სრულიად „რეპორტიორი" ძველით ახალი წლის შესახვედრად რომ ემზადებოდა, საქართველოს პარლამენტის წევრი, მწერალი და მეგობარი თემურ ჭკუასელი გვესტუმრა და საახალწლო მილოცვას სტუმრობის მიზეზიც მოაყოლა: კარგა ხანია ამის გამოქვეყნება მინდოდა, მაგრამ ვერ გადამეწყვიტა სად დამებეჭდა. მერე ვიფიქრე, რომ „რეპორტიორის" მეშვეობით უფრო მეტი ჩემი თანამემამულე გაეცნობოდა იმ სტრიქონებს, რომლებიც ჩვენი საერთო სამშობლოს სიყვარულმა და ტკივილმა დამაწერინაო...
რადგან ბატონი თემურის სიყვარული და ტკივილი ჩვენიც არის, სიამოვნებით ვაქვეყნებთ პარლამენტარის „აუცილებელ განმარტებას", რომელსაც, ვფიქრობთ, მომდევნო, საახალწლო დღეებშიც სიამოვნებით გაეცნობით.
თამაზ ჩიქვანაია
აუცილებელი განმარტება
სტატია, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, მანამდე დაიწერა, სანამ ევროპარლამენტი საქართველოსთან ჩვენთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას მოახდენდა. ჩვენ ამ სხდომას პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს, 490 მომხრე, 76 წინააღმდეგი, 57-მა თავი შეიკავა, გადაწყვეტილება მიღებულია.
მაშინვე რედაქციაში გავიქეცი, დასაბეჭდად გამზადებულ მასალას გადავხედე და შევეცადე, რომ ამ ისტორიული გადაწყვეტილების ფონზე აუცილებელი დეტალები ჩამემატებინა, მაგრამ, მალევე მივხვდი რომ, ჩემი ქვეყნისთვის ამ ეპოქალურ მოვლენას დეტალები ვერ უშველიდა. მხოლოდ დეტალებით ვერ მოვახერხებდი იმ ემოციების სიმძაფრის გადმოცემას, რასაც მე და ჩემი ხალხი იმ დღეს განვიცდიდით.
30 წელზე მეტია იმ ფოლკლორული ანსამბლის წევრი ვარ, რომელსაც ,,ქართული ხმები'' ჰქვია და რომელიც მრავალჯერ ყოფილა საგასტროლოდ ევროკავშირის ქვეყნებში. სხვათაშორის ევროპარლამენტშიც აქვს ნამღერი. მახსენდება, საზღვრის გადაკვეთის დროს მუდამ ერთგვარი გულდაწყვეტით შევცქეროდით გასასვლელს, სადაც არასოდეს რიგი არ იდგა და სადაც თითქოს ამაყი ასოებით ეწერა, მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისათვის.
ვიდექით რიგში და ვფიქრობდით, ნუთუ ოდესმე ჩვენც იმ გასასვლელში გავივლით? დღეს იმ გასასვლელისკენ გადაიდგა დიდი ნაბიჯი. ყველას ვინც ამ ნაბიჯისთვის იღვაწა, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი. მადლობას ვუხდი იმ 490 ევროპარლამენტარს, რომლებმაც ამ ნაბიჯს დაუჭირეს მხარი.
დანარჩენებს კი, რომლებსაც ეს ან არ მოსწონთ, ან ჯერაც გაურკვევლობის სკამებზე სხედან, ქვემოთ შემოთავაზებული სტატიის წასაკითხად ვეპატიჟები.
სხვათაშორის, მათიც მესმის. ყველა წესიერი ადამიანი ხომ სხვისი ნათქვამის ადვილად დაჯერებისკენაა მიდრეკილი, წესიერების ბუნებაა ასეთი და მეც იგივე მჭირდა, სანამ ნაციონალებს გადავეყრებოდი. ამიტომ ხდება რომ, რასაც ნაციონალური პარტიის ლიდერები საქართველოს დღევანდელობაზე ყურში ჩაგჩურჩულებენ თქვენც ადვილად იჯერებთ. ამიტომ გაჩნდა რეზოლუციაში ის ნეგატიურ ტონში დაწერილი მუხლები, სადაც დღევანდელ ხელისუფლებას ნაციონალური დამნაშავეების პოლიტიკური ნიშნით დევნა ბრალდება. არაა ასე ბატონებო, არაფერი ამის მსგავსი საქართველოში არ ხდება.
რა თქმა უნდა ადამიანების ნათქვამის უნდა გვჯეროდეს, მაგრამ, მეც ხომ ადამიანი ვარ და მეც ხომ უნდა დამიჯეროთ, რომ ნაციონალების ნათქვამი არცერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება. თუ რატომ, აი ამის გასაგებად დაიწერა ეს სტატია.
