იმისთვის, რომ წინასაახალწლო განწყობა არ გავაფუჭოთ, ეს მძიმე თემა მკითხველს, შეძლებისდაგვარად, მსუბუქ ფორმატში მიეწოდება...
ვინაიდან კალენდარული დროის ეს მონაკვეთი ყველა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციისთვის ერთგვარი შეჯამების პერიოდია, ქვემოთ შემოთავაზებულ სტატიაშიც მოგახსენებთ და გაგახსენებთ იმ ფაქტებს, რომლის პირობითი სახელი, შევთანხმდეთ, რომ „წლის დაჭერები" იქნება...
ასეთი მოვლენების მოძიებისა და თავმოყრის პროცესში, აღმოვაჩინეთ, რომ „მოლოდინი გაგვიცრუვდა", ვინაიდან სრული 365 დღის განმავლობაში ხმაურიანი მხოლოდ 6 დაკავების ფაქტი განხორციელდა. ვიმედოვნებთ, რომ მკითხველი თემისადმი ასეთ მიდგომას სარკაზმში მხოლოდ იმიტომ ჩაგვითვლის, რომ იმ ისტერიისა და დამძიმებული ემოციის ფონზე, როცა არსებულ რეალობაში ხელოვნურად თუ ბუნებრივად გაჩნდა ეჭვი, რომ ამ ქვეყანაში „იჭერენ, დევნიან, აშანტაჟებენ" და თანაც, რაც მთავარია, ეს ყველაფერი პოლიტიკურად არის მოტივირებული, ასეთი სწორედაც რომ 6 ფაქტი გამოვლინდა, რომლებსაც ჩვენს მკითხველთან ერთად გადავავლებთ თავს.
არჩევის პროცესში, თხრობა დროის ქრონოლოგიით გვეწარმოებინა თუ „წონადობის" მიხედვით, პრიორიტეტი პირველს მიენიჭა. ასე რომ, ჩვენ კიდევ ერთხელ დაგეხმარებით პროცესებისთვის თვალის გადავლება-შევლებაში, წონას კი თვითონ მკითხველი „დააპრიორიტეტებს".
ჟვანიას საქმე 2015 წლის პერსპექტივაში
ახალი პოლიტიკური რეალობის მესამე წლის დასაწყისში, ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება კვლავაც ინარჩუნებს აქტუალობის პიკს და მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმა „პრაიმტაიმს" არწმუნებდა, საქმის გახსნა 2015 წლისთვის არ გადაინაცვლებსო, ამ ეტაპზე შეიძლება დაბეჯითებითაც კი ითქვას, რომ ეს პროცესი ახალ წლამდე დარჩენილ სამ დღეს უდავოდ მიითვლის. დანარჩენი „ფორა" კი კიდევ წელიწად-ნახევარი რჩება...
თუმცა, ასეთი განწყობა ნამდვილად არ არსებობდა მაშინ, როდესაც „ჰაკიმ ფაშას კადრებად" ცნობილი ფოტოების სოციალურ ქსელში გავრცელებას გარდაცვლილი პრემიერის დაცვის წევრის მიხეილ ძაძამიასა და ექსპერტ ლევან ჩაჩუას დაკავება მოჰყვა. ეს ამბავი სწორედ ამ წლის აპრილში მოხდა...
ამ პროცესს წინ გარკვეული პროცესებიც უძღოდა. ვგულისხმობთ გასული წლის ბოლოს ჟვანიას დაცვის უფროსის კობა ხარშილაძის სკანდალურ დაკავებას, რომელსაც ხელბორკილები სააპელაციო სასამართლოს დარბაზში დაადეს იმ დროს, როდესაც მას და მის მხარდამჭერ პოლიტიკურ ორგანიზაცის თავი ქუდში ეგონა, ვინაიდან პირველმა ინსტანციამ ის საკმაოდ სოლიდური გირაოს ფასად გაუშვა თავისუფლებაზე...
ამ მოვლენებმა, ცხადია, ერთობლიობაში შექმნა წარმოდგენა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ამ საქმეს რამე ეშველებოდა, ვინაიდან გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთა დაკითხვას და მათგან კითხვებზე პასუხის მიღებას საზოგადოება მთელი 9 წლის განმავლობაში ელოდა...
მიუხედავად იმისა, რომ ხარშილაძე სულ სხვა საქმეზე იყო დაკავებული, ძაძამიასა და ჩაჩუას დაჭერის დღეს ბრალი ზურაბ ჟვანიას საქმის ფარგლებში მასაც დაუმძიმდა.
