reportiori.ge - წლის „facebook“ სკანდალები - ვირტუალური ომები რეალური შედეგებით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:48
პრეს-დაიჯესტი
წლის „facebook“ სკანდალები - ვირტუალური ომები რეალური შედეგებით
ავტორი:
14 იანვარი, 2015. 01:43


 

მახსოვს, ჰაერში მუშტების ქნევა დასაცინ საქმედ ითვლებოდა.. ვირტუალურ სამყაროში გაჩაღებული საქმის გარჩევები, ჩხუბი და სკანდალები კი უკვე ჩვენი რეალობის ნაწილი გახდა... ამას ქვემოთ შემოთავაზებულ სტატიაში ჩამოთვლილი ისტორიებიც დაადასტურებს და ჩვენ, ყველა ერთად აღმოვაჩენთ, რომ სოციალურ ქსელში დაწყებული ვირტუალური ომები შესაძლოა, ფურცელზე ბეჭედდასმულ დოკუმენტადაც კი იქცეს...


მაშ ასე, რა ტიპის სკანდალების მომსწრენი ვიყავით ამ წელს სოციალურ ქსელებში და რა შედეგებით დასრულდა ჯგუფური თუ ფიზიკური თავდასხმები ვირტუალურ ობიექტებზე...



ტაში ამალიას, ტა-ში!


„ფეისბუკის" ქსელში გაჩაღებული თავდასხმები ძირითადად ყვითელ ისტორიებს ითვლის, თუმცა თუ საქმეში პოლიტიკური ფიგურები ერთვებიან, ცხადია, ეს სულ სხვა ელფერსა და მიმართულებას იძენს.


გასულ წელს გახმაურებული ერთ-ერთი სკანდალი პროექტ „ნიჭიერსა" და მის მონაწილეს, ამალია ჯიბლაძეს უკავშირდება. თავიდან მისი გამოსვლით ყველა მოიხიბლა, თუმცა მოგვიანებით სოციალურ ქსელ „ფეისბუკში" გავრცელებულმა ვიდეომ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, სადაც შეინიშნებოდა, რომ თითქოს მომღერალმა ფონოგრამით იმღერა. ეს „აღმოჩენა" მომღერალმა ანრი ჯოხაძემ გააკეთა და რაღა თქმა უნდა, ამ მოსაზრების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ვირტუალური არმიაც დაირაზმა საკუთარი პოზიციების დასაცავად.


ჯოხაძის იდეის მომხრეთა რიგში აღმოჩნდა დეპუტატი გოგა ხაჩიძეც, რის გამოც ყოფილი თანაგუნდელისგან, ამჟამად კი „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორისგან მწარე ალიყურიც მიიღო:


„არხის სახელით მინდა განვაცხადო:

 

1. ქალბატონმა ამალია ჯიბლაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ცოცხლად იმღერა და არა ფონოგრამით;


2. ვწუხვარ, რომ ქართული ესტრადის ფონოგრამაზე გაწაფული წარმომადგენლები ვერ (ან შეგნებულად არ) ასხვავებენ ერთმანეთისგან ფონოგრამასა და ეთერში გასაშვებ დამუშავებულ ვიდეოს, რა დროსაც მუშავდება მათ შორის ხმაც და ხდება მონტაჟი, რა დროსაც შესაძლებელია ეთერში გამოსახულებისა და ხმის აცდენა;


3. არ მივიჩნევთ შესაძლებლად, მომავალში რაიმე სახით ვითანამშრომლოთ იმ პირებთან, ვინც არხი, პრაქტიკულად, თაღლითობაში დაადანაშაულა. შესაბამისად, „ბრავოს" ხვალინდელი ეთერიდან, არხის გადაწყვეტილებით, მოიხსნა პარლამენტის წევრი, ბატონი გოგა ხაჩიძე.


4. თუ რაიმე ეჭვები კიდევ არსებობს უნიჭიერესი ქალბატონი ამალიას შესაძლებლობების შესახებ, უყურეთ ოთხშაბათს „სხვა შუადღეს".


