2014 წელიც მიიწურა და შეგვიძლია განვლილი სპორტული მოვლენები შევაჯამოთ. რითი გამოიჩინეს ქართველმა სპორტსმენებმა თავი, რა წარმატებები გვქონდა და რა წარუმატებლობები. ვინ გაეხვა სკანდალებში და რით იყო გამორჩეული ქართული სპორტისთვის ეს წელი.
მაშ ასე:
წლის სპორტული მოვლენა
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მომხდარ სპორტულ მოვლენებს ვაჯამებთ, გვერდს ვერ ავუვლით მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს, რომელსაც საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს და ქართული ფეხბურთი, ალბათ, კიდევ მრავალი საუკუნე ვერ შესწვდება ასეთ სიმაღლეებს (თუ შევწვდით ოდესმე საერთოდ), თუმცა ბრაზილიაში გამართული მუნდიალი იყო მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში და ამას გვერდს ვერც ჩვენ ავუვლით. ერთთვიანი ბატალია საბოლოო ჯამში გერმანიის ნაკრების დამაჯერებელი და დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.
წლის კრახი
ეს მოვლენა წლის კრახად არ მარტო სპორტული მაჩვენებლების გამო შეიძლება ჩავთვალოთ საქართველოსთვის, არამედ იქ წასვლის გადაწყვეტილებაც კრახად შეიძლება ჩაითვალოს, საუბარია სოჭის ოლიმპიადაზე, სადაც ჩვენი ქვეყანა 4 სპორტსმენით წარსდგა.
მოციგურავე ელენე გედევანიშვილმა საერთო ჩათვლაში მეცხრამეტე ადგილი დაიკავა, მოკლე პროგრამის შემდეგ იმედის მომცემად გამოიყურებოდა კიდეც, თუმცა გრძელი პროგრამის შესრულებისას, ერთ-ერთი ილეთი კრახით დაასრულა და ყინულზე დაეცა. მოთხილამურე ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში 49-ე ადგილი დაიკავა, სლალომში კი ტრასის დასრულებაც ვერ შეძლო. სრული ფიასკო განიცადა ალექსი ბენიანიძემ, რომელმაც ვერცერთი ტრასის დასრულება ვერ მოახერხა. იასონ აბრამაშვილმა სლალომში 22-ე პოზიციის დაკავება შეძლო.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ამ სპორტული მოვლენის პოლიტიკური მხარე საქართველოსთვის. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს ქვეყნის 20 % ოკუპირებული აქვს, დიდი ხანი მიდიოდა ბჭობა და განხილვა, უნდა წასულიყვნენ თუ არა რუსეთის ტერიტორიაზე და მათ მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაზე საქართველოდან. თუმცა, ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პროტესტი უაზრო იქნებოდა, მათ სპორტსმენებიც დაეთანხმნენ და სოჭის ოლიმპიადას არ გამოკლებია ქართული დელეგაცია, თუმცა რა სპორტული შედეგებიც ვაჩვენეთ, ეს ზემოთ ვახსენეთ. იმედი, რომ საქართველოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში რუსეთთან ურთიერთობებს დააბობდა, მხოლოდ ილუზიად დარჩა.
წლის კრახის რიგებს მიეკუთვნება საქართველოს ჩემპიონის ფეხბურთში თბილისის „დინამოს" ფიასკო ყაზახურ „აქტობესთან". ქვეყნის ფლაგმანმა ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ორივე შეხვედრა დათმო ყაზახურ გუნდთან და დიდი სირცხვილიც ჭამა. ეს რომ სხვა ქართული კლუბი ყოფილიყო, ალბათ, ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა, მაგრამ „ლივერპულის" დამმარცხებელი თბილისის „დინამოსგან" რომ მხოლოდ ლანდები დარჩა და ქართული ფეხბურთი კრიზისს განიცდის, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
რადგან ფეხბურთს შევეხეთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიც უნდა ვახსენოთ. თემურ ქეცბაიამ და მისმა უკვე ყოფილმა გუნდმა, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი პოლონეთის ნაკრებთან გამანადგურებელი ანგარიშით - 0:4. წაგების შემდეგ ოფიციალურად დაკარგა და ბოლოს წინა ადგილზე იმყოფება. ამ მარცხის შემდეგ ქეცბაიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 4-წლიანი მუშაობა დაასრულა და გუნდს დაემშვიდობა.
წლის სპორტული სკანდალი
თავი აქაც ფეხბურთელმა გამოიჩინა, თანაც ის ახალ გუნდში სკანდალში რამდენჯერმე გაეხვა. საუბარია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრსა და ბელგიური „გენკის" შემტევზე თორნიკე ოქრიაშვილზე. ქართველი ფეხბურთელები არ არიან განებივრებული ხმაურიანი ტრანსფერებით, ჩვენებურს კი ბელგიურ კლუბში გადასვლით კარგი შანსი მიეცა ევროპულ დონეზე გასასვლელად, თუმცა „გენკში" მისვლიდან ორი კვირა არ იყო გასული, თანაგუნდელებთან ერთად, ზედმეტი დალია და შავკანიან გუნდელთან ჩხუბიც მოუვიდა, რის შემდეგაც გართობა პოლიციის განყოფილებაში დაასრულა. ოქრიაშვილი კლუბმა ფულადი სანქციით დასაჯა. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ფეხბურთელზე სასჯელმა არ გაჭრა და ირლანდიასთან მატჩის შემდეგ რამდენიმე დღე ფეხბურთელის გზას და კვალს ვერ მიაგნეს. ქართველი მოგვიანებით ამტკიცებდა, რომ სავიზო პრობლემები შეექმნა, თუმცა მის „ფეისბუქზე" მეგობარ დავით თარგამაძესთან ერთად, თვითმფრინავში გადაღებული ფოტო გამოჩნდა და მალევე გაქრა, არსებული ინფორმაციით, მეგობრები სადღაც კარგად გაერთნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ იმავე თარგამაძეზეც ძებნა იყო გამოცხადებული საკუთარ გუნდში. არ იყო ეს სკანდალი ახალი ჩავლილი, რომ გიბრალტართან მატჩის შემდეგ ოქრიაშვილი კლუბში საერთოდ არ გამოცხადდა და მის საძებნელად „გენკის" სპორტული დირექტორი საქართველოშიც კი ჩამოვიდა. ერთთვიანი ძიების შემდეგ ფეხბურთელს მიაგნეს და ბელგიაშიც დააბრუნეს ოჯახთან ერთად, სპორტსმენი კი გუნდის შოტლანდიელმა თავკაცმა ალექს მაკლიშმა დასაჯა და მეორე გუნდში გადაიყვანა, საიდანაც ერთი თვის შემდეგ ისევ ძირითად გუნდში დააბრუნა.
