანატომების ომარ ხარჯეიშვილის, გია დიდავასა და მამუკა ჩხაიძის კვლევის საგანი არ იყო გვამის გარდაცვალების მიზეზის დადგენა, გვამი არ იყო მათი გამოკვლევის საგანი.
ლევან ჩაჩუა: - აბა, ვისი გამოკვლევის საგანია?
ზაზა შანშიაშვილი: - ექსპერტ- პათანატომების საქმე არ არის ძალადობრივი ნიშნებით გარდაცვლილი გვამის კვლევა. ხარძეიშვილის, დიდავასა და ჩხაიძის გამოკვლევის საგანი იყო მხოლოდ რაიმე პათოლოგიური გადახრები.
ზვიად გუბელაძე, პროკურორი: - პათანატომებმა დაადასტურეს, რომ არ იყო მათი კვლევის საგანი ძალადობრივად გარდაცვლილი გვამების გამოკვლევა.
ლევან ჩაჩუა: - მეც გიდასტურებთ, რომ ნაძალადევი სიკვდილი არ არის პათანატომების საქმე, მაგრამ გვამი არ არის პათანატომების საქმე?
ეს დიალოგი ადასტურებს იმას, რომ ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი გარდაცვლილნი არიან ძალადობრივი სიკვდილით.
ზაზა შანშიაშვილი: (ლევან ჩაჩუას): - თქვენ გამოძიებას გადაეცით ტანსაცმელი და არ აღწერეთ, დაზიანებული იყო თუ არა. კანონი ექსპერტს ავალდებულებს, აღწეროს ტანსაცმელი, თუ რაიმე დაზიანების ან სისხლის კვალია.
ლევან ჩაჩუა: - ტანსაცმელი მე მაქვს აღწერილი.
ზაზა შანშიაშვილი: - ძალიან გამიკვირდა, თქვენი სტაჟისა და კვალიფიკაციის სპეციალისტისგან. გქონდათ საშუალება, დაგეფიქსირებინათ ის დასვრილი ტანსაცმელი, როგორიც იყო უსუპოვის შარვალი, პერანგი და ა.შ.
ლევან ჩაჩუა: - მე თუ მენდობით, დაზიანება არ იყო.
ზაზა შანშიაშვილი: - შეგეძლოთ, აღგეწერათ, რას ჰგავდა ის ტანსაცმელი.
ლევან ჩაჩუა:- პერანგზე სისხლი და დაზიანება თუ ნახეთ?
ზაზა შანშიაშვილი: - არის წითელი წერტილოვანი ლაქა.
დაცვის მხარემაც ახსენა ამ საქმეზე ჩატარებული „ეფ-ბი-აის" დასკვნის შედეგები. მაგრამ არაერთხელ ითქვა, რომ მათი დასკვნის მიხედვით, ბინაში CO არ დაგროვილა და ის ადამიანების გარდაცვალებას ვერ გამოიწვევდა, თან ასე მოკლე დროში - 3 საათში.
პროცესებზე გახმოვანებული ჩვენებების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე გვამს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები ჰქონდა, ჟვანიას გვამს - დაზიანებები თავზე, ხოლო უსუპოვისას - მკერდზე და თითზე. ჟვანიას გვამზე ტუჩზე დაზიანებაც სიცოცხლისდროინდელი იყო და ყველა ჩვენების გათვალისწინებით, ეს არ იყო ხელოვნური სუნთქვის დროს მიღებული (როგორც კობა ხარშილაძე ამბობდა) - ხელოვნურ სუნთქვას გვამს არ უტარებენ, ეს იყო სერიოზული დაზიანება.
9 იანვრის პროცესის ბოლო ნაწილი დახურულად გამოცხადდა, ფრაგმენტებად წარადგინეს ვიდეომასალა და ამით დასრულდა კიდეც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა ლევან ჩაჩუას წინააღმდეგ საქმის განხილვა 13 იანვარს განახლდება და დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება.
ბოლოთქმა
როგორც ჩანს, ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაციაზე პროკურატურა სიფრთხილეს იჩენს, კომპეტენტური პირები განმარტავენ, მთავარია არა თარიღის დასახელება, არამედ ის, თუ რომელი ქვეყანა ჩაატარებს ექსჰუმაციას. ევროპელებისა და ამერიკელებისგან კოჰაბიტაციის შემოჩეჩება მხოლოდ არსებულ მდგომარეობასთან შერიგებას კი არ ნიშნავდა, არამედ პრემიერის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების მიზეზების ძიებაზე უარის თქმასაც.
პროკურატურამ, შესაძლოა, იცის კიდეც მიზეზები, მაგრამ სიფრთხილეს იჩენს პრემიერის მკვლელობის მოტივაციათან დაკავშირებით - ჟვანია მოკლეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ პოლიტიკურ-ეკონომიკური მოტივით.
კომპეტენტური პირების განმარტებით - როგორც წესი, ასეთი საქმეები არ იხსნება.
მოამზადა ქეთევან ხამიცაშვილმა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"