ხაჩიძემ გვარამიას ეს განაჩენიც სოციალური ქსელიდან შეიტყო... მესიჯი საგულისხმო გახლდათ და თანაც ასე გამოიყურებოდა - თუ ვინმე არხის პრესტიჟს შეეხებოდა, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, საკადრის პასუხს მიიღებდა... ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ფინალში ამალიას ანრი ჯოხაძეც ვარდებით მიადგა და გოგა ხაჩიძემაც ასეთი წერილი უძღვნა:


„პირადად მე ყოველთვის გულწრფელად ვგულშემატკივრობდი ნიჭიერებას და ასეც გავაგრძელებ.


წარმატებას გისურვებთ! პატივისცემით.." - გოგა ხაჩიძე... თუმცა ამ ჟესტმა „ბრავოდან" ჩახსნისგან მაინც ვერ იხსნა დეპუტატი, ამალიას ნიჭიერების აფიშირებას კი პომპეზური სახე მიეცა- ის ნახევარფინალში ნიკა მემანიშვილთან და დიდ ორკესტრთან ერთად გამოვიდა. ამის მიუხედავად, ფინალში მაინც არა ხალხის, არამედ ისევ ჟიურის მხარდაჭერით გადავიდა...


სხვათა შორის, მსგავს ფაქტს უკრაინაში ჰქონდა ადგილი. ჟიურიმ კი კონკურსანტს მუსიკა გამოურთო და აკაპელას მღერა მოსთხოვა...



კვლავ თამარ ივერი...

 

ეს ისტორიაც სცენას უკავშირდება. თუმცა მომღერლის ერთმა მორიგმა პოსტმა, ისევ საერთაშორისო სასცენო სკანდალამდე მიიყვანა. ალბათ, მიხვდით, რომ საქმე ცნობილ სოპრანოს, თამარ ივერს შეეხება. მართალია, მისი მოსაზრება სექსუალური უმხცირესობის შესახებ გასულ წელს გამოქვეყნდა, მაგრამ შედეგები მან სწორედ წელს, ზაფხულში მოიმკა, როდესაც ავსტრალიაში თბილისიდან ცნობა გაფრინდა მისი ჰომოფობიური დამოუკიდებულებების შესახებ. „ავსტრალიურმა ყოველთვიურმა ონლაინ-ჟურნალმა „LIMELIGHT"-მა ქართველ სოპრანოზე, თამარ ივერზე სტატია გამოაქვეყნა, სადაც ის ჰომოფობად იყო მოხსნიებული. სტატიის ავტორი მკითხველს ახსენებდა წერილს, რომელიც გასული წლის მაისში ივერმა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მისწერა და რომელშიც სოპრანომ „ლგბტ" საზოგადოება „ფეკალურ მასად" შერაცხა. ავსტრალიურ პრესაში დაყწებული აჟიოტაჟი სოპრანოს დაგეგმილ კონცერტებს უკავშირდებოდა - სიდნეიში ივლისში თამარ ივერს „ოტელოში" დეზდემონა უნდა შეესრულებინა, ხოლო მოგვიანებით მელბრუნში - „ტოსკა".


საოპერო თეატრის წინ აქციები დაიწყო, რომლის მონაწილეები სპექტაკლიდან მის მოხსნას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდნენ, რომ მას სცენაზე კვერცხებს დაუშენდნენ. ივერი თავის დაცვას შეეცადა და ყველაფერი საკუთარ მეუღლეს გადააბრალა:


„მან გადააკოპირა ჩემი ტექსტი, შეცვალა ის მნიშვნელოვნად და ჩემი სახელით დაპოსტა. ვერ წარმოიდგინეთ, როგორ შევწუხდი ამის გამო და დაუყოვნებლივ წავშალე ის, მაგრამ ეს ტექსტი მე ვნახე გამოქვეყნებიდან ნახევარი საათის შემდეგ. ეს ტექსტი ჩემს მოსაზრებას არ გამოხატავს. ვწუხვარ, რომ დავაგვიანე მისი წაშლა და ეს ტექსტი უკვე გავრცელებული იყო ინტერნეტით", - წერს თამარ ივერი.