ძაძამიას მიმართ ბრალი ასე გამოიყურება:
„...გამოძიებით დადგენილია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებულდი და დამტკიცებული იქნა შესასრულებლად სავალდებულო „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და მისი ოჯახის წევრების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფის გეგმა", რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრის დაცვას არ შეეძლო, მიეტოვებინა დასაცავი ობიექტი.
მიუხედავად აღნიშნულისა, 2005 წლის 3 თებერვალს, ღამის საათებში, ზ. ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსმა მ. ძაძამიამ არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და დასაცავი ობიექტი დაცვის გარეშე მიატოვა, რა პერიოდშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღმოჩენილი იქნა გარდაცვლილი. ამავდროულად მიხეილ ძაძამიამ დადგენილი სავალდებულო მოთხოვნის მიუხედავად, არ შეატყობინა დაცვის ღონისძიებების დაგეგმვისა და ოპერატიული მართვის სამმართველოს შესაბამის განყოფილებას დასაცავი პირის გადადგილების შესახებ.
ზემოაღნიშნულით მ. ძაძამიამ ჩაიდინა სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება..."
დაახლოებით ასე გამოიყურება ხარშილაძის ბრალიც და მისი დამტკიცების შემთხვევაში ორივეს თავისუფლების ოთხ წლამდე აღკვეთა ემუქრება.
რაც შეეხება ექსპერტ ლევან ჩაჩუას, გამოძიება შემდეგს ედავება: „დადგენილია, რომ 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა.
კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ვინაიდან წარმოებული გამოძიების ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით". ბრალის ეს სახე კი თავისუფლების სამ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ცოტა ხნის წინ სასამართლომ აპრილში აჟიოტაჟით დაკავებული ჩაჩუაც და ძაძამიაც გირაოთი გაათავისუფლა, ვინაიდან ჩათვალა, რომ ისინი მოწმეებზე ზეწოლას ვეღარ მოახდენენ, რაკი ყველაზე მოწმე უკვე დაკითხულია...
ალბათ, იგივე ბედი ეწეოდა ხარშილაძესაც, თუმცა მას გისოსებს მიღმა სულ სხვა - თბილისის განვითარების ფონდის საქმე აკავებს, სადაც მის შესაძლო „პადდელნიკად" თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა შეიძლება მოგვევლინოს. მის შესახებ კი, რაღა თქმა უნდა, ამ სტატიაში, მომდევნო ქვეთავში მოგითხროთ.
ქვისლების კრიმინალური ქრონიკა
...თუმცა ჯერ იყო ყოფილი მერის ქვისლის ისტორია, რაც, ცხადია, უკვე ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ სულ მალე გიგი უგულავასაც მიუკაკუნებდა „ნადზორი" საკნის რკინის კარზე...
გიორგი ღონიაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, ადგილობრივი არჩევნების წინ დაკავებული იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის" თანხების მობილიზებით. დანაშაულებრივი სქემის ერთ ნაწილს გამოძიება დაახლოებით ასე აღწერს: ღონიაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ შპს „გუდაური სქაი რესორტის" მფლობელს ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ჰქონდა კომპანია „ბრუკტრეიდი". ღონიაშვილმა შპს-ს მფლობელს შესთავაზა, წინასაარჩევნოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დახმარებოდა, რაზეც ეს უკანასკნელი დასთანხმდა. გამოძიების მასალების მიხედვით, დახმარება გამოიხატებოდა იმაში, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული ოფშორული კომპანია „ექსიმუს ჰოლდინგიდან", საკონსულტაციო მომსახურების სანაცვლოდ, კომპანია „ბრუკტრეიდში" 780 000 აშშ დოლარი გადაირიცხა. ორ ოფშორულ კომპანიას შორის კი ფიქციური ხელშეკრულება - 1 500 000 აშშ დოლარის ღირებულების საკონსულტაციო მომსახურება გაფორმდა. 760 000 აშშ დოლარი „ბრუკტრეიდიდან" საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის ანგარიშზე ჩაირიცხა, რომელიც მოგვიანებით ღონიაშვილის ხელში აღმოჩნდა, რათა „ნაციონალური მოძრაობისთვის" გადაეცა.