დეტალები ყვირიან
,,არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა"
ხალხური
ერთი ჩინელი ფილოსოფოსის ჩინებული ნათქვამით დავიწყებ, როცა სიახლის ქარი უბერავს, ზოგი კედელს აშენებს, ზოგი ქარის წისქვილს. ძალიან დიდი ხნის წინ თქვა ეს კონ ფუ ციმ, მაგრამ, ჩვენს დღევანდელობასაც ზუსტად ესადაგება. სიახლის ქარი კი მართლაც მძლავრად უბერავს და ისიც ნათლად ჩანს ვინ კედელს აშენებს და ვინ წისქვილს, საკმარისია ფარდა გადასწიო და ყველაფერს დაინახავ, მაგრამ, ჩვენ სწორედ ეს გვიჭირს, ფარდის გადაწევა და გარეთ გახედვა. ისტორიულად გვიჭირს. ლოდინიც გვიჭირს და მოთმინებაც. ბუნებით მაქსიმალისტები ვართ, ყველაფერი უცებ და ერთბაშად გვინდა. არადა, გულის სიღრმეში ხომ ყველას გვესმის, 9 წლის ნაგროვებ ნაგავს სიახლის ქარი ასე სწრაფად რომ ვერ გადარეკავს. ქარი კი არა ქარიშხალიც ვერ მოახერხებს ამას. ასეთი სასწაულები ძველბერძნულ თქმულებებში ხდება და არა ათასი პრობლემებით დამძიმებულ რეალურ ცხოვრებაში.
ძველბერძნული თქმულებები ვახსენე და ჩემი ერთი მეგობარი გამახსენდა, ასეთი თქმულებების შესანიშნავი მცოდნეა.საინტერესო ადამიანია, საკუთარ თავს დრო მოპარა და ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ადამიანობის ხელოვნებას ასწავლის ბავშვებს უანგაროდ. სახლში ვესტუმრე, მაგიდაზე იმ ბავშვების ნაწერები ედო. საქართველო ჩემი სამშობლოა, ბავშვური გულმოდგინებით გამოყვანილი ასოებით ეწერა გადაშლილ რვეულში. გამეღიმა და ჩემიც - მეთქი, ჩავილაპარაკე. მერე ეს ცრემლებამდე მშობლიური ფრაზა ჩამეხუტა და დიდხანს აღარც მომცილებია. ახლაც ჩემთანაა და რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, ყველაფერს ის მაწერინებს. ის, რომ საქართველო ჩემი სამშობლოა.
სკოლა და სწავლა ვახსენე და ბარემ ერთ იქაურ და ყველასთვის ნაცნობ ფრთიან ნათქვამსაც გაგახსენებთ, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო....
ჩემს დროინდელ სკოლაში ამას გვასწავლიდნენ, ახლა რა ხდება არ ვიცი და ამიტომ, ბარემ ამ ნათქვამის წარმოშობის ისტორიასაც მოგიყვებით.
მამალი მოპარა მეზობელმა მეზობელს. მამლის პატრონმა დროზე შეამჩნია, წამოეწია და შეეკითხა, მისმინე, ჩემი მამალი შენ ხომ არ მოგიპარავსო, აბა რას ამბობ, მაგას როგორ ვიკადრებდიო, თუ გინდა დავიფიცებო და ურცხვად დაიფიცა კიდევაც. არადა, მამალი ხალათის კალთის ქვეშ ჰყავდა დამალული, მაგრამ მამლის კუდი ანუ ბოლო გარეთ იყო გამოჩრილი. დაინახა ეს მამლის პატრონმა და თქვა, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო.
რამ გაგვახსენა მამალი და მისი ბოლო?!
რამ და იმან, ჩემო ძვირფასებო, რომ, ჩვენ, ქართველები, იმ მამლის არა, მაგრამ მამლის მორიდებული პატრონის როლში ნამდვილად აღმოვჩნდით. ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი ლამის უნისონში გვეფიცება, რომ, ისინი არა რომელიმე კონკრეტულ ხელისუფლებას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის ნებას უჭერენ მხარს. სამართლიანი განმარტებაა. მთავარი ხომ მართლაც ხალხის ნებაა და არა ხელისუფლების, თუ კი დემოკრატია მართლაც უმაღლესი პრინციპია, მაშინ ამ ფორმულაში უჩვეულოც არაფერია. პირდაპირი გაგებით დემოკრატიაც ხომ ამას ნიშნავს, ხალხის მმართველობას, ანუ ხალხის ნებას.
