კაკო ბობოხიძემ ამ წელს ყველა რეკორდი მოხსნა. პარლამენტის ჩხუბების დროს ის თითქმის ყველგან აქტიურად მონაწილეობდა. საგანგებო სხდომაზე, საერთოდაც, უპრეცედენტო რამ მოხდა. როგორც ჩანს, ბობოხიძე 90-იანი წლების აგრესიული პოლიტიკიდან ვერ გამოვიდა, ამიტომაც თავს ზედმეტის უფლებას აძლევს. წლის ბოლოს გამართული სხდომაც ამის მორიგი დადასტურება იყო. კაკო ბობოხიძემ შეიგინა, როგორც ამ შემთხვევაში იტყვიან ხოლმე, მამაპაპურად.
ჩხუბი ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტების გადანაწილების საკითხს მოჰყვა. ნაციონალები დელეგაციის შემადგენლობაში ფრაქციათა კვოტების ხელახალ განსაზღვრას აპროტესტებდნენ. აკაკი ბობოხიძემ მმართველი გუნდი რუსეთისკენ მისწრაფებაში დაადანაშაულა და ხიდაშელის გამოსვლა ანდაზით: „გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩება"-თი შეაფასა.
დეპუტატმა პოლიტიკური გამოსვლა ბილწსიტყვაობით განაგრძო, რამაც ჩხუბი გამოიწვია.
მერე უკვე პარლამეტარები ერთმანეთზე გადადიოდნენ, ვინ მიკროფონს ისროდა, ვინ - ბოთლს და ვინ ხელ-ფეხს იქნევდა. ჩხუბში დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი დაზიანდა, მანდატურს ხელი ჰრკეს და იატაკზე გააგორეს...
მოკლედ, ბობოხიძემ 1992-95 წლები გაიხსენა, როგორც ჩანს და ეს პირველი შემთხვევა არ იყო. ხმამაღალი, აგრესიული საუბარი და სხვებისთვის შეურაცხყოფების მიყენება, შეიძლება ითქვას, მისი სტილია.
უფრო ადრე, აკაკი ბობოხიძის რეპლიკის გამო, მასა და გია ცაგარეიშვილს შორის მოხდა დაპირისპირება, რომელიც, ასევე, ჩხუბში გადაიზარდა.
დეპუტატები ერთმანეთს „საარჩევნო კოდექსის" განხილვისას დაუპირისპირდნენ და კამათის დროს ერთმანეთს „დუქნის ლომი", „არაკაცი" და „ცუგა" უწოდეს.
სხდომაზე ცაგარეიშვილის გაღიზიანება ბობოხიძის შემდეგმა რეპლიკამ გამოიწვია: „ცაგარეიშვილი აშკარად კაცდება და თუ მას ადრე ცრემლი მოსდიოდა, ახლა უცრემლოდ ლაპარაკობს".
რეპლიკის პასუხად გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ბობოხიძესთან ფიზიკური ანგარიშსწორებაც სცადა. ცაგარეიშვილს ტრიბუნასთან მისვლის საშუალება თანაგუნდელებმა არ მისცეს, რის გამოც, მან ბობოხიძეს ბოთლი ესროლა, ოპოზიციონერმა კი სიტყვით გამოსვლა გააგრძელა.
„1995 წელსაც კაცი იყავი, როცა იმ ხელისუფლებას ემსახურებოდი? რომ აგყვე, მაგრად მაინტერესებს, მერე რას აპირებ, შე დუქნის ლომო", - მიმართა ცაგარეიშვილს ბობოხიძემ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ მიკროფონი გამოურთო და სხდომათა დარბაზის დატოვება მოსთხოვა.
ბობოხიძისგან განსხვავებით, ცაგარეიშვილმა, ინციდენტის გამო, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. ბობოხიძემ ბოლო ინციდენტის დროსაც თქვა, რომ არ წუხს გინების გამო და ბოდიშსაც არ მოიხდის: „არ ვაპირებ, ბოდიში მოვუხადო უმრავლესობის წევრებს, რომელთა მიმართაც იყო გამიზნული ეს შეგინება".
„შე ჩმორო!"
მეორე ადგილს დამსახურებულად დაიკავებს გია ბარამიძე. უცენზურო არა, მაგრამ აგრესიული გამონათქვამებით ისიც გამოირჩეოდა.
ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის რეპლიკას მოჰყვა. „ნუ ბლატაობ! შე ჩმორო!" - ამ ფრაზით მან უმცირესობის წევრს გიორგი ბარამიძეს მიმართა. ბარამიძის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას მყისიერი რეაქცია მოჰყვა. ფიზიკური დაპირისპირების გამო პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
მოგვიანებით დაპირისპირება უკვე დავით საგანელიძესა და გია ბარამიძეს შორის მოხდა.
„ნუ იჯგიმები, ფეხებსაც ვერ მომჭამ", - აღნიშნული ფრაზით ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს, დავით საგანელიძეს მიმართა.
პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციებში ფრაქციათა კვოტების ხელახლა გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით დაწყებული კამათი ჩხუბსა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბარამიძემ დღეს ისიც გააპროტესტა, რომ კვოტირების საკითხის განხილვა პარლამენტის თბილისის შენობაში გაიმართა. მან მმართველი გუნდი კონსტიტუციის დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
თავის მხრივ, საგანელიძემ ოპოზიციონერ კოლეგას მიმართა, რომ ის მთელი ცხოვრება კონსტიტუციას არღვევს, მისი ზემოაღნიშნული ფრაზის გამო კი, საგანელიძემ ბარამიძეს თავხედი და უზრდელი უწოდა.