გამოძიებით ისიც დადგინდა, რომ 2011 წლის 12 ივლისს, თბილისის მერიასა და შპს „გუდაური სქაი რესორტს" შორს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც კომპანიას სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, თბილისის ზღვის მიმდებარედ, 200 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. საპრივატიზაციო პირობად კი 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის 5 წლის ვადაში განხორციელება განესაზღვრა. იმის გამო, რომ საწარმოს მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შესრულდა, თბილისის მერიამ პირგასამტეხლოს სახით, შპს „გუდაური სქაი რესორტს" 193 500 აშშ დოლარის ჯარიმა დააკისრა. ამის შემდეგ, გიორგი ღონიაშვილმა „გუდაური სქაი რესორტის" ერთ-ერთ მფლობელს შესთავაზა, რომ 50 000 ლარის სანაცვლოდ, ქვისლის, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დახმარებით, მერიას საინვესტიციო ვადებულებების შეუსრულებლობის გამო მიღებულ დადგენილებას გააუქმებდა. თბილისის მთავრობის 2014 წლის 25 აპრილის დადგენილებით, რომელსაც ხელს თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი აბესაძე აწერს, შპს „გუდაური სქაი რესორტი" 193 500 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან მართლაც გათავისუფლდა. სანაცვლოდ, ღონიაშვილმა „გუდაური სქაი რესორტის" ხელმძღვანელისგან შეპირებული თანხა - 50 000 ლარი აიღო.
საბოლოოდ გაირკვა, რომ გამოძიებასთან სწორედ ეს ბიზნესმენი თანამშრომლობდა და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი მტკიცებულებებით გაიშფირა მთელი ის სქემა, როგორ და რა ანგარიშებიდან ხვდებოდა დავით კეზერაშვილისთვის მიბარებული ნაციონალების „ობშიაკი" თბილისური საჭიროებების ქისაში... ალბათ, ამიტომაც იყო, რომ მოგვიანებით ამ მოძრაობას სხვადასხვაგვარი მაქინაციებით უწევდათ თანხების ქეშად შემოტანა ქვეყანაში... ჩვენი მკითხველი ლოგიკურად, ალბათ, ბაქოს იმ გავრცელებულ და ჯერაც დაუდასტურებულ სკანდალსაც გაიხსენებს, სადაც ნაციონალი დეპუტატები - ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს სოლიდური თანხის შემოტანის მცდელობაზე. თუმცა, ეს სტატიის სულ სხვა თემაა. ჩვენ კი წლის დაჭერებზე ვსაუბრობთ და შესაბამისად, ღონიაშვილის თემის ლოგიკური და ქრონოლოგიური გაგრძელება სწორედ გიგი უგულავას დაკავებაა...
თავის მხრივ, გიგი უგულავამ, გიორგი ღონიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, სპეციალური ბრიფინგი გამართა. უგულავას თქმით, ღონიაშვილს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსებასთან, არამედ „ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირი არ აქვს და პოლიტიკისგან შორს დგას. მისივე განცხადებით, ამ საქმესთან დავით კეზერაშვილიც ხელოვნურად დააკავშირეს.
ამ კავშირის შესახებ მიმდინარე ქვეთავში კვლავაც ვისაუბრებთ, თუმცა დროის ხაზს რომ არ ჩამოვრჩეთ, 3 ივლისის დილაზეც უნდა შევჩერდეთ:
თბილისის უფლებამოსილებშეჩერებული მერი გიგი უგულავა ხუთშაბათ დღეს თბილისის აეროპორტში დააკავეს. დაკავებამდე უგულავამ აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის კიევში მიემგზავრებოდა და 3 ივლისსვე აპირებდა თბილისში დაბრუნებას, ვინაიდან მას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 4 ივლისს დილით დაკითხვაზე იბარებდა. უგულავას ხელბორკილები დაადეს და აეროპორტიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაიყვანეს, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. უგულავას ადვოკატმა, რომელიც მას იზოლატორში შეხვდა, განაცხადა, რომ მისი კლიენტის წინააღმდეგ არავითარი დამატებითი ბრალდებები არ არის წარდგენილი.
არადა, ახალი ბრალდებები მას სამი დღით ადრე წაუყენეს, რომლის მიხედვითაც უგულავას მილიონ 800 ათასის გაფლანგვაში ადანაშაულებდნენ...
მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ უგულავამ კიევში ე.წ. ერთდღიანი გამგზავრება წინასწარგამიზნულად დაგეგმა, რადგან მისი თავისუფლების დასასრულის შესახებ ინფორმაციას უკვე ფლობდა. შესაბამისად, თუ გაძვრებოდა, ცხადია, თავსაც უშველიდა, თუ ვერა - ხმაურიან და პოლიტიკურ დაკავებაში მიითვლებოდა ეს ფაქტიც, რაღა თქმა უნდა, პარტიის სასარგებლოდ...