მოკლედ, მსგავსი განცხადების მოსმენის შემდეგ ხალხსაც მადლობის მეტი რა უნდა ეთქმოდეს, მაგრამ ...
აი, სწორედ ეს სიტყვა, ,,მაგრამ", მსუყე კითხვის ნიშნებში ამოგანგლული, რაგბის ბურთივით გაუგებრად დახტუნავს ხალხის წინ და ყველას ხელიდან უსხლტება.
სწორედ ამიტომ მოვიხმეთ, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო... ჩვენც გვწამს თქვენი ფიცის ბატონებო, გვწამს, რომ ქართველი ხალხის ნება მართლაც მთავარია თქვენთვის, მაგრამ ბოლო რომ გვაკვირვებს?! რომელი ბოლოო, იკითხავთ ალბათ. ბატონი სააკაშვილი და მისი ბოროტმოქმედთა გუნდია ის ბოლო ბატონებო. იმ მამლის ქურდივით ცდილობთ ყველას მფარველობის კალთა გადააფაროთ, მაგრამ, მაგ ხალხს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ ბოლო ყოველთვის გამოუჩნდებათ.
თითქოს გასაგებია, რომ ჩვენზე ზრუნვის გამო აკეთებთ ამას, რომ ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება თითქოს დაპირისპირების ახალ ტალღას ააგორებს საზოგადოებაში, გასაგებია, რომ, როგორც ჭეშმარიტ მეგობრებს სურვილი გაქვთ ეს მორიგი დაპირისპირება თავიდან აგვაცილოთ და კიდევ ბევრი რამ არის გასაგები, თუნდაც ის, რასაც ხმამაღლა არასოდეს იტყვით, მაგრამ, საინტერესო ისაა, ვინმემ იმაზეც თუ იფიქრა, რომელი უფრო დიდ დაპირისპირებას გამოიწვევს საზოგადოებაში, სააკაშვილის რეჟიმის გასამართლება თუ არ გასამართლება.
ძველ ლათინთა ნათქვამი მაინც გაიხსენეთ, დაე დაინგრეს მსოფლიო, ოღონდ აღსრულდეს სამართალი!
ჰოდა, მეც სამართლის სახელით ვკითხულობ, ვინმე დაინტერესდით რამდენი ათასი ადამიანი ჰყავთ გამწარებული, ქონებაწართმეული, სახლ-კარ დანგრეული, შეურაცხყოფილი, ნამუსახდილი, ღირსებააყრილი, ქალიან-კაციანად გაუპატიურებული, სულიერად დამახინჯებული, დახეიბრებული, ფსიქოლოგიურად განადგურებული სააკაშვილსა და მის ჯალათებს?! მათგან გამწარებულ ხალხს ხომ ძებნაც არ სჭირდება, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გადაეყრებით, თუ იკადრებთ და ჩამობრძანდებით.
შეხვდით იმ ადამიანებს?! თუნდაც რამდენიმეს?! თუნდაც ერთს?! გაესაუბრეთ და გულისყურით მოუსმინეთ?! მათი გულისტკივილი გაიზიარეთ?! მათ დამშვიდებას შეეცადეთ?! დახოცილი ახალგაზრდების საფლავებს მიაკითხეთ?! მათ მშობლებსაც შეხვდით?! იმ ბავშვს ჩახედეთ თვალებში მამა რომ თვალწინ მოუკლეს?! ჯერ ეს უნდა გააკეთოთ, მერე დაბრუნდეთ სამშობლოში და მერე მიანიჭოთ სააკაშვილს რაინდის წოდება, ოღონდაც ბოროტი რაინდის. ჭეშმარიტად იმსახურებს.
სააკაშვილს ნუ შეეხებით, ნურც სხვებს, თორემ ყველაფერი ოპონენტების პოლიტიკურ დევნას დაემსგავსება და ევროპასთან შემდგომი დაახლოების გზაზე შესაძლებელია პრობლემები შეგექმნათო, ხელისუფლებას რომ აფრთხილებთ, ამ დროს ხომ თქვენს მთავარ პოლიტიკურ განცხადებას ივიწყებთ, ხალხის ნებაა ჩვენთვის მთავარიო. ხალხი ხომ ზუსტად იმას მოითხოვს რასაც თქვენ თქვენი რეზოლუციებით ასე გულმოდგინედ ბლოკავთ.
მოკლედ, საიდანაც არ მოვუარეთ არაფერი გამოგვდის, ყველა გზა რომისკენ კი არა, ამ ფრაზისკენ მიდის, ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო.