თამარ ივერს პასუხი კვლავ „ლგბტ" საზოგადოების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ირაკლი ვაჭარაძემ გასცა. მან პირდაპირ მომღერალს მისწერა.


„იცით რა? არ შემიძლია სხვების მაგივრად ვისაუბრო, მაგრამ უკვე აღარ შემტკივა გული იმ სავალალო მდგომარეობის გამო, რომელშიც თქვენ ახლა იმყოფებით. დარწმუნებით ვიცი, სადაც კი წაბრძანდებით, ყველგან უზარმაზარი წინააღმდეგობა შეგხვდებათ, არა მხოლოდ იმ „გარყვნილი პედერასტებისგან", არამედ „უბრალო" მოქალაქეებისგან, რომლებიც ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრობენ, რადგან ისინი არ შეიწყნარებენ თქვენს მიერ ადამიანების დამცირებას მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი არიან, ვინაც არიან. თქვენ ეს უკვე აღარ შეგრჩებათ. მე აღარ ვწუხვარ, რადგან 13 თვე გავიდა თქვენი 2013 წლის 18 მაისის წერილის გამოქვეყნების შემდეგ და თქვენ არ გიჩვენებიათ, რომ, ბოლოს და ბოლოს, გააცნობიერეთ, რას ნიშნავს, როდესაც სძულხარ, გაპანღურებენ,  უარგყოფენ, შეუწყნარებლად გექცევიან და არ გიღებენ". - წერდა ვაჭარაძე.


საბოლოოდ, მომღერალმა ხსენებულ სპექტაკლებში ვერ ითამაშა და, ალბათ, მომავალი სხვა მსგავსი საფრთხის შიშით, მისი და ვაჭარაძის „დიდი შერიგება" შედგა...



კვლავ რუსეთი და საქართველო

 

თუ ისევ სასცენო ვირტუალურ სკანდალებს გავყვებით, რა თქმა უნდა, ვერ გამოვტოვებთ ყველაზე ცხელ ფაქტს - თამარ გვერდწითელისა და დავით ოქიტაშვილის დაპირისპირებას, რომელიც, როგორც ჩანს, სასამართლომდე მივა.


ყველაფერი კი ოქიტაშვილის განცხადებით დაიწყო: „დიდი დანაშაული ჩავიდინე. მე ქართველ ერს ვუხდი ბოდიშს... რომ მცოდნოდა, 2006 წელს ქალბატონი თამარი აღმერთებდა პუტინს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მის ვარსკვლავს არ გავხსნიდი. ჩემთვისაც შავი ლაქაა მასთან ურთიერთობა, რომ მცოდნოდა, რომ 2006 წელს მას ჰქონდა ეს სიმღერა ნამღერი, რომელიც ახლა გამომჟღავნდა, რადგან სოსო პავლიაშვილმა ამა წლის 12 დეკემბერს შეასრულა და მაშინ თამარ გვერდწითელთან ერთად იმღერა, მისი სახელობის ვარსკვლავს ნამდვილად არ გავხსნიდი. როდესაც ჩემთვის პირველად გახდა ეს ამბავი ცნობილი, ჩემთან იყვნენ მოსული შაოსანი დედები, იმ გარდაცვლილი ბიჭების დედები, რომელთა გვამებზეც მათ იარეს. მინდა ვკითხო ქალბატონ თამარს, 2006 წელს აფხაზეთი ჩვენი იყო? მე არ მინდოდა მასთან კონფლიქტში შესვლა. მზად ვარ, იმ ჟურნალისტთან ერთად, რომელმაც ეს სტატია მოამზადა, სასამართლოში წარვდგე", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.


არც გვერდწითელის პასუხს დაუყოვნებია და მალევე გავრცელდა მისი განცხადებაც: „არ ვაპირებ, თავი ვიმართლო იმის გამო, რომ ვმოღვაწეობ რუსეთში და ჩემს რეპერტუარში არის ხსენებული სიმღერა რუსეთზე - დუეტი სოსო პავლიაშვილთან ერთად, რომელიც ჩაწერილია 2005 წელს და არა ახლა, როგორც ამას ბატონი ოქიტაშვილი, როგორც ჩანს, მიზანმიმართულად ავრცელებს. „იუთუბიზე" ატვირთული კლიპის შესახებ არაფერი ვიცი. უახლოეს დღეებში ჩამოვდივარ თბილისში და აუცილებლად ვუჩივლებ ოქიტაშვილს ჩემი ღირსების შელახვისთვის", - ნათქვამია გვერდწითელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


რა შედეგით დასრულდება სოციალურ ქსელში დაწყებული სკანდალი, ამას ჩვენს მკითხველთან ერთად, ალბათ, მომავალ წელს გავიგებთ. მანამდე კი სხვა ქსელურ ომებსაც „მივხედოთ"...



ყულფი და ტელერეიტინგები

 

ერთხანს საზოგადოება სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასა და „მაესტროს" დამფუძნებელ მამუკა ღლონტს შორის დაპირისპირებით იქცევდა თავს. ყველაფერი ჯერ კიდევ „თი-ვი-ემ-არ"-ის ინციდენტით დაიწყო, მოგვიანებით კი მედიარეიტინგებით გაგრძელდა.


IRI-ს კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 88 პროცენტი რეგულარულად „იმედს" უყურებს. ამ ნაწილში „რუსთავი 2" „იმედს" მხოლოდ 1 პროცენტით ჩამორჩება, მას 87 პროცენტი აქვს. თუმცა, „რუსთავი 2"-ს გამოკითხულთა 34 პროცენტი ენდობა. „იმედს" კი - 30 პროცენტი. მესამე პოზიციას იკავებს ტელეკომპანია „მაესტრო", შესაბამისი 49 და 21 პროცენტით.


IRI-ს მედიარეიტინგები „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ერთ-ერთ ინტერნეტ-გამოცემასთან საუბრისას შეაფასა და ნახევრად ხუმრობით აღნიშნა, რომ ამ კვლევებით, „რუსთავი 2"-ს, „მაესტროს" მსგავსად, 21-პროცენტიანი ნდობა რომ ჰქონდეს, ფანჯრიდან გადახტებოდა:


„რამდენი ადამიანი უყურებს „რუსთავი 2"-ს ან „მაესტროს", ეს IRI-ს კვლევებში ჩვენ არ გვინახავს. რა თქმა უნდა, 21 პროცენტი რომ მქონდეს, როგორც „მაესტროს" , რაც ნიშნავს, რომ 70 პროცენტი საერთოდ არ მიყურებს, მაშინ გადავხტებოდი ფანჯრიდან, მაგრამ ეს ასე არ არის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.


„მეც ფანჯრიდან გადავხტებოდი, სათბურის კიტრი რომ ვიყო :))" - ასეთი იყო მამუკა ღლონტის პასუხი „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე და თავის პოზიციებს შემდეგი არგუმენტებით იცავს:


„როგორც იცით, „მაესტრო" საკაბელო ტელევიზიაა. „რუსთავი 2"-ისა და „იმედისგან" განსხვავებით, მაყურებლების შეზღუდული რაოდენობა ჰყავს. მაგრამ ეს არ ეხება საკაბელო კომპანიებს, სადაც ამ სამ ტელეკომპანიას მაყურებლების ერთნაირი რაოდენობა ჰყავთ. ჩვენს ტელეკომპანიას ბოლო წელს ჰქონდა თითქმის 500 %-იანი რეიტინგული ზრდა, ქვემომოცემული ბმული გახლავთ ბოლო ერთი თვის ეგრეთწოდებული ფიფელმეტრების მიხედვით შექმნილი ოფიციალური რეიტინგები (შემოთავაზებულია ბმული. - „პრაიმტაიმი"), სადაც ნათლად ჩანს, რომ სხვაობა ერთნაირ ველზე, ანუ იქ, სადაც თანაბარი რაოდენობის მაყურებელია, „მაესტროსა" და „რუსთავი 2"-ს შორის მიზერულია, მათ საგრძნობლად ჩამორჩება „იმედი"... ასე რომ, თუ ნიკა გვარამიას სიტყვებს დავიჯერებთ, როდესაც ის ამბობს, ვციტირებ: „მაესტროს" რეიტინგი რომ მქონდეს, ფანჯრიდან გადავხტებოდი", დროა, მის ფანჯრებს ქვემოთ დავდგეთ და დაველოდოთ, შეასრულებს თუ არა სიტყვას :))))", - წერს მამუკა ღლონტი „ფეისბუკის" პირად გვერდზე.


ვერ გეტყვით, ღლონტი ათენ-აღამებს თუ არა ამ მოლოდინით გვარამიას ფანჯრებთან, ჩვენ კი ჩვენს მკითხველთან ერთად მორიგ სკანდალზე გადავინაცვლებთ...



პოლიტიკაში ატაცებული მწერლური ფანტაზია

 

საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა მწერალ ლელა კოდალაშვილის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში" გავრცელებულ ინფორმაციას. მწერალი თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარის შესახებ წერდა. კოდალაშვილის ცნობით, ყვითელი ავტობუსიდან მგზავრებმა შავკანიანი მამაკაცი „ჩამოაგდეს" და მძღოლმა წიხლიც კი უთავაზა.


ეს ისტორია ისე აიტაცა საზოგაოებამ, რომ ხელისუფლებას ლამის რასობრივ დისკრიმინაციაში დასდო ბრალი. რაღა თქმა უნდა, ამ მხრივ, ყველაზე აქტიურები ის პოლიტიკური ძალები და მათი მხარდამჭერები გახლდნენ, რომლებსაც რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა აღმაშენებლისდროინდელი წინაპრებისგან ანდერძად ჰქონდათ მიღებული...


საქმე იქამდეც მივიდა, რომ შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. რა თქმა უნდა, გამოძიების ფარგლებში მოიძებნა ინფორმაციის გავრცელების პირველწყარო, რომელმაც მოგვიანებით საკუთარი „შეცდომა" კვლავ სოციალურ სივრცეში „აღიარა" და ფერადკანიანის დისკრიმინაციით „აღშფოთებულ-გახარებულ" საზოგადოებას ცივი წყალი გადაასხა. ლელა კოდალაშვილმა განაცხადა, რომ ყოველივე მისი მწერლური ფანტაზიის ნაყოფი იყო.



დაილოცოს „გუგლი"

 

ძალიან საინტერესო პროცესები მიდის მაშინ, როდესაც სუპერპოლიტიზებული რეალობის მსგავსად, ასევე ზესუპერპოლიტიზებულ სოციალურ სივრცეში განხილვის საგანი ხდება ე.წ. შედარებითი შეფასებები. მაგალითად, ასეთი - როგორი იყო თბილისი უგულავას დროს და როგორია ახლა და ა.შ... ასე იყო მაშინაც, როდესაც ნაციონალური ხელისუფლების ერთ-ერთმა სახემ თავის გვერდზე საყვედურით მიმართა თავის მეგობარ ყოფილ მერს, შენ რა გითხარი, რა დღეში გვაგდებდი ქალაქის დასუფთავების გამო, ახლა კი ნახე, რა დღეშიაო და რაღა თქმა უნდა, ამას ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისი ფოტომასალა დაურთო. ატყდა განგაში და ინტერნეტსივრცე წალეკა „ფართო პლანით გადაღებულმა" ნაგვის ამსახველმა კადრებმა...


ამასობაში კი ახალი მერის პრესსამსახურმა სუბელიანის მიერ გამოქვეყნებული ფოტო „გუგლში" აღმოაჩინა და ისიც არ დარჩენია შეუმჩნეველი, რომ ავტორმა ის წინა ხელისუფლების მმართველობის დროს გადაიღო...


რა თქმა უნდა, სუბელიანის მხარდამჭერებმა ეს ამბავი „არ შეიმჩინეს", თუმცა მათ მითქმა-მოთქმას რიხი აშკარად დააკლდა...

 

 

მარიამ ნადირაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016