წლის სპორტული წარმატება
რაგბი სპორტის ის სახეობაა, რომელიც ქართველ გულშემატკივარს საკმაოდ ხშირად ანებივრებს საკუთარი გამარჯვებებით. მილიტონ ჰეიგის შეგირდებმა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ერთა თასის ფინალში რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვეს.
აუცილებელი აღნიშვნის ღირსია საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები, რომელმაც ევროპირველობაზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილს დასჯერდა.
ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა კი, რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში გამართულ მსოფლიო პირველობაზე გუნდური მესამე ადგილი დაიკავა და შინ ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა.
წარმატებული წელი გამოდგა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისთვისაც 2014 წელი. იგორ კოკოშკოვის გუნდი საკმაოდ დრამატულ შესარჩევ ციკლში, ზედიზედ მესამედ, პირველი ადგილით გავიდა. ქართველი კალათბურთელების წარმატებაში თავისი „წვლილი" უნგრეთის ნაკრებმაც შეიტანა, რომელმაც ჯგუფის ლიდერი ჩეხეთი საკუთარ მოედანზე 15-ქულიანი სხვაობით დაამარცხა, თუმცა ეს შედეგი თავად უნგრელებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. E ჯგუფში, საბოლოოდ, სამმა ნაკრებმა - საქართველომ, ჩეხეთმა და უნგრეთმა 10-10 ქულა დააგროვა, ურთიერთშეხვედრების საუკეთესო მაჩვენებელი კი ქართველების მხარეს აღმოჩნდა და პირველი ადგილით გავიდნენ 2015 წლის ევრობასკეტზე.
წლის პარასპორტსმენი
არ შეიძლება გამოგვრჩეს პარაოლიმპიური სახეობები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენები ასპარეზობენ. გასული წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ბესიკ ლეკიაშვილი წელს ყურადღების ქვეშ ბევრჯერ აღმოჩნდა, თუმცა, ვერ ვიტყოდით, რომ ის პრობლემები სასიამოვნო მოსასმენი იყო, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენს შეექმნა. ჯერ პარაოლიმპიურმა კომიტეტმა დაფინანსება შეუწყვიტა, შემდეგ კი კომიტეტის ხელმძღვანელმა ლელა აფციაურმა გაზეთ „პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა, რომ ლეკიაშვილი პარაოლიმპიურ სახეობაში არ გამოდიოდა და არც ამ ჯილდოს იმსახურებდა. პარასპორტსმენი არბენინეს სპორტის სამინისტროშიც, უშედეგოდ ითხოვდა მცირე დაფინანსებას იმისთვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მომზადებულიყო, დიდი ბრძოლის შედეგად, მსოფლიო ჩემპიონატამდე ორი კვირით ადრე, სპორტსმენს დაფინანსება აღუდგა და მცირე დროში შეძლო შეჯიბრებისთვის მომზადება. მონდომებამ შედეგი გამოიღო. პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე ლეკიაშვილმა მარჯვენა ხელით ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო მარცხენათი ვერცხლის პრიზიორი გახდა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც მთელი წელი პარასპორტსმენის პრობლემის მოგვარებას მოანდომა, ის ისევ 2015 წლის საუკეთესო პარასპორტსმენად დაასახელა.
გამორჩეულ მოვლენად დავასახელოთ ის ფაქტი, რომ 25 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების ახალი თავკაცი წარადგინა. ექვსი თვით, შემდეგ კი ორწლიანი ხელშეკრულებით, საქართველოს საფხებურთო ნაკრებს, ბაქოს „ინტერის" მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე გაწვრთნის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ივნისამდე ცხადაძის ხელფასს ისევ ბაქოელები გადაიხდიან.
თბილისის „დინამოდან" წავიდა ესპანელი ლეგიონერი ჩისკო მუნიოსი, რომელიც სამჯერ ზედიზედ ქვეყნის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ესპანელმა ქართული კარიერა „ჩიხურასთან" სუპერთასის მატჩში დაასრულა და კარიერას ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გააგრძელებს.
წლის ბოლოს, ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბს, ზესტაფონის „ზესტაფონს" ფინანსური პრობლემები შეექმნა. ამ ეტაპზე, ცნობილია, რომ კლუბი მფლობელმა ილია კოკაიამ დატოვა, თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ იმერული კლუბი კვლავ შეძლებს არსებობის გაგრძელებას და გუნდში ყველაფერი დალაგდება.
ასევე იმედი დავიტოვოთ, რომ 2015 წელი ქართული სპორტისთვის უფრო წარმატებული გამოდგება და ქართული სპორტის ქომაგს მეტი გახარების საშუალება ექნება.
მაგდა კლდიაშვილი
გაზეთი „პრაიმტაიმი"