საბედნიეროდ ბებერ ევროპაში ბევრი არ ფიქრობს ასე, ბევრი მართლაც ქართველი ხალხის ნებას უჭერს მხარს და ასე რომ არ იყოს, არც იმ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდებოდა, ანუ წარმოუდგენელი იმედგაცრუება გველოდა წინ.
ამასობაში დრო ულმობლად გარბის და ხელჩაქნეულმა ხალხმა თანდათან ,,ქართულ ოცნებაზე" აიყარა გული. იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელმაც შეძლო და ქვეყანა სააკაშვილის მარწუხებისგან გაათავისუფლა. იმიტომ აიყარა, რომ, ერთ-ერთი მთავარი დაპირება, სავარაუდო დამნაშავეების სასამართლოში მიყვანა და სამართლიანობის აღსრულება აქამდე ვერ მოვახერხეთ. რაც უკვე გაკეთდა, თვლიან რომ ძალიან ცოტაა. ქვეყანაში ისევ ნაციონალები პარპაშებენ და მათი ლიდერი კი მწუხარე რაინდის სახით ევროპაში თავისუფლად დააბიჯებს. საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის ესაა დღეს ყველაზე მტკივნეული და გამაღიზიანებელი, და არა სოციალური პრობლემები. ისინი სამართლიანად თვლიან, რომ, მათი დაცინვა და დამცირებაა, როცა იმ ადამიანს, რომელიც ცხრა წელიწადი ათასობით თანამემამულის ღირსებას ფეხქვეშ თელავდა, ამგვარი პატივისცემით ექცევიან ევროპაში.
ქართველებს ასეთი გამოთქმაც აქვთ, მადლი ჰქენი, ზედ მარილი მოაყარეო. ევროპარლამენტში ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ნამდვილად მადლია ჩვენთვის, მაგრამ რატიფიცირებაზე დევნილი სააკაშვილის საპატიო სტუმრად მიწვევა მარილის კი არა, შავი პოლპილის მოყრაა და თან ისეთი რაოდენობით, რომ, საქართველოში ხალხი თან ტაშს უკრავდა და თან ხველებით იხრჩობოდა.
აი ეს მოახერხა ბატონმა იაცეკ სარიუშ - ვოლსკიმ. მინდა მორიდებით შევახსენო ბატონ ვოლსკის, რომ როცა საკუთარი ხალხის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ეჭვმიტანილ, ბიუჯეტის ძარცვაში ეჭვმიტანილ, რამდენიმე მუხლით სისხლის სამართლის გახმაურებულ დანაშაულში ეჭვმიტანილ, თავად ევროსასამართლოს მიერ ეჭვმიტანილ და თან ძებნაში მყოფ ადამიანთან მეგობრობას ასე ღიად რომ აფიქსირებთ, კბილებით იცავთ და ევროპარლამენტსაც ურჩევთ პატივით მიიღონ, მხოლოდ მთელ ქართველ ხალხს კი არა, თავად უაღრესად ღირსეულ თავყრილობას ანუ ევროპარლამენტსაც შეურაცყოფას აყენებთ.
მოვა დრო და ამ აზრს სხვებიც გაიზიარებენ. თქვენ კოლეგებს ვგულისხმობ. ჩვენ მთლიანად ვეთანხმებით ევროპარლამენტში გაჟღერებულ მთავარ მესიჯს, საქართველოს პოზიტიური ცვლილებები სჭირდებაო, მაგრამ, პოზიტიური ცვლილებები ხალხის გაღიზიანებით უნდა დავიწყოთ თუ მხარდაჭერით?!
აქვე კიდევ ერთხელ ხაზგასმით მსურს გავიმეორო, ევროპაშიც და უფრო შორსაც მრავლად არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ ჩვენი, აბსოლუტურად საღად აღიქვამენ ჩემი ქვეყნის დღევანდელობას, სათანადო დასკვნებსაც აკეთებენ, ქართველი ხალხის სურვილებსაც პატივისცემით ექცევიან და ცდილობენ დემოკრატიის საბოლოოდ განმტკიცებაში შეგვიწყონ ხელი. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ არც ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ისეთი პოლიტიკოსების რიცხვიც საკმაოდ ბევრია, რომელთა ძვირადღირებული პიჯაკების კალთებიდან მამლის კუდები რომ მოსჩანს. დღემდე ეჭვის თვალით გვიცქერენ და გზავნილს გზავნილზე გვიგზავნიან, თავი დაანებეთ სააკაშვილს, ნუ ფიქრობთ წარსულზე, დაივიწყეთ რაც მოხდა და იფიქრეთ მხოლოდ მომავალზე. თუ ასე მოიქცევით ჩვენს მხარდაჭერასაც მოიპოვებთო.