კარატე დაიწყო
ფიზიკური დაპირისპირება სესიაზე იმ დროს მოხდა, როდესაც განცხადებას გოგა ხაჩიძე აკეთებდა. კამათი უმრავლესობის წევრ დავით ორთქიფანიძესა და „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ლევან ბეჟაშვილს შორის დაიწყო.
დაპირისპირებამ დერეფანში გადაინაცვლა, თუმცა მანდატურებმა ვითარების განმუხტვა მალევე შეძლეს. გოგა ხაჩიძემ ამ სანახაობას რეპლიკით უპასუხა: კარატე დაიწყოო...
ინციდენტის შემდეგ, ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ოპონენტების გამოსვლამ გააღიზიანა, რომლებიც, მისი განცხადებით, სიცრუის ტირაჟირებას განაგრძობენ.
ლევან ბეჟაშვილმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას არ მოეწონა ლორთქიფანიძის გამონათქვამი, რომლითაც უმრავლესობის წევრმა „ნაციონალური მოძრაობის წევრ კოლეგა ქალებს მიმართა.
„ამერიკაში ჩემი ვიზიტი ჩაიშალა"
ეს ფრაზა, ალბათ, ძალიან სკანდალური იყო იმის გათვალისწინებით, რომ ის პრეზიდენტმა გააკეთა...
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 11 სექტემბერს განაცხადა, რომ ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში დაგეგმილი ვიზიტი, რომელზეც ბოლო პერიოდში გამწვავდა დავა მთავრობასთან და რის გამოც მან ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან ბიძინა ივანიშვილისგან მორიგი საჯარო კრიტიკა მიიღო, ჩაიშალა.
„გუშინ მე მქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან და გამიჩნდა განცდა, რომ ჩვენ მივდივართ სიტუაციის დალაგებისკენ. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ძალიან სერიოზულად და ორგანიზებულად იმუშავეს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის საწინააღმდეგოდ და მინდა, გითხრათ, რომ ამ მუშაობის შედეგად, სამწუხაროდ, ამერიკაში ვიზიტი ჩაიშალა", - განაცხადა მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე და დასძინა: „ამის წინაპირობა, ფაქტობრივად, დავინახე დღეს დილას".
საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპასუხოდ განმარტა, რომ პრეზიდენტის ვიზიტი შეერთებულ შტატებში არც მზადდებოდა. და რაც არ მზადდებოდა, ვერც ჩაიშლებოდა.
კურიოზი
პარლამენტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა უმრავლესობის წევრ გედევან ფოფხაძეს შეცდომით „ქალბატონოთი" მიმართა. „გთხოვთ, ქალბატონო გედევან", - ამ ფრაზით გადასცა სიტყვა გამოსასვლელად უსუფაშვილმა დეპუტატს.
საპრეზიდენტო ცხენი
საქართველოს პრეზიდენტმა გირგი მარგველაშვილმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის კულტურული ღირსშესანიშნაობები მოინახულა. პრეზიდენტი თურქმენეთის საერთაშორისო საცხენოსნო სპორტულ კომპლექსსაც ეწვია, სადაც მის პატივსაცემად თურქმენული ჯიშის „ახალთექური" ცხენების წარმოდგენა გაიმართა და მარგველაშვილმა თურქმენული ცხენის შესაძლებლობები პირადად მოსინჯა.
ცოლ-ქმარი პარლამენტში
პარლამენტში ბიუროს სხდომის მიმდინარეობისას დეპუტატი თინა ხიდაშელი კოლეგასთან ერთ-ერთ საკითხზე მსჯელობდა, რა დროსაც პარლამენტის თავმჯდომარემ თინა ხიდაშელს ჯერ განმარტება სთხოვა, რაზე ლაპარაკობდნენ, შემდეგ კი ურჩია, რომ ან საუბარი შეეწყვიტა, ან დარბაზი დაეტოვებინა.
„რაღაც გაქვთ სათქმელი და ბრძანეთ, ქალბატონებო და ბატონებო", - მიმართა დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ და გიორგი ბარამიძესა და თინა ხიდაშელს შენიშვნა მისცა, რომლებიც ბიუროზე წარდგენილ დოკუმენტს განიხილავდნენ.
„პარლამენტში არსებობს საკითხის განხილვის ხერხი. პარლამენტის წევრი ითხოვს სიტყვას, რთავს მიკროფონს და სვამს კითხვას. გთხოვთ, მივყვეთ ამ პროცედურებს. ქალბატონო თინა, ან დაწყნარდით ან დატოვეთ ოთახი", - განუცხადა უსუფაშვილმა ხიდაშელს.
ბიუროზე მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში სახალისო გამოხმაურებები მოჰყვა.
„მოხვალ სახლში და მერე ოთახიდან გასვლა შენ მოგიწევს"....
„შედი, ქალო, ბუტკაშიო".:
„ბატონო დავით (უსუფაშვილი), საღამოს ცოლი თუ არ შეგიშვებთ სახლში საძილე ტომარა მაქვს და დაგაწვენთ აივანზე. სახლში ადგილი არ მაქვს..." - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
გაზეთი „პრაიმტაიმი"