სხვათა შორის, როდესაც გიგი უგულავა დაკავებამდე აქცენტს ქვისლის აპოლიტიკურობაზე აკეთებდა, ფართო საზოგადოებამ თუ არა, იმ ნაწილმა უკვე კარგად იცოდა ამ კავშირის არსებობის შესახებ, რომელიც უკვე გაცნობილი იყო პრესაში გავრცელებულ ჟურნალისტურ გამოძიებებს, რომლის მიხედვითაც ეს კავშირი უდავოდ დგინდებოდა. გთავაზობთ თუნდაც ერთ მაგალითს: ქართულ-ყაზახური კომპანია „ტიფლის დეველოპმენტი" „თბილისის განვითარების ფონდის" სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობდა, მათ შორის, დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტშიც. ვაკის პარკის ტერიტორიაზე, რესტორან „ბუდაპეშტის" ადგილზე, 22 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციით, სასტუმროს მშენებლობასაც, „ტიფლის დეველოპმენტი" ახორციელებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ტიფლის დეველოპმენტის" წარმომადგენლებს აქტიური კავშირი აქვთ თბილისის მერის გიგი უგულავას ქვისლთან, გიორგი ღონიაშვილთან.
სხვათა შორის, ამ კომპანიაში წილის ერთ-ერთი ყოფილი მფლობელის ნოშრევან ნამორაძის დაკავებაც სწორედ წლის სკანდალურ დაკავებებს შეიძლება მივათვალოთ. გახსოვთ, ალბათ, როდესაც დღისით, მზისით, შუაგულ ვაკეში სოდ-ის ყოფილი უფროსის ძმას დავით კოდუას ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. ზუსტად ისე, როგორც რამდენიმე წლის წინათ დეპუტატ ვალერი გელაშვილს, რომლის საქმეზეც დღეს ბრალდებული სწორედ ირაკლი კოდუაა. ბევრმა მაშინ ამ ორ საქმეს შორის მყარი პარალელი გაავლო. მეტიც, ეჭვი გელაშვილზეც მივიდა. თუმცა მოგვიანებით პოლიციას ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე აღიარებით ჩაბარდა. სწორედ მაშინ ასეთი ინფორმაცია გავრცელდა: დავით კოდუას დახმარებით, ნოშრევან ნამორაძეს „ტიფლის დეველოპმენტში" წილი იმიტომ დაათმობინეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნებს ეს კომპანია საკუთარი მიზნებისთვის, ანუ სხვადასხვა სამშენებლო პროექტებზე დიდი ოდენობით თანხების „ატკატისთვის" გამოეყენებინათ. ამის ნათელი მაგალითი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა იყო, რის გამოც, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას თანხმობით, ამ ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარი გაანადგურეს.
„კაბელების საქმე" - ლეგენდა თუ...
ფიცისა და ბოლოს „საკვირველება" აღმოაჩინეს კიდევ ერთი სკანდალური დაჭერის დროს, რამაც საბოლოოდ ლამის სახელისუფლებო კრიზისამდე მიიყვანა ქვეყანა.
ამ შესავლით მკითხველი, ცხადია, მიხვდება, რომ კიდევ ერთხელ უნდა გადავავლოთ თვალი „კაბელების საქმედ" ცნობილ ისტორიას.
სამართალდამცავებმა დააკავეს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი. საუბარია 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაზე.
გამოძიების მტკიცებით, 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ სს „სილქნეტი", კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული მიმართულებით გეგმავდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედმა თანამდებობის პირებმა: გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა და დავით წიფურიამ განიზრახეს სს „სილქნეტის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა...
2013 წლის 26 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტთან" გააფორმა ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შესყიდვის, ქსელური აპარატურის, შეძენა-მონტაჟისა და მომსახურების პირობით. ამ ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს" უნდა გადაუხადოს ჯამში, 6 720 977,42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 977,42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტისგან" 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მხოლოდ 2 618 004,82 ლარს შეადგენს...
„აღნიშნული ქმედებით გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟნიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა, დავით წიფურიამ და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სს „სილქნეტის" სასარგებლოდ გაფლანგეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872,2 ლარი", - აცხადებენ პროკურატურაში.
ცნობილია, რომ შპს „სილქნეტის" კომერციული დირექტორი, ირაკლი ალასანიას მოადგილის ალექსანდრე ბატიაშვილის ახლო ნათესავია.
ამბობენ, რომ ალასანიამ ამ ფაქტის მერე ოპოზიციაში წასვლის გადაწყვეტილება გააზრებულად მიიღო, ვინაიდან ეს იქნებოდა ერთ-ერთი მტკიცე გარანტია მისი ხელშეუხებლობისთვის, რათა პოლიტიკური დევნის „ლეგენდის" მასშტაბების გაფართოებას ხელისუფლება, ცხადია, თავს აარიდებდა...
გაზეთი „პრაიმტაიმი"