კიდევ ერთხელ ბოდიშს მოგიხდით ბატონებო, მაგრამ, ამ ლოზუნგების მსგავსი რჩევების ნაცვლად, იქნებ ვინმემ გასაგებად აგვიხსნას ეს ორი, ნებისმიერი საზოგადოებისთვის სისხლხორცეული ცნება ერთმანეთს რატომ უშლის ხელს?! რატომაა საჭირო მომავალზე ფიქრის დროს წარსულის დავიწყება?! იქნებ სულაც პირიქითაა, წარსულის გაზიარება, ცუდის გაანალიზება და უკუგდება, კარგის გამოყენება და გააქტიურება, დამნაშავეების სასამართლოს გზაზე დაყენება, განა მომავალი წარმატებების საწინდარი არაა?! მე მგონი ასეა და არა პირიქით. წარსულის დავიწყება მომავალსაც გავიწყებს. სრული ამნეზიისთვის ხარ განწირული.
ბატონებო, მე თქვენთან იმიტომ მინდა რომ მომწონხართ, საზოგადოება მომწონს თქვენი, ამ საზოგადოების ფასეულობები მხიბლავს, თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები მიხმობს, თქვენი ოჯახის სიძლიერე, თქვენი წესიერება და სამართალი, თავისუფლების ხარისხი, ადამიანის უფლებების პატივისცემა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და ღმერთმა იცის კიდევ რამდენი რამ მხიბლავს თქვენი და მაგნიტივით მიზიდავს, მაგრამ, მთავარი, რაზედაც ყველა ჩამოთვლილი სიკეთე არის აღმოცენებული, განა სახელგანთქმული ევროპული მართლმსაჯულება არაა?!
თქვენი ძლიერი მართლმსაჯულებაც მხიბლავს, კიდევ უფრო მიძლიერებს თქვენთან დაახლოვების სურვილს და ამიტომ ვეღარ ვგებულობ, იმ მთავარს, რის გამოც შენსკენ მოვდივარ, მე თავად რატომ მიკრძალავ?! რატომ მსაყვედურობ?! რატომ არ გსურს ქართველი ხალხის მოთხოვნას დაუგდო ყური?!
ყველა იმ სიკეთესთან, რაც ჩამოვთვალეთ, ოდესღაც ისედაც მივიდოდით, ყოველგვარი ხელის წაშველების გარეშე, მაგრამ, თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა ამ პროცესს ხომ ძალიან დააჩქარებს.
და, თუ ვფიქრობთ, რომ დახმარება და თანადგომაა რეზოლუციის ის მუხლები, დამოკლეს მახვილივით რომ ჩამოუკიდეთ საქართველოს ხელისუფლების სურვილს კი არა ვალდებულებას, აღასრულოს სამართალი, მაპატიეთ, მაგრამ ამაში ვერ დაგეთანხმებით.
ბუნებრივად გვებადება კითხვა, რატომ?! რატომ გვაძლევთ გაფრთხილებისკენ გადახრილ რჩევებს?! ამის მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს?! იქნებ ინფორმაციის ნაკლებობას განიცდით?! ან პირიქით, ცალმხრივი ინფორმაციის ზედმეტობას?! ჩვენ ამ საკითხებზეც გვაქვს საკმაოდ თამამი ვარაუდები, მაგრამ, თუნდაც უმამაცეს თეორიულ ვარაუდებზე ეფექტური, იმ ადამიანთა წარსულის ახლოდან ჩვენება იქნება, რომლის დავიწყებასაც ჩვენგან ასეთი დაჟინებით ითხოვთ. ქვემოთ ზუსტად ამას შევეცდები.
თანაც, რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, არცერთ გახმაურებულ და შემზარავ ფაქტზე არაფერს ვიტყვი, ისინი ისედაც იცის ყველამ, იმათაც იციან ვისაც მათი დანახვა არ სურთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გირგვლიანის მკვლელობის ისტორიას ხომ უნდა იცნობდეთ. ევროპარლამენტის მეზობლად რომ ევროსასამართლოა, იმ სასამართლომ დაადგინა ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნებთან ერთად იმ მკვლელობაში სააკაშვილის ბრალეულობაც. იმედია ევროსასამართლოსაც არ დააბრალებთ სააკაშვილის პოლიტიკური ნიშნით დევნას.
მოკლედ, ასეა თუ ისე, გპირდებით, რომ დროებით დავივიწყებ ყველა გახმაურებულ საქმეს და შევეცდები სულ სხვა კუთხით დაგანახოთ ნაციონალური მოძრაობის განუმეორებელი